1924 წლის აგვისტოს აჯანყება ლავრენტი ბერიას მიერ დაგებული ხაფანგი იყო? - კვირის პალიტრა

1924 წლის აგვისტოს აჯანყება ლავრენტი ბერიას მიერ დაგებული ხაფანგი იყო?

მიუხედავად იმისა, რომ ამ დეზინფორმაციული ოპერაციის ამსახველი დოკუმენტები რუსეთის სპეცსამსახურების არქივებშია და კვლავ მიუწვდომელია, ჩემი აზრით, საქართველოში 1924 წლის “აგვისტოს აჯანყების” მომზადების წინა პერიოდი და მისი მიმდინარეობა საბჭოთა კავშირის მთავარი სადამსჯელო ორგანოს - გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ОГПУ) მიერ იყო დაგეგმილ-განხორციელებული. რა გვაძლევს ამის მტკიცების საფუძველს?

საბ­ჭო­თა დაზ­ვერ­ვის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი დოკუმენტ­ე­ბით ირ­კვე­ვა, რომ რუსი ეროვნების ჩეკისტს, პეტ­რე ზუ­ბოვს (1898-1952) მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­ია სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თულ ემიგ­რა­ცი­ას­თან. პ. ზუ­ბო­ვი და­ი­ბა­და ტიფ­ლის­ში, 1898 წლის 7 თე­ბერ­ვალს, კარგად ფლობდა ქართულ ენას. ის 1918 წელს გახ­და ბოლ­შე­ვი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ტე­რო­რის­ტულ აქ­ცი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი. 1920 წლის მარ­ტში ზუ­ბო­ვი სა­გან­გე­ბო რაზ­მის მე­თა­ურ მე­ქი კე­დი­ას მებ­რძო­ლებ­მა და­ა­პა­ტიმ­რეს და ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში გა­ამ­წე­სეს (სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ გა­იც­ნო ლავ­რენ­ტი ბე­რია), თუმ­ცა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 1920 წლის 7 მა­ი­სის სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

1-1644557113.jpg
პეტრე ზუბოვი

1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს ზუ­ბო­ვი წი­თე­ლი არ­მი­ის ნა­წი­ლებ­თან ერ­თად შე­მო­ვი­და თბი­ლის­ში. იმა­ვე პე­რი­ო­დი­დან ის სა­ქარ­თვე­ლოს ჩე­კას ოპე­რა­ტი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს. 1922 წლის და­საწ­ყის­ში ზუბოვი სა­ქარ­თვე­ლოს ჩე­კას სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის იმ ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად და­ნიშ­ნეს, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში მოქ­მე­დი ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ოპე­რა­ტი­ულ-აგენ­ტუ­რულ­ მუ­შა­ო­ბას ეწე­ო­და. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის დო­კუ­მენ­ტებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზ­გას­მუ­ლია ზუ­ბო­ვის დამსახურე­­ბა 1922-24 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი სამ­ხედ­რო გა­მოს­ვლე­ბის ჩახ­შო­ბის ოპე­რა­ცი­ებ­ში. ირკვევა, რომ ზუ­ბოვს აგენტურა ჰყავდა სტამბოლში, ქართულ ემიგრანტებს შორის და მას 1922 წლის ივ­ნის­ში ხელთ ჩა­უ­ვარ­და სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ო­და, რომ საზ­ღვარ­გა­რეთ მყო­ფი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნი­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი სამ­ხედ­რო აჯან­ყე­ბას გეგ­მავ­დნენ. ლავ­რენ­ტი ბე­რი­ამ ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი სამ­მარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს - ფე­ლიქს ძერ­ჟინ­სკის მო­ახ­სე­ნა. მან კი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სპეციალური საიდუმლო მოხსენება წარუდგინა ბოლშევიკების უმაღლეს პარტიულ ორგანოს, პოლიტბიუროს, სადაც (როგორც საბჭოთა საგარეო დაზვერვის ისტორიის წყარეობშია აღნიშნული) დამტკიცებული ყოფილა შესაბამისი პოლიტიკური და საორგანიზაციო ზომები. ასე რომ, საქართველოში სამხედრო აჯანყების გეგმების ხელში ჩაგდების, ქვეყნის შიგნით ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და ემიგ­რა­ცი­ი­დან სოციალ-დემოკრატების ბელადების ჩა­მოტ­ყუ­ე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცია მოს­კოვ­ში 1923 წლის გაზაფხულიდან მუშავდებოდა და 1924 წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ბოლ­შე­ვი­კე­ბის სის­ხლი­ა­ნი გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და.

“აგვისტოს აჯანყების” “ოპერატიული კომბინაციების” მიზნები და განხორციელების მეთოდები ანალოგიური იყო, რაც “სინდიკატისა” და “ტრესტის” დეზინფორმაციული ოპერაციების დროს.

თუ რუსეთში გე-პე-უმ “ქაღალდზე” შექმნა ფიქტიური (ე.წ. ლეგენდირებული) „კონტრევოლუციური ორგანიზაციები“, რომელიც ვითომდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ (ფარულ დივერსიულ ოპერაციებსა და ტერორისტულ აქტებს ახორციელებდნენ და ათასობით წევრს ითვლიდნენ), საქართველოში ამის აუცილებლობა არ იყო. 1921 წლის მარტის შემდეგ საქართველოში ანტიბოლშევიკურ განწყობას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არც მალავდა: იმართებოდა კრებები, მიტინგებზე იკრიბებოდა ათასობით ადამიანი, განსაკუთრებით აქტიურობდა ახალგაზრდობა. ჩეკა- გე-პე-უმ ამ ორგანიზაციებში შეაგზავნა აგენტები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომ დასავლეთის ქვეყნები (უპირველესად - საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი) ფინანსებით და სამხედრო გზით მხარს დაუჭერდნენ აჯანყებულებს. ბათუმში ინგლისისა და საფრანგეთის კრეისერები შემოვლენო - ამგვარად ატყუებდა ბოლშევიკების აგენტურა საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების მომხრეებს. დეზინფორმაციული ოპერაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საქართველოში პოტენციური ოპოზიციის გამოვლენა და მათი განეიტრალება იყო, რასაც ბოლშევიკურმა რეჟიმმა მალევე მიაღწია.

პირდაპირ უნდა ითქვას: საბჭოთა სპეცსამსახურები სრულად აკონტროლებდნენ ’’აგვისტოს აჯანყების’’ მთელ პროცესს - აჯანყების დაგეგმვიდან დაწყებული და 28-29 აგვისტოს გამოსვლებით დასრულებული. ისინი ეტაპობრივად ანადგურებდნენ ქართველ პატრიოტებს: ჯერ 1922 წელს, შემდეგ 1923 წელს, ბოლოს კი - 1924 წელს. უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლშევიკების სპეცსამსახურებმა რამდენიმესვლიანი “ოპერატიული კომბინაციების“ ჩატარებით შეძლეს: პირველ ეტაპზე, ფარულად მოქმედი “დამოუკიდებლობის კომიტეტისა“ და “სამხედრო ცენტრის“ შემადგენლობის დადგენა და განადგურება, მეორე ეტაპზე კი, ემიგრაციიდან ყველაზე ანტისაბჭოურად განწყობილი და რადიკალური ლიდერების (ნ. ხომერიკი, ვ. ჯუღელი, ბ. ჩხიკვიშვილი და სხვ.) საქართველოში ჩამოტყუება და განადგურება. ამის შემდეგ აჯანყების რიგითი წევრების დაპატიმრება და დასჯა უკვე მარტივად გადასაწყვეტი იყო. ზოგი - დახვრიტეს, ნაწილი - გააციმბირეს, ხოლო უმრავლესობა - “შემოირიგეს“, რათა 1937-1938 წლებში ისინიც დაეხვრიტათ.

ჩეკა-გე-პე-უმ ემიგრანტულ ორგანიზაციებში შეაგზავნა აგენტები, რომლებმაც მალევე მოიპოვეს ქართული ემიგრანტული ორგანიზაციების ლიდერების ნდობა. ფართო აგენტურული ქსელის საშუალებით ჩეკა-გე-პე-უს წინდაწინ ჰქონდა დაწვრილებით ინფორმაცია ’’აგვისტოს აჯანყების’’ მზადების შესახებ.

ნოე რამიშვილი პარიზიდან სტამბოლში გაგზავნილ წერილში, რომელიც 1924 წლის 4 თებერვლით თარიღდება, წერს: “ბოლშევიკებმა აქ შექმნეს ჯაშუშთა ძლიერი ორგანიზაცია და კოლონიიდან ყველაფერს იგებენ”.

ჩემი აზრით, ბოლშევიკების აგენტები მხოლოდ პარიზში არ აქტიურობდნენ, ისინი მრავლად იყვნენ: სტამბოლში, ბერლინში, ლონდონში, რომში, ვარშავაში და ა.შ. ანუ ყველგან, სადაც კი ქართული ემიგრაციის კოლონიები არსებობდა. ბოლშევიკთა აგენტურა აქტიურად მოქმედებდა, როგორც ემიგრაციის რიგებში, ასევე - საქართველოში არალეგალურად მოქმედ ორგანიზაციებში. აჯანყებისთვის ფარული მომზადების პროცესში სათანადო კონსპირაციის დაცვა, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, უკიდურესად დაბალ დონეზე იყო.

ამიტომაც გე-პე-უმ შეძლო: საქართველოში ფარული ოპოზიციის მუშაობის მეთოდებისა და ხერხების დადგენა; საქართველოში არალეგალურად შემოსვლისა და გასვლის მარშრუტების გამოვლენა და კონტროლზე აყვანა; გაყალბებული ინფორმაციის მიწოდება სხვა ქვეყნების ( უპირველესად - პოლონეთის) დაზვერვისათვის.

ჩეკა-გე-პე-უს სპეცოპერაციები ’’სინდიკატი’’, ’’ტრესტი’’ და “აგვისტოს აჯანყების” ოპერატიული კომბინაციები ერთდროულად მიმდინარეობდა. შეიძლება დაიბადოს ლოგიკური კითხვა: თუ სპეცოპერაციები ’’სინდიკატი’’ და ’’ტრესტი’’ საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ სამაგალითოდაა მიჩნეული და ადრეც და ამჟამადაც რუსეთში ამით ტრაბახობენ, მაშინ ბოლშევიკებისთვის არანაკლებ წარმატებით ჩატარებული “აგვისტოს აჯანყების” ’’ოპერატიული კომბინაციები’’ რატომაა დამალული? რატომ არ იყენებდნენ ამ ოპერაციას საბჭოთა სპეცსამსახურები საკუთარი ’’უძლეველობის’’ საჩვენებლად?

ჩემი აზრით, ბოლშევიკებმა 1922 წლიდან 1924 წლის აგვისტოს აჯანყებამდე გამოავლინეს ანტისაბჭოთა წრეები წითელ არმიაში (რ. მუსხელიშვილი, ი. ყარანგოზიშვილი და სხვ.), უცხოეთიდან შემოიტყუეს ემიგრაციის ლიდერები (ნ. ხომერიკი, ბ. ჩხიკვიშვილი, ვ. ჯუღელი და სხვ.), გამოავლინეს საქართველოში არალეგალურად შემოსვლისა და გასვლის მარშრუტები – ანუ, ფაქტობრივად, ყველა დასახულ მიზანს მიაღწიეს, თუმცა სპეციალურად არ შეაჩერეს სამხედრო აჯანყება (რაც თავისუფლად შეეძლოთ, რადგანაც სრულ ინფორმაციას ფლობდნენ), რათა შემდეგ სასტიკად და სამაგალითოდ გასწორებოდნენ აჯნყებულებსა და მათ თანამოააზრებს. ამიტომ დიდი მსხვერპლის გამო სატრაბახო აღარ იყო, განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

საქართველოში 1922-1924 წლებში ანტიბოლშევიკური გამოსვლების შედეგების ანალიზი ამგვარია: 1922 წელს კახეთსა და ხევსურეთში სტიქიურ გამოსვლებს შედეგად მხოლოდ ის მოჰყვა, რომ ჯერ 50-მდე აჯანყებული დახვრიტეს, შემდეგ კი - რეპრესიები გაამკაცრეს. 1923 წლის გამოსვლების შედეგიც მსგავსი იყო: 100-ზე მეტი დახვრეტილი და ათასობით რეპრესირებული. 1924 წლის “აგვისტოს აჯანყების” შემდეგ დახვრიტეს 1000-ზე მეტი კაცი, გაცილებით მეტი კი - გადაასახლეს.

ამის შემდეგ ბოლშევიკებმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს: სოციალ-დემოკრატიული პარტიის საქართველოში დარჩენილი წევრები შანტაჟის გზით აიძულეს პარტია დაშლილად და ლიკვიდირებულად გამოეცხადებინათ. ამასთან ერთად, აჯანყების წარუმატებლობამ გამოიწვია დაპირისპირება ოპოზიციაში, როგორც საქართველოში, ასევე - ემიგრაციაში. უკიდურესად გამწვავდა ურთიერთობა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა და დანარჩენ ემიგრაციას შორის. ასე რომ, საქართველოში ბოლშევიკების ფარული კონტროლით მიმდინარე 1922-1924 წლების ანტისაბჭოთა გამოსვლების შემდეგ ბოლშევიკების პოზიციები უფრო გაძლიერდა, ხოლო ქართველ პატრიოტებს კი ისღა დარჩენოდათ, ნიკოლოზ ბარათაშვილის უკვდავი ლექსი, “მერანი” გაეხსენებინათ:

ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,

და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;

და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,

და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

(მეოთხე ნაწილის დასასრული)

იხილეთ პირველი ნაწილი