"როცა მიხვდა, ბავშვი ცოცხალი აღარ იყო, მისმა კივილმა ვერტმფრენი შეაზანზარა"
წლების წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მომეცემოდა შესაძლებლობა, მესაუბრა მარი (ნანა) მახარაძესთან, რომლის ფოტოც 9 აპრილისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. ამდენი ხნის შემდეგაც გვახსოვს გოგონა საქართველოს დროშით ხელში, სამშობლოს სიყვარულთან რომ ასოცირდებოდა და პატრიოტულ ჟინს მატებდა ყველას. მარი მახარაძე ამჟამად ოსკანის რეგიონში, ქალაქ არეცოში მეუღლესთან, მარკო სბრაჯისთან ერთად ცხოვრობს.
- ულამაზესი და უძველესია არეცო, ეტრუსკების დაარსებული ქალაქი. აქ ყოველ ნაბიჯზე გხვდებათ უძველესი ეკლესია-მონასტრები. ეს არის ქალაქი, სადაც დაიბადა სანოტო სისტემის შემქმნელი გუიდო მონაკო; სადაც გადაღებულია ოსკაროსანი ფილმი "ცხოვრება მშვენიერია"; სადაც წელიწადში ორჯერ იმართება იტალიაში ცნობილი საცხენოსნო კოსტიუმირებული ტურნირი. არეცოელებს განსაკუთრებულ იტალიელებად მოიხსენიებენ. ისინი პატივს სცემენ ტრადიციებს. 70-იანი წლებიდან მოყოლებული, არეცო ყოველი თვის პირველ შაბათ-კვირას მთელი იტალიიდან ელოდება ანტიკვარიატის გამყიდველებს. ქალაქი თეატრალურ წარმოდგენას ემსგავსება. ამ დროს არა მხოლოდ საოცარი ნივთების, ნახატებისა თუ ხელოვნების ნიმუშების ნახვა, შეძენა და დათვალიერება შეგვიძლია, არამედ ადამიანებთან ურთიერთობისა და იტალიური მომსახურების, ვაჭრობის კულტურის მასტერკლასის ნახვის შესაძლებლობაც გვეძლევა. ამ ქალაქში სულ ხუთი წელია, დავსახლდი, როცა მარკოსთან ოჯახი შევქმენი, იტალიაში კი 2011 წელს ჩამოვედი. რატომღაც ფიქრობდნენ, რომ 9 აპრილის შემდეგ მალევე დავტოვე საქართველო, სინამდვილეში კი 10 წელია, რაც ემიგრანტი მქვია. მყავდა მეუღლე და ქალიშვილი. ვცხოვრობდი ისე, როგორც ჩემი ქვეყანა ცხოვრობდა. ბევრს ეგონა, რომ ფოტოზე ასახული გოგონა გარდაცვლილი იყო. ერთ-ერთ 9 აპრილს სოციალურ ქსელში მსგავს კომენტარზე ჩემმა შვილმა პასუხად მიაწერა, გოგონა ცოცხალია და დედაჩემიაო. ფოტო იური მეჩითოვმა გადაიღო და ის ნამდვილად დარჩა, როგორც თავისუფლების ფოტოსიმბოლო. მაშინ უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მესამეკურსელი ვიყავი, 19 წლის. ამ ასაკში შეიძლება გააზრებული არ გაქვს, როგორ გიყვარს საკუთარი ქვეყანა ან რისი გაკეთება შეგიძლია მისთვის, მაგრამ სამშობლოს გულშემატკივარი ხარ და ეს განცდა შენშია. დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც უკვე ბევრ რამეს სხვანაირად ვაფასებ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დალოცვილი ქვეყანა გვაქვს, სადაც ყოველდღე იბადება თითო გმირი, გამორჩეულები და განსაკუთრებულები ვართ. შეიძლება ამას ყოველდღიურობაში ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ასეა...
- დღეს ხშირად ვკამათობთ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა თუ შესაძლებელია მისი სწავლება. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- ჩაქვში დავიბადე და გავიზარდე. დედ-მამა კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლები იყვნენ. მათ ერთმანეთი სოხუმში გაიცნეს, სუბტროპიკულ ინსტიტუტში სწავლისას. 1992 წელს კი სოხუმი დავტოვეთ... ერთ დღეს ჩემი სახლის კარზე დააკაკუნეს. კარს იქით ჩემხელა რუსი გოგონა იდგა, ხელში თოთო ბავშვით, წამალს და პურს ითხოვდა... სახლში შემოვიპატიჟეთ და თვალებგაფართოებული ვუსმენდით: ვერტმფრენით ჩამოვფრინდით, ჩემი მეუღლე სვანია, დაჭრილი იყო და რესპუბლიკურში გადაიყვანეს, მე კახეთში ვაპირებ მის ნათესავებთან თავის შეფარებასო. შეშინებული და ნატანჯი ჰყვებოდა დედაზე, რომელიც თურმე სამჯერ იდგა დასახვრეტად იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც არ უნდოდათ ჩვენი ჯარისკაცების ადგილსამყოფელის გაცემა... 1,2,3 - გადაითვლიდნენ და ცხრილავდნენ ხალხს. სამჯერ გაუმართლა დედას, მაგრამ არ გაუმართლა ვერტმფრენში ჩემ გვერდით მჯდომ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ერთი ხელი უფროსი შვილისთვის ჩაეკიდა, მეორით კი ჩვილი მკერდზე მიეკრა და როცა მიხვდა, ბავშვი ცოცხალი აღარ იყო, მისმა კივილმა ვერტმფრენი შეაზანზარა. საშინელ ამბებს ჰყვებოდა. ერთი თვე ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა, პურს ვინაწილებდით, სანამ კიდევ ერთხელ არ გაისმა კაკუნი ჩემს კარზე. წარმოგიდგენიათ მუხლზე დამდგარი ორმეტრიანი სვანი ჯარისკაცი, რომელიც მადლობას იხდის ოჯახის გადარჩენისთვის? ასეთი ამაყი მას შემდეგ დიდხანს აღარ ვყოფილვარ. დღეს ისინი არიან ჩემი სოხუმი, ფერფლიდან აღმდგრები, უკვე სამი შვილის მშობლები... ჩვენში პატრიოტიზმი, სამწუხაროდ, ძალიან ტკივილიანია, ტრაგიზმით სავსე. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოვლა, ჩვენი მიწა-წყლის სიყვარული, უნდა გვახსოვდეს, ვისი გორისანი ვართ და დავაფასოთ ჩვენი წინაპრების ღვაწლი.
- ოჯახის შესახებ მითხარით.
- იტალიაში ჩემს მეუღლესთან ერთად წამოვედი, ვისთანაც 20 წელი ვიცხოვრე. საოცარი ადამიანი იყო, კარგი თბილისელი, ვერელი ბიჭი. ის იტალიაში მხოლოდ წელიწად-ნახევარი დარჩა, რადგან ძნელი იყო მამაკაცისთვის სამსახურის შოვნა, ამიტომაც საქართველოში დაბრუნდა და, სამწუხაროდ, რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ერთადერთი შვილი მყავს, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ ვთხოვე ჩემთან ჩამოსვლა, მაგრამ მას საქართველოს გარდა არსად ცხოვრება არ უნდა. კარგი გოგონაა, იცის რამდენიმე უცხო ენა, ცხოვრობს დამოუკიდებლად და უყვარს თავისი ქვეყანა. ერთხელ 2008 წლის ომში დაღუპული გმირების მემორიალთან აცრემლებული ჯარისკაცის ფოტო გამომიგზავნა და მომწერა, იცი, თუ საჭირო იქნება, ომში მეც წავალო. მე მისთვის არ მისწავლებია ქვეყნისთვის თავგანწირვა, მაგრამ ალბათ, ასეთი უცნაური რამ არის სამშობლოს სიყვარული... იტალიაში ყველაზე ამაყად მაშინ ვგრძნობ თავს, როდესაც ვამბობ: - "მე ქართველი ვარ" და ჩემს ქვეყანაზე საუბრის საშუალება მეძლევა.
მარკომ იცის 9 აპრილისა და ამ ფოტოს ისტორია. ამაყობს, საქართველოს თავისუფლების სიმბოლოზე ვიქორწინეო. მხოლოდ ერთხელ იყო საქართველოში და აპირებს, საცხოვრებლად ჩამოვიდეთ. მარკოს რომ ვეკითხები, რა არის შენთვის სამშობლო-მეთქი, სამშობლო ოდითგანვე გვაქვს, დღეს კი ჩვენ ქვეყანას ვაშენებთო. საქართველოდან კი არა და არ მთავრდება ემიგრაციის პროცესი. ვერავინ დაინახა ჩვენი შრომა ჩვენი ოჯახების გარდა, მაგრამ ყოველთვის მიხარია, როცა აქედან ვცდილობთ, ვინმეს ყოფა შევუმსუბუქოთ. თუ რამ კარგი გამიკეთებია, ყველაფერზე მეტად ის მიხარია, რომ ლელა ვეფხვაძეს, რომელიც 27 წელი ქირით ცხოვრობდა, კეთილი ადამიანების წყალობით დღეს თავისი ბინა აქვს. სოციალურ ქსელში წამოვიწყეთ აქცია "ჭერი ლელასთვის". პრობლემის გადაწყვეტა ითავეს მაკა სახურიამ, გელა იზორიამ და ლევან მაღლაკელიძემ, კამპანია კი ფონდმა "ქართუმ" ვარკეთილში ოთხოთახიანი ბინის შეძენით დაასრულა.უსიყვარულობა, რომლის დეფიციტზე ვწუხვართ, მარტო ჩვენი სატკივარი არ არის, მთელი მსოფლიოს გაჭირვებაა. შეიძლება ჩვენთან უფრო ჩანს, რადგან ადრე უფრო გვიყვარდა ერთმანეთი. ალბათ, აქ ადამიანები მოუცლელები არიან, ცხოვრების სხვა რიტმი და სიტუაციაა და ერთმანეთისთვის დრო არ რჩებათ, საქართველოში კი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ლუკმაპურისთვის ზრუნავს. სამწუხაროდ, სიდუხჭირეში სიყვარულს ვერ მოვთხოვთ ადამიანებს.
ყველაზე მეტად ხელგამოწვდილი ქართველი კაცი მიკლავს გულს. ამ დროს მათ შელახულ ღირსებას ვხედავ, რაც ყველაზე დამთრგუნველია. ცივ ქვაზე ბეღურებივით ჩამომსხდარი ბებოებიც ხომ ყიდიან ლიმონს, ყოჩივარდებს, მოწყალებასაც ითხოვენ და მათ მიმართ თითქმის ყველა თანაგრძნობას ვიჩენთ და დახმარებას ვცდილობთ, თავდახრილი და ხელგაწვდილი ქართველი კაცის დანახვა კი მანადგურებს.
- კიდევ რაზე გწყდებათ გული?
- გული მწყდება, რომ საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც ყველა ერთმანეთს ეჯიბრება მოედნების გავსებაში; სადაც ბავშვებისთვის სამკურნალო თანხები ემიგრანტების შესაგროვებელია; სადაც მოხუცები და პენსიონერები ბუნკერებში ეძებენ შველას; სადაც ფიქრობენ, რომ ექიმები ხალხს ხოცავენ; სადაც პრიორიტეტებს ისე ცვლიან, როგორც ბანერებს; სადაც არ ყვირიან და არ იბრძვიან სამუშაო ადგილებისთვის, განათლებისთვის, საკუთარი ტერიტორიებისთვის; გული მწყდება, რომ ეს არის ქვეყანა, რომელმაც ოცდაათი წელია, სხვისი საჯდომებისთვის საკუთარი მოქალაქეები გაყო და ერთმანეთს გადაკიდა. ასეთია ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო, ეს ქვეყანაა ჩვენი სამშობლო... თამაზ ჭილაძის ეს სიტყვები მომწონს და მინდა, ასე დავამთავროთ ჩვენი საუბარი: "ღმერთს მაინცდამაინც არ უყვარს საჩუქრების დარიგება და თანაც მისი საჩუქრები ყოველთვის უცნაურობით გამოირჩევა. მაგალითად, გაჩუქებს უდაბნოს ან სალ კლდეებს, დაარქმევს მას შენს სამშობლოს და არ არსებობს ქვეყნად რაიმე, თუნდაც, სამოთხე, რომელზედაც ამ უდაბნოსა და სალ კლდეებს გაცვლი, თუკი, რასაკვირველია, მართლაც გესმის ღმერთის საჩუქრის მნიშვნელობა".
ან მივხედავთ ჩვენს სამშობლოს, ან მისგან აღარაფერი დარჩება...
ნინო ჯავახიშვილი