ისტორიული სახლი, სადაც ფილმი "დარისპანის გასაჭირი“ გადაიღეს
სოციალურ ქსელში უნიკალური სახლის ფოტოები გავრცელდა, რომელიც ხარაგაულის რაიონში, სოფელ სხლითიში, მდინარაძეებს ეკუთვნით. სწორედ ამ სახლში არის გადაღებული ფილმი "დარისპანის გასაჭირი" - ამ წარწერით სახლის შესახებ ცირა მდინარაძეს ვესაუბრეთ.
- ამ სახლის მშენებლობა 1865 წელს დაიწყო და სამი წელი გრძელდებოდა. დიმიტრი მდინარაძე ხელოსანი გახლდათ და სახლი ფაქტობრივად მან ააშენა. ის კი არა, ეს ულამაზესი ჩუქურთმები, რომელიც სახლს აკრავს, მისი გაკეთებულია.
სახლი ორსართულიანია. ზედა მხარე, რომელიც ფილმშია გადაღებული, ეზოს შემოსასვლელიდან პირველ სართულად ითვლება, სულ სამი საფეხურია ასასვლელი. მეორე მხრიდან კი სახლი ქვის სვეტებზე დგას.

- სახლს პირვანდელი სახე, ძირითადად, შენარჩუნებული აქვს?
- დიახ, ბუხრის გადატანას თუ არ ჩავთვლით, სახლს პირვანდელი სახე მთლიანად შენარჩუნებული აქვს. მხოლოდ პირველ სართულს უმნიშვნელო კოსმეტიკური რემონტი ჩავუტარეთ.
სოფელში ყოველ შაბათ-კვირას მოვდივართ, ზამთარშიც კი. სულ აქ ვტრიალებთ, თუმცა, ძირითადად, ხარაგაულში ვცხოვრობთ. დღეს ამ სახლის მეპატრონე ჩემი ძმა ოლეგ მდინარაძეა, ორი და ვყავართ.
- როგორ შეირჩა ეს სახლი ფილმისთვის?
- ფილმში ჩვენი ახლობელი დავით ჭყოიძე მონაწილეობდა და როდესაც სახლებს არჩევდნენ, მას უთქვამს, ნახეთ და თუ მოგეწონებათ, გადავიღოთო. მანამდე რამდენიმე სახლი ჰქონდათ ნანახი, მაგრამ ბოლოს ეს აირჩიეს. გადაღება სულ ორი დღე მიმდინარეობდა.
- სოფელზე რას გვეტყვით, მიტოვებულია სახლები?
- აქვე ახლოს აქვს სახლი ჩვენს ბიძაშვილს, უფროსები გარდაიცვალნენ. თავად კი თბილისში ცხოვრობენ. მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიან. სხვა სახლები კი მიტოვებულია.
ბაბუას ყველაფერი განსაკუთრებული სიყვარულით აქვს გაკეთებული. ეზოს ჭიშკარი ქვის ბოძებზე დგას. ისიც პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული. ქვა სხვა სოფლიდან ხარებით ჩამოუტანა. სწორედ ამ ქვით არის გაკეთებული წყაროც და ჭიშკრის სვეტებიც.
ჩვენ ამ სახლს დიდ სიმდიდრედ მივიჩნევთ, როგორც შეგვიძლია ვუვლით და სანამ ვიცოცხლებთ, ვეცდებით, არაფერი შევცვალოთ.