დიდი ომი ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დაიწყება?! - კვირის პალიტრა

დიდი ომი ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დაიწყება?!

"რუსეთს აუცილებლად შეექმნება დიდი პრობლემა. ის უკრაინისგან ნებისმიერ შემთხვევაში დიდ და გრძელვადიან წინააღმდეგობას უნდა ელოდოს“

გასული კვირის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი დიპლომატიური მოლაპარაკების მცდელობისა უკრაინის შესახებ, ვითარება უკიდურესად გართულდა. ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი უკრაინაში უახლოეს მომავალში შეიჭრას. შესაბამისად, აშშ-მა თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. მას მიჰბაძეს დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, ლატვიამ, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და სხვ. 12 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დატოვება უკვე დაიწყეს აშშ-ის საელჩოსა და რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა. სწორედ უკრაინის თემით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

xuxa.jpg

- ვითარება ნამდვილად რთულია და განმუხტვის დიპლომატიური რესურსი თითქმის აღარ ჩანს. სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ მხარეების წინააღმდეგობა ატარებს არა რაციონალურ, არამედ მსოფლმხედველობრივ ხასიათს. ერთი მხრივ, არის დასავლური მიდგომა - ქვეყნების სუვერენული უფლებების აღიარება და თანასწორუფლებიანობა, მეორე მხრივ კი გასული საუკუნის გადმონაშთი ე.წ. რეალური პოლიტიკა, როდესაც სამყარო იყოფა გავლენის სფეროებად და ძლიერები განსაზღვრავენ სუსტების ბედს. სწორედ ეს არის რუსული მიდგომა. ეს იმდენად შეუთავსებელი დამოკიდებულებებია, რომ შეთანხმება თითქმის შეუძლებელი ჩანს. დათმობისთვის სივრცე ძალიან შეზღუდულია და ვხედავთ, რომ ფსონები ორივე მხრიდან ძალიან მაღლა იწევს. ორიოდე დღის წინ რუსეთმა უარი თქვა დასავლეთის წინადადებების გაცნობაზე, არც ჩაიბარეს... ბუნებრივია, ეს ზრდის რისკებსა და ნეგატიურ მოლოდინს. მე მაინც მგონია, რომ ოლიმპიადის პერიოდში არაფერი მოხდება, რადგან რუსეთისთვის ამ ეტაპზე ჩინეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩინეთისთვის კი პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიადამ საზეიმო და პოზიტიურ ვითარებაში ჩაიაროს და ის არ გადაფაროს ნეგატიურმა პროცესებმა. აი, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი, თუ მანამდე რაიმე გამოსავალი არ მოიძებნა, ვფიქრობ, სამხედრო დაპირისპირება გარდაუვალი იქნება.

არა მგონია, რუსეთს უკრაინის სრული ოკუპაცია სურდეს. რუსები არც ისეთი გიჟები არიან, რომ ამაზე წავიდნენ. მათ, სავარაუდოდ, პრეტენზია ექნებათ დონბასის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებში ინტეგრაციაზე, შესაძლოა შევიდნენ იმ ტერიტორიებზეც, სადაც პრორუსული განწყობები მეტ-ნაკლებად არის. სამხრეთ რეგიონებს ვგულისხმობ: ნიკოლაევს, ხარკოვს, დნეპროპეტროვსკს, ზაპოროჟიეს, ხერსონს, ოდესის ოლქს, ჩემი აზრით, ეს მაქსიმუმია, რაზეც შეიძლება წავიდნენ. არ გამოვრიცხავ, წაიწიონ მაქსიმალურად წინ და შემდგომ, როგორც ახასიათებთ, უკან დაიხიონ როგორც მოხდა საქართველოში - გორსა და ხაშურში იდგნენ და მერე უკან დაიხიეს.

მოგეხსენებათ, რუსეთს მოლდოვაში დნესტრისპირეთთან აქვს სახმელეთო კომუნიკაციის პრობლემა. ეს არის რეგიონი, რომლითაც კრემლი არ აძლევს მოლდოვას ნორმალური განვითარების საშუალებას. ყირიმთანაც არა აქვთ ნორმალური კავშირის საშუალება, თუ ხიდს არ ჩავთვლით. ასე რომ, ლოგიკურია ყველაფერი იმ სცენარით განვითარდეს, რომელზეც უკვე ვილაპარაკე. მაგალითად, სწორედ ხერსონით შეძლებენ ყირიმთან სახმელეთო კავშირს. სამწუხაროდ, ვითარებიდან კომპრომისული გამოსავალი ჯერ არ ჩანს. რუსეთი საკითხს ძალიან ხისტად აყენებს, შესაბამისად, პროცესი ჩიხშია შესული. იმედი ვიქონიოთ, რომ კომპრომისი მოხერხდება. თუმცა ფაქტია, ამისთვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება. არგუმენტი, რაც ბოლოს კრემლმა წარმოადგინა, არის ყირიმის თემა, რომელსაც რუსეთი საკუთარ შემადგენლობაში განიხილავს, უკრაინა და მთელი ცივილიზებული მსოფლიო კი უკრაინის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. მოვისმინეთ პუტინის განცხადება, უკრაინა ნატოში რომ შევიდეს და ყირიმზე სამხედრო პრეტენზია განაცხადოს, ნატოს უნდა ვეომოთო? მისი პოზიცია ასეთია - თუ არ გინდათ მსოფლიო ომი, მაშინ მოგვეცით გარანტია, რომ უკრაინა არ შევა ნატოშიო. ამაზე ჯერჯერობით დასავლეთი პირდაპირ არ პასუხობს. რუსეთისა და ცივილიზებული სამყაროს პოზიციები სრულიად აცდენილია, მათი დაახლოება კი სრულიად წარმოუდგენელი ჩანს. შესაბამისად, ვითარება დრამატულია. დასავლეთი ცდილობს ეს ვითარება ისევ კონსერვაციის რეჟიმში გადაიყვანოს, დარჩეს უკრაინა იმ მოცემულობაში, რაშიც არის საქართველო, როდესაც საერთაშორისო სამართლით გვაქვს სხვა ტერიტორია და დე ფაქტო - სხვა, მაგრამ რუსეთი ამაზე უკვე აღარ არის თანახმა.

- მაგრამ უკრაინა საქართველოსთან შედარებით უზარმაზარი ქვეყანაა, გაცილებით მძლავრი სამხედრო პოტენციალითა და გამოცდილებით. დიდი ალბათობით, თუ რუსეთმა ომი მართლაც წამოიწყო, 5 დღეში ნამდვილად ვერ დასრულდება.

- გეთანხმებით, ეს ნამდვილად ვერ იქნება ბლიცკრიგი. გარდა ამისა, ერთია ტერიტორიების დაპყრობა და მეორე - შენარჩუნება. რუსეთს აუცილებლად შეექმნება დიდი პრობლემა. ის უკრაინისგან ნებისმიერ შემთხვევაში დიდ და გრძელვადიან წინააღმდეგობას უნდა ელოდოს. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ამ საკითხისადმი ევროპაში განსხვავებული დამოკიდებულებაა. ერთი მხრივ, ძალიან პრინციპულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოზიცია, მაგრამ შედარებით უფრო რბილი და ფრთხილია დასავლეთ ევროპის ნაწილი, რომელსაც სხვა პრობლემები აქვს. გარდა იმისა, რომ ისინი ევროპაში ომს ძალიან უფრთხიან, ასევე აქვთ ენერგეტიკული უსაფრთხოების დიდი პრობლემა. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ მიწოდების ალტერნატიული გზების ოპერატიულად გამონახვას, ამ მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები კატართან, აშშ-თან თუ აზერბაიჯანთან (ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოსთვის), ეს პრობლემა სწრაფად ვერ მოგვარდება. რუსეთს ეს კარგად ესმის, ამიტომაც აჩქარებს დასავლეთს გადაწყვეტილის მიღებას. კრემლში მიიჩნევენ, რომ საქმე გაზაფხულამდე არ უნდა გადადონ. მოგეხსენებათ, გაზაფხულზე გაზზე მოთხოვნა იკლებს და დასავლეთსაც შეეძლება უფრო მეტი პრინციპულობის გამოჩენა. მოკლედ, ასეთი მძიმე თამაში მიდის, რაც უკვე ენდშპილშია გადასული.

- ყველა გონიერი ადამიანი თანხმდება, რომ თუ უკრაინაში რუსეთმა თავისი გაიტანა, მალე საქართველოს ჯერიც დადგება, თუმცა ამ ვითარებაში კვლავ გაუგონრად პასიურია საქართველოს ხელისუფლება.

- დღეს ისეთი ვითარებაა, ჩვენი ქვეყნის ბედი, განვითარების ვექტორი და მომავალი მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში. დიახ, რაც მოხდება უკრაინაში, რაღაც ინტერვალის შემდეგ აუცილებლად განმეორდება საქართველოში. აქედან გამომდინარე, უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება, ერთი მხრივ, გასაკვირია, მაგრამ ამასთან, გასაგებიც არის. ჩვენ უნდა ვიკითხოთ, რა ხალხია დღეს ხელისუფლებაში? - ეს არის ჯგუფი, რომელსაც არა აქვს პრინციპული ფასეულობათა სისტემა. მათთვის მთავარი ფასეულობაა ძალაუფლება და ამ პრიზმაში უყურებენ ქვეყნის მოკლე თუ გრძელვადიან განვითარებას. ჩვენი სახელისუფლებო ელიტა ასეთ პოლიტიკას ატარებს - დიდი ქვეყნები ერთმანეთში რაღაცას იყოფენ, ჩვენ მივყვეთ დინებას და სადაც გაგვრიყავს, იქ ვიქნებითო. მიუხედავად იმისა, რომ ვერბალურად მუდმივად გამოხატავენ, რომ ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა, ჩვენში მმართველობითი სისტემა ისეა ფორმირებული, მათ განცხადებებში შეიძლება ეჭვი შეიტანო, რადგან დღეს ქვეყანაში ეს სისტემა რუსულ მოდელზე უფროა აწყობილი, ვიდრე დასავლურზე. ახლა რა პოლიტიკური პროცესიც მიდის ქვეყანაში, როდესაც "ქართული ოცნება" ცდილობს გახდეს სამუდამოდ დომინანტური პარტია და ოპოზიციაში სურს მხოლოდ ისეთი პარტიები, რომლებიც დემოკრატიის ფასადს შეუქმნიან, ეს არის წმინდა რუსული მოდელი, სადაც არის ერთი დომინანტი და სამი ე.წ. ოპოზიციური პარტია და ამ მოდელს რუსები უწოდებენ "სუვერენულ დემოკრატიას", სრულიად ცხადია, რომ „"ქართული ოცნების" პოლიტიკა სწორედ ამ მოდელზე დადის. ასე ვერ გამოვა, ტანით ერთ ბანაკში იყო, მენტალობით კი - სხვაგან, მით უფრო, რომ მსოფლიოში ფრონტის ხაზი გატარებულია. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც იბრძოლებს დასავლური არჩევნისთვის. პრორუსები არ არიან, მაგრამ არც პროდასავლელები არიან. პოლიტიკის მათებური გაგება გაორებულია - სურთ იყვნენ ევროპაში, ლაპარაკობენ ამაზე, მაგრამ ამას უყურებენ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის თვალსაზრისით. საქართველოს ხელისუფლება ასე ფიქრობს და ამას ნერგავს ხალხშიც - დიდი ბიძიები ჩხუბობენ, ჩვენ პატარები ვართ და ვინმეს თვალში ცუდად რომ არ მოვხვდეთ, ჩუმად ვიყოთო. სხვათა შორის, ამ პროპაგანდით შედეგსაც იღებენ, იმიტომ, რომ ეს განწყობა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში დანერგეს. ისინი ქმნიან ერთგვარ ილუზიას, რომ დათვს თუ მოეფერები, ის შენს ლოიალურობას დააფასებს და არ შეგჭამს, სინამდვილეში კი, როდესაც დათვს ეფერები, ამას სისუსტეში გითვლის და უფრო გემრიელად შეგახრამუნებს. მოკლედ, ჩვენი ხელისუფლება კაპიტულანტურად არა მარტო თვითონ არის განწყობილი, არამედ ამგვარ განწყობებს ხალხშიც ნერგავს, რაც ყველაზე სახიფათოა. მათი ლაპარაკის ქვეტექსტი ასეთია - მთავარი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაა და თუ ამას დასჭირდება ვიყვიროთ „"გაუმარჯოს ნატოს!", ვიყვირებთ, თუ დასჭირდება იმის ძახილი, "გაუმარჯოს წითელ არმიას!", ამასაც დავიძახებთო. ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობაში ვართ.

- თუმცა ენ-დი-აის ბოლო კვლევის შედეგებს თუ გადავხედავთ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს. "ქართული ოცნება" ცნობილია იმით, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის ზოგჯერ არასწორ პოზიციასაც კი ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი მათთვის მნიშვნელოვანი არ არის?

- "ქართული ოცნება" მთელი ამ ხნის განმავლობაში კოჭს უგორებდა ულტრაკონსერვატიულ ფრთას, სწორედ იმ ფრთას, რომელსაც პრორუსულს ვუწოდებთ, უპირველესად მენტალური გაგებით. ეს ფრთა ყველაზე აქტიური და აგრესიულია, რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ გამოკითხვას და საზოგადოების განწყობებს, რა თქმა უნდა, ეს განწყობები არსებობს და საზოგადოების დიდ ნაწილს სწორედ ევროატლანტიკური ინტეგრაციის იდეა მოსწონს, მაგრამ რამდენად აქტიურია ეს ხალხი, რამდენად არის მზად ამ არჩევნისთვის იბრძოლოს? ერთია სურვილი და მეორე - მოქმედება.…

- გასულ კვირას საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც ნატოში გამართა შეხვედრები და შემდგომ დიდ ბრიტანეთში.

- მე თუ მკითხავთ, ეს ყველაფერი რიტუალური ცეკვებია. დასავლეთში კითხვის ნიშნები ჩნდება ჩვენი ხელისუფლების პოზიციებზე. ეს ვიზიტები კი ემსახურება იმას, რომ იქ კულისებს მიღმა ერთგულება უმტკიცონ, მაგრამ ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობენ. ჩვენი ხელისუფლების მიზანია როგორმე გააჯანჯლოს პროცესები მანამდე, სანამ ვითარება გაირკვევა. მათ ხომ სურთ გამარჯვებულის მხარეს იყვნენ? იქით დადიან, დასავლეთს ერთგულებას ეფიცებიან, აქეთ რუსეთს თვალს უპაჭუნებენ. ეს უპრინციპო, ვირეშმაკური თამაშები დღევანდელ სამყაროში, როდესაც ფრონტის ხაზი უკვე გავლებულია, ერთ მშვენიერ დღეს ძალიან ძვირი დაგვიჯდება.

- შიდაპოლიტიკურ პროცესებსაც მინდა შევეხოთ. ფაქტია, დღეს ხელისუფლება კომფორტულად გრძნობს თავს, ოპოზიცია კი უკიდურესად დასუსტებულია...

- დავიწყოთ იმით, რომ დღეს რაც ხდება, პოლიტიკურ პროცესს ვერ დავარქმევთ. ჩვენ ახლა ვაკვირდებით პოლიტიკური პროცესის იმიტაციას. გავაფართოებდი ამ თემას და ვიტყოდი, რომ ამ კომატოზურ მდგომარეობაში, პოლიტიკასთან ერთად, არის სამოქალაქო საზოგადოებაც. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მოახერხა მთლიანად პოლიტიკის დისკრედიტაცია, თან მოახერხა საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენის ხარჯზე კი არა, არამედ ასე: მუდმივად იმას ამტკიცებდა, მე კი ვარ ცუდი, მაგრამ დანარჩენები ჩემზე უარესები არიანო. საბოლოოდ ისე მოახერხეს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმურობა, ფაქტობრივად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როდესაც მთელი შენი ადმინისტრაციული რესურსის გათვალისწინებით მხარს გიჭერს ამომრჩევლის მხოლოდ 23%, ეს კრიტიკული ვითარებაა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, მაგრამ საქმე ის არის, რომ ოპოზიცია უფრო შავ დღეშია. ფაქტობრივად, გაჩნდა ძალიან დიდი უფსკრული ხალხსა და მთლიანად პოლიტიკურ ელიტას შორს. ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი გააჩინა სწორედ ხელისუფლების მოქმედებამ, მისი დამსახურებაა, რომ ხალხი დღეს დარჩენილია აწმყოსა და წარსულის არჩევნის პირისპირ. არადა, რეალურად ხალხს სურს მომავლის არჩევანი, რის საშუალებაც არ დაუტოვეს.

მეორე მხრივ, როდესაც ასეთი უფსკრული ჩნდება და არის მოთხოვნა მომავლის არჩევანზე, წესით, ისტორიული კანონზომიერების გათვალისწინებით, ეს არჩევანი უნდა გაჩნდეს, მაგრამ ამას სჭირდება მთელი ინფრასტრუქტურა, არა მარტო პოლიტიკური ელიტა, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაც, რომელიც ასეთი სუსტი, როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა. ახალი პოლიტიკური ელიტის გენერირება სწორედ სამოქალაქო საზოგადოებიდან უნდა მოხდეს. ძალიან ძლიერი სამოქალაქო სექტორი გვქონდა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო ავტორიტარიზმი, დიქტატურა, მაგრამ სამოქალაქო სექტორის ხმა ისმოდა, დღეს კი კონსტიტუციით გარანტირებული ინსტიტუციური ლიდერები, თუნდაც სახალხო დამცველი, ლაპარაკობენ პრობლემებზე, მაგრამ მათ არავინ უსმენს. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და ყველაფერი გააუფასურა. ქვეყანას, ფაქტობრივად, განვითარების ენერგია აღარ დაუტოვა.

- ძალზე გართულდა ვითარება "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის მართვის შესახებ აშკარად განსხვავებული შეხედულებები აქვთ მიხეილ სააკაშვილს, მის ფრთასა და ნიკა მელიას, რომელიც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არ შეიძლება იყოს პარტიის მთავარი და ერთადერთი მიზანი. არადა, "ნაციონალური მოძრაობა" მას შემდეგ, რაც პარლამენტში დაბრუნდა, ისევ მხოლოდ სააკაშვილსა და მის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ლაპარაკობს იმ დროს, როდესაც არაერთი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაწყვეტი ოპოზიციას, ვთქვათ, საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი, რომლის დადებითად გადაწყვეტა აშკარად აღარ სურს ხელისუფლებას.

- ჩვენ კი ვამბობთ, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური პროცესი მოსპო, მაგრამ ამაში დიდი წვლილი შეიტანა მიხეილ სააკაშვილმაც. მისი ჩამოსვლის დღიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, გაიყინა პოლიტიკური პროცესი და მთავარი გახდა მასთან დაკავშირებული ვითარება. არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ რთული ვითარებიდან ერთ-ერთი გამოსავალი არის ხელისუფლების საპირწონედ მულტიპარტიული კონფიგურაციის შექმნა. წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანი იყო არა ორპოლუსიანი არჩევნის შეთავაზება, არამედ ფართოდ გაშლილი მრავალპარტიული ფრონტი, რათა ჯამურ ოპოზიციას კარგი შედეგი მიეღო. აქ ერთმანეთს დაეჯახა ორი კონცეფცია: პირობითად, ერთს ვუწოდოთ მელიას, მეორეს კი სააკაშვილის კონცეფცია. მელიას კონცეფცია აწყობილი იყო სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობაზე პარტნიორულ, თანაბარუფლებიან საწყისებზე. ამ თვალსაზრისით, ყველაზე პერსპექტიული პროექტი, ჩემი აზრით, იყო სწორედ მელიას მიერ წარმოდგენილი თბილისის კოალიციური მთავრობა, რომელშიც საერთოდ არ შეიმჩნეოდა "ნაციონალური მოძრაობის" დომინირება. ეს იყო სწორი და პერსპექტიული გზა. ამით ეცლებოდა "ქართულ ოცნებას" საფუძველი იმის ძახილისთვის, მხოლოდ ჩემსა და „"ნაციონალურ მოძრაობას"“ შორის გაქვთ არჩევანიო. მიხეილ სააკაშვილის კონცეფცია კი გულისხმობდა და გულისხმობს სხვა პარტიებთან თანამშრომლობას, მაგრამ იმ დათქმით, რომ „"ნაცმოძრაობა"იყოს დომინანტური და თანაც ბელადზე ორიენტირებული. ამ კონცეფციით, რომელიც აქამდეც არაერთხელ გვინახავს, სააკაშვილმა წარსულში დაგვაბრუნა, რითაც ხელისუფლებამ კარგად ისარგებლა და დღესაც სარგებლობს. ყველა ის თემა, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო ოპოზიციური ელექტორატის კონსოლიდაციის საფუძველი, ტოტალური მოსმენები, შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა და ა.შ., დღის წესრიგიდან გაქრა და დარჩა ერთადერთი თემა - მიხეილ სააკაშვილი....

- ვთქვათ, შეიქმნა კომისია, ამის შედეგად რას ელოდებიან? კარგი, თვითონ დაწერენ დასკვნას, რომ ის წამებულია, რომელსაც პარლამენტი კენჭს უყრის და არ მიიღებს, რადგან ხელისუფლება მხარს არ დაუჭერს, და რა იქნება შემდეგ, ამ ყველაფრისგან რა პოლიტიკურ დივიდენდებს ელოდებიან?

- არც არაფერს, ორკვირიანი ლაი-ლაი იქნება, რაც ისევ მნიშვნელოვანი თემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას მოემსახურება. რა თამაშსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მიშას ფრთა თამაშობს, არის ხელისუფლების თამაში. არ ვამბობ, რომ შეგნებულად აკეთებენ ამას და გარიგებული არიან, მაგრამ ბუნებრივად გამოსდით ასე. არ ვიცი, ნიკა მელია წავა თუ არა "ნაციონალური მოძრაობიდან", შეიძლება წავიდეს კიდეც. ფაქტია, იქ სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა, შეიძლება პარტია გაიყოს კიდეც, მაგრამ ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება შეთანხმდნენ. იმედია, ესმით, რომ დღეს გაყოფა პარტიის ყველა მხარეს დააზიანებს.