"ოცნებას“ განხეთქილების პროვოცირება სურს, მაგრამ ვერ მოახერხებს“ - კვირის პალიტრა

"ოცნებას“ განხეთქილების პროვოცირება სურს, მაგრამ ვერ მოახერხებს“

"ბოიკოტმა თავისი ზემოქმედების რესურსი უკვე ამოწურა“

შეძლებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭირო 50 დეპუტატის ხელმოწერის შეგროვებას და არის თუ არა პარტიაში დაპირისპირება, "კვირის პალიტრა" საპარლამენტო უმცირესობის წევრს რომან გოცირიძეს ესაუბრა.

- საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია, ამით დადგინდება ყველა ის დანაშაული, რომლებიც სააკაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამის გამო შეერყა ჯანმრთელობა და დღემდე სჭირდება სამედიცინო ჩარევა, თუმცა თავად უარს ამბობს.

საგამოძიებო კომისია გამოავლენს იმ უმსგავსობასაც, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გასაუქმებლად მოიმოქმედეს. ფაქტობრივად, საკონსტიტუციო გარანტიებით შექმნილი ინსტიტუტი დაშალეს იმის გამო, რომ არ ჩარეულიყვნენ გამოძიებაში. მათ ჰქონდათ მრავალი დამადასტურებელი საბუთი, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, რომელთა გასაჯაროებაზე ხელისუფლება უარს ამბობს.

- როგორ ფიქრობთ, მოახერხებთ უახლოეს მომავალში 50 დეპუტატის ხელმოწერის შეგროვებას?

- კონსტიტუციით საჭირო 50 ხმა ოპოზიციას აქვს, მაგრამ ერთი დეპუტატიც თუ დაგვაკლდება, კომისიის შექმნა გაჭირდება. სწორედ ამიტომაა ახლა ფაციფუცი - ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილებას ართმევენ.

საკითხი ახლა ასე დგას - ჩვენ მოვასწრებთ კომისიის შექმნას თუ "ქართული ოცნება" მოასწრებს ბადრი ჯაფარიძის დათხოვნას პარლამენტიდან. ვფიქრობ, სასესიო კვირაში 100%-ით შეუჩერებენ ბადრი ჯაფარიძეს მანდატს. ის, რომ პარლამენტში არ უშვებენ შალვა ნათელაშვილს, ესეც კომისიასთან არის დაკავშირებული. დიდი ალბათობით, უფლებამოსილება მასაც შეუწყდება. თუმცა კომისია თუ ჩავარდება, სხვა მეთოდებით გავაგრძელებთ მუშაობას.

- ანუ ფიქრობთ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ ბოიკოტი შეწყვიტეთ?

- ბოიკოტმა თავისი ზემოქმედების რესურსი უკვე ამოწურა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავუბრუნდეთ სრულფასოვან მუშაობას - შევთავაზებთ კანონპროექტებს. თუ ჩააგდებენ, საზოგადოებას მაინც ეცოდინება, ვინ რისი მაქნისია. ამით ჩვენ მომზადებული შევხვდებით მომავალ კოალიციურ მთავრობას. რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ყველა პოლიტიკურ ტრიბუნას.

ბოიკოტის შეწყვეტა არ ნიშნავს სამშაბათობით სესიაზე მხოლოდ განცხადებების გაკეთებას. პარლამენტი არის ის ინსტიტუტი, რომლის წყალობითაც უფრო ღრმავდება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, ეს კი საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის.

- ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ იყო თუ არა პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა?

- თითქმის ერთი თვე მიდიოდა დისკუსია და ამას საჯარო ხასიათიც ჰქონდა. ისე კი არა, "ქართულ ოცნებაში" განსხვავებული აზრის გამოთქმას რომ ვერ ბედავენ. მე ყოველთვის ვიყავი საპარლამენტო მუშაობის მომხრე, ვინაიდან საქართველოში არც ერთი მოვლენა პარლამენტის ბიძგის გარეშე არ დაწყებულა.

- ამჟამად რა ხდება პარტიაში, გრძელდება თუ არა დაპირისპირება?

- ჩვენ არაფერს ვმალავთ, ზოგი თავის აზრს საჯაროდ გამოთქვამს, ზოგი დუმს, მაგრამ უმრავლესობის გადაწყვეტილებას ყველა ემორჩილება. ახლა გადაწყვეტილება მივიღეთ - კომისია რომც ჩავარდეს, პარლამენტში გავაგრძელებთ მუშაობას და გამოვიყენებთ ტრიბუნას მომავალ არჩევნებში გამარჯვებისათვის. გვაქვს ძალიან დიდი მისია - კონსტიტუციის შეცვლა. თუ კონსტიტუციაში "ოცნებამ" ცვლილებები არ შეიტანა, გამოდის, დარჩება 5%-იანი ბარიერი და მომავალ არჩევნებში მას მხოლოდ 2 პარტია გადალახავს. ცოტა მეტს აიღებს სახელისუფლებო პარტია, ნაკლებს - "ნაციონალური მოძრაობა", "ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში, ჩვენ ერთადერთ ოპოზიციურ ძალად, ქვეყანა კი დარჩება იმ წუმპეში და ჭაობში, სადაც ჩააგდო ხელისუფლებამ.

პარტიაში არავითარი დაპირისპირება არ არის. ხელისუფლება სხვადასხვა მაქინაციით დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერებით გვებრძვის. სუს-ი მიტინგებზე ადამიანებს უსმენს. აგერ სასამართლოს ეზოში ნიკა მელიას საუბარი ჩაიწერა. არადა, ჩვეულებრივი დისკუსია მიდიოდა. არ იყო ეს ვიღაცასთან კულუარული საუბარი. განხეთქილების პროვოცირება სურთ, მაგრამ ვერ მოახერხებენ. არც ერთი სერიოზული ადამიანი ამას არ წამოეგება.

- თუმცა ის, რომ ნიკა მელია უკმაყოფილოა სააკაშვილის განცხადებებით, ამაზე ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა.

- საბჭოში 105 კაცია და ვინმეს მელიას გადაწყვეტილებები რომ არ მოსწონებოდა, აქედან ერთი მაინც იტყოდა რამეს, თავი რომ დავანებოთ სამდივნოს წევრებსა და ლიდერებს. პარტიაში მიდის განახლების პროცესი, მოდის ახალი თაობა. ძველი გვარდია, ახალგაზრდებს ვუთმობთ ადგილს. სამდივნოში მოსული ახალგაზრდები ნელ-ნელა ჩვენთან ერთად ისწავლიან პოლიტიკურ ცხოვრებას.

- მელია სად მოიაზრება, ახალ თუ ძველ გვარდიაში?

- განახლების ინიციატორი ნიკა მელიაა და თუ როგორ მიდის საქმიანობა, ყველა ხედავს. თუმცა ეს არ ნიშნავს მხოლოდ საპარლამენტო აქტიურობას, თუ საჭირო იქნება, ქუჩაშიც ვიაქტიურებთ.

ძალიან სამწუხაროა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არა ჰყავს ახალგაზრდა ამომრჩეველი. იმ სეგმენტში, რომელიც მოიცავს 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს, დაახლოებით 350 ათასი ამომრჩეველია. აქედან მხოლოდ 4% აძლევს "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას. როცა 30%-იანი მხარდაჭერა გვაქვს და ამ სეგმენტში არის მხოლოდ 4%, ეს ბევრ რამეს ნიშნავს. ამიტომ ახალგაზრდებთან მუშაობა და არჩევნების შედეგების ანალიზი გვაძლევს რწმენას, რომ ცვლილებებია საჭირო.

- თავად სააკაშვილი რას ფიქრობს ამაზე?

- რა თქმა უნდა, იმავე აზრზეა, მაგრამ საპროტესტო მუხტი და საპარლამენტო აქტიურობა მიმართული იქნება მიხეილ სააკაშვილის უსამართლო პატიმრობიდან დახსნისთვის და ამაში დიდი როლი უნდა ითამაშონ უცხოეთის სახელმწიფოებმა, უპირველესად კი, უკრაინამ.

- ანუ მელია არ აპირებს პარტიის და თავმჯდომარის პოსტის დატოვებას?

- ეს ხელისუფლების მოგონილია, რასაც ტირაჟირებას უკეთებენ სახელისუფლებო მედიები და ტროლები.