აფხაზეთის, ცხინვალისა და აგვისტოს ომები, ყირიმის ოკუპაცია - ყველაფერი ოლიმპიური თამაშების პარალელურად მიმდინარეობდა... აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, მაშინ, როცა ბარსელონაში რამდენიმე დღის დამთავრებული იყო 25-ე საზაფხულო ოლიმპიური თამაშები. 2004 წელს, აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც საბერძნეთში, ათენში, 28-ე ზაფხულის ოლიმპიადა მიმდინარეობდა, ცხინვალთან ბრძოლები არ წყდებოდა. 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება ჩინეთში 29-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიალს დაემთხვა. 2014 წლის 23 თებერვალს, სოჭში 22-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის დღეს, რუსეთის არმიამ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსია დაიწყო. 2022 წლის 20 თებერვალს ჩინეთში, პეკინში, საზეიმოდ უნდა დაიხუროს 24-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშები... რა მოხდება 20 თებერვლამდე? აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს დაჟინებით სთხოვს, უფრო სწორად მოითხოვს, რომ მათ სასწრაფოდ დატოვონ ეს ქვეყანა, რადგან რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის საშიშროება ძალიან დიდია, რუსეთის არმია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია მსოფლიოში და თუკი ომი დაიწყება, ამერიკის ხელისუფლებას გაუჭირდება თავისი მოქალაქეების მასობრივი ევაკუაცია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ უსაფუძვლოა მტკიცება, თითქოს პუტინი დაელოდება პეკინის ოლიმპიური თამაშების დასრულებას, რათა არ გაანაწყენოს თავისი ჩინელი კოლეგა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იფიქროს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაზე. სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია შეიძლება დღე-დღეზე დაიწყოს. 20 თებერვლამდე, ჩინეთში ოლიმპიადის დამთავრებამდე, მხოლოდ რამდენიმე დღე რჩება და მალე გამოჩნდება, სწორია თუ არა მისი ვარაუდი, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ 20 თებერვლამდე ომი არ დაიწყება, მით უმეტეს, რომ რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებაც ამ დღეს მთავრდება, ისევე, როგორც რუსული საზღვაო სწავლებები აზოვისა და შავ ზღვებში, უკრაინის ტერიტორიული წყლების საზღვართან. მაგრამ რა იქნება 20 თებერვლის შემდეგ? - ეს კითხვა მილიონობით ადამიანს აწუხებს, რადგან რუსეთ-უკრაინის დიდი ომი სწორედ მათ ბედზე მოახდენს გავლენას. ამბობენ, რომ ისტორიულად, როდესაც ძველ საბერძნეთში, ოლიმპიაში, სპორტული შერკინებები იწყებოდა, ომები წყდებოდა. სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში სხვანაირად ხდება - ოლიმპიადა ვერ აჩერებს იარაღის ჟღარუნს და სათამაშო მოედნების პარალელურად ორთაბრძოლა საბრძოლო მოედნებზეც მიმდინარეობს, ოღონდ - სამკვდრო-სასიცოცხლო.