"გერმანიაშიც არიან ანტივაქსერები და ამის მიუხედავად, ვაქცინაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს“
"გერმანია ახალ შტამს შედარებით მომზადებული შეხვდა. ეს სწორედ ვაქცინაციის დამსახურებაა. აქ არავის უფლება არ იზღუდება და არც აცრაა სავალდებულო, მაგრამ ხალხს ესმის, რომ აუცრელობით მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, გარშემო მყოფებსაც უქმნის საფრთხეს"
ქართველი ექიმი-ანესთეზიოლოგი ბაგრატ ფეიქრიშვილი რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს. როგორც ამბობს, ახლა ქვეყანაში "ომიკრონი" მძვინვარებს, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ამის მიუხედავად, ბუსტერაცრები არ შემცირებულა.
- ბოლო დღეებია, ვითარება შედარებით სტაბილურია. მანამდე, ორთვე-ნახევრის განმავლობაში, ყველა სპეციალობის ექიმი კოვიდჰოსპიტლებში ვმუშაობდით, იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო "დელტას" გამო. გეგმური ოპერაციები განახევრდა, მხოლოდ სასწრაფო ოპერაციებზე ვმუშაობდით. ასე გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერი, იანვრის შუა რიცხვებამდე. ახლა "ომიკრონი" დომინირებს, მაგრამ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა იშვიათია, რადიკალურად შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. უმეტესად შინ, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობენ. ოჯახის ექიმის ინსტიტუტი კარგად არის გამართული. როგორც კი ვინმეს "კოვიდი" უდასტურდება, ოჯახის ექიმი მაშინვე აძლევს დანიშნულებას, თუ როგორ უნდა მოიქცეს გართულების შემთხვევაში. თუ საჭიროებაა, ექიმთან მიდიან. ჯანდაცვის სამინისტრო იმდენად ორგანიზებულად მუშაობს, მოქალაქეებს უნდობლობის საფუძველი არა აქვთ. აქ კანონის უზენაესობაა, ხალხს ესმის, რომ რეკომენდაციების შესრულება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დასაბრუნებლად ერთადერთი გამოსავალია. ამიტომ ისე იქცევიან, როგორც სახელმწიფო, ჯანდაცვის სფერო ურჩევს. პაციენტის, მოქალაქის ინტერესები მაქსიმალურად გათვალისწინებულია.
ერთხელ მორიგეობისას დერეფნიდან ქართული ლაპარაკი შემომესმა - ქართველ ახალგაზრდას, რომელიც კოვიდინფიცირებული იყო, თირკმლის უკმარისობა ჰქონდა, მალე კუჭის პრობლემებიც დაემატა. ვიღაცას ტელეფონით ელაპარაკებოდა, სთხოვდა, გერმანულად ეთარგმნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. წარმოიდგინეთ რა დაემართა, რომ ვუთხარი, ქართველი ვარ, დაგეხმარები-მეთქი. ყველაფერი კარგად დამთავრდა - იმკურნალა და მალევე გაეწერა.
აქაც არიან ანტივაქსერები, ამის მიუხედავად, ვაქცინაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამანაც განაპირობა, რომ გერმანია ახალ შტამს შედარებით მომზადებული შეხვდა. ეს სწორედ ვაქცინაციის დამსახურებაა. აქ არავის უფლება არ იზღუდება და არც აცრაა სავალდებულო, მაგრამ ხალხს ესმის, რომ აუცრელობით მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, გარშემო მყოფებსაც უქმნის საფრთხეს.
იზოლაციის პერიოდი ორი კვირა იყო და ახლა 8-10 დღემდეა შემცირებული. იმასაც გააჩნია, ადამიანი აცრილია თუ არა. თუ აცრილია, ყოველ სამ-ოთხ დღეში ერთხელ იტესტება, როგორც სწრაფით, ისე პისიარით და თუ ყოველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მიუვიდა, უკვე შეუძლია სახლიდან გასვლა.
- რამდენი წელია გერმანიაში მუშაობთ?
- სამი წელია აქ ვცხოვრობ და თითქმის ორი წელია კემნიცის საავადმყოფოში ვმუშაობ. ყველანაირ პაციენტთან მიწევს მუშაობა, ტრავმატოლოგიური, ზოგადქირურგიული, ნეიროქირურგიული, ოფთალმოლოგიური... ამას წინათ შემოიყვანეს ახალგაზრდა ქართველი ქალი, ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მცირეწლოვანი შვილი ჩამოჰყავდა კიბეზე და ფეხი დაუცდა. ბავშვის დაცვა სცადა და დარტყმა თავად მიიღო... რამდენიმე დღის წინ გავწერეთ, მაგრამ რამდენიმე თვე მოუწევს დაისვენოს.
საქართველოსთან შედარებით აქ სპეციფიკა განსხვავებულია, თუმცა არა რადიკალურად. საქართველოში რეზიდენტურა რომ გაიაროს, ექიმი ფულს იხდის, თან ექიმ-რეზიდენტს თუ დამატებითი ფულის გამომუშავება უნდა, სხვაგან უნდა იმუშაოს. აქ კი ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ ექიმი განვითარდეს. ანაზღაურებაც მაღალია, თავმოყვარეობა არა აქვს შელახული და განვითარებისთვის მოტივაციაც მეტი აქვს. დამწყები ექიმისთვის აქ ძალიან კარგი პირობებია... გერმანელები ძალიან კარგი კოლეგები არიან, სუბორდინაციას ყველა ვიცავთ, მაგრამ გუნდურად ვმუშაობთ. აქ არ იგრძნობა, რომ ვიღაც მთავარია და ვიღაც მეორეხარისხოვანი. ალბათ, ეს არის ამ სისტემის წარმატების საფუძველი.
- საქართველოში აპირებთ დაბრუნებას?
- რამდენიმე წელს აქ ვიმუშავებ, რათა განვითარების იმ ნიშნულს მივაღწიო, რომელიც დამაკმაყოფილებს, და შემდეგ დავბრუნდები. მინდა აქ მიღებული გამოცდილება ჩვენს ჯანდაცვის სისტემას მოვახმარო.