"ვფიქრობ, უფრო სარეკლამო ხანაა. მწერლის წიგნი კი არა, სახელი და გვარი უნდათ გახადონ ბრენდი და მერე..." - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, უფრო სარეკლამო ხანაა. მწერლის წიგნი კი არა, სახელი და გვარი უნდათ გახადონ ბრენდი და მერე..."

„სიკვდილისწინა, დიდი მიძინების ჟამს, ჰორიზონტალურად კი ვხედავთ ჩვენს ნაცხოვრებ, საგნებით, მოვლენათა და ადამიანებით დასახლებულ ჩვენს წილ სივრცეს, ოღონდ ვერტიკალურ ჭრილში ვიგებთ, რომ ან სატანისკენ, ანდა ღმერთისკენ გვივლია.

მერე სივრცე, ჩვენი წილი სივრცე ვერტიკალში დაიწყებს ბრუნვას და უცებ ვხვდებით, რომ ჰორიზონტალურისა და ვერტიკალის გადაკვეთით იქმნება ჯვარი, რომელიც სამარადჟამოდ უნდა ვზიდოთ“, - ეს სიტყვები მწერალმა მიხო მოსულიშვილმა მაშინ დაწერა, როდესაც, მთიდან ვარდნისას, კლინიკური სიკვდილი განიცადა... ყველას ჯვარი მძიმეა ამ ქაოსში, რომლიდანაც თავი უნდა გადავირჩინოთ... ბოლოხანს არავინ ეკითხება მწერლებს, როგორ ხართ, რაზე ფიქრობთ და საით მიგაქანებთ ეს წუთისოფელიო... რაზე წერენ დღეს ისინი, რა უნდა გაკეთდეს, რომ არ გაწყდეს კავშირი მწერალსა და მკითხველს შორის და როგორ დავაბრუნოთ თანაგრძნობა დედამიწაზე...

- დღეს მწერალ მიხო მოსულიშვილს სამი ქაოსის საპირისპირო ჰარმონია ენატრება და, ბუნებრივია, რაც ენატრება, იმაზე წერს ხოლმე. არა აქვს მნიშვნელობა, გრძლად თუ მოკლედ, მთავარია, კარგად გამოხატოს სათქმელი...

თან ეს წერაც იოლი სულაც არაა, მე ბევრი ჩანაწერი მაქვს და იქიდან რომელიმემ თავად უნდა მომთხოვოს, რომ ახლა სწორედ იმისი დროა და თან თითქოს ვიღაც მკარნახობს - ასეთი შეგრძნება თუ არ მექნება, გზიანი და წესიერი არაფერი დაიწერება... მერე, იმ მოსალოდნელი ტექსტის მუსიკაში დანახვაც საჭიროა ჩემთვის და კიდევ უამრავი რამე უნდა შეგეძლოს... რაც მთავარია, რაზეც და ვისზეც წერ, შენც ის უნდა იყო იმწამს... თორემ ამ ყველაფრის გარეშე, ალბათ, ძალიან იოლია წერა და საბოლოოდ, სამოცი-სამოცდაათი ჩემოდნის მოცულობის წყალ-წყალა წიგნის დატოვება...

- დღეს, ფაქტობრივად, არ არსებობს ინტერვიუ, რომელშიც პოლიტიკაზე არ საუბრობენ, არადა, ვფიქრობ ადამიანებს სხვა რამ სურთ. ასე არაა? მე უბრალოდ გკითხავთ - ლიტერატურასაც აზარალებს პანდემიური პერიოდი? დისტანციას ხომ არ აჩენს მწერალსა და მკითხველს შორის?

- რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური კულტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების მძიმე გზას გადის და დიდი დრო სჭირდება, რომ პროფესიონალი პოლიტიკოსები გამოჩნდნენ...

ლიტერატურაც დააზარალა პანდემიამ, უფრო სახლებში გამოიკეტნენ ადამიანები და აღარც წარდგინებებზე ჩანს ხოლმე ბევრი მიმსვლელი... მაგრამ, მეორე მხრივ, შინ გამოკეტილმა ადამიანმა, სულ სოციალური ქსელების სიახლეები ხომ არ უნდა „სქროლოს“? ხომ შეიძლება, რომ თაროდან რომელიმე წიგნიც გადმოიღოს და ჩახედოს?

ახალი წიგნების შეძენის კარგი გზაც ვიცი - ვებგვერდები, წიგნებს შევუკვეთ და შინ მოაქვთ დაუხანებლად. მაგალითად, ასე მოვაგროვე მარიო ვარგას ლიოსას ყველა წიგნი, რაც კი ქართულად თარგმნილა და დიდი სიამოვნებით ვკითხულობ... ლიტერატურული გაზეთიც მაქვს გამოწერილი და დილაადრიან მომიტანს ხოლმე კურიერი ცხელ-ცხელ ნომერს...

- ამ პრაგმატიზმით და გარეგანი ბრწყინვალებით გატაცებულ სამყაროში, რით შეიძლება დააინტერესოს მწერალმა საზოგადოება, რომ მათ შორის კონტაქტი არ გაწყდეს?

- მართალი ბრძანდებით, სამყარო უფრო ზედაპირული და ყალბი გახდა, უფრო სწორად, ადამიანებმა გახადეს ცხოვრება ასეთი, თორემ სხვა სახეობები ისევ ისე ბუნებრივად ცხოვრობენ, როგორც აქამდე. ამ პლანეტაზე უაღრესად საშიში სახეობაა ადამიანი, რომელსაც სამყაროს ცენტრში ჰგონია თავი, საკუთარი კომფორტის შესაქმნელად ტექნიკური ცივილიზაციის გზით რომ მიდის და ანადგურებს დედამიწას, იწვევს გლობალურ დათბობას და, აქედან გამომდინარე, სხვა უმძიმეს შედეგებს, რაც, საბოლოოდ, კარგად არ დასრულდება.

მე ვიტყოდი, დღეს მწერლობაში უფრო სარეკლამო ხანაა. მწერლის წიგნი კი აღარ, სახელი და გვარი უნდათ გახადონ ხოლმე ბრენდი და მერე, ის სახელი და გვარი რასაც აწერია, ის წიგნები კარგად იყიდება. და, სინამდვილეში კარგი წიგნი რომელიც არის, ის საძებნელია ხოლმე.

აი, ამ სოციალური ქსელების ახალ-ახალი პოსტების და ფოტოების, ტელევიზიების უსახური გადაცემების, მოკლედ, მთელი ამ ზედაპირულობის მიღმა, არსებობენ სხვანაირი და ძალიან საინტერესო ადამიანები და მათი "ცხოვრებები", უნდა დაინახო და ამათზე უნდა მოჰყვე, ოღონდ სხარტად, ნათლად და მოკლედ.

„სხარტად, ნათლად და მოკლედ“ - აი, მე ეს დევიზივით სამი სიტყვა მგონია დღევანდელი პროზისთვის საჭირო, ტელევიზორისკენ და სოციალური ქსელისკენ რომ არ გაგექცეს მკითხველი, და რაც სულაც არაა ადვილი ამოცანა. აქვე, იმასაც ვიტყვი, რომ „მოკლედ“ მოყოლა არ გულისხმობს ორი-სამი წინადადებით მოყოლას, არამედ რამდენი წინადადებაც გადმოსაცემ ამბავს, ზუსტად იმდენს და ეს რომანიც ისევე შეიძლება იყოს, როგორც სხვა ჟანრის ნაწარმოები...

- თქვენს წიგნში: „სულის მდინარე“ არის ასეთი მოთხრობა „როგორ ავამოძრაოთ სამყარო თანაგრძნობისკენ“. მიუხედავად ასეთი რთული პერიოდისა, რაც მსოფლიომ გაიარა, დაახლოების ნაცვლად, თითქოს ერთმანეთისგან გაუცხოება მოხდა. მეთანხმებით?

- არა, არ გეთანხმებით. სამყარო ჩვენ უნდა ავამოძრაოთ თანაგრძნობისკენ, ადამიანებმა, მათმა ცალკეულმა წარმომადგენლებმა მაინც. „რთული პერიოდი“ ყოველთვის იყო და საზოგადოებრივი ურთიერთობებიც ულმობელი და მკაცრი სად აღარ ყოფილა, ვთქვათ, რომის იმპერიაში, ანდაც, ძველ ეგვიპტეში, შუმერში. თანაგრძნობის უნარი დაკარგეს ადამიანებმაო, მაშინაც ამას ჩიოდნენ. მაგრამ იყვნენ ან გამოჩნდებოდნენ ცალკეული, მაღალი სულიერი განვითარების ინდივიდები, ვინც იწყებდნენ სამყაროს ამოძრავებას თანაგრძნობისკენ. და თუ ახლა ასეთ ადამიანებს ვერ ვხედავთ, ეს ჩვენი უინტერესობის ბრალი უფროა, ვიდრე იმათი - არიან ასეთები, ცოტანი, მაგრამ მაინც არიან.

- როგორ ფიქრობთ, დღეს მზად არის მკითხველი ფიქრისთვის თუ უფრო გამზადებული სიუჟეტი უნდა, ინსტრუქციასავით, რა და როგორ მიიღოს. ან სკანდალი, რომელსაც იოლად აიტაცებს ხოლმე?

- მე ასე ვიტყოდი: ყველა დროში ძალიან ცოტა მკითხველი იყო მზად იმისთვის, რომ წაკითხულზე დაფიქრებულიყვნენ და მერე, გაეაზრებინათ, ეს რატომაა სწორედ ასე და როგორი დაწერილია...

მაგრამ დღევანდელი, გაუგონრად გაზრდილი ინფორმაციის ნაკადში მოხვედრილი მასობრივი და საშუალო სტატისტიკური ადამიანი, რომელსაც უჭირს გარჩევა, ამ ინფორმაციაში, რომელი ყალბია და რომელი ნამდვილი, ყველაფრის გამარტივების გზით მიდის. ალბათ, ასეთებისთვის იგულისხმეთ ეს „ინსტრუქციასავით სიუჟეტი“, მთელი თავისი სიმარტივეებით. თუ მასისთვის წერს ვინმე, მაშინ ეს ყველაფერი დასაფიქრებელია, რა თქმა უნდა. მე უფრო ისეთ მწერლებს მივესალმები, მასის დაკვეთას რომ არ შეასრულებენ და თავისას წერენ.

სკანდალების აგორება და მათი დახმარებით წიგნის გაყიდვაც ერთ-ერთი მარკეტინგული ხერხია, ამის მაგალითებსაც ვხედავთ ხოლმე და შედეგიც თითქოს მაშინვეა, მაგრამ დროს როგორ გაუძლებს ასეთი ნაწარმოები, ეს მეორე და უფრო მნიშვნელოვანი რამეა.

აქვე ენის თაობაზეც ვიტყოდი ორიოდე სიტყვას. უფრო სწორად, სკაბრეზისა და სლენგის თუ ჟარგონის გამოყენებაზე მწერლის ენაში...

"ენა საღვთო რამ არის, კაცი ცოდვილი ხელით არ უნდა შეეხოსო", - ილიას ეს ნათქვამი გამახსენდა ამასწინათ, როცა უცენზურო სიტყვების გამოყენებისთვის სასჯელის დაწესებას მოითხოვდა ზოგიერთი, თანაც საკანონმდებლო დონეზე... ის სკაბრეზული გამოთქმებიც ხომ ენის ნაწილია და ჩვენ ვინ მოგვცა უფლება, რომელიმე სიტყვა ამოვიჩემოთ და ავკრძალოთ?

ენა კი არ გვემსახურება ჩვენ, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, არამედ სრულიად პირიქითაა, - ჩვენ ენაში ვიბადებით, ენაში ვცხოვრობთ და ენაშივე ვკვდებით. ენა ჩვენზე ბევრად დიდი სუბსტანციაა, თავისი სიღრმითაც და ზედაპირულობითაც, დინებებითაც და მორევებითაც, ჩვენ მისი მსახურები ვართ ყველა, რომც არ ვიცოდეთ ეს.

დიდ ოსტატებთან, ლუციუს აპელეუსი იქნება, ჯოვანი ბოკაჩო, ფრანსუა რაბლე, ჰენრი მილერი, ანდა სულაც, აგერ ჩვენი სულხან-საბა ორბელიანი თუ დავით ბატონიშვილი თავისი „იადიგარ-დაუდით“, თუ გნებავთ, ფშაური კაფიების ერთი ნაწილიც - ამ ნაწარმოებებში ეს სკაბრეზული სიტყვები და გამოთქმები, მთლიან ტექსტთან მიმართებაში, ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული... მთავარია, ეს სკაბრეზი თვითმიზნური, ხელოვნური არ იყოს და ბუნებრივად თავსდებოდეს ტექსტში..

- კიდევ ერთს გავიხსენებ თქვენი ნაწერებიდან: „თუკი ამ ბინდისფერი და ყოვლის დამამხობელი საწუთროსგან თავმობეზრებული და უიმედო დიდხანს დაჰყოფ საწყლისპიროზე, მდინარე აუცილებლად ჩამოატარებს შენს გვამს, და სად იქნები მაშინ - ისევ ნაპირზე იჯდები თუ სულის მდინარე წაგიღებს ტაატ-ტაატით?“ როგორ ფიქრობთ, ნაპირზე აღმოვჩნდებით?

- სულის მდინარე, ანუ ამ ცხოვრების ჩვენეული ვარიაცია, მრავალჯერ ჩამოატარებს ხოლმე ჩვენს გვამებს ტაატ-ტაატით და ჩვენ სად ვართ, ეგაა საქმე: ნაპირზე უნდა იჯდე და რამდენჯერაც შენი გვამი ჩამოივლის, იმდენჯერ უნდა მოკვდე და მერე კი გაცოცხლდე და განახლდე. ესაა ცხოვრება სწორედ, სხვა კი არაფერი. თუკი იმ მდინარემ წაგიღო, მაშინ ეს სულიერი სიკვდილია და ამ სიკვდილით ფიზიკურ სიკვდილზე ადრეც შეიძლება მოკვდეს ადამიანი.

დღევანდელი საზოგადოების გახლეჩის, უმძიმესი დაპირისპირების ფონზე, როცა ოპონენტი მტერი გვგონია, მოდით, ვეცადოთ, რომ თუკი ერთმანეთს ვერ შევიყვარებთ, გავუგოთ მაინც. ურთიერთგაგება ძალიან მაღალ ცივილურ კულტურას გულისხმობს, შეთანხმებას, დათმობას და დიდი სულიერი ძალა სჭირდება. მოდით, ვცადოთ და თუ სამყარო ვერა, ეგებ, ეს პატარა ქვეყანა მაინც ავამოძრაოთ თანაგრძნობისკენ.

ნინო ცხვარაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)