წარსულის მემეტიანე - ევტიხი ჟვანიას უნიკალური ფოტოხელოვნება - კვირის პალიტრა

წარსულის მემეტიანე - ევტიხი ჟვანიას უნიკალური ფოტოხელოვნება

"ბაბუა იხსენებდა: 1915 წლის 27 ივლისი იყო, ძალზედ ცხელოდა. ცნობილი ქართველი პუბლიცისტი და მწერალი იოსებ იმედაშვილი მეწვია და მთხოვა, მთის არწივი, ჩვენი ვაჟა გვიკვდება, იქნებ როგორმე დრო გამოძებნო და სამახსოვრო სურათი გადაუღოო... წავედით წმ. ნინოს ლაზარეთში და სარეცელზე გაკრული გენიოსი პოეტი ფირზე აღვბეჭდე". ვაჟა-ფშაველა იმ საღამოს გარდაიცვალა... - გვიამბობს ფოტოგრაფ ევტიხი ჟვანიას შვილიშვილი რუსუდან ჟვანია...

- ფოტოხელოვანი და საზოგადო მოღვაწე ევტიხი ჟვანია დაიბადა 1890 წელს სოფელ ონტოფოში. ონტოფო ერთ-ერთი უძველესი სოფელია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. სოფლის სახელი საჭყონდიდო ყოფილა. სოფელს მოიხსენიებდნენ მეორე სახელითაც - ბარბარესკარი... სხვადასხვა წყარო ადასტურებს, რომ ჟვანიები დიდებული ციხოსანი აზნაურები იყვნენ. ციხესიმაგრეც ჰქონიათ. ამ გვარის მრავალი წარმომადგენელი ემსახურებოდა დედაეკლესიას, მათ შორის მიტროპოლიტები - ანტონ და კირილე ჟვანიები.

ევტიხის მშობლები - კონსტანტინე ჟვანია და დესპინე ფაღავა განათლებული ადამიანები იყვნენ. მათ ევტიხის გარდა ცხრა შვილი ჰყავდათ. ალბათ, მშობლების განათლების დამსახურებაა, რომ 1905 წელს 15 წლის ევტიხი მამამ ბათუმში ფოტოგრაფიის შესასწავლად წაიყვანა. იმ პერიოდისთვის საქართველოში იშვიათად ნახავდით ოჯახს, რომელიც შვილის ფოტოგრაფობაზე ოცნებობდა და ამიტომ ეს თამამი გადაწყვეტილება იყო. ბაბუას გადმოცემით, იმ პერიოდის ბათუმი ძალიან ჰგავდა ევროპის ქალაქებს არქიტექტურით, ხელოვნებით, ფოტოგრაფიითაც კი. კონსტანტინე ჟვანიამ ამ საქმის შესასწავლად შვილი იმ დროის ცნობილ ფოტოგრაფს, ნიკოლოზ გაიდაბურას, მიაბარა. ევტიხიმ დიდი ნიჭი და მონდომება გამოავლინა. 1906 წელს მამას ევტიხი თბილისში მიჰყავს და ფოტოგრაფიის შესწავლას სამუელ მიჩკინის სახელოსნოში აგრძელებს... ამ პერიოდისთვის ევტიხიმ გაიცნო ფოტოგრაფი იასონ ფურცელაძე, რომელმაც გააცნო ცნობილი ფოტოხელოვანი ე. კლარი, რომელსაც ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობა უნდა გადაეღო. ბაბუაც ჩაერთო ამ დიდ საქმეში. ასე აისახა ფოტოდოკუმენტებში რკინიგზის მშენებლობა თბილისიდან ხაშურის, ქუთაისის, ფოთის და ბათუმის მიმართულებით. ამის შემდეგ ევტიხი ჟვანიას მარტოს მიანდვეს ბაქოსა და ერევნის მშენებარე ხაზის გადაღება. მან დაგვიტოვა ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობის ფოტომატიანე.

foto3-1644790046.jpg
1915 წლის 27 ივლისს ევტიხი ჟვანიამ წმ. ნინოს ლაზარეთში სარეცელზე მყოფი გენიოსი პოეტი ვაჟა-ფშაველა ფირზე აღბეჭა

- ევტიხი ჟვანიას ქართული თეატრის ფოტომემატიანეს უწოდებდნენ...

- 1912 წელს ევტიხი ფოტორეპორტიორად იწყებს მუშაობას ყოველკვირეულ ქართულ ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება", რომლის რედაქტორი იყო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იოსებ იმედაშვილი (შემდგომში ბაბუას ახლო მეგობარი). ბაბუა მეგობრობდა ვალერიან გუნიასთანაც. სწორედ მას უთხოვია, გადაეღო ლადო მესხიშვილის საიუბილეო საღამო. ევტიხი ჟვანია თეატრისთვის კოტე მარჯანიშვილმა აღმოაჩინა, ქართულ თეატრში მიიყვანა და ასე გახდა იგი ქართული თეატრის მემატიანე. რომ არა ევტიხი, არ იქნებოდა შემონახული მარჯანიშვილის დადგმები, მათ შორის - "ცხვრის წყარო". ევტიხი ჟვანიამ მომავალ თაობას შემოუნახა ვანო სარაჯიშვილის, ლადო მესხიშვილის, კოტე მარჯანიშვილის, სერგო ზაქარიაძის, სესილია თაყაიშვილის, ბათუ კრავეიშვილის, დავით გამრეკელის, პეტრე მელიქიშვილის, სიმონ ჯანაშიას, ივანე ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გალაკტიონისა და სხვათა ფოტოები. მისი გადაღებულია ცნობილი ფოტო - "სტანისლავსკი და მოსკოვის სამხატვრო თეატრის დასი მთაწმინდაზე, ილიას საფლავთან (1924 წ.)."

1915 წელს ევტიხი ხსნის ფოტოატელიეს საკუთარი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, რუსთაველის გამზირზე, #14-ში. ეს იყო არა მარტო სახელოსნო, არამედ სალონიც, სადაც იკრიბებოდნენ გამოჩენილი ადამიანები, საზოგადო მოღვაწეები. ამ ეზოს ყველა იცნობდა, როგორც ჟვანიების ეზოს. მეც იქ გავიზარდე.

foto5-1644790047.jpg
ორი უდიდესი მოვლენა - 1919 წლის 12 მარტის პირველი დამფუძნებელი კრების მიმდინარეობა და დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა

- რას იხსენებდა ევტიხი ჟვანია ვაჟა- ფშაველას ფოტოს გადაღების შესახებ?

- ბაბუა იხსენებდა: "1915 წლის 27 ივლისი იყო, ძალზედ ცხელოდა. ცნობილი ქართველი პუბლიცისტი და მწერალი იოსებ იმედაშვილი მეწვია და მთხოვა, მთის არწივი, ჩვენი ვაჟა გვიკვდება, იქნებ როგორმე დრო გამოძებნო და სამახსოვრო სურათი გადაუღოო. წავედით წმ. ნინოს ლაზარეთში და სარეცელზე გაკრული გენიოსი პოეტი ფირზე აღვბეჭდე". ვაჟა-ფშაველა იმ საღამოს გარდაიცვალა.

ევტიხი ჟვანია 1914 წლიდან შვიდი წლის განმავლობაში სამხედრო ფოტოგრაფადაც მუშაობდა, აქედან სამი წელი - სახალხო გვარდიაში. სწორედ აქ გაიცნო პირველი ქართველი მფრინავი ბესარიონ ქებურია და შემოგვინახა ფოტოდოკუმენტები მისი პირველი გაფრენის შესახებ.

მისი გადაღებულია "ქართველი იუნკრები ფიცის მიღების დროს", "სახალხო გვარდიელები იარაღით ხელში გვირაბთან", "ინგლისისა და შოტლანდიის ჯარის ნაწილები თბილისსა და ბათუმში". ერთ-ერთ ფოტოზე მეომრებთან ერთად გადაღებულია ოლივერ უორდროპი. ასევე არსებობს ტაბახმელასთან დახოცილი იუნკრებისა და გვარდიელების ფოტო.

ევტიხის გადაღებულმა ფოტოებმა შემოგვინახა ქაშუეთის ეკლესიის აღდგენა-მშენებლობის კადრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის ფოტო.

foto2-1644790198.jpg

ბაბუასვე ეკუთვნის სრულიად საქართველოს პირველი საეკლესიო კრების ფოტოები (1917 წლის 17 სექტემბერი). მღვდელმსახურებას ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი.

მისი გადაღებულია ორი უდიდესი მოვლენა - 1919 წლის 12 მარტის პირველი დამფუძნებელი კრების მიმდინარეობა და დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა.

ბაბუამ შემოგვინახა ქართული დივიზიის ფეხბურთელთა გუნდის ფოტოები. ასევე მძლეოსნების: ნებურიძის ნახტომი, დიაჩკოვის ჭოკით ხტომა, მიქაბერიძის ხტომა სიგრძეზე, ტანმოვარჯიშე ბერულაშვილის ასპარეზობა, ქართველი ფალავანი ოჯახთან ერთად და სხვა.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ერთი ცნობილი ფოტო, რომელზეც შავ ჩოხებში გამოწყობილი ოთხი ქართველი მამულიშვილია აღბეჭდილი: კონსტანტინე გამსახურდია, ვახტანგ კოტეტიშვილი, პავლე ინგოროყვა და ალექსანდრე აბაშელი. ისინი დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ გლოვისა და პროტესტის ნიშნად ასე დადიოდნენ თბილისის ქუჩებში, რის გამოც ხელისუფლების წყრომაც დაიმსახურეს. ბაბუამ ბეწვის ხიდზე გაიარა, როდესაც შავჩოხიანები თავის ფოტოსალონში მიიწვია და ფოტოზე აღბეჭდა. მას ეკუთვნის ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის, 1921-23 წლებში ხევსურთა აჯანყების ხელმძღვანელის, ლეგენდარული თომა ბალიაურის ფოტო. იგი ათი წელი მარტოდმარტო იცავდა თავისუფლების იდეას და 1934 წელს ბოლშევიკებმა მუხანათურად მოკლეს.

foto4-1644790047.jpg

ძალიან მიყვარს და მინდა გამოვარჩიო გალაკტიონის ფოტო. გალაკტიონი ხშირად სტუმრობდა ბაბუას. ერთხელაც ევტიხიმ თავისი ფაფახი დაახურა, თავისი ნაბადი მოახურა და ფირზე აღბეჭდა. ასე შემოგვრჩა გალაკტიონის ცნობილი ფოტო.

ა.წ. 29 იანვარს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ილიას დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა "ევტიხი". წიგნის ავტორია ახალგაზრდა ნიჭიერი ისტორიკოსი ლევან ჟვანია. მისი დიდი მონდომებითა და ძალისხმევით თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ევტიხი ჟვანიას სახელი მიენიჭა.