"მნიშვნელობა არა აქვს, რას იტყვის გაკოტრებული ოპოზიცია“
"გიორგი ვაშაძე ბოლოს გამოსწორდა, მაგრამ მოეშვას პოპულისტობას“
"2024 წლამდე ძალიან დიდი პერიოდია და მაინცდამაინც დღეს და ხვალ გინდათ? - არა, როცა ჩავთვლით საჭიროდ ამაზე მსჯელობას, ბარიერს ავწევთ, დავწევთ თუ იმავეს დავტოვებთ, ამას თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც", - ამბობს "ქართული ოცნების"“ წევრი, პარლამენტარი ირაკლი ზარქუა. ცნობისათვის, "ქართული ოცნების" ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა მმართველი გუნდის ეს განაცხადი "მორიგ თაღლითობად" შეაფასეს და განაცხადეს, რომ "ოცნება" ვადამდელი არჩევნების შიშით კიდევ ერთხელ ცდილობს როგორც ქართველი საზოგადოების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებას. თუ როგორია მმართველი გუნდის პასუხი ოპოზიციონერი ლიდერების ბრალდებაზე, რას ფიქრობენ ოპოზიციაში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ამის შესახებ ირაკლი ზარქუასთან ინტერვიუში შეიტყობთ:
- არანაირი მნიშვნელობა და ღირებულება არა აქვს, რას იტყვის გაკოტრებული ოპოზიცია. ამიტომაც დაიშალნენ მარტივ მამრავლებად. ოპოზიცია, განსაკუთრებით რადიკალები, მუდმივად ირწმუნებიან, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ, ხალხი მათ უჭერს მხარს და ამასობაში უკვე რვაჯერ წააგეს არჩევნები. ხარვეზები და შეცდომები ყველგან არის, თუმცა ამერიკა, ევროპა, საქართველოში ერი და ბერი, ყველა თანხმდება, რომ ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები, სადაც თავისუფალი არჩევნის გაკეთება იყო შესაძლებელი. ამას ამბობდა ეუთო/ოდირის დასკვნაც. დაკომპლექსებული ოპოზიცია იქამდე მივიდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმი დაარქვა. მაინც წააგეს! მათ კომპლექსებს ხომ ვერ გადავაყოლებთ ქვეყანას?! თავადაც მიხვდნენ, უფრო სწორად, ნიკა მელია მიხვდა, რომ მათი დღის წესრიგი და "მიშა, მიშას" ძახილი წამგებიანია. ვიღაცები უფრო ადრე მიხვდნენ და გაემიჯნენ. გიგი უგულავამ სააკაშვილს თავის დროზე ჯართი უწოდა, ახლა კი მისი გაშლილი ქოლგის ქვეშ მოუნდა ოპოზიციის მოგროვება. შეიძლება შეცდომები მოგვდის, მაგრამ 50 მილიონის მომპარავი უგულავასგან მორალზე ლაპარაკს ვერ მოვითმენთ, ვერც სააკაშვილის რჩევა-დარიგებებს გავითვალისწინებთ დემოკრატიის განვითარებაზე.
- ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობის შედეგი - საპენსიო პროცენტის ზედა ზღვრის 26%-მდე დაწევა. შეგიძლიათ თქვათ, რომ ოპოზიციასთან სხვა საკითხებზეც გააგრძელებთ თანამშრომლობას?
- პირადად მე იმთავითვე ვთქვი, იქნებ დავწიოთ პენსიონერების საპენსიო განაკვეთი-მეთქი. პენსიონერს ბანკი სესხს ან არ აძლევს, ან ძალიან მაღალ პროცენტში, მაგალითად, 40%-დან 50%-მდე. ეს საბაზრო ეკონომიკის სრულიად ადეკვატურია, მაგრამ ჩვენი რეალობისა და პენსიონერების ღვაწლის გათვალისწინებით მინდოდა მათთვის უკეთესი პირობები შეგვეთავაზებინა. დავიწყეთ მუშაობა და მალევე შემოგვიერთდნენ ელისაშვილი და იოსელიანი. ამის შემდეგ პრემიერს სამთავრობო კომისიის შექმნა ვთხოვე. მან მყისიერად მოახდინა რეაგირება, შეიქმნა კომისია, რომელსაც ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. შედეგი არის ის, რომ რეფინანსირების განაკვეთს მივაბით საპროცენტო განაკვეთი. ეს ნიშნავს, რომ რეფინანსირების განაკვეთის დაწევისთანავე დაიწევს საპროცენტო განაკვეთიც, რომლის ზედა ზღვარიც ახლა 26%-შია განსაზღვრული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თანხის ბანკში შეტანა-გამოტანა უფასო იქნება პენსიონერებისთვის. ამასთან, შესაძლებლობა ეძლევათ სხვა, სასურველ ბანკში აიღონ პენსია. ამისთვის მხოლოდ განცხადებაა დასაწერი.
- ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ მათ აქვთ საინტერესო პროგრამები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. მზად ხართ მათთან სათანამშრომლოდ?
- რა თქმა უნდა, თუ ეს იქნება კონსტრუქციული, ადეკვატური, სამართლიანი. ჩვენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობის შედეგი უკვე დავდეთ, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა იოსელიანს, ელისაშვილსა და ინჯიას.
- გიორგი ვაშაძემ რა დაგიშავათ?
- გიორგი ვაშაძე ბოლოს გამოსწორდა, გაიგო, რომ შედეგზე გავდიოდით და მოვიდა. კი ბატონო, მადლობა გიორგისაც, მაგრამ მოეშვას პოპულისტობას.
- სააკაშვილის საქმის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ თქვენს გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.
- არანაირი სურვილი არა მაქვს, რომ ამ ხელოვნურ გამოძიებაში მივიღო მონაწილეობა. ნახეთ, რა პრეტენზია აქვთ "ნაციონალებს", სააკაშვილს ციხეში გადასვლა არ უნდოდა და ძალით გადაიყვანესო. ნეტავ რომელ პატიმარს უნდა ციხეში გადასვლა და რომელი მიდის საკანში ცეკვა-ცეკვით?! აბა, მისი პრეზიდენტობის დროს გაებედა ვინმეს მსგავსი ურჩობა, ხელკეტებით გაუპობდნენ თავს. სინამდვილეში, "ნაციონალებს" ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვის უნდათ, რომ პარლამენტში შესვლა გაამართლონ, ბელადის დაკვეთაც შეასრულონ და მისი სახელი დავიწყებას არ მიეცეს. პარლამენტში შესვლა რატომ უნდათ? იმიტომ, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, ხალხი ქუჩაში ვერ გამოიყვანეს. პარლამენტში უმრავლესობიდან 84 დეპუტატი ვართ, დანარჩენი 60-ზე მეტი ოპოზიციონერია. თუ ასე უნდათ, დაარწმუნონ თავიანთი კოლეგები და შექმნან საგამოძიებო კომისია. ამისთვის ხომ მხოლოდ 50 ხმა სჭირდებათ?! თუ ამასაც ვერ ახერხებენ, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის თემა არ არის საინტერესო ქართველი საზოგადოებისთვის.
- თქვენ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს მოგვიწოდეთ, დავინტერესებულიყავით სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონებით. ამის პარალელურად გავრცელდა გიული ალასანიას სახელზე გადაფორმებული მიწის ნაკვეთების სია, ასევე კიევის ცენტრსა და ამერიკაში, ოკეანის სანაპიროზე ნაყიდი აპარტამენტების ფოტოები. ჩნდება ლოგიკური კითხვა, მაშინ როდესაც გამოძიებამ სააკაშვილს დიპლომატიური შეხვედრებისას გაწეული ხარჯიც კი დაუთვალა, ამ ქონების წარმომავლობით რატომ არ დაინტერესდა?
- 138 მილიონი ლარის ქონებაა ქალბატონ გიული ალასანიაზე გაფორმებული. რომელი მეფე ან სახანოს ფაშა მყავდა სააკაშვილი, რომ ასეულობით მილიონი ლარის ქონება მემკვიდრეობით დარჩენოდა. არ გვინდა ისე მოხდეს, როგორც "ნაციონალების" დროს ხდებოდა - დაიჭერდნენ ადამიანს და მერე თხზავდნენ ბრალს. ცოტა ხანში მოვითხოვ საგამოძიებო კომისიის შექმნას "ნაციონალების" დროს ხალხისთვის ჩამორთმეული ქონებისა და მისი ერთმანეთისთვის გადაფორმების საქმეზე.
ხათუნა ბახტურიძე