"ბელორუსმა საბოლოოდ აღიარა რუსეთის გზა“
"არა მგონია, პუტინი უსმენდეს, რას ლაპარაკობს სააკაშვილი ციხეში თუ სასამართლოზე. მისთვის მთავარი ახლა უკრაინის საკითხია“
რამდენიმე დღის წინ ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაარწმუნებენ ამის საჭიროებაში. რამდენიმე წლის წინ მას ასევე ნათქვამი აქვს, რომ მინსკი მზად იყო, ეღიარებინა სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, მაგრამ ეს არ გააკეთა, ვინაიდან მოსკოვმა უარი განაცხადა "გაეზიარებინა"“ ის უარყოფითი შედეგები, რაც ბელორუსს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დასავლეთისგან ელოდა. თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ახლახან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ლუკაშენკოსთან არაღიარების საკითხებზე საიდუმლო მოლაპარაკებას ლონდონში მართავდა. დღემდე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი, რუსეთის ჩათვლით, 5-მა ქვეყანამ აღიარა, ერთმა კი ჯერ აღიარა და მერე გადაიფიქრა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი აღიარა. კრემლის ამ გადაწყვეტილებას მაშინვე შეუერთდა ნიკარაგუა, მომდევნო წელს კი ვენესუელა, მას შემდეგ, რაც რუსეთი იარაღის მიწოდებაზე ჩავესის რეჟიმს სასარგებლო პირობებით გაურიგდა. წყნარი ოკეანის მიკროსახელმწიფოებმა: ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ 2009 და 2011 წლებში მიჰბაძეს რუსეთს, თუმცა რამდენიმე წელიწადში ვანუატუმ და ტუვალუმ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან წაიღეს. 2018 წელს კი, დიდი ალბათობით, რუსეთის ზეწოლით სირიის პრეზიდენტმა ასადმაც აღიარა ეს ორი რეგიონი. ბელორუსის მიერ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი რამდენად არის რეალისტური და როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.
- სამწუხაროდ, ეს საფრთხე ახლა უფრო რეალურია, ვიდრე სამი-ოთხი წლის წინ იყო. რეალურია მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო, პრინციპში, იძულებით გადაიხარა რუსეთისკენ და სხვა რა გზა რჩება? ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, ბერკეტები არა გვაქვს. ადრე თუ გვქონდა, იყო არა მარტო ჩვენი, არამედ დასავლეთის ზეწოლის შედეგი. ლუკაშენკო, ფაქტობრივად, იზოლაციაში მოაქციეს და დასავლეთის ზეწოლის იმდენად აღარ ეშინია. ჩვენ რა შეგვიძლია? რით დავემუქრებით? ვერაფრით.
- ლუკაშენკო საქართველოს მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩეოდა. ეს რითი იყო განპირობებული და რატომ შეიცვალა დამოკიდებულება?
- ლუკაშენკო ისეთი ტიპია, რომ ყველას უღიმის. როდესაც დაინახა, რომ აღიარება უფრო მეტ ზიანს მოუტანდა, რადგან მაშინ დასავლეთთან გზები ბოლომდე ჩახსნილი არ ჰქონდა, გადაიფიქრა და ახლა, სამწუხაროდ, არის შანსი, რომ აღიაროს.
- რუსეთს ახლა სჭირდება აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება?
- ეს არის მნიშვნელოვანი, რაში სჭირდება სწორედ ახლა აღიარება. აშკარად აქვს ჩაფიქრებული, რომ ბელორუსი შეიწოვოს რაღაც ერთიან სახელმწიფოში და ამისთვის რამდენად დასჭირდება, რომ აღიარებინოს, ამაზე იქნება დამოკიდებული. გააჩნია, როგორი პროექტი აქვს. თუ აპირებს, რომ სამოკავშირეო სახელმწიფოსშექმნას, სადაც მოკავშირეებად შეიყვანს ბელორუსსაც და აფხაზეთსაც, მაშინ შეიძლება აღიარებინოს, სხვანაირად ამ პროექტს ვერ განახორციელებს.
- ბელორუსის აღიარება რას ცვლის?
- არ იქნება ჩვენთვის კარგი, რომ კიდევ ერთმა დიდმა პოსტსაბჭოთა ძალის მქონე სახელმწიფომ აღიაროს.
- შესაძლებელია ეს სხვა ქვეყნებისთვისაც გახდეს ბიძგის მიმცემი?
- დასავლეთში ბიძგს ვერავის მისცემს. პირიქით, დასავლეთისგან ბელორუსი ისედაც გარიყულია. ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ბელორუსმა საბოლოოდ აღიარა რუსეთის გზა, მეტი არაფერი.
- უკრაინასთან დაკავშირებული რუსეთის ჯერჯერობით გაურკვეველი ჩანაფიქრიდან გამომდინარე, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ რუსეთმა ბელორუსსაც შეუტიოს?
- როგორც მოგახსენეთ, რუსეთი ბელორუსთან ერთიანი სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნას აპირებს, ამიტომ უფრო ღრმა ინტეგრაციაზე გადაიტანს აქცენტს.
- ბოლო დღეებში სააკაშვილმაც დაიწყო ლუკაშენკოსთან საიდუმლო მოლაპარაკების გახსენება. ეს რამდენად რეალისტური ჩანს?
- არ ვიცი, ლუკაშენკო ჩადიოდა თუ არა ლონდონში. მისთვის ბევრად კომფორტული კიევში ჩასვლა იქნებოდა. ლონდონში ოთხჯერ საიდუმლო შეხვედრა გაზვიადებული მგონია. მით უმეტეს, ლუკაშენკო ლონდონში რომ ჩასულიყო, ეს ამბავი ასე მარტივად არ დაიმალებოდა. როგორც ვიცი, ამ საკითხებში აქტიურად იყო ჩართული გრიგოლ ვაშაძე. თუ სააკაშვილიც იყო და ამისთვის ლონდონში ოთხჯერ ჩავიდა, ნამდვილად არ ვიცი.
- რაში სჭირდებოდა სააკაშვილს ამის თქმა ახლა, ასეთ დაძაბულ ვითარებაში?
- არა მგონია, პუტინი უსმენდეს, რას ლაპარაკობს სააკაშვილი ციხეში თუ სასამართლოზე. მისთვის მთავარი ახლა უკრაინის საკითხია.
- თქვენი აზრით, დაიწყებს ომს უკრაინასთან?
- მაინც მგონია, რომ პირდაპირი აგრესია არ იქნება. შესაძლებელია დონბასის აღიარება მოხდეს. ძალიან ბევრი მიზეზია, რის გამოც პირდაპირი აგრესია ნაკლებად დასაშვებად მეჩვენება - კერძოდ, "ნორდსტრიმის" ამუშავების საკითხისა და იმის გამო, რომ თუ დამატებითი ტერიტორია დაიკავა, იქ ხალხი არ დახვდება პურმარილით. დონბასში კი არის მოსახლეობის დიდი ნაწილი პრორუსი, მაგრამ სხვაგან ნაკლებად. ამიტომ დამატებითი თავსატეხი რაში სჭირდება.
- დონბასის აღიარებით რუსეთს პრობლემები არ შეექმნება? და მეორე - საომრად მიყვანილი ჯარის უკან დაბრუნება პუტინის რეიტინგზე უარყოფითად არ იმოქმედებს?
- აღიარებას არ ექნება პრობლემა, რადგან სადაც დაძაბა სიტუაცია და დასავლეთი სულ ომის შიშით აცხოვრა, არის შანსი, რომ ეს აღიარება გადაყლაპონ. "ოღონდ ომი არ იყოს და ჯანდაბას, აღიაროს" - აი, ამ პრინციპზეა დასული ყველაფერი. რაც შეეხება ჯარის უკან დაბრუნებას, აღიარება ამის კარგი მიზეზი იქნება. იტყვის, ვაღიარე, გამარჯვებული ვართო. ეს იქნება და ეს.
რუსა მაჩაიძე