"აქ ყველა ბავშვში პატარა საქართველოს ვხედავ“
შორეულ პენსილვანიაში ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე საბასა (ინწკირველი) და ემიგრანტი ენთუზიასტი ქართველების ძალისხმევით უკვე არსებობს ქართული კულტურის ცენტრი, რომლის იდეაა ემიგრაციაში მცხოვრები ახალი თაობის სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება.
- 2009 წლამდე, სანამ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია დაარსდებოდა, ამერიკაში, რამდენიმე კულტურის ცენტრი იყო, ნიუ-იორკსა და სხვა დიდ ქალაქებში ამერიკელებისთვის ქართული სიმღერის შემსწავლელი ჯგუფი არსებობდა. ამას მოჰყვა ეპარქიასა და სამრევლოებთან არსებული საკვირაო სკოლების გახსნაც. დავიწყეთ ფიქრი ეკლესიასთან არსებული კულტურის ცენტრებზეც. პენსილვანიაში ჩვენი კულტურის ცენტრი წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელს ატარებს. 3 წლის წინ ოფიციალურად დავარეგისტრირეთ, მაგრამ მანამდე, წლების განმავლობაში, ფუნქციონირებდა ცეკვისა და სიმღერის შემსწავლელი წრეები და ქართული ენის შემსწავლელი სკოლა. აქ დაბადებულ-გაზრდილმა ბავშვებმა ჩვენთან ისწავლეს ქართული. ახლა თავისუფლად კითხულობენ, წერენ და საუბრობენ კიდეც, რაც ამ რეალობაში დიდ მიღწევად მიმაჩნია. გვყავდნენ ისეთებიც, ვინც საქართველოში დაიბადნენ და იცხოვრეს, შემდეგ კი მშობლებმა წამოიყვანეს, მაგრამ არ სურდათ მშობლიური ენის, ფესვების დავიწყება.
აქ პროფესიონალური ანსამბლი არა გვაქვს, ცეკვა ან სიმღერა ამ ბავშვების პროფესია ვერ გახდება, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, სამშობლოსთან, ქართულ ენასთან, ფოლკლორთან დამაკავშირებელი ემოციური ძაფი არ გაწყდეს. თავიდან რომ ვუყურებდი, როგორ უემოციოდ უსმენდნენ პატარა ქართველები ქართულ სიმღერას, გალობას, გული მტკიოდა, მაგრამ თანდათან შევძელით ცეცხლის დანთება, რაც მარწმუნებს, რომ ამ თაობას სამშობლო არ დაავიწყდება.
- საკვირაო სკოლაში სიარულის მსურველი ბევრია?
- ქართველი ემიგრანტების მატების კვალდაკვალ, ბავშვების რიცხვიც იზრდება. უკვე 100-ზე მეტი ბავშვია, საკმარისი ოთახებიც არა გვაქვს, რომ ისინი გადავანაწილოთ, არადა, არ გვინდა რომელიმე ბავშვს შესაბამისი გარემო არ დახვდეს და მოსვლა გადაიფიქროს. აქ ყველა ბავშვში პატარა საქართველოს ვხედავ, რომელსაც თუ მშობლიური ენა, მისი ქვეყნის ისტორია და კულტურა ეცოდინება, ერთხელ მაინც აუცილებლად მოუნდება სამშობლოში დაბრუნება. იქნებ ღმერთმა ინებოს და საკუთარ ფესვებს დაუბრუნდნენ. ხშირად ბავშვებს ჩემს სამდივნო ოთახსაც ვუთმობ გაკვეთილების ჩასატარებლად. ფილადელფიაში ეკლესიას თავისი ტერიტორია აქვს, მომავალში კულტურის ცენტრისთვის ახალი შენობის აგებას ვგეგმავთ, მაგრამ ამას დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება, რომლის მოძიებაც ადვილი საქმე არ არის. კარგი იქნება, სახელმწიფო უფრო მეტად ზრუნავდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულ მომავალ თაობაზე, მათ განათლებაზე. კულტურის ცენტრები იქნება თუ სხვა სახის დაწესებულებები, იქ, სადაც ქართველი მოზარდები არიან თავმოყრილი, სადაც სამშობლოს ისტორიას სწავლობენ ოდესმე უკან დაბრუნების იმედით, კარგი იქნება, სტაბილური თანხით ეხმარებოდნენ. ვფიქრობ, ეს რამდენიმე ადამიანის კი არა, სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს. ასეთი სახის კულტურის ცენტრებს თანადგომა სჭირდება. ქართული გალობის შენარჩუნება ჩვენი იდენტობის შენარჩუნებასაც ნიშნავს.
ჩვენი კულტურის ცენტრი ყველა სახის ღონისძიებაში მონაწილეობს, იქნება შობა-ახალი წელი თუ დამოუკიდებლობის დღე. ამას წინათ დავითობა აღვნიშნეთ. ზოგი გვაკრიტიკებს, წმინდა დავით მეფის ხსენების დღე 8 თებერვალს არის, თქვენ კი 5-ში აღნიშნეთო, იმიტომ, რომ შუა სამუშაო კვირაში ამერიკაში დღესასწაულის აღნიშვნა ძალიან რთულია. აქ წელიწადში სულ რამდენიმე დღე გვაქვს დასვენებისთვის. ამიტომ ვცდილობთ ჩვენს ქართველებს ხელი შევუწყოთ და ღონისძიებას შაბათ-კვირას ვამთხვევთ, რათა ნახვის შესაძლებლობა უფრო მეტს ჰქონდეს. დამოუკიდებლობის დღესაც კი დასვენების დღეებში აღვნიშნავთ. ქართული კულტურის ცენტრი ყოველ წელს ატარებს საშობაო კონცერტს. ეს არის ერთგვარი შეჯამება, თუ რა გაგვიკეთებია წლის განმავლობაში.
ემიგრანტის ცხოვრება ძალიან რთულია. მას ყოველი წუთი გათვლილი აქვს. ასე შევაფასებდი ჩვენი ემიგრანტების პატრიოტიზმს - სამშობლოს სიყვარულის იმით გამოხატავს, რომ შვილს ქართულ ენას, ცეკვასა და სიმღერას უნარჩუნებს. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებულ სამრევლოს ასეთი თავდადებული ემიგრანტები ასულდგმულებენ. იმედია, ისტორია დააფასებს მათ თავდადებას, ვინც უცხო მიწაზე ლუკმაპურის საშოვნელად არის წამოსული, მაგრამ ყველაზე ძვირფასი - უფალი და სამშობლო არ ავიწყდებათ. მეუფე საბას დახმარებით "კვირის პალიტრა" პენსილვანიის ქართული კულტურის ცენტრის მასწავლებლებსაც ესაუბრა.
თეა ქუთათელაძე: - 25 წლიდან ემიგრაციაში ვარ, ამერიკის სხვადასხვა შტატში ვცხოვრობდი, შემდეგ პენსილვანიაში გადმოვედი, სადაც მეუფე საბა გავიცანი და წლებია ამ საქმეს ერთად ვემსახურებით. ამ საკვირაო ცენტრში ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიასა და რელიგიას. მათ, ვისაც საერთოდ არ ესმით ქართული, ვცდილობ ინგლისურ-ქართულად ავუხსნა გაკვეთილი. წინასწარ ვამზადებ თემებს მეფეებზე, ისტორიულ ფაქტებზე, მნიშვნელოვან მოვლენებზე... აქ კლასს ასაკის მიხედვით კი არა, ქართული ენის ცოდნის მიხედვით ვქმნით. საკვირაო სკოლას თავისი პროგრამა და გეგმა აქვს, ძირითადად, ქართული ენის შესწავლა და შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილები. პროგრამა ისე უნდა გვქონდეს აწყობილი, რომ ჩვენ მიერ დამუშავებული თემა ამერიკაში დაბადებულმა მოზარდმაც გაიგოს. ჩვენს ისტორიაზე ყველაზე მეტი კითხვა აქვთ. ერთი ჩვენი მოსწავლე დედით რუსია. როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ის ყოველთვის დაბნეული ამბობს, დედაჩემი რუსიაო. საქართველოში მცხოვრები ბავშვისთვის ეს რთული გასაგები არ არის, მაგრამ ამერიკაში, სადაც ბავშვმა სამშობლოზე მხოლოდ გადმოცემით იცის, ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო - ინფორმაცია სწორად უნდა მივაწოდოთ, რომ არ დაფრთხეს, არ ჩაიკეტოს.
ნინო ბუკია, დაწყებითი კლასების მასწავლებელი: - ჩვენს საკვირაო ცენტრში 5 წლის ბავშვებიც მოდიან. გვყავს ისეთებიც, ვინც მშობლების ძალისხმევით ასოების წერა იციან, თუმცა ასეთი ბევრი არაა... განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გამოგვიგზავნეს ლიტერატურა, მაგრამ ვერ მოერგნენ ბავშვები და ისევ თავად მოგვიწია შედგენამ. თუმცა წიგნებს ვიყენებთ და მადლობელი ვართ ამისთვის. 20 წელია ემიგრაციაში ვარ, ის, რაც ახლა მეუფე საბას ძალისხმევით ქართული კულტურის ცენტრში კეთდება, ადრე წარმოუდგენელი იყო.
აქაური ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ის, რომ ემიგრანტები როგორღაც ახერხებენ შვილებს ქართული ენა, ცეკვა და სიმღერა ასწავლონ, მართლაც გმირობაა. მათ კარგად ესმით, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ამ განათლებას სხვაგან ვერ გამოიყენებენ, ამიტომ ზოგიერთ მშობელს ურჩევნია შვილი სპორტის რომელიმე სახეობაზე ატარო, რადგან ასეთ შემთხვევაში სკოლაში მაღალი ქულები ეწერებათ, რაც შემდეგ კოლეჯში ჩაბარებისას გამოადგებათ. მაინც დროს პოულობენ და შვილები ქართული კულტურის ცენტრში მოჰყავთ.
მაია შიოშვილი, სიმღერის მასწავლებელი: - სიმღერის გაკვეთილებსა და ანსამბლს ჩემს მეუღლესთან, დათო ჭკუასელთან ერთად ვუძღვები. ფოლკლორის შესწავლით დავიწყეთ, მაგრამ ბავშვების ინტერესიდან გამომდინარე, უკვე თანამედროვე საესტრადო ინგლისურენოვან სიმღერებსაც ვასწავლით. რამდენიმე ხნის შემდგომ ქართულ საგალობლებზეც დავიწყებთ მუშაობას. მეუფის სურვილია, ბავშვებმა ტაძარში იგალობონ და იმედია, ამას შევძლებთ. ჩვენს საკვირაო ცენტრში სულ შვიდი მასწავლებელი ვართ, ყველანი ენთუზიაზმით ვმუშაობთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეროვნულ საქმეს ვაკეთებთ. თუ გაფართოება მოვახერხეთ, გვინდა დავიმატოთ მუსიკოსი, რომელიც ტრადიციულ საკრავებზე დაუკრავს. შარშან საქართველოს საელჩომ ამერიკაში გააკეთა პროექტი ემიგრაციაში მყოფი კულტურის სფეროში დასაქმებული პირებისთვის, თუმცა ჩვენ ვერ მოვხვდით საგრანტო სიაში. იქნებ წელს მაინც გაგვიმართლოს.