"რიყეზე მოვარდნილი მტკვრის ფანჯრიდან ყურებას, შიგ გატოპვა მერჩივნა, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"რიყეზე მოვარდნილი მტკვრის ფანჯრიდან ყურებას, შიგ გატოპვა მერჩივნა, მაგრამ..."

ვინ არ იცის, რა გრძნობა ჩნდება ძველი ფოტოების ნახვისას: თითქოს რაღაცას ჩაუვლია და სევდა დაუტოვებია, მაგრამ არ გამქრალა, ისევ შენთან არის, ისევ გაფორიაქებს ან გატკბობს. ასეთია ძველი თბილისის ფოტოებიც. გახსენებს, რომ "თბილისი იყო ურთიერთობა". თითქოს ძველი სახლის აივანზე ისევ მოქოთქოთე მეზობლის ხმა გესმის: "გარეთ გამოიხედეთ, ნახეთ, რა ხდება!" მეც ასე "გამოვიხედე" მეგობრის ნაპოვნ ფოტოზე და დავინახე: "იტალიური" ეზო დიდი სახლით. ბევრი ვეძებე, მაგრამ ძველი თბილისის ამ საოცარი ფოტოს გადაღების დრო და ავტორი რომ ვერ დავადგინე, ქართული ფოტოგრაფიის მეტრს, სერგო ედიშერაშვილს, სოციალურ ქსელში მივწერე, იქნებ დამეხმაროთ და გამირკვიოთ, ამ ფოტოზე რა ხდება ან როდის არის გადაღებული-მეთქი. მან მაშინვე მომწერა, არ იცი, როგორ გამახარე, ამ ფოტოზე 1960-იან წლებში რიყეზე მდგარი ბებიაჩემ ნინას სახლია, ბებიაჩემი მესამე სართულის ფანჯრიდან იყურება, კარგად დააკვირდი, მარცხენა აივნიდან მეოთხე ფანჯარააო! მეც გულდასმით გადავთვალე და კი მიხვდებით, ფოტოგრაფიის მეტრს როგორი ემოციით ვესაუბრე.

- ახლა როგორ დავთვალო, რამდენჯერ მირბენია ამ იტალიურ ეზოში და ბებიაჩემის სადარბაზოში! დიახ, ამ ფოტოზე ჩემი ბავშვობაც არის ფანჯრიდან გადმომდგარი. ავლაბარში ვცხოვრობდი, მაგრამ ავლაბრიდან დღეში სამჯერ მაინც ჩამოვრბოდი ბებიაჩემთან, რომელიც დედაჩემის გამზრდელი დეიდა იყო. დედას დედა ადრე გარდაეცვალა და ნინამ გაზარდა. ჰოდა, ჩემი მთავარი შტაბი ამ სახლში ბებიაჩემის ერთადერთ ოთახში იყო. თუ მოვიხელთებდი, რიყეზე მოვარდნილი მტკვრის ფანჯრიდან ყურებას, შიგ გატოპვა მერჩივნა, მაგრამ თუ დამინახავდნენ, ქეჩოთი ამიყვანდნენ ბებიაჩემთან.

- რიყეზე ასე ხშირად იყო წყალდიდობა?

- მტკვარი ადიდებისას სწორედ რიყეზე და "პლეხანოვზე" შემოვარდებოდა ხოლმე, რასაც დიდი წვიმაც არ სჭირდებოდა - შეიძლებოდა თბილისში წვეთიც არ გადმოვარდნილიყო, სადმე სხვაგან ეწვიმა და, მტკვარი კი მაინც რიყეზე შემოვარდნილიყო. საბედნიეროდ, ამას მსხვერპლი არ მოსდევდა, რადგან გაშლილი ადგილი იყო. ეს ამბები მტკვარზე ჰესის აშენების შემდეგ შეწყდა, მაგრამ ჩემი გონებიდან რა წაშლის! უფროსებს კი აგიჟებდა, მაგრამ ბავშვებს ძალიანაც მოგვწონდა. ფოტო ნამდვილად პროფესიონალის გადაღებულია. 1960-იანი წლების დასაწყისია. ავტორის სახელიც იკითხება ფოტოს ზედა მხარეს. მაშინ განა ბევრს ჰქონდა ფოტოაპარატი, პროფესიონალების გარდა!

- ალბათ, არც ისეთი ავტომანქანა ჰყავდა ბევრს, როგორსაც ამ წყლიდან ამოსაყვანად აწვებიან ბიჭები.

- ეს ავტომანქანა "ვოლგაა," ის საბჭოთა ფუფუნება გახლდათ. სამაგიეროდ, ურთიერთობის ფუფუნება გვქონდა. სხვათა შორის, "ბირჟავიკებიც" ხშირად შეტოპავდნენ ხოლმე წყალში ვინმეს დასახმარებლად, თუკი ეს საჭირო იყო, მაგრამ აქ ამ "ვოლგის" ამოსათრევად მეტი ხალხი არ არის საჭირო, როგორც ჩანს, წყალი მოხვდა თუ არა, მაშინვე ჩაქრა. ასეთი იყო მაშინდელი ავტომანქანები - როგორც კი წყალი შევიდოდა, გაშეშდებოდა.

- სახლი კი მყარად აგებული ჩანს.

- რიყის სახლებიდან ბევრი გასული საუკუნის დასაწყისში იყო აშენებული და მყარადაც. და იცით, რატომ? რიყეზე სავაჭრო ცენტრი იყო, სავაჭრო ცენტრები კი ოდითგანვე ფულს იკრებდა. რიყეზე სწორედ მრეწველებმა და ვაჭრებმა აიშენეს სახლები. მათ ამ სახლებში სამჭედლოები და საქსოვი მანუფაქტურები ჰქონდათ, რომელთა ნაწარმსაც იქვე ყიდდნენ.Aამ სახლის პირველ სართულზეც ვხედავთ რომელიღაც საწარმოს თეთრ კარს, "არკიდან" მარჯვნივ.

მერე ბოლშევიკური რევოლუცია შემოიჭრა, მეწარეებს სახლები წაართვა და შიგ მუშები შეასახლა. ფოტოს გადაღების დროს აქ მუშები აღარ ცხოვრობდნენ, გამრავლდნენ და სხვაგან წავიდნენ საცხოვრებლად. მე არტურა მახსოვს პირველი სართულიდან. დასუფთავების "შოფერი". ერთადერთს მაგას ჰქონდა მიშენებული ბინა პირველ სართულზე, თეთრი ყვავივით.

- საბჭოთა ხელისუფლება ვინმეს მიშენება-მოშენების ნებას ასე იოლად აძლევდა?

- ბარაკების მეტი რა იყო საბჭოთა ქვეყანაში! თანაც ეგ სახლი და რიყე უკვე დასანგრევად იყო განწირული და არტურას ვინ რას ეტყოდა... დაინგრა კიდეც ყველაფერი 1970-იანი წლების ბოლოს და მის ადგილზე რიყის მოედანი გაკეთდა.

- ვისურვებდი, ახლაც მხოლოდ მოედანი იყოს და იქაურობას უსახური შენობები არ ამახინჯებდეს. და იმ თბილ ურთიერთობასაც ვისურვებდი, რომელიც ამ სახლებში იყო. ხანდახან მგონია, რომ ის სამუდამოდ გაქრა.

- ადამიანობა არასოდეს გაქრება. ვერეს ხეობის 13 ივნისი გაიხსენეთ - როგორ გამოვიდა ყველა დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ყველაფერი იცვლება, მაგრამ ჩვენი გული ბევრ რამეს უცვლელად ინახავს. მეც შენახული მქონია რიყე და მისი სახლები, ამიტომაც გამახარა მათმა გახსენებამ. იმედია, ამ მოგონებით მეც ბევრს გავახარებ.