"ამ ტრაგედიამ კომპოზიტორზე დიდი გავლენა მოახდინა, სახლიდან არ გადიოდა და მუსიკალური საქმიანობაც შეწყვიტა" - კვირის პალიტრა

"ამ ტრაგედიამ კომპოზიტორზე დიდი გავლენა მოახდინა, სახლიდან არ გადიოდა და მუსიკალური საქმიანობაც შეწყვიტა"

ფოტოგალერეა

კომპოზიტორისა და პროდიუსერის - კონსტანტინე მელაძისა და ჯგუფ „ვია გრას" ყოფილი წევრის, ვერა ბრეჟნევას ურთიერთობა ყოველთვის იწვევს საზოგადოების ინტერესს. წყვილს არ უყვარს ფოტოების ხშირად გამოქვეყნება, თუმცა მათი ოჯახური ისტორიები ყველასთვის საინტერესოა.

როგორც ვერა ბრეჟნევა აღნიშნავს, მეუღლესთან ერთად სრულიად ჩვეულებრივი ცხოვრება აქვთ და არ თვლიან საჭიროდ, ოჯახში მიმდინარე ყველა პროცესი საჯარო გახდეს. როგორც მომღერალმა აღნიშნა, ის მეუღლესთან ერთად ჩვეულებრივ სახლში ცხოვრობს:

"ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ და გვაქვს ნორმალური ოჯახი: ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, დავდივართ პროდუქტების შესაძენად, მივდივართ კაფეში, რესტორანში, სამოგზაუროდ. ვერ მივცემთ საკუთარ თავს იმის უფლებას, აუდიტორიის წინაშე ღიად გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები“, - ამბობს ვერა ბრეჟნევა.

როგორც ბრეჟნევა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ის პანდემიის პერიოდში მაქსიმალურად ცდილობდა, დრო მეუღლისა და შვილებისთვის დაეთმო.

ცნობილი ჯგუფის სოლისტმა და ქართველმა კომპოზიტორმა 2015 წელს ოფიციალურად იქორწინეს. საიდუმლო წვეულება იტალიაში გაიმართა.

ფორტე-დაი-მარმიში ქორწინება ქალაქის მერმა - უმბერტო ბურატიმ დაარეგისტრირა. საზეიმო ცერემონიალს წყვილის უახლოესი ნათესავები და მეგობრები ესწრებოდნენ.

მომღერალი "ინსტაგრამის“ პირად გვერდზე იშვიათად, თუმცა მაინც აქვეყნებს სხვადასხვა ფოტოს, სადაც მეუღლის საჩუქრებზე და მათ ურთიერთობაზე საუბრობს. გასულ წელს მომღერალმა გამომწერებს გაუზიარა, რომ მეუღლემ Bvlgari-ს ძვირად ღირებული ბეჭედი აჩუქა, ოფიციალურ საიტზე ბეჭდის ფასი 662 ათასი რუბლია.

გველის ფორმის ძვირფასი სამკაული თეთრი ოქროთი და ბრილიანტის თვლებითაა დამზადებული.

bech-1644578329.jpeg

როგორც ჩანს, ვერა ბრეჟნევას საკუთარი პრინციპები აქვს, რომლის გამოც, წყვილი ცალკე ცხოვრობს და არა - კონსტანტინეს მშობლებთან ერთად:

„ოჯახს საკუთარი სივრცე უნდა ჰქონდეს. თუ არ გაქვთ საშუალება - ნუ შექმნით ოჯახს! თუ ოჯახს ქმნით - მოიძიეთ შესაძლებლობები“, - განაცხადა ბრეჟნევამ.

როგორც ცნობილია, ვერა ბრეჟნევას ცოლად მოყვანამდე ქართველ კომპოზიტორს პირველ ქორწინებაში სამი შვილი ჰყავს - ალისა, ლია და ვალერი.

როგორც რუსული მედია წერდა, კონსტანტინესა და ვერა ბრეჟნევას ურთერთობის ამბავი დიდი დარტყმა იყო მელაძის პირველი მეუღლისთვის.

sum-1644578329.jpg

იანა სუმი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობდა, რომ "ვია გრას" წევრებზე არც კი ეჭვიანობდა:

„ჩვენი ისტორია საკმაოდ ადვილად დაიწყო, იმ დროს მე 18 წლის ვიყავი, კოსტა კი - 30-ის. წვეულებიდან ვბრუნდებოდით, გზაში ორი ბიჭი შეგხვდა, ერთი ჩემი ნაცნობი იყო, მას კონსტანტინე ახლდა. კოსტამ სტუმრად დაგვპატიჟა საერთო საცხოვრებელში. შემოთავაზება არ მომეწონა და ვუთხარი: „თუ წამოვალ, ვალდებული იქნები ჩემზე იქორწინო-მეთქი“, ის მაშინვე დამთახმდა: „მაშინ, ახლავე წამოდი, დედას გაგაცნობო“. მე კი ისევ ვიცინოდი, კოსტამ შემდეგ პაემანზეც დამპატიჟა. მაშინ ორი საათი დავაგვიანე, ჩამეძინა, რადგან სამსახურისთვის ძალიან ადრე ვდგებოდი, კოსტა 1 საათი მელოდა და წავიდა“, - იხსენებს მელაძის ყოფილი მეუღლე.

სამი შეხვედრის შემდეგ კომპოზიტორმა გოგონას ხელი სთხოვა. იმ პერიოდში კონსტანტინე არ იყო ცნობილი, თუმცა ძმისთვის სიმღერებს აქტიურად წერდა.

წყვილი 1994 წელს დაქორწინდა, შემდეგ გამოიცა ვალერი მელაძის ცნობილი ალბომი „სერა“. ერთ დღესაც ძმებმა გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები გახდნენ. კომპოზიტორი ბევრი საქმის გამო ოჯახს დროს ვეღარ უთმობდა:

„ქორწილის შემდეგ, კოსტას სტაბილური სამსახური გაუჩნდა. ძმები გასტროლებზე დადიოდნენ და შემოსავალიც გაეზარდათ. მამაკაცისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ შეიცვალა პრიორიტეტებიც, კოსტას გაუჩნდა უფრო მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე ოჯახი და სახლია. კონსტანტინე ბევრს მუშაობდა, მე კი მოთმინებით ველოდი“.

წყვილს პირველი შვილი გვიან შეეძინა, რადგან გათხოვებისას იანა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო და ბავშვის გაჩენამდე დიპლომის აღება სურდა. 2000 წელს მათ პირველი შვილი - ალისა შეეძინათ, 2004 წელს ლია გაჩნდა, მალე კი - ვაჟი, რომელსაც ძმის პატივსაცემად ვალერი დაარქვეს. თავიდან მშობლები არც კი ფიქრობდნენ, რომ ვაჟს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, სამი წლის შემდეგ ბავშვს აუტიზმი დაუდგინდა.

2000 წელს კონსტანტინემ დიდი ხნის ჩანაფიქრის ასრულება შეძლო და ქალთა ჯგუფი შექმნა, რომელიც მალე ძალიან პოპულარული გახდა. ჯგუფის შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა, ერთხელაც, გუნდში ქერა, მომხიბვლელი გოგონა მივიდა, რომელიც დიდმა აუდიტორიამ შეიყვარა - ვერა ბრეჟნევას იმ პერიოდში ზოგიერთი ყველაზე ლამაზ გოგონადაც თვლიდა.

იანა სუმი არც კი ფიქრობდა, რომ მეუღლე უღალატებდა, ამიტომ, „ვია გრას“ არცერთ წევრზე არ ეჭვიანობდა. მას ეჭვები რამდენიმე წლის შემდეგ გაუჩნდა:

„მაშინ, როცა ჩვენს ვაჟზე ვიყავი ორსულად, რაღაც ეჭვები გამიჩნდა, თუმცა ზუსტად არაფერი ვიცოდი... მე იმ ქალთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომელსაც ეჭვის გაჩენისას შეუძლია მეუღლის ტელეფონი აიღოს და გაადამოწმოს... სწორედ ასე, ვერ მოვითმინე ავკრიფე ნომერი და დავურეკე: "არავითარი პრეტენზია არ მაქვს, თუმცა ახლა თქვენთან დარეკვა ჩემთვის დამცირებაა, მაგრამ ამას მხოლოდ ერთი მიზეზით ვაკეთებ, მინდა გავიგო, რა ხდება ჩემს ოჯახში". ვერამ მიპასუხა: „ჩვენ საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, როგორც მამა-შვილს, ის ჩემი მასწავლებელია“.

იმ პერიოდში, ვერა ბრეჟნევა მართლაც გათხოვდა და შვილიც შეეძინა, მისი და მიხაილ კიპერმანის ურთიერთობა 2012 წლამდე გაგრძელდა. ამბობდნენ, რომ ბრეჟნევასა და კიპერმანის ოჯახი ვერასა და მელაძის საიდუმლო ურთიერთობის გამო დასრულდა.

უამრავი ჭორის მოსმენის შემდეგ, იანა სუმმა გადაწყვიტა კონსტანტინესთან დაშორება, თუმცა კომპოზიტორს ტრაგიკული ამბავი შეემთხვა. ავტოავარიისას ის 30 წლის ქალს დაეჯახა, რომელიც გარდაიცვალა. ამ ტრაგედიამ კომპოზიტორზე დიდი გავლენა მოახდინა, სახლიდან არ გადიოდა და მუსიკალური საქმიანობაც შეწყვიტა. რთული პერიოდის გადალახვაში კი პირველი მეუღლე ეხმარებოდა. ერთ დღეს კი მათთან ვერა ბრეჟნევა მივიდა:

„ეს ქალი პირდაპირ ჩემს სახლში მოვიდა. რატომ? თქვა, რომ დახმარება სურდა. ერთი კითხვა მაწუხებდა, „რისთვის იყო საჭირო ამდენი ადამიანის ცხოვრების დანგრევა? ხომ დაგირეკე. დაითვალე, ცხოვრების რამდენი წელი მომპარეთ, თითქმის 10 წელი!“, - პასუხი კი ეს იყო: „უბრალოდ მაშინ ჩავთვალე, რომ ასე უკეთესი იქნებოდა“, - იხსენებს მელაძის პირველი ცოლი.

მელაძესა და ვერა ბრეჟნევას საერთო შვილი არ ჰყავთ, ვერას ორი გოგონა ჰყავს სხვა ქორწინებიდან, ამჟამად ისინი კიევში ცხოვრობენ.

წყვილს შორის 18-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა, ამ საკითხზე ბევრი საუბრობდა, რამდენიმე დღის წინ კი კითხვებს თავად მომღერალმა უპასუხა და განაცხადა, რომ ურთიერთობაში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია:

„ბედნიერება ასაკზე არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე, როგორ ენდობი შენი გულის რჩეულს, როგორ სცემ პატივს საკუთარ თავს და პარტნიორს. ურთიერთობა ისეთივე შრომას მოითხოვს, როგორც ნებისმიერი სამსახური. იდეალური ურთიერთობები კი არ არსებობს, ეს არის გზა უამრავი ბზარით და პრობლემით“, - წერს მომღერალი პირად ბლოგში.

„როცა ურთიერთობის მთავარი ფუძე - სიყვარული და პარტნიორთან ყოფნის სურვილი არსებობს, მაშინ ასეთ ურთიერთობაში ასაკი არავითარ როლს არ თამაშობს. თუ ხალხს არ უყვარს ერთმანეთი და არც ოჯახის შექმნა სურთ, მათ ასაკიც შეუშლით ხელს, ერთმანეთის ხმაც შეაწუხებს და ერთმანეთის ღირებულებებიც“, - წერს ვერა ბრეჟნევა.

იხილეთ ფოტოგალერეა