ამერიკული დაზვერვა - პუტინი 16 თებერვალს დაიწყებს ომს!(?)
მსოფლიოს რიგმა სერიოზულმა საინფორმაციო საშუალებებმა 12 თებერვალს ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს სენსაციური ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკვე ოთხშაბათს, 16 თებერვალს გასცემს ბრძანებას და რუსეთის არმია უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა მიმართულებებიდან ფართომასშტაბიან შეტევებს განახორციელებსო...
ამ სენსაციური ინფორმაციის წყაროებად დასახელებულია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და პენტაგონის სამხედრო დაზვერვის მიერ მოპოვებული არაერთი დოკუმენტი, რომლებზე დაყრდნობით, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე გააფრთხილა ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ომის 16 თებერვალს დაწყების შესახებ.
კვამლი უცეცხლოდ რომ არ არსებობს, რამდენიმე სერიოზული ფაქტორიც მიუთითებს - რუსეთმა თითქმის დაასრულა უშუალოდ უკრაინის საზღვრებთან 84 საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფის თავმოყრა თავისი საშტატო შეიარაღებით (თითოეულ ასეთ ჯგუფში არანაკლებ 750 სამხედროა).
გარდა ამისა, ორ ათეულამდე ასეთივე საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი მეორე ეშელონში, ორასიოდე კმ-ის რადიუსში იმყოფება უკრაინის საზღვრიდან და უკრაინის ტერიტორიაზე გადასროლისთვის დღე-დღენახევარიც ეყოფა.
აუცილებლად გასათვალისწინებელია ის 30 ათასამდე პრორუსი სეპარატისტი სამხედრო, რომელიც დონბასში ამ დრომდე იბრძვის.
ამასთან, ისიც არ უნდა გამოგვრჩეს, რომ 13 თებერვალს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ფართომასშტაბიან საზღვაო სწავლებას იწყებს აზოვისა და შავ ზღვებში, უშუალოდ უკრაინის ტერიტორიულ წყლებთან.
ამ სწავლებაში შავი ზღვის ფლოტის 6-7 დიდი სადესანტო ხომალდის გარდა, რუსეთის ბარენცისა და ჩრდილოეთის ზღვებიდან შავ ზღვაში სპეციალურად გადმოსროლილი კიდევ ექვსი დიდი სადესანტო ხომალდიც მიიღებს მონაწილეობას საზღვაო დესანტისა და საბრძოლო ტექნიკის ზღვის სანაპიროზე გადასასხმელად, მაგრამ ეს სანაპირო პოლიგონის იქნება, თუ უკრაინის პორტების მიმდებარე, მალე გამოჩნდება.
ასევე უკრაინის საზღვართანაა მობილიზებული რუსული მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ხოლო შედარებით ახლოს დისლოცირებულ რუსულ სამხედრო აეროდრომებზე თავმოყრილია საბრძოლო ავიაცია.
ეს ყველაფერი ისაა, რაც აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და პენტაგონის სამხედრო დაზვერვას თანამგზავრული და საჰაერო დაზვერვის ტექნიკური საშუალებებითაც შეეძლოთ ისედაც აღმოეჩინათ.
მაგრამ, ომის დაწყების კონკრეტული თარიღის დასახელება შეიძლება იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკელ სამხედროებს ხელი მიუწვდათ აგენტურული დაზვერვის მიერ მოპოვებულ კონკრეტულ ზესაიდუმლო რუსულ დოკუმენტებზე, საიდანაც გამოიტანეს დასკვნა, რომ პუტინი მომავალ კვირას,16 თებერვალს გაბედავს დიდი ომის დაწყებას უკრაინის წინააღმდეგ...
ამ ბლოგის ავტორს რატომღაც მაინც ჰგონია, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაელოდება 20 თებერვალს, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურად დახურვის ცერემონიალს, როგორც მან ერთხელ უკვე გააკეთა იმავე უკრაინის მიმართ, როდესაც 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე, 23 თებერვალს დაიწყო უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიის ოპერაცია...
P.S. ვერ გეტყვით, რამდენად სწორი შედარებაა, მაგრამ სტალინიც არაერთხელ გააფრთხილა დაზვერვამ, რომ ჰიტლერი სწორედ 1941 წლის 22 ივნისის გამთენიისას შეუტევდა საბჭოთა კავშირს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საზღვართან დისლოცირებული მაშინდელი წითელი არმიის შენაერთების უდიდესი ნაწილისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა ომის დაწყების მომენტი.
დღევანდელი პუტინი მაშინდელი ჰიტლერის ერთგვარ პარალელს წარმოადგენს, რომელსაც უკვე თითქმის ყველაფერი მომზადებული აქვს დიდი ომის დასაწყებად...