"პოლიციამ მიუსწრო, თორემ ჩემს დას თუ ვერ ათქმევინებდა ფული სად იყო, მასაც მოკლავდა“ - კვირის პალიტრა

"პოლიციამ მიუსწრო, თორემ ჩემს დას თუ ვერ ათქმევინებდა ფული სად იყო, მასაც მოკლავდა“

"მე რომ მივედი, პოლიცია მკვლელობის ადგილზე იყო. დედა სამზარეულოში მოუკლავს „ვინჩესტერით“, მამაჩემი - ეზოში. ჩემი და საწოლზე იყო მიბმული და მე გავათავისუფლე“

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მიმდებარედ, ტყე-პარკის ტერიტორიაზე, გიორგი სამხარაძის ფერმაში უმძიმესი დანაშაული მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, იქ მომუშავე ცოლ-ქმარი მწყემსმა, 34 წლის გიორგი გაწერიძემ, ცეცხლსასროლი იარაღით მათი შვილის თვალწინ დახოცა, 16 წლის გოგონა კი საწოლზე თოკით მიაბა.

როგორც ირკვევა, მოკლული ცოლ-ქმარი ფერმის პატრონის ახლობლები იყვნენ და მეურნეობას რამდენიმე წელი უძღვებოდნენ. ბრალდებული გიორგი გაწერიძე ფერმაში რამდენიმე თვის მისული იყო. მკვლელობის მოტივად თანხა სახელდება. თურმე ცოლ-ქმარს ვენახი ჰქონდა გაყიდული 30 000 დოლარად და თანხას შინ ინახავდნენ.

გარდაცვლილი გიორგი ჯიბიაშვილი და მაკა ზურაბაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნიდან არიან. მათი 16 წლის ქალიშვილი საქმის მთავარი მოწმეა. ის დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.

სიკვდილს გადარჩენილი გოგონა დღეს მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ჟურნალისტებთან უმძიმეს წუთებს იხსენებს: "ორჯერ გავიგონე თოფის გასროლის ხმა, რასაც მოჰყვა დედაჩემის კივილი. შინიდან შეშინებული გავვარდი და მკვლელს შევეჩეხე, თავდაპირველად მშობლები ვერ შევნიშნე, მერე მამა დავინახე, მანქანასთან ეგდო. მკვლელი ყელში მწვდა, მარანში შემიყვანა, მაღლა ამიყვანა და საწოლზე მიმაბა. სულ ერთსა და იმავეს გაიძახოდა, ფული სად არისო. ვეუბნებოდი, არ ვიცი-მეთქი, ის კი იგინებოდა და ფულს მთხოვდა... ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ის ადამიანი იყო, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა. დედაჩემს დედას ეძახდა, მამას კი პაპის."

როგორც ირკვევა, სიკვდილამდე დაჭ­რილმა მაკა ზურაბაშვილმა ჯერ თავის ვაჟს დაურეკა, შვილმა რომ არ უპასუხა, ნათესავს შეეხმიანა და დახმარება სთხოვა.

მოკლულების ვაჟი გიგა ჯიბიაშვილი იხსენებს, როგორ გაათავისუფლა თავისი ხელით საწოლზე მიბმული უმცროსი და.

გიგა ჯიბიაშვილი: - მკვლელი საგარეჯოელია. იქიდან მამაჩემმა და კიდევ ერთმა კაცმა ფერმაში სამუშაოდ წამოიყვანეს. მეც ვიცნობდი. პოლიციაში მითხრეს, ქურდობისთვის ადრე ნასამართლევიაო. ამის შესახებ არაფერი ვიცოდით... მკვლელობამდე 10 წუთით ადრე მამას ველაპარაკე, საეჭვო არაფერი უთქვამს. წინა დღესაც იქ ვიყავი და არაფერი შემიმჩნევია...

მე რომ მივედი, პოლიცია უკვე იქ იყო. დედა სამზარეულოში მოუკლავს "ვინჩესტერით", მამაჩემი - ეზოში. ჩემი და მე გავათავისუფლე, დაბმული იყო. პოლიცია რომ მივიდა, ისევ იქ იყო მკვლელი და მერე გაიქცა. პოლიციის გამოჩენამდე რომ მივსულიყავი, შეიძლებოდა მე და ჩემი დაც ჩავეხოცეთ. პოლიციამ შეუშალა ხელი, თორემ ჩემს დას თუ ვერ ათქმევინებდა ფული სად იყო, მასაც მოკლავდა.

- ფული სახლში ინახებოდა?

- ჩემები ფულს სახლში ინახავდნენ, ტექნიკა უნდა გვეყიდა, და როგორც ჩანს, ეს იცოდა დამნაშავემ...

სოფელში ყველა დარწმუნებულია, რომ მკვლელობა ფულის გამო მოხდა:

"გიორგიმ მიწა გაყიდა და დიდი თანხა ჰქონდა. იმ კაცმა ეს იცოდა, რადგან წინა დღით გიორგი ამ ფულის ასაღებად იყო წასული. გავიგეთ, თითქოს "კოკა-კოლაში" რაღაც ჩაუყარა. ეტყობა, მოწამვლა სცადა, მაგრამ რომ არაფერი დაემართათ, თოფით დახოცა", - ამბობს მოკლულების ახლობელი.

მაია ბედოიძე, მერის წარმომადგენელი: - გიორგი და მაკა კონდოლში მუშაობდნენ. პატრონობდნენ იმ სახლს. პატიოსანი ადამიანები იყვნენ, მშრომელები. აქ, ჩვენს სოფელში, მიწას ამუშავებდნენ, ფერმას პატრონობდნენ. კარგი ანაზღაურებაც ჰქონდათ.

- ამბობენ, რომ მწყემსმა მკვლელობამდე ისინი მოწამლა.

- ეს ვერსია სამძიმარზე მისულმა მოვისმინე. არ ვიცი, სიმართლეა თუ არა. გოგონას, რომელიც ფაქტის თვითმხილველია, არ დავლაპარაკებივარ, რადგან მძიმე მდგომარეობაშია.

ძალიან სამწუხარო ამბავია,… ორივე ამ სოფელში გაიზარდა, მერე დაოჯახდნენ, შრომობდნენ, შვილები წამოეზარდათ და ახლა ამხელა ტრაგედია...

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.