"რატომ არ აღიარებს არასოდეს ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ - რას წერს რუსული გამოცემა
რუსული გამოცემა НСС – Национальная Служба Новостей აქვეყნებს სტატიას სათაურით - „კარი დასავლეთში“: რატომ არ აღიარებს არასოდეს ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ (ავტორი ანასტასია ბელიხოვა). მასში ბელარუსი პოლიტოლოგი დიმიტრი ბოლკუნეცი კომენტარს უკეთებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე გააკეთა - ლონდონში ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საიდუმლო შეხვედრა-მოლაპარაკების თაობაზე.
როგორც დიმიტრი ბოლკუნეცი ამბობს, თუ დიდ ბრიტანეთში შეხვედრა მართლაც მოხდა, მაშინ ის პირდაპირ ლონდონის აეროპორტის სადგომზე გაიმართებოდა.
„შეხვედრა, შესაძლოა, მართლაც იყო. თუ ასეთი მოლაპარაკება ნამდვილად გაიმართა, მაშინ ალექსანდრე ლუკაშენკო ლონდონში, ალბათ, ბორის ბერეზოვსკის თვითმფრინავით ჩაფრინდებოდა. ბორის ბერეზოვსკი მინსკში ხშირად სტუმრობდა, მისი თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში თითქმის ყოველკვირეულად დაფრინავდა. ალექსანდრე ლუკაშენკოს ლონდონში წასასვლელად არანაირი დოკუმენტი [ვიზა] არ დასჭირდებოდა. უბრალოდ, ადამიანი ჯდება თვითმფრინავში, ეშვება აეროპორტში, სადგომზე იგი სასურველ პირს ხვდება, საუბრობს და ისევ უკან ბრუნდება. ასეთი შეხვედრა შეიძლება სრულიად საიდუმლო ყოფილიყო - იმის გათვალისწინებით, რომ ბორის ბერეზოვსკი ალექსანდრე ლუკაშენკოსთან დაახლოებულ პიროვნებას წარმოადგენდა და მას ბევრ საკითხში ენდობოდა. რამდენიმე წლის წინ ბორის ბერეზოვკის ჩანაწერები გამოქვეყნდა, სადაც საუბარია ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან - ვლადიმერ მაკეისთან კონტაქტებზე საქართველოსთან მიმართებით. აშკარაა, რომ ასეთი კონსტრუქცია აბსოლუტურად შეიძლება რეალიზებული ყოფილიყო“, - ამბობს დიმიტრი ბოლკუნეცი.
„ეს ისტორია მიხეილ სააკაშვილისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს პირად ურთიერთობას ასახავს. სავარაუდოდ, საუბრის დროს ითქვა, რომ თუ ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთს და "სამხრეთ ოსეთს" არ აღიარებდა, მას დასავლეთი კარს გაუღებდა. როგორც ცნობილია, 2008 წლამდე ბელარუსის პრეზიდენტთან დასავლეთს ცივი დამოკიდებულება ჰქონდა, 2008 წლის ბოლო თვეებიდან და 2009 წლის განმავლობაში კი სიტუაცია გარკვეულწილად „დათბა“. იმის გამო, რომ ლუკაშენკომ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ არ აღიარა, მას ზოგჯერ ესალმებოდნენ ხოლმე კიდეც. ბელარუსის პრეზიდენტს ყოველთვის სურდა, რომ ევროპაში ავტორიტეტული პოლიტიკოსი ყოფილიყო. იგი არასოდეს აღიარებს დამოუკიდებლად არც აფხაზეთს, არც "სამხრეთ ოსეთს" და არც ყირიმს - რუსეთის შემადგენლობაში. მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენის შანსი დაკარგული არ აქვს. ალექსანდრე ლუკაშენკო თვლის, რომ თუ იგი ანტირუსული რიტორიკით ისარგებლებს, მას ისევ ხელს ჩამოართმევენ“, - აღნიშნავს დიმიტრი ბოლკუნეცი.
პოლიტოლოგი ხაზს უსვამს, რომ მიხეილ სააკაშვილს იმ დროს ჯერ კიდევ ჰქონდა დასავლეთში გარკვეული ავტორიტეტი და ამით იგი ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობის აწყობაში ეხმარებოდა:
„2010 წელს ბელარუსის ტელევიზიით მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გავიდა. ეს დიდ სენსაციად იქცა და მოსკოვის აღშფოთება გამოიწვია. მოგვიანებით ინტერვიუ ტელეკომპანიის საიტიდან გააქრეს, დღეს მას ვეღარ იპოვით. ალექსანდრე ლუკაშენკო მიხეილ სააკაშვილის დახმარებით ბევრ საკითხს წყვეტდა დასავლეთთან ურთიერთობაში. სხვათა შორის, 2015 წელს ოდესაში [გუბერნატორი] მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ მაკეის შეხვდა. აშკარაა, რომ საუბრის დროს ისინი ოდესის ოლქისა და ბელარუსის ურთიერთობაზე არ იმსჯელებდნენ. იმ პერიოდში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს უკიდურესად სჭირდებოდა დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება. მას მიხეილ სააკაშვილი დაეხმარა. ლუკაშენკოს თავის დროზე ვიქტორ იუშენკოც ხელს უწყობდა“, - აცხადებს დიმიტრი ბოლკუნეცი. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ