"ყველაზე ცუდი ის არის, რომ დღევანდელ გაჭირვებას თავადვე ვქმნით“
"შრომა მიყვარს. ფუფუნების დიდი მოტრფიალე არ ვარ და თანხა საქველმოქმედო ღონისძიებებით რომ ვერ მეშოვა, ოჯახის ბიუჯეტიდან გავიღებდი, თუმცა ნელ-ნელა ქველმოქმედების გზებიც გამოჩნდა..."
ნახევარი საქართველო საზღვარგარეთ წავიდა! დამეთანხმებით, რამდენად არასასიამოვნოა ამის მოსმენაც კი ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, თუმცაღა ცუდს მუდამ კარგიც ახლავს: ვხედავთ, რომ ემიგრანტი ქართველების უმეტესობას სამშობლოზე ფიქრი არ შეუწყვეტია და ქვეყნის გადარჩენაშიც დიდ როლს თამაშობენ. თავიანთი ოჯახების დახმარებით ისინი სამშობლოს ეხმარებიან, ბევრი კი ქველმოქმედებასაც ეწევა. ჰოლანდიაში მცხოვრები ხატია ხაბულიანი დღეს რუსთავის მოხუცთა თავშესაფრებს ეხმარება, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ დააჯილდოვა.
- 24 წლის წინ მე და ჩემი მეუღლე ჰოლანდიაში წამოვედით. ეს არა მხოლოდ ეკონომიკური სიდუხჭირის, არამედ ქვეყნის არევისა და განადგურების პერიოდი იყო. ჩვენი ორივე ქალიშვილი ამ ქვეყანაში დაიბადა. უფროსი გოგონა 22 წლისაა, უმცროსი - 14-ის. უფროსთან ერთად ემიგრანტობის პირველი რთული წლები გავიარეთ. ემიგრანტობა, მით უფრო - ჰოლანდიაში, ადვილი არ არის. თუ შრომით არ დაიმსახურე, ეს ხალხი გვერდით არ დაგიყენებს. მოკლედ, ბევრი ვიბრძოლეთ და ახლაც ვიბრძვით დამკვიდრებისა და შესაძლებლობების წარმოჩენისთვის. თან ძალიან ხშირად ვფიქრობთ, რატომ არ შეიძლება ისე იცხოვროს ჩვენმა ქვეყანამ, როგორც დღეს ჰოლანდია ცხოვრობს?! მახსოვს, როგორი განცდა მქონდა, როცა 11 წლის შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი. ძალიან მძიმე შეგრძნებები მტანჯავდა იმის გამო, რომ არაფერი შეცვლილიყო და ძალიან გულნატკენი დავბრუნდი ჰოლანდიაში. მაშინ მე და ჩემი მეუღლე დიდხანს ვსაუბრობდით იმაზე, რა სჭირს ჩვენს ქვეყანას, რატომ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე, როგორც სხვები ცხოვრობენ. ამაზე ახლაც ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობთ.
- ჩემი აზრით, პრობლემა ჩვენს წარსულშიც არის. ისტორიულად მუდამ სხვის მორჩილებაში მყოფებმა ვერაფრით გავაცნობიერეთ, რომ შრომით შეიძლება მომავლის აშენება, რომ ხვალ ახალი დამპყრობი არ მოვა და ჩვენს ნაშრომს არ წაგვგლეჯს, ამიტომ თუ ფული ვიშოვეთ, მხოლოდ საკუთარ ჯიბეში ვიტენით.
- შესაძლოა მართლაც ჩვენი წარსულით აიხსნებოდეს, რაც ჩვენს თავს ხდება, რომ ადგილიდან ვერ დავიძარით. მაგრამ ასე როდემდე უნდა ვიცხოვროთ?! თუმცა ვიცი, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მხოლოდ ჩვენი ცნობიერების შეცვლით შეიძლება. ქართველებმა როგორღაც უნდა მოვახერხოთ და ერთმანეთის მხარში ამოდგომა ვისწავლოთ, რაც მომავლის შექმნაში დაგვეხმარება. თუ სიცოცხლე ერთმანეთის სიძულვილში გავატარეთ, თუ სიყვარულის უნარი არ აღმოგვაჩნდა, მომავალი არ გვექნება.
- მიუსაფარი მოხუცების დახმარება როგორ გადაწყვიტეთ?
- ყველას გვყავს მშობლები, რომელთა ზრუნვას შვილები ვერასოდეს გადაიხდიან, თუმცა, სამწუხაროდ, არაერთ მათგანს თავშესაფრის არცთუ სახარბიელო გარემოში უწევს სიცოცხლის ბოლო წლების გატარება. ჩემი ქვეყნის მდგომარეობის შემხედვარემ ჰოლანდიაში დაბრუნებისთანავე გადავწყვიტე იმ ჰოლანდიელ ახლობლებთან შეხვედრა, რომელთაც ჩემი ქვეყნის მდგომარეობაზე დაველაპარაკებოდი და მხარში ამომიდგებოდნენ. ეს ქვეყანა მთელ მსოფლიოში ქველმოქმედებით არის ცნობილი, რასაც ბავშვებს სკოლიდანვე აჩვევენ. მაგალითად, საშობაოდ მშობლები სკოლისაგან ყიდულობენ ორცხობილებს, შემოსავალი კი ქველმოქმედებას ხმარდება. ასეთი მკაცრი ურთიერთობის ფონზე ეს ხალხი გასაოცარ გულითადობას ავლენს და როცა გიჭირს, ყველაფერს აკეთებენ, რომ ფეხზე წამოგაყენონ. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომისას, ჩემმა უფროსმა შვილმა, რომელიც მაშინ 11 წლის იყო, სკოლაში შეაგროვა საქართველოში გამოსაგზავნი თანხა და საშობაოდ სკოლამ ეს თანხა გადმომცა რუსეთთან ომში დაზარალებული ჩემი ქვეყნისთვის. მოკლედ, მე და ჩემმა მეუღლემ შინ ორი ჰოლანდიელი სტუმარი მოვიწვიეთ და ქართულ მასპინძლობასთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნის იდეაც შევთავაზეთ, რომელსაც "იმედი" დავარქვით და რომლის საშუალებით რუსთავში დღემდე ვეხმარებით მოხუცებს. მაინცდამაინც რუსთავის თავშესაფრის დახმარება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი მეუღლე რუსთაველია, თანაც დედაქალაქს სხვებიც ეხმარებიან, სხვა ქალაქებს კი ამ მხრივ უჭირთ. რაც მოხუცთა თავშესაფარში ხდება, შემაძრწუნებელია. თავზარი დამეცა, როცა რუსთავის თავშესაფარში გაუნძრევლად მწოლიარე, ჭერს მიჩერებული, ფეხებმოკვეთილი კაცი ვნახე, წარმოიდგინეთ იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც მხოლოდ ჭერისა და კედლების დანახვა შეუძლია, რადგან ეტლიც არ გააჩნია თუნდაც ნახევარი საათით გასასეირნებლად. რუსთავში მისთვის თვითონ ჩავიტანე ეტლი.
მე შრომა მიყვარს. ფუფუნების დიდი მოტრფიალე არ ვარ და თანხა საქველმოქმედო ღონისძიებებით რომ ვერ მეშოვა, ოჯახის ბიუჯეტიდან გავიღებდი, თუმცა ნელ-ნელა ქველმოქმედების გზებიც გამოჩნდა. თავიდან მე და ჩემმა ჰოლანდიელმა მეგობრებმა საშობაო ბაზარზე ქართული კულინარიული ნაწარმი გავიტანეთ. კერძების ნაწილს მე ვამზადებდი, ნაწილს - ჩემი ჰოლანდიელი მეგობრები.
- როგორ ასწავლეთ ამ ხალხს ქართული კულინარია? ადვილი არ იქნებოდა.
- ადვილი არ იყო, მით უფრო, რომ ჩვენ ისეთ კონსერვატორულ სოფელში ვცხოვრობთ, რომელმაც თავის დროზე "ფილიპსს" არ მისცა ქარხნის აშენების ნება, მაგრამ ჩემმა პარტნიორებმა თავი არ დაზოგეს, რომ ქველმოქმედებისთვის თანხა გვეშოვა. მერე სხვა გზაც გამოჩნდა ჩვენი ფასდაუდებელი ქართული ფოლკლორის წყალობით. ჰოლანდიაში არაერთხელ გავმართეთ ქართული ანსამბლების კონცერტები, რომელთაც ეს ქვეყანა მართლაც აღტაცებით ხვდება. მაისში ჯგუფი "შარა" გვყავს მოწვეული ათი კონცერტით. ერთ კონცერტს ჰოლანდიაში საქართველოს საელჩო გამართავს. მაისში კუნძულ ტექსელზეც ჩავალთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი მეომრების საფლავებზე.
- შეუძლებელია, არ შეგაქოთ - არაფრისგან რამდენი რამ შექმენით.
- მეუღლე რომ არ მეხმარებოდეს, ვერაფერს გავაკეთებდი. ბევრი რამ სწორედ მის მხრებზეა.
- ჰოლანდიელებს ქართული კერძები მოსწონთ?
- დღეს თუ ორი ჰოლანდიელი სამოგზაუროდ წასვლაზე ლაპარაკობს, უნდა იფიქროთ, რომ ისინი საქართველოს გულისხმობენ. აი, ასეთია მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. არა მხოლოდ ჩვენი ფოლკლორი ან ბუნება მოსწონთ, არამედ კულინარიაც. საგანგებოდ საქველმოქმედო მიზნით ჩატანილი დედაჩემისა და ჩემი დის მომზადებული სვანური მარილი გავასინჯე და მათ აღტაცებას ვერ აღვწერ. 2008 წელს 30 ჰოლანდიელი ბიზნესმენი ჩამოვიყვანე საქართველოში ინვესტირებისთვის, მაგრამ აგვისტოს ომი დაიწყო და, სამწუხაროდ, ამ საქმიდან აღარაფერი გამოვიდა, თუმცა ერთ-ერთი ჩვენი ჰოლანდიელი მეგობარი, რომელმაც სწორედ ჩვენთან ურთიერთობით დაიწყო საქართველოში ბიზნესი, საქმიანობას ახლაც აგრძელებს.
- შენიშვნები არ აქვს ქართულ ბიზნესზე?
- რა თქმა უნდა, აქვს. მეც მაქვს. ძალიან მინდა, ჰოლანდიაში ქართული კარალიოკის ჩირი წავიღო, მაგრამ არ გამომდის, რადგან მისი ხარისხი ტექნოლოგიური თვალსაზრისით ევროკავშირის ბაზარს არ აკმაყოფილებს. სად არ ვეძებე საქართველოში, მაგრამ მაღალხარისხოვნად გამომშრალი კარალიოკის ჩირი არსად არის, ამიტომ მისი შემოტანა ჰონკონგის ბაზრიდან მოვიწადინე, მაგრამ ჰოლანდიელებს ის გემოთი არ მოსწონთ. ქართული, ეკოლოგიურად სუფთა, გემრიელი ჩირი უნდათ. ახლა ამ მიმართულებით ჰოლანდიაში საქართველოს საელჩო მუშაობს და იქნებ რამე გამოგვივიდეს.
- თქვენი ქალიშვილები რას საქმიანობენ?
- ჩემი უმცროსი შვილი 14 წლის არის და უკვე მუშაობს. საბედნიეროდ, აქ ეს შესაძლებელია. ცხრა წლის იყო, როდესაც თავისი ხელნაკეთი სათამაშოები გაყიდა და შემოსავალიც გაიჩინა. ჩემი მეუღლე დაეხმარა - ერთად გადაწყვიტეს, რომ ამ საქმიდან რაღაც გამოვიდოდა. რაც შეეხება უფროსს, ის 22 წლის არის და წელს საქართველოში მუშაობის დაწყებას გეგმავს.
- ადვილი არ იქნება, თუმცა, ძალიან მიხარია, რომ ასეთ დალხენილ ქვეყანაში გაზრდილი გოგონა საქართველოში აპირებს საქმიანობას, სადაც ეს არცთუ იოლია.
- 24 წელია, ჰოლანდიაში ვცხოვრობთ, წარმატებებსაც მივაღწიეთ, მაგრამ ეს წლები სამშობლოზე ფიქრით გავატარე. ჩემს შვილებს დედაენა რომ შეესწავლათ და ფესვებს არ მოსწყვეტოდნენ, ქართული ანბანი კედელზე ხატივით ჩამოვკიდე. თავადაც ვგეგმავ სამშობლოში დაბრუნებას. ჩემს მეუღლეს ვეუბნები, თუ ეს მეღირსა, ჩემი ფეხით კარდაკარ ჩამოვივლი სოფლებს, რომ გლეხობის ნაშრომი თუნდაც ორ-სამ კილოგრამობით შევიძინო და ეკოლოგიური პროდუქცია გავყიდო-მეთქი. ამ საქმით გლეხობასაც დავეხმარები და საკუთარ თავსაც.
- და, რა თქმა უნდა, ქვეყანასაც. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გიგანტურმა მონოპოლიურმა მონსტრებმა პატარა მაღაზიები გადაყლაპა, ასე კი ადგილობრივი პროდუქციაც ნადგურდება და ჩვენი იდენტობაც.
- ჰოლანდიაში გამუდმებით შევცქერი, როგორ ინარჩუნებს ეს ხალხი საკუთარ სახეს, როგორ მოჰყვთ პატარ-პატარა ნაკვეთებში მოსავალი და მერე როგორ ყიდიან მაღაზიებში. ქართველმა ხალხმა არავის უნდა აპატიოს თავისი ნაშრომის განადგურება. ეს პროცესი ისეთმა ქვეყანამ თუ ვერ აიტანა, როგორიც ჰოლანდიაა, ჩვენც არ უნდა ავიტანოთ, თორემ ხომ ვხედავთ, რომ ქვეყანა დაცლის საშიშროების წინაშეა. დღე არ გავა, თუნდაც ჰოლანდიაში ასეულობით ქართველი ემიგრანტი არ გამოჩნდეს, რომლებიც შველას ითხოვენ. ჩემი ქვეყნის დაცლაზე ფიქრი მზარავს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დღევანდელ გაჭირვებას თავადვე ვქმნით. ჰოლანდიაში, სადაც ბავშვებისთვის მართლაც სურთ ნათელი მომავალი, მათთვის ტელევიზიებში მაგალითად, მარტივი ენით გახმოვანებულ 15-წუთიან ფილმებს შინაურ ცხოველებზე, მათ მოვლაზე. როდესაც ჩემს შვილებს ვეკითხებოდი, ეს ფილმები ბავშვებს თუ მოსწონთ-მეთქი, მპასუხობდნენ, ძალიან კარგია, ყველა ერთად ვუყურებთო! აი, ასეთი პროექტები უნდა იყოს ჩვენი ბავშვებისთვის, რომ მათ შრომა ისწავლონ, ქვეყნის აშენება ისწავლონ. ამ თემაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ ტელევიზიასაც ვეძებ, რომელიც ასეთ პროექტს დასთანხმდება და რომელსაც მაქსიმალურად დავეხმარები.
შარშან ზაფხულში საქართველოში ვიყავი. დრო ჩემი უფროსი ქალიშვილის მეგობრებთან გავატარე. ბედნიერებად მიმაჩნია, რომ ჩემმა შვილმა, უცხოეთში ცხოვრების მიუხედავად, საქართველოში მოახერხა ისეთი მეგობრების შემოკრება, რომელთაც, ვერ წარმოიდგენთ, როგორი შვება მომგვარეს. შეუძლებელია, ყველაფერი ცუდად იყოს. ამ ბავშვებს გაოცებული შევცქეროდი და ვფიქრობდი, საიდან ამდენი სიკეთე, გვერდით დგომის უნარი, სიცოცხლის ასეთი იმპულსი-მეთქი. ისინი გაცილებით უკეთესები არიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით. უცხოეთშიც ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდები სწავლობენ. ამას წინათ სოციალური ქსელით ქართველი სტუდენტი ჰოლანდიაში შუამდგომლობას ითხოვდა, სწავლის ფულს ვერ ვიხდი, რადგან ხელფასს მოგვიანებით მაძლევენო. პირველად ეჭვით შევხედე, მაგრამ მერე ამ ბავშვს ნომერი გამოვართვი, მის უმაღლეს სკოლაში დავრეკე და ყველაფერი მართალი რომ აღმოჩნდა, შუამდგომლობაც გავუწიე. აი, ასეთ სხივს ვხედავ სამომავლოდ, ოღონდ მეშინია, მათ ქვეყანა არა მხოლოდ დროებით, თუნდაც სასწავლებლად, არამედ სამუდამოდ არ დატოვონ. ამისთვის ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც, უნდა მოვიფიქროთ, ჩვენი ქვეყანა სიცოცხლისაგან დაშრეტას როგორ გადავარჩინოთ.