"მე და ტიმმა ერთმანეთი 4 წლის წინ, გერმანიაში გავიცანით" - სოფია შაფათავას ცხოვრების შეცვლილი წესი - კვირის პალიტრა

"მე და ტიმმა ერთმანეთი 4 წლის წინ, გერმანიაში გავიცანით" - სოფია შაფათავას ცხოვრების შეცვლილი წესი

ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელი - სოფია შაფათავა ახლახან საქართველოში იმყოფებოდა. შემთხვევით ვისარგებლეთ და ვიდრე შეჯიბრებაზე გაემგზავრებოდა, მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ...

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- პანდემიის გამო, ყველა ადამიანის მსგავსად, ჩემი ცხოვრების სტილიც შეიცვალა. მე და ჩემი ახლა უკვე მეუღლე თბილისში "გავიჭედეთ", რადგან პროფესიული შეჯიბრებები გაუქმდა. სხვათა შორის, ერთი მხრივ, ეს ძალიან კარგი იყო, რადგან საშუალება მომეცა, სწავლა დამესრულებინა. ნუტრიციოლოგიისა და ფიტნესის მიმართულებით, პროფესიონალური კურსები გავიარე, რომ უფრო საფუძვლიანად შემესწავლა, რასაც პრაქტიკაში ვაკეთებდი. მინდოდა, ამ დარგში სერტიფიცირებული ვყოფილიყავი, შეჯიბრებების, მოგზაურობის დროს კი ამის საშუალება არ მქონდა (იღიმის). ასევე, ოჯახთან ბევრი დრო გავატარე, ის საქმეები მოვაგვარე, რისთვისაც წინათ ვერ ვიცლიდი, თუმცა, რა თქმა უნდა, პროფესიონალი ჩოგბურთელისთვის ამდენ ხანს "გაჩერება" კარგი არ ყოფილა...

- როგორც ჩოგბურთელმა, აღადგინეთ მუშაობა?

- დიახ. შარშან მაისიდან უკვე სრულფასოვნად ვთამაშობ. ახლაც შეჯიბრებაზე მივემგზავრები...

- მახსოვს, სპორტული ფსიქოლოგიის შესწავლას აპირებდით...

- ნამდვილად ვაპირებდი, თუმცა პირადი და პროფესიული პრობლემების გამო, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა გადავწყვიტე, რადგან ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად ისე ხდება, რომ კანონების ცოდნა, საბაზისო ინფორმაცია გჭირდება ადამიანს, ზოგს არგუმენტირებულად უნდა ელაპარაკო. იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლა შარშან დავასრულე.

- იურიდიული ცოდნა ჩოგბურთის სფეროში დაგჭირვებიათ?

- ჩოგბურთის სფეროში არა, მაგრამ მოგზაურობის დროს - ძალიან ხშირად, მით უმეტეს - პანდემიისას: სამწუხაროდ, რეგულაციებს ბევრი არასწორად იყენებს. ის აზრი მოსდით, რომ საკუთარ მოვალეობებს გადააჭარბონ. სხვათა შორის, იურიდიული განათლება ძალიან მადგება, რომ ასეთ ადამიანებს საფუძვლიანად ვეკამათო, ჩემი უფლებები დავიცვა და საშუალება არ მივცე, დროებითი რეგულაციების გამო მთლიანი სისტემა და სახელმწიფო კანონები შეცვალონ.

- რამდენიმე წლის წინ, ჩვენს ქვეყანაში, ჩოგბურთის სფეროში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრეთ. ამ მხრივ რამე ხომ არ შეცვლილა, თუნდაც - სახელმწიფოს მიერ სპორტის ამ სახეობის მიმართ ყურადღების მიქცევის თვალსაზრისით?

- საქართველოში პერიოდულად ჩამოვდივარ. დეკემბერში იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემი ოჯახის ნახვა, ახალი წლის დღესასწაულის თბილისში გატარება მინდოდა. სხვათა შორის, ქუჩებში საახალწლო განათებები ძალიან მომეწონა... ჩოგბურთს რაც შეეხება, შეჯიბრებებისთვის უნდა ვივარჯიშო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იმაზე უფრო მეტადაც კი ჭირს, ვიდრე წინათ, განსაკუთრებით - ზამთარში, რადგან არ არის საკმარისი დარბაზები, საჩოგბურთო კორტები. ბავშვების მხრიდან ჩოგბურთზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც ნიკუშა ბასილაშვილის დიდი დამსახურებაა, რადგან მისი სახით, მაღალი კლასის ჩოგბურთელი გვყავს... მოკლედ, ბავშვებს ჩოგბურთის თამაში უნდათ, ასევე - მოყვარულებსაც, მაგრამ არ გამოდის. პირადად მე, ყოველდღე 4-5 საათს ვვარჯიშობ. აქედან 3 საათს ჩოგბურთს ვუთმობ. საქართველოში ვარჯიშის ეს რეჟიმი ვერ ავაწყვე, რადგან უბრალოდ, საკმარისი კორტი არ არის. პრობლემა მხოლოდ ესეც არაა: არსებული კორტებიც უხარისხოდაა გაკეთებული, ერთზე საფარი უკეთესია, მაგრამ ძალიან ბნელა, რადგან განათებაზე ეკონომიური ნათურები დააყენეს (იცინის). მოყვარულებისთვის ეს უმნიშვნელო და მისაღებია, მაგრამ პროფესიონალი სპორტსმენებისთვის თავისთავად, მნიშვნელოვანია... მეორე ადგილას განათება გადასარევია, მაგრამ კორტის საფარი არაა კარგი. მესამე დარბაზში ისე ცივა, ყელი გეტკინება, ცხვირი "გაგეჭედება"... სამწუხაროა, რომ ფასებიც იზრდება: 10 წლის წინ, ჩოგბურთის კორტით 1 საათით სარგებლობა 4-6 ლარი ღირდა, ახლა 30-50 ლარი ღირს, თუმცა პირობები უკეთესობისკენ არ შეცვლილა. ჩვენთან ჩოგბურთი პრიორიტეტულ სპორტად არ მიაჩნიათ. ალბათ, ამ სახეობაში საკმარისი შედეგი არ გვაქვს, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ. ეს დახურული წრეა: თუ ჩოგბურთს ყურადღება არ მიექცევა, თავისთავად, შედეგიც არ "მოვა", რადგან ბავშვებს ელემენტარული საბაზისო პირობები არ აქვთ, რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. უკვე 23 წელია, ჩოგბურთს ვთამაშობ და ჯერჯერობით, დადებითი მიმართულებით რადიკალური ცვლილება არ მომხდარა... ბავშვების მშობლები თავად დარბიან, რომ შეჯიბრებებისთვის საჭირო ფული იშოვონ... მოკლედ, ამ სფეროში ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მაშინ, როცა 13-14 წლის ვიყავი.

- ცოტა რამ პირად ცხოვრებაზეც გვითხარით: დაოჯახებულხართ... ვინ არის თქვენი რჩეული?

- მე და ტიმმა ერთმანეთი 4 წლის წინ, გერმანიაში გავიცანით, სადაც გუნდურ შეჯიბრებებში ვთამაშობდი. პროფესიით ნუტრიციოლოგია. როდესაც გავიცანი, გერმანიის ერთ-ერთ კლუბში მუშაობდა. ჩოგბურთს, ფიტნესს და ნუტრიციოლოგიას ერთმანეთს უთავსებდა, რადგან მიიჩნევს, რომ ჩოგბურთელი ფიზიკურად კარგად მომზადებული უნდა იყოს. შესაბამისად, სწორად იკვებებოდეს. ამიტომ ცდილობდა, ბალანსი ეპოვა. როდესაც ერთმანეთი გავიცანით, ისეთი პერიოდი მქონდა, როცა ჩოგბურთის თამაში საერთოდ არ მინდოდა. ბევრი ფინანსური, ფიზიკური პრობლემა იყო. რაღაცნაირად, ერთმანეთთან საუბარს შევყევით. დავინტერესდი, რას აკეთებდა. ვთხოვე, ჩემთვის კვების რაციონი შეედგინა, რადგან მინდოდა, რაღაც შემეცვალა... ნელ-ნელა დავმეგობრდით. თან, გერმანიაში მაშინაც ბევრ დროს ვატარებდი... მეგობრობა და მუშაობა ნელ-ნელა უფრო გულთბილ ურთიერთობაში, შემდეგ კი სიყვარულში გადაიზარდა... დაქორწინებას ცოტათი მოგვიანებით ვაპირებდით. გვინდოდა, ახლობლების წრეში პატარა დღესასწაული მოგვეწყო, მაგრამ არ გამოგვივიდა, რადგან პანდემიის დროს ქვეყნიდან გასვლაც ძალიან გართულდა. ტიმს უჩემოდ წასვლა არ უნდოდა - 6 თვე ჩემთან ერთად, თბილისში იყო "გაჭედილი". როდესაც მივხვდით, ერთად მოგზაურობა და თანაცხოვრება ასე გაგვიჭირდებოდა, გადავწყვიტეთ, ურთიერთობა გაგვეოფიციალურებინა, ქორწინების აღნიშვნა კი სამომავლოდ გადაგვედო, როცა პანდემია დასრულდებოდა. მას მერე თითქმის 2 წელი გავიდა, პანდემია კი არა და არ დასრულდა (იცინის).

- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

- ჯერჯერობით, დიდი გეგმები არ მაქვს. ბედნიერი ვარ, რომ ბოლო 2 წელია, ისეთ ასაკში შევედი, ყველა მეკითხება, - აუ, კიდევ თამაშობო (იცინის)? სხვათა შორის, კარგი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა: თითქოს შენგან არავინ არანაირ შედეგს არ ელოდება. ამასთანავე, შეგიძლია იმდენი ითამაშო, რამდენიც გინდა - ეს შენი პირადი საქმეა... თან, ჩოგბურთს ტრაგიკულად და ფატალურად არ ვუყურებ, რომ რაკი "დიდი მუზარადი" არ მაქვს მოგებული, თითქოს ჩემი კარიერა საზიზღარია. საკუთარი თავის მიმართ უფრო პოზიტიურად განწყობილი ვარ და უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ იმისგან, რასაც ვაკეთებ. ნელ-ნელა შედეგებიც "მოვიდა": შარშან წელი მსოფლიო რეიტინგში 690-ე პოზიციით დავიწყე. 10 წლის განმავლობაში, ჩემთვის ეს ყველაზე დაბალი პოზიცია იყო, რადგან პანდემია გამოცხადდა, საქართველოდან ვერ გავდიოდი... ახლა წელიწადი 270-ე პოზიციით დავასრულე... დღესდღეობით, ვგეგმავ, "დიდი მუზარადის" კვალიფიკაციაში ისევ მოვხვდე, რადგან ამ შეჯიბრებებზე ასპარეზი ძალიან მინდა... შემდეგ კიდევ სხვა გეგმებს ავაწყობ. მინდა, პატარ-პატარა საფეხურები მქონდეს...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"