ბუმერანგის პრინციპი - სიცოცხლე გარდაცვალების შემდეგ - კვირის პალიტრა

ბუმერანგის პრინციპი - სიცოცხლე გარდაცვალების შემდეგ

ყველაზე ბოლოს ადამიანი სმენის უნარს კარგავს, ამიტომ, როდესაც ადამიანი კვდება, ეს არ უნდა გავაგონოთ: ამით მის შიშსა და სტრესს უფრო გავაძლიერებთ. ის შეიძლება მდგომარეობიდან გამოვიდეს, მაგრამ თუ პანიკა და სტრესი მოერევა, შანსს შევუმცირებთ. სიკვდილის შიში კი ყველაზე დიდი შიშია და შეიძლება მოკლას

სიკვდილი ყველაზე ამოუცნობი, იდუმალი მოვლენაა, რომელსაც სხვადასხვა რელიგიური თუ მეცნიერული მიმდინარეობა განსხვავებულად ხსნის. მაგალითად, არსებობს მეცნიერული თეორია ბიოცენტრიზმი, რომელიც ამტკიცებს, რომ სიკვდილი ილუზიაა, რომ ამ დროს ადამიანი, უბრალოდ, სხვა განზომილებაში გადადის. ალბათ, ამიტომ ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლას ჩვენმა წინაპრებმა "გარდაცვალება" დაარქვეს... არასამთავრობო ორგანიზაცია "ექიმთა კავშირის" ხელმძღვანელი თორნიკე ბიძინაშვილი­ ამ იდუმალ საკითხზე თავისი გამოცდილების მიხედვით გვიამბობს:

- როგორც ექიმს, კარგა ხანს მიწევდა რეანიმაციულ განყოფილებაში ყოფნა და მძიმე პაციენტების მომსახურება. თითოეულ მათგანთან ხშირი კონტაქტი მქონდა და სულ ვეკითხებოდი, რა ნახეს ან რა შეგრძნებები ჰქონდათ, როცა გათიშული იყვნენ. თითქმის ყველას საოცარი სიმშვიდისა და ჰარმონიის შეგრძნება ჰქონია. ერთმა ასეთი რამ მითხრა, თითქოს მხრებიდან 500 კილოგრამი ტვირთი მომხსნეს, ისეთი ბედნიერი და უდარდელი ვიყავი, რა მინდოდა, უკან რომ ვბრუნდებოდიო... ზოგიერთი მათგანი ჩვენ თვალწინ დაიღუპა, ისინი სიკვდილამდე ხედავდნენ ვიღაცას, ვისაც მათი "სადღაც" წაყვანა სურდა. ვისაც ასეთი ხილვა ჰქონდა, კლინიკური სიკვდილის გარეშე გარდაიცვალა.

- ვისაც კლინიკური სიკვდილი გამოუცდია, ყველა ამბობს, რომ ის რამდენიმე წუთი საუკუნედ მოეჩვენა.

- კლინიკური სიკვდილი ორგანიზმის დროებით გაჩერება და გადატვირთვაა, მერე კი მისი აღდგენა და რეაბილიტაცია. სიზმარიც ხომ ასეა? - შეიძლება 2-3 წუთს გაგრძელდეს, მაგრამ დროის ამ მონაკვეთში ძალიან ბევრი რამ მოხდეს. ჩემი აზრით, ავადმყოფის მომვლელისთვის ყველაზე მძიმე სიკვდილისწინა ეიფორიაა: გგონია, მოიხედა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ უკეთესადაა, მაგრამ ეს ბოლო "აფეთქებაა", რომლის დროსაც ორგანიზმი მთელ ძალას იკრებს. ამის შემდეგ კრიზისი იწყება და ადამიანი იღუპება. რამდენიმე პაციენტი მახსენდება - სიკვდილის წინ ლაპარაკი დაიწყეს, გამოცოცხლდნენ, მაგრამ ამას მათი გარდაცვალება მოჰყვა. არაერთი მეცნიერული თეორია ამტკიცებს, რომ ამ დროს ადამიანი სულ სხვა განზომილებაში გადადის. ადამიანები, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გამოიარეს, ჰყვებიან, რომ რაღაც გვირაბი თუ ხვრელი დიდი სისწრაფით გაიარეს და ბოლოს თავს ძალიან მშვიდად, კარგად გრძნობდნენ, ყოველგვარი ტკივილისა და შფოთვის შეგრძნება დაკარგეს.

- რას ნიშნავს კომაში ჩავარდნა?

- მარტივად რომ ვთქვათ, ამ დროს გული მუშაობს და ტვინი ჩერდება. ტვინს, საშუალოდ, 6-8 წუთი სჭირდება, რომ აღდგეს და თუ დროის ამ ინტერვალში რეაბილიტაცია ვერ მოახერხა, უმეტესად მუშაობას წყვეტს ან ანელებს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი მაინც განაგრძობს არსებობას. ვიცი შემთხვევა, როცა ადამიანი ამ მდგომარეობაში წლობით ყოფილა. მინახავს, როგორ გამოჯანმრთელდა ბიჭი, რომელიც საავადმყოფოში ერთი წლის განმავლობაში აპარატზე იყო შეერთებული. ის ჯერ გამოფხიზლდა, ორგანიზმმა რეაბილიტაცია დაიწყო და ბოლოს გამოკეთდა. როგორც იტყვიან, მეორედ დაიბადა. მსგავსი შემთხვევები ადრე უფრო ხდებოდა, როცა სამედიცინო ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებდა.

- დღეს რატომ აღარ ხდება?

- დღეს ადამიანის სიცოცხლე პაციენტის ოჯახის ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ადამიანი რეანიმაციაში რომ წევს, დღეში 500 ლარი მაინც უნდა გადაიხადოს. მთლიანად ძალიან დიდი თანხაა საჭირო, რომლის გადახდა უმეტესობას არ შეუძლია. ამიტომ პაციენტებს აპარატს უთიშავენ. ადრე ბოლომდე იყენებდნენ ყველა შანსს, რომ ადამიანი კომიდან გამოეყვანათ და ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომაა: ადამიანს დრო უნდა მისცე - სანამ გული მუშაობს, ხომ არ ვიცით მისი ორგანიზმი როგორ მოიქცევა? ცხადია, იმ შემთხვევებს არ ვგულისხმობ, როცა იმედი გადაწურულია. ადამიანი შეიძლება კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდეს და მისი გულისცემა შენელდეს. შეიძლება პულსაცია და გულისცემა არ ესინჯებოდეს, მაგრამ მკვდარი არ იყოს. ამ დროს ყველაფერი ორგანიზმზეა დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი მიდგომა ასეთია: პაციენტის გადარჩენის შანსი 5 პროცენტიც რომ იყოს, უნდა გამოიყენო და ჩვენ წინაშე მომაკვდავი პაციენტიც რომ იწვეს, მაინც დიდი სიფრთხილე გვმართებს.

- რატომ?

- ყველაზე ბოლოს ადამიანი სმენის უნარს კარგავს, ამიტომ, როდესაც ადამიანი კვდება, ეს არ უნდა გავაგონოთ: ამით მის შიშსა და სტრესს უფრო გავაძლიერებთ.­ ის შეიძლება მდგომარეობიდან გამოვიდეს, მაგრამ თუ პანიკა და სტრესი მოერევა, შანსს შევუმცირებთ. სიკვდილის შიში კი ყველაზე დიდი შიშია და შეიძლება მოკლას. შეიძლება ბევრი მკითხველი არ დამეთანხმოს, მაგრამ მე მგონია, რომ ადამიანებს სიკვდილზე დამახინჯებული წარმოდგენა აქვთ. ხომ შეიძლება ყველაფერს სხვა თვალით შევხედოთ და ვიფიქროთ, რომ ჩვენი ნამდვილი დაბადება სწორედ გარდაცვალებაა? იქნებ იმქვეყნიური სამყაროა ჩვენი ნამდვილი სახლი და მუდმივი სამყოფელი? ფაქტია, სიკვდილის შიში ცხოვრებას გვიწამლავს და რადგან ამქვეყნად დროებით ვართ, უნდა ვიფიქროთ, რომ სხვას არ ვავნოთ... სამყაროში ბუმერანგის პრინციპი ყველაზე ძლიერად მოქმედებს - ეს სამყაროს უმაღლესი კანონზომიერებაა, რომელსაც ყველა რელიგია და მეცნიერული მიმდინარეობა აღიარებს.

ხათუნა ჩიგოგიძე