შტორმისაგან დანგრეული სანაპირო ბათუმისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა - კვირის პალიტრა

შტორმისაგან დანგრეული სანაპირო ბათუმისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა

ბათუმი შტორმის ჩაცხრობისთანავე თითქოს მომდევნო შტორმისთვის ემზადება, განსაკუთრებით - ბოლო წლებში, როდესაც მდინარე ჭოროხიდან თურქეთში აგებული ჰიდროელექტროსადგურების გამო ზღვაში ბუნებრივი ნატანის, ინერტული მასალის შემოზიდვა შეწყდა და სანაპირო "ამოცარიელდა". ნატანის ქვა-ღორღით "კვება" ზღვას ისევე სჭირდება, როგორც საკვები - ადამიანს. მერე ზღვას ინერტული მასალა სანაპიროზე ამოაქვს და პლაჟად აქცევს, რაც ტალღების სანაპიროზე გადმოსვლასა და ქალაქში შემოჭრას აბრკოლებს. ბოლო შტორმმა კი ბათუმის ახალი ბულვარის ნაწილი და აქედან ზღვაში შეჭრილი სასეირნო ხიდი დაანგია. გეოლოგების თქმით, პროცესი ვერ დამშვიდდება, თუ სანაპიროს დაცვის სამსახური არ აღდგა და ზღვას ათეულობით ტონა ინერტული მასალა ხელოვნურად და რეგულარულად არ მიეწოდა. გვესაუბრება საინჟინრო აკადემიის წევრი, ბათუმელი გეოლოგი ტარიელ ტუსკია.

- თურქეთში, მდინარე ჭოროხზე, ჰიდროელექტროსადგურების აგების გამო მდინარე ჭოროხმა ჩვენთან ინერტული მასალის შემოტანა შეწყვიტა. ამიტომაც არის ახლა უფრო საჭირო სანაპიროს დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნა.

- ათეული წლების წინ აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ეს სამსახური არსებობდა.

- მხოლოდ აჭარის სანაპიროზე კი არა, არამედ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ყველგან. ასეთი სამსახურის შექმნა ბიჭვინთის სანაპიროს პროცესებმა განაპირობა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ოკუპირებულია. ამ სამსახურში სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მუშაობდნენ. წინასწარ სწავლობდნენ სანაპიროებს და დაცვით სამუშაოებსაც ატარებდნენ, კერძოდ, საქმე ეხებოდა ზღვაში ნატანის ხელოვნურად შეტანას, ზოგან - ჯებირების შექმნასაც. სამწუხაროდ, 1992 წელს ეს სამსახური გაუქმდა, არადა, დღეს, როდესაც მდინარე ჭოროხს ზღვაში ბუნებრივი ინერტული მასალა აღარ შემოაქვს, ასეთი დამცველი სამსახური აუცილებელია. თუ ზღვას ინერტულ მასალას არ მივაწოდებთ, შესაძლოა, კატასტროფამდე მივიდეთ. ყოველი შტორმი საფრთხეს უქმნის სანაპიროს მოსახლეობას. წლების წინ ადლიიდან 22 ოჯახი სწორედ იმიტომ გავასახლეთ, რომ ზღვამ მათ სახლებს ძირი გამოაცალა.

zgva2-1644767737.jpg

- საშინელებაა, როდესაც ადამიანს მშობლიური ადგილებიდან იძულებით ასახლებენ.

- რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო დიდი საშინელებაა, როცა ზღვის ტალღებმა შეიძლება ადამიანების საცხოვრებელი გაიტაცოს და ხალხი იმსხვერპლოს.

მე ამ სიტუაციიდან გამოსავლად სანაპიროს კონკრეტულ ადგილებში ხელოვნური ნატანის შეტანა მამაჩნია. 2009 წელს ზღვაში 100 000 ტონა ნატანის შეტანა დავგეგმეთ. თავდაპირველად სანაპიროზე 60 000 ტონა ინერტული მასალა დავაგროვეთ, 40 000 ტონაც უნდა დაგვემატებინა, რომ მერე ზღვაში ტრაქტორებით ჩაგვეყარა, ზღვა კი ამ მასალას თვითონ გაანაწილებდა სანაპიროზე, მაგრამ სანამ ამ 40 ტონას დავამატებდით, შტორმი ამოვარდა და 60 000 ტონა მასალა, რომელსაც ერთი თვე ვზიდავდით, ერთ დღეში ზღვაში ჩაიტანა. ეს ისეთი საოცარი ფაქტი იყო, მაშინდელი ხელისუფლება დაეჭვდა, სად წაიღეთ ამდენი მასალაო. შემდეგ ის 40 000 ტონაც ზღვაში ჩავუშვით და შედეგიც მივიღეთ - პლაჟმა ზოგან რამდენიმე მეტრით, ზოგან კი 40 მეტრითაც მოიმატა.

ზოგ ადგილას ზღვა 5-ტონიან ბლოკებსაც კი გლეჯს და წყალში მიატივტივებს. აი, ასეთი ძალა აქვს წყალს, რომლის საწინააღმდეგოდ აუცილებლად უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია. სხვანაირად, შესაძლოა, შტორმის შედეგები საბედისწერო აღმოჩნდეს.

- თუმცა, სად უნდა ვიშოვოთ ინერტული მასალა, როდესაც ჭოროხს ის აღარ ჩამოაქვს?

- გამოსავლად კარიერების შექმნა და ქვების ხელოვნური დაქუცამაცება მესახება, რაც ადვილი სამუშაო არ იქნება, მით უფრო, რომ კარიერის ქვები გლუვი და დამუშავებული არ იქნება, რამაც, შესაძლოა, ზღვაში ჩასვლა გაართულოს, Mმაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება დამანგრეველ შტორმებს მოჰყვეს.