უწყლოდ დარჩენილი რეგიონები - რატომ ვერ გვარდება წყლით უზრუნველყოფის პრობლემა - კვირის პალიტრა

უწყლოდ დარჩენილი რეგიონები - რატომ ვერ გვარდება წყლით უზრუნველყოფის პრობლემა

საქართველოს მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა დღემდე პრობლემაა - დიდი ქალაქების გარდა, ფაქტობრივად, მოსახლეობას წყალი სისტემატურად არ მიეწოდება. კანონმდებლობით, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობების ვალდებულება, მაგრამ მათ საამისო ბერკეტები არ გააჩნიათ, რაც საკანონმდებლო ვაკუუმით არის განპირობებული და რაც მთავარია, უკავშირდება თვითმმართველობების უფლებების და რესურსების სიმცირეს. არადა, ეს არის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი საკითხი, რაც ასევე დღემდე ვერ სრულდება.

წყლით მომარაგება მოიცავს როგორც სასმელი, ასევე ტექნიკური წყლით უზრუნველყოფას სტანდარტების შესაბამისად. ამისთვის საქართველოს კარგი რესურსები აქვს. თუმცა, მიუხედავად დიდი მარაგისა, მოსახლეობის დიდ ნაწილს თავად უწევს სასმელი წყლის მოპოვება და ამისთვის ჭებსა და წყაროებს იყენებს. "საქსტატის" მონაცემებით, ასეთია ქვეყნის ქალაქების მოსახლეობის 5% და სოფლის მოსახლეობის 65%. ამავე მონაცემებით, სასმელი წყლის მიწოდების სისტემით დაფარვის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 73%-ზე ცოტა მეტია. ამასთან, ამ საშუალო მაჩვენებელს მაღლა სწევს თბილისის მონაცემები. თბილისის გარეშე, დანარჩენი რეგიონების დაფარვის მაჩვენებელი 56%-ია. ამასთან, წყლის ინფრასტრუქტურის საოჯახო მეურნეობამდე მიყვანა არ გულისხმობს ყველასთვის 24-საათიან მომარაგებას, ბევრ დასახლებას წყალს გარკვეული საათების განმავლობაში აწვდიან. პრობლემაა სასმელი წყლის ხარისხიც, განსაკუთრებით ცუდი კლიმატური პირობებისას.

თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, 2014 წლიდან წყალმომარაგება მუნიციპალიტეტის (ექსკლუზიური) უფლებამოსილებაა (მუხლი 16) და ეს ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით გაკეთდა. ამ გამოცდილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ გამიჯნულია წყალმომარაგების კომპეტენცია და პასუხისმგებლობა, რომელიც საჯარო ხელისუფლებას აკისრია, და წყალმომარაგების მიწოდების და სერვისის ფუნქცია, რომელსაც ლიცენზიანტი კომპანია ასრულებს. შესაბამისად, 2014 წელს ამ ნორმის მიღებისას კოდექსის გარდამავალ დებულებებში ჩაიწერა "მუნიციპალიტეტის მიერ სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინებით მომსახურების უზრუნველყოფის უფლებამოსილებათა განხორციელების პირობები". ამ ნორმის თანახმად კი, მთავრობას 2015 წლის 1-ლ ივლისამდე უნდა მოემზადებინა მუნიციპალიტეტს, სემეკს და მიმწოდებელ კერძო სამართლის სუბიექტებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის პირობების დარეგულირებისთვის საჭირო საკანონმდებლო აქტები, რომელთაც პარლამენტი დაამტკიცებდა, მაგრამ მთავრობას ეს ვალდებულება არ შეუსრულებია. ამდენად, დღეს წყალმომარაგება არის მუნიციპალიტეტის კომპეტენცია, მაგრამ შესრულების სამართლებრივი ბაზა არ არსებობს. შესაბამისად, რეალობა ასეთია - მოსახლეობის წყალმომარაგება უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტმა, მაგრამ ამის მექანიზმები არ გააჩნია, რაც უფრო ართულებს წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას. აღსანიშნავია, რომ აქ დგება 2 სახის პრობლემა: პირველი - ინფრასტრუქტურის შექმნა და მეორე - ამ ინფრასტრუქტურის მეშვეობით მიწოდების პრობლემა. საქმე ის არის, რომ წყალი უნდა მიაწოდოს წყლის კომპანიამ, მუნიციპალიტეტს კი უმრავლეს შემთხვევაში თავისი წყლის კომპანია არა აქვს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოპერირებს მხოლოდ რამდენიმე სოფელში და თუ ახალ სოფელში არ ფიგურირებს, მაშინ გაკეთებული წყლის სისტემა მუნიციპალიტეტს გადააქვს მის მიერ შექმნილ აიპ-ის ბალანსზე. მაგრამ ამ აიპ-ის არა აქვს წყლის მიწოდების ლიცენზია იმიტომ, რომ ჩვენი კანონმდებლობით აიპ-ის არ შეიძლება ჰქონდეს ლიცენზია.

იმის გამო, რომ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის წყლის სისტემური უზრუნველყოფა რამდენიმე საკითხს უკავშირდება, რეგიონული თვითმმართველობის და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც სათანადო კანონმდებლობის შექმნაში უშუალოდ იყო ჩართული, ამბობს, რომ საჭიროა კომპლექსური მიდგომა რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ:

დიდი წყალმომარაგების კომპანია უნდა დაიშალოს, შეიქმნას მუნიციპალიტეტის, შესაძლოა რამდენიმე მუნიციპალიტეტის ან რეგიონის მიერ დაფუძნებული წყალმომარაგების კომპანია, რომლებზეც ლიცენზიები გადანაწილდება ისე, რომ საქართველოს ყველა დასახლებული პუნქტი იყოს დაფარული, მიუხედავად იმისა, დღეს აქვთ თუ არა წყალმომარაგება;

გადაეცეს მუნიციპალიტეტს უფრო მეტი ფინანსური რესურსი და შესაბამისად, შეიქმნას ზემოდან თანადაფინანსების ინსტრუმენტები - ანუ მგფ-ში რეგფონდისა და მგფ-ის გაერთიანება და როგორც საგრანტო, ასევე სასიცოცხლო რესურსების კონსოლიდაცია და მგფ-ის არა შემსყიდველი და წყლის გამკეთებელ ორგანიზაციად გადაქცევა, არამედ თავიდან ჩანაფიქრი რაც იყო, ფინანსური დახმარების ინსტრუმენტის გადაცემა;

გაიწეროს ზუსტი ვადები და დაწესდეს მონიტორინგი ვადების დაცვაზე.

"ეს ნაბიჯები უზრუნველყოფს იმას, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს რესურსი და უნდა იყოს კომპანიები, რომელთაც თვითონ მართავს. შეადგინოს ხუთწლიანი საინვესტიციო გეგმები, ეს აისახოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ჰქონდეს თავისი რესურსი და რაც არ ეყოფა, ამისთვის დამატებითი რესურსი მიიღოს - ან დონორების გრანტი, ან დონორების სესხი, ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული. ეს უნდა იყოს კონსოლიდირებული ერთ ფინანსურ ინსტრუმენტში, რომელიც დააბალანსებს ამ ინტერესს. ასევე, მუნიციპალიტეტს საშემოსავლო რესურსი უნდა გაუჩნდეს, რათა თავად ჰქონდეს ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალება. რაც მთავარია, ეს დიდი კომპანია უნდა დაიშალოს. მაგალითად, აჭარაში არ არის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და წყალმომარაგების საკითხი შედარებით უკეთ არის მოგვარებული, ვიდრე სხვაგან", - ამბობს თენგიზ შერგელაშვილი.

რუსა მაჩაიძე