"ლარი რომ არ მყარდებოდეს, ინფლაცია უფრო მაღალი იქნებოდა“ - კვირის პალიტრა

"ლარი რომ არ მყარდებოდეს, ინფლაცია უფრო მაღალი იქნებოდა“

ლარის გამყარების ფაქტორებსა და მაღალ ინფლაციაზე მისი გავლენის საკითხებზე პროფესორ ლადო პაპავას ვესაუბრეთ.

- ყველას ჰგონია, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება კარგია. თუმცა ყოველთვის ასე არ არის და აი, რატომ - ეროვნული ვალუტის გამყარება იწვევს იმპორტის გაიაფებასა და ექსპორტის გაძვირებას. მაშასადამე, ქვეყანა, რომელსაც სურს ექსპორტის გაზრდა და ამით დამატებითი ვალუტის მიღება, იმ პრობლემის წინაშე დგება, რომ ვალუტის გამყარება ხელს უშლის ექსპორტის ზრდას, შემცირებული ექსპორტი კი აისახება შემოსული ვალუტის შემცირებულ ოდენობაზე, რაც ასევე ცუდია. ამიტომ თავისთავად ეროვნული ვალუტის გამყარება სულაც არ ნიშნავს, რომ კარგი მოვლენაა. თუმცა, არის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც აქვს ძალიან დადებითი მნიშვნელობა, განსაკუთრებით, იმპორტდამოკიდებული და კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის. მთელ მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული კრიზისია და ამასთან, საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა - ქვეყნის სამომხმარებლო კალათის 80% იმპორტული საქონელია. აქედან გამომდინარე, იმპორტის გაიაფება იმედს იძლევა, რომ ეროვნულ ბაზარზე საქონელი გაიაფდება. მაგრამ, სინამდვილეში, აქაც ძალიან სერიოზული პრობლემაა - იმპორტის გაიაფება, უწინარეს ყოვლისა, ნიშნავს, რომ ის იაფდება იმპორტიორისთვის, ბაზარზე ფასებს კი მოთხოვნა-მიწოდებას შორის თანაფარდობა განაპირობებს. და თუ მოთხოვნა-მიწოდებას შორის თანაფარდობა არ შეიცვალა, პროდუქტი არ გაიაფდება და იმპორტიორები მეტ მოგებას მიიღებენ. ამიტომ ნებისმიერ ბაზარზე უნდა იყოს კონკურენცია, რაც იმის გარანტია იქნება, რომ ფასებმა დაიკლოს - ანუ ის დამატებითი მოგება, რომელსაც მიიღებენ იმპორტიორები იმპორტის გაიაფებით, უნდა შემცირდეს და გადაიზარდოს ფასების კლებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც სერიოზულად სჭირდება გათვალისწინება.

- ის ფაქტორი, რომ იმპორტიორებს პროდუქცია ნაყიდი აქვთ მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა სხვა ნიშნულზე იყო, ამასთან, მისი კურსის სტაბილურობა ძალიან მყიფეა, ხომ ახდენს გავლენას ფასებზე? თუნდაც კონკურენციის არსებობის შემთხვევაში, რამდენად შეიძლება ფასების კლების მოლოდინი გვქონდეს?

- ფასებს ერთი სპეციფიკური თვისება აქვს - მომატება უფრო ადვილია, ვიდრე კლება. ასეთი ტენდენციაა ყველგან. ამიტომ ის, რაც შემოტანილია მაღალი ფასით, დაბალ ფასად არ გაიყიდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემომტანი დაინტერესებულია გაყიდოს იმ ფასად, რომ არ იზარალოს. თუმცა აქაც ყველაფერი დამოკიდებულია კონკურენციაზე, რადგან, როცა ბაზრის კონკრეტულ სეგმენტში იქნება კონკურენცია, აქ მოქმედი ბიზნესმენები იძულებული იქნებიან ფასები დასწიონ.

ეს მოვლენა ყველაზე კარგად ნავთობპროდუქტებზე ჩანს. საკმარისია, ნავთობპროდუქტების მსოფლიო ბაზარზე ფასებმა მოიმატოს, ადგილობრივ ბაზარზე ნავთობპროდუქტებით მოვაჭრეებიც ზრდიან, იმიტომ, რომ მათ კი აქვთ ნაყიდი დაბალ ფასად, მაგრამ ხედავენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასები იმატებს და სურთ პროდუქცია ისე გაყიდონ, უკვე მსოფლიო ბაზარზე გაზრდილი ფასებით შეძლონ ახალი პარტიის ყიდვა. ამიტომ მყისიერად ზრდიან ფასებს. თუმცა, თუ საერთაშორისო ფასებმა დაიწია, ადგილობრივ ბაზარზე ფასების დაწევას არ ჩქარობენ, რადგან სურთ ის თანხა ამოიღონ, რა ფასადაც აქვთ ნავთობპროდუქტები ნაყიდი. რატომ დასწევენ ფასებს დაბლა, როდესაც მყიდველიც უკვე "დათანხმებულია", რომ ამ მაღალი ფასით იყიდოს ის პროდუქცია, რაზეც მსოფლიოში ფასი მცირდება.

ეს ტენდენცია ყველაზე კარგად ნავთობპროდუქტებში ჩანს და ამასაც აქვს ახსნა - ნავთობპროდუქტებს ყიდულობენ მსხვილი პარტიებით, ამიტომ გახარჯვა მყისიერი არ არის.

- ბოლო პერიოდში ლარის გამყარება რამ გამოიწვია?

- რამდენიმე ფაქტორმა ერთდროულად და ეს ბუნებრივიცაა, როდესაც ქვეყანა კრიზისულ მდგომარეობაშია: პირველი - მიუხედავად იმისა, რომ პანდემია დასრულებული არ არის, საქართველომაც და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამაც გახსნა ეკონომიკა და ამან გამოიწვია ეკონომიკის განსაზღვრული ზრდა. ეკონომიკის ზრდა კი მეწარმეებში ყოველთვის უწყობს ხელს ოპტიმიზმის გაჩენას. ამასთან, ჩნდება განცდა, რომ, რადგან "ომიკრონის" შტამი შედარებით სუსტია, ამან შესაძლოა გამოიწვიოს თანდათანობით იმ რეჟიმზე გადასვლა, როდესაც ის არ იქნება საშიში და გახდება ჩვეულებრივი გრიპისმაგვარი ვირუსი. არ ვიცი, ეს მოლოდინი რამდენად გამართლდება, მაგრამ ფაქტია, ეს გარკვეულწილად ქმნის ოპტიმიზმს და ეკონომიკაზეც აისახება. ამას ემატება ისიც, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი და ეს ყოველთვის ნიშნავს დამატებითი ვალუტის შემოდინებას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

არის კიდევ ერთი მომენტი, რაც ასევე გასათვალისწინებელია - კერძოდ, გაიზარდა ტურისტული აქტიურობა. მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ ასულა 2019 წლის დონეზე, მაგრამ 2020 წელთან შედარებით სერიოზული ზრდაა, რამაც ასევე განაპირობა უცხოური ვალუტის შემოდინება. გაზრდილია ფულადი გზავნილების რაოდენობაც. ყოველივე ეს ქმნის პოზიტიურ მოლოდინს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესისთვის. ამასთან, გაცხადებულია, რომ 2024 წლამდე არჩევნები აღარ იქნება - ანუ ქვეყანა გადავიდა პოლიტიკურად სტაბილურ რეჟიმზე. ეს აისახება მოსახლეობაზეც და როდესაც ხედავენ, რომ ლარი მყარდება და სურთ დოლარის ყიდვა, არ ჩქარობენ და ელოდებიან უფრო გამყარებას. თავის მხრივ, ესეც ამყარებს ჩვენს ეროვნულ ვალუტას. იმასთან დაკავშირებითY, თუ ეს მეყსეულად რატომ არ აისახება ფასებზე, უკვე მოგახსენეთ, რომ ფასების დონეს უმთავრესად მოთხოვნა-მიწოდება განაპირობებს.როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასები იზრდება, პროდუქციის იმპორტთან ერთად ხდება ინფლაციის იმპორტიც. ფაქტობრივად, ჩვენთან ინფლაციის იმპორტია. კიდევ კარგი, რომ ლარი მყარდება, თორემ ინფლაცია უფრო მაღალი იქნებოდა.

მაშასადამე, ჩვენთან ფასების დონეს აქვს ორი მდგენელი: საერთაშორისო ფასები, რადგან იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, და ჩვენი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი. როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ფასები იზრდება, ჩვენ ამას ვერაფერს ვუხერხებთ და იწყება ინფლაციის იმპორტი. თუ ამას დავუმატებთ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, მაშინ ინფლაცია უფრო მაღალი იქნება. კიდევ კარგი, რომ ლარი მყარდება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეროვნული ვალუტის გამყარება პოზიტიური შედეგის მომტანია.

- არსებობს მოსაზრება, რომ ლარი გამყარდა ხელოვნური ჩარევით და ეს დროებითია, რაც ნიშნავს, რომ მალე ისევ გაუფასურებას დაიწყებს.

- მოდი, კითხვა ასე დავსვათ: რა არის ეროვნული ბანკი, როგორც ინსტიტუცია? რას ნიშნავს ხელოვნური ან ბუნებრივი ჩარევა? ეროვნული ბანკი, როგორც ფულის ემიტენტი ცენტრალური ბანკი, როგორც ბანკთა ბანკი, სწორედაც ვალდებულია არა მარტო მონიტორინგი მოახდინოს, არამედ ჩაერიოს კიდეც სავალუტო ბაზარში, საბანკო სისტემაში. აბა, მეტი რისთვის არის? ამიტომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, ჩარევის დრო და ესა თუ ის ფორმა შეცდომა იყო თუ არა, არასწორად ჩაერია თუ პირიქით, კარგი ნაყოფი გამოიღო ჩარევამ. ეროვნული ბანკი არის კონსტიტუციური ორგანო და მისი მოვალეობაა ჩაერიოს თავის საკურატორო სფეროში. ეს ვერანაირად ვერ იქნება ხელოვნური, თუმცა შეიძლება იყოს შედეგიანი ან უშედეგო.

- აქვს ეროვნულ ბანკს იმის რესურსი, ჩარევა ისე განაგრძოს, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს თუნდაც რამდენიმე ხნით?

- ლარის გამყარების საკითხს ერთი ფაქტორიც უნდა დავამატოთ - კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად შეამცირა რეფინანსირების სესხების ოდენობა. ეროვნულ ბანკს ყოველთვის არ სჭირდება რეზერვების ხარჯვა. ამისთვის მას სხვადასხვა ინსტრუმენტი აქვს. ამიტომ ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის მუშაობა შეიძლება დადებითად ჩაითვალოს. თქვენ იცით, რომ მე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ საკმაოდ კრიტიკული ვარ და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ როდესაც ქვეყანა ინფლაციის თარგეტირების რეჟიმშია, თარგეტირებული მაჩვენებელი არის 3%-იანი წლიური ინფლაცია და ამ დროს ქვეყანაში თითქმის 14%-იანი ინფლაციაა, ეს ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი არ მუშაობს...

ახლა ისიც ვთქვათ, თუ რატომ არის ასეთი მაღალი ინფლაცია? როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა და შესაბამისად, გვაქვს ინფლაციის იმპორტი. საერთაშორისო ბაზარზე კი მაღალი ინფლაცია განაპირობა მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევამ, რაც პანდემიის გამო სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის ჩაკეტვას უკავშირდება. ამიტომ, სანამ ჯაჭვები არ აღდგება, ეს პრობლემაც ვერ მოგვარდება. აი, აქ დაუშვეს დიდი შეცდომა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა. მათ ჩათვალეს, რომ დღეს მსოფლიოში მაღალი ინფლაცია მაკროეკონომიკური პრობლემაა და დაიწყეს საკუთარი ინსტრუმენტებით მისი ლიკვიდირება - ანუ ასწიეს საპროცენტო განაკვეთები, გააძვირეს ფული და ამით სინამდვილეში შეზღუდეს მოთხოვნა, ამ გზით კი მიწოდება მაინც ვერ გაიზრდება. მიწოდება უნდა გაიზარდოს წარმოების გაწყვეტილი ჯაჭვების აღდგენის ხარჯზე. ამის შესახებ ხატოვნად გამოთქვა თავისი შეხედულება ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკაში ჯოზეფ სტიგლიცმა: "ცენტრალური ბანკების გატარებული ზომები ის წამალია, რომელიც დაავადებაზე უარესია".მივადექით კიდევ ერთ საკითხს, თუ როგორია დამოკიდებულება მაღალი ინფლაციის შემცირებისადმი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ უკვე ზაფხულისთვის აღდგება მიწოდების ჯაჭვები და ინფლაცია დაიწევს. მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები ამ შეხედულებას პრინციპულად არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ჯაჭვები ასე ადვილად არ აღდგება; და მეორე - როგორც წესი, ფორმირდება ახალი ჯაჭვები, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება. აქამდე წარმოება გადატანილი იყო იმ ქვეყნებში, სადაც წარმოების ხარჯები დაბალი იყო, მაგრამ კორონავირუსის გავრცელებამ წარმოება გააჩერა, მაშინ უნდა გადავიდეს იქ, სადაც წარმოების ხარჯები აღარ იქნება დაბალი - ანუ გამოდის, შესაძლოა წარმოების ჯაჭვები აღდგეს, მიწოდება გაიზარდოს, მაგრამ ინფლაცია მაინც არ შემცირდეს მაღალი ხარჯების გამო. მაშასადამე, წარმოების ჯაჭვების რღვევით გამოწვეული ინფლაცია შეიძლება ჩაანაცვლოს წარმოების ხარჯების ზრდით გამოწვეულმა ინფლაციამ. ეს პროცესი უფრო ხანგრძლივვადიანია და ამიტომ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები ისე ოპტიმისტურად არ არიან განწყობილი, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიგრძნობთ შვებას?

- ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი - 10,6%-იანი ეკონომიკური ზრდა მაშინ, როცა 13,9%-იანი ინფლაცია აღირიცხა - ანუ ინფლაციამ ეკონომიკური ზრდა "შეჭამა" და შესაბამისად, მოსახლეობამ ეს ზრდა ვერ იგრძნო; მეორე - მოსახლეობა შვებას იგრძნობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში გაბატონებული ტრენდი გახდება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა - ანუ რაც მეტად იქნება მოსახლეობა ზრდის ფორმირებაში ჩართული: რაც უფრო მეტი საწარმო ამუშავდება, მით მეტი ადამიანი დასაქმდება, ხოლო, რაც უფრო მეტი პროდუქცია იქნება წარმოებული, ეს გამოიწვევს ეკონომიკურ ზრდას. მხოლოდ ამ შემთხვევაში იგრძნობს მოსახლეობა ეკონომიკის ზრდის სასიკეთო შედეგებს.

რუსა მაჩაიძე