"თუ ვაქცინაცია წარმატებით წავა, ძალიან მალე ეს ვირუსი სეზონური გრიპი გახდება“ - კვირის პალიტრა

"თუ ვაქცინაცია წარმატებით წავა, ძალიან მალე ეს ვირუსი სეზონური გრიპი გახდება“

"ომიკრონი“ სწორედ ვაქცინაციის გამოა სუსტი და იოლად გადასატანი. მისი წყალობით გახდა იძულებული ამ ფორმამდე მისულიყო და ასე დასრულებულიყო ეს ვერაგი ვირუსი, რომელსაც "კორონა" ჰქვია

"მოსახლეობას დავამშვიდებ და ვეტყვი, რომ ცოტა კიდევ უნდა გავუძლოთ, მალე დამთავრდება პანდემია... ვაქცინაციის დამსახურებაა, რომ ვირუსმა ასეთი მუტაცია განიცადა, "ომიკრონი" სწორედ ვაქცინაციის გამოა იოლად გადასატანი. მისი წყალობით გახდა იძულებული ამ ფორმამდე მისულიყო და ასე დასრულებულიყო ეს ვერაგი ვირუსი, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია", - გვეუბნება ჩვენი თანამემამულე ექიმი-ანესთეზიოლოგი ირაკლი კილაძე, რომელიც თელ-ავივის ახლოს კერძო კლინიკა "ასუტაში" მუშაობს და ისრაელში შექმნილ პანდემიურ ვითარებაზე გვიამბობს:

- "ომიკრონმა" ყველგან ძალიან არია სიტუაცია, არადა, ყველაფერი ლოგიკურად მიდიოდა. მეც მქონდა "ომიკრონი", მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ ვიყავი აცრილი (მეოთხე აცრა ვერ მოვასწარი). 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დღეში 10-20 ათასი კაცი ინფიცირდება. საბედნიეროდ, "ომიკრონს" არ ახასიათებს ისეთი რთული მიმდინარეობა, როგორიც "ალფასა" და "დელტას". პრობლემაა ისევ ასაკოვნებში, აუცრელებსა და რისკ-ჯგუფებში. სამედიცინო სექტორის დატვირთვა, რა თქმა უნდა, დიდია, მაგრამ ახლა ნაკლებად ეშინიათ ვირუსის, ხალხი მიხვდა, რომ დაცემინებას და წამოხველებას არ სჭირდება საავადმყოფოში გაქცევა და ვირუსს სახლშიც მშვენივრად უმკლავდებიან.

გარდაცვალების რიცხვმაც ისევ ასაკოვნების, აუცრელებისა და რისკ-ჯგუფების ხარჯზე მოიმატა. მე ორი დღე მხოლოდ სახსრები და კუნთები მაწუხებდა. საერთოდ, ხერხემალი მაწუხებს და "კოვიდი" რომ გადავიტანე, ტკივილმა მომიმატა. ეს ვირუსი, სადაც სისუსტეა, იქ აჩენს პრობლემებს.

"ომიკრონი" შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, უბრალოდ, ინფიცირების რაოდენობამ იმატა, ვინაიდან ვირუსის გადაცემა იოლია. მაგალითად, ალფა თუ ერთი კაციდან 3-ს გადაეცემოდა, ხოლო "დელტა" - 9-ს, "ომიკრონი" 20-ზე გადადის. მთავარი ისაა, რომ ხშირად უსიმპტომოა და ზოგჯერ ადამიანმა ისიც არ იცი, ავად ხარ თუ არა. შესაძლებელია ერთხელ დაგახველოთ მხოლოდ და ინფიცირებული იყოთ.

- ვაქცინაცია "ომიკრონზეც" ეფექტურია?

- ახლა ხშირად ამბობენ, რა საჭიროა ვაქცინა, თუ მაინც ავადდებიო. მუსირებს ასეთი მოსაზრებები, მაგრამ პირველი და მთავარი დამსახურება ვაქცინაციის ისაა, რომ ვაქცინირებულებში სიკვდილიანობა 10-ჯერ ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ "ომიკრონი" მსუბუქად გადააქვთ, ვაქცინაცია, დისტანცია და ნიღაბი მაინც აუცილებელია. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, თუ ვაქცინაცია წარმატებით წავა, ძალიან მალე ეს ვირუსი სეზონური გრიპი გახდება.

- მოსახლეობის რამდენი პროცენტია აცრილი ისრაელში?

- ისრაელის 80%-მდეა აცრილი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ერთი ნაწილი ავად იყო და მას არ სჭირდება ვაქცინაცია. მეოთხე აცრას ყველას არ უკეთებენ, მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, 60 წლის ზევით პირებსა და ქრონიკული დაავადებების მქონეთ.

- თქვენთან რამდენდღიანია იზოლაცია? როცა საქართველოში დღეში 25 ათასი ინფიცირებულია, მართებულად მიგაჩნიათ იზოლაციის პერიოდის შემცირება?

- უნდა იყო უსიმპტომო და ანტიგენი იყოს უარყოფითი. 5 დღის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროდან მოგდის შეტყობინება და ამის მერე შეგიძლიათ იზოლაციის შეწყვეტა. ისე არ გაიგოთ, თითქოს აქ ყველაფერი იდეალურადაა, აქაც დიდი პრობლემებია - "მწვანე პასპორტი" უქმდება, მაგრამ არა მთლიანად. "მწვანე პასპორტი" მოქმედებს დიდი თავშეყრის ადგილებში - საკონცერტო დარბაზებში, კლუბებში...

- ვირუსის სამკურნალოდ რომელ მედიკამენტს იყენებს ისრაელი?

- "პაქსლოვიდს". დღეს მსოფლიოში ყველა ჰაიდლაინებითა და, ძირითადად, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის რეკომენდაციებით მუშაობს.

- ჩვენში მუსირებს ასეთი აზრიც, ვაქცინირებულებს და არავაქცინირებულებსაც ხშირად ერთნაირად გადააქვთ ვირუსი, გართულების გარეშე, და რა აზრი აქვს აცრასო...

- ვაქცინირებული მაინც უფრო მეტად დაცულია. ის, რომ ვაქცინირებულს ან არავაქცინირებულს ვირუსი ერთნაირად გადააქვთ, ეს, ჩვენდა საბედნიეროდ, "ომიკრონის" თვისებაა.

- ამბობენ, რომ პირბადე "ომიკრონისგან" ნაკლებად იცავს. გვირჩევენ, რომ თუ N95 ტიპის პირბადეს არა, ორი სამედიცინო პირბადე ვიხმაროთ. თქვენთან რას იყენებთ?

- ჩვენ ერთ სამედიცინო პირბადეს ვხმარობთ. დახურულ სივრცეში ის ყველას უკეთია და, რა თქმა უნდა, აუცილებელია. მართალია N95 უკეთესია, მაგრამ ცუდი სახმარია და ხშირად გიწევს ფილტრის ცვლა.

- სხვადასხვა ქვეყანაში შეიცვალა ეპიდემიოლოგიური მიდგომები ვირუსთან. ისრაელში როგორ ხდება, მაგალითად, როცა ტესტი დაგიდასტურებს ვირუსს, იმ დღიდან ხდება ინფიცირების ათვლა თუ სიმპტომების დაწყებიდან?

- ჩვენთანაც პისიარის დადასტურებიდან იწყება ათვლა. შეგიძლია ანტიგენი გაიკეთო სახლში და დადასტურების შემთხვევაში უნდა შეატყობინო ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ხარ ინფიცირებული და შემდეგ ისინი ზრუნავენ შენზე. პოლიკლინიკიდან ან ოჯახის ექიმისგან შეტყობინებები მოდის, რა შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს ინფიცირებულმა. ამასთან, ბინაზე საჩუქრად მოგდის სატურაციის აპარატი და ელექტროთერმომეტრი.

სხვათა შორის, ისრაელში ამოწმებენ გამდინარე წყლებს, მთავარ კანალიზაციას, რათა დადგინდეს, რომელი შტამია დომინანტი. ალბათ, ეს საქართველოშიც კეთდება, რათა ეპიდემიოლოგებს არ გამოეპაროთ აფეთქება. ამ წყლებში ძალიან ბევრი "ომიკრონის" შტამი აღმოჩნდა.

"ომიკრონს" შეიძლება მოჰყვეს სხვა შტამიც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უფრო სუსტი იქნება. ოღონდ, იმ პირობით, თუ ვაქცინაცია გაგრძელდება. სწორედ ვაქცინაციის დამსახურებაა, რომ "ომიკრონი" იძულებული გახდა ასე იოლად გადასატანი ყოფილიყო. გაიხსენეთ, როგორ დაიწყო პანდემია, ვაქცინაციამდე როგორი საშიში იყო "ალფა", "დელტა", რომელსაც წამოვეწიეთ და გავაჩერეთ. ვაქცინა ჩვენი ჯავშანჟილეტია. მან აისხლიტა "დელტა" და შემდეგ ვირუსი იძულებული გახდა ისეთი სუსტი ფორმით მოსულიყო, როგორიც "ომიკრონია". საქართველოში სიკვდილიანობა იმიტომ არის მაღალი, რომ ვაქცინაციის ტემპია ნელი. ლაპარაკია სიკვდილ-სიცოცხლეზე და ამას ყველა უნდა მიხვდეს. არ გახსოვთ, როგორ იყო შარშან მსოფლიო ჩაკეტილი, საშინელებათა ფილმს ჰგავდა ყველაფერი. ახლა გაიხსნა ყველაფერი და თანდათან ჩვეულ ყოფას ვუბრუნდებით. დავუჯეროთ ექიმებს, ჭკვიან ხალხს, ვუსმინოთ მსოფლიო ჯანდაცვას, ექსპერტებს.

მოსახლეობას ვეტყვი, რომ ცოტა კიდევ უნდა გავუძლოთ, მალე დამთავრდება პანდემია. ის, რაც "ფაიზერმა" და "მოდერნამ" შეძლეს, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ვაქცინაციის დამსახურებაა, რომ ვირუსმა ასეთი მუტაცია განიცადა, "ომიკრონი" სწორედ ვაქცინაციის გამოა სუსტი და იოლად გადასატანი. მისი წყალობით გახდა იძულებული ამ ფორმამდე მისულიყო და ასე დასრულებულიყო ეს ვერაგი ვირუსი, რომელსაც "კორონა" ჰქვია. ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ აუცილებელია ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვა.