"მკვლელს შევეჩეხე... ყელში წამიჭირა და მიწაზე მათრია" - რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელსაც მშობლები მოუკლეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრები 16 წლის გოგონა, რომელსაც მშობლები მოუკლეს, მომხდარს იხსენებს.
როგორც ის ჰყვება, დედა გარდაცვლილი სამზარეულოში ნახა, მამა კი - ეზოში. მისივე ინფორმაციით, მკვლელს პირადად შეხვდა, რის შემდეგაც მამაკაცმა მას ყელში წაუჭირა და მიწაზე ათრია.
"გავიგე თოფის ხმა, რომელსაც მეორე სროლის ხმა მოჰყვა. ამის შემდეგ გავიგე დედაჩემის წივილი, გამოვარდი შეშინებული და მკვლელს შევეჩეხე ეგრევე. ჯერ ვერც დედას ვხედავდი და ვერც მამას. დედა სამზარეულოში იყო და მამა დაბლა, მანქანასთან ეზოში მოკლა, როგორც ვიცი.
როდესაც შევეჩეხე მკვლელს, ყელში წამიჭირა და რომ არ მივყვებოდი, მიწაზე მათრია. დანა ედო უკან" - ამბობს 16 წლის გოგონა "ტვ პირველთან" საუბარში.
სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს. შემთხვევა სოფლიდან მოშორებით, რამდენიმე კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.
როგორც დანაშაულის ადგილას მისულმა, გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ნათესავმა გივი ჩიდრაშვილმა AMBEBI.GE-ს უთხრა, მოკლულები არიან: გია ჯიბიაშვილი და მისი მეუღლე მაკა ზურაბიშვილი.
"ჩემმა ცოლისდამ დამირეკა თბილისიდან, - ამბობენ, რომ მკვლელობა მოხდა და რა ხდებაო. მე არაფერი ვიცოდი, გამოვიქეცი მანქანით, აქ მხოლოდ ყარაული დამხვდა. ცხედრები გადაესვენებინათ. როგორც ეს ყარაული მოყვა, ის მწყემსი, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, საგარეჯოდან ჩამოსულა სამუშაოდ და ნაციხარი ყოფილა... ამბობენ, მანამდე ისეთი არაფერი შეგვიტყვია, ნორმალურად იქცეოდაო. ბოლო 3-4 თვე უმუშავიათ ერთად. ცოლ-ქმარი მუშაობდა ხოხბების ფერმაში, დღე და ღამე იქ იყვნენ. იხილეთ სრულად