"დიდი ბიძიები ჩხუბობენ, ჩვენ პატარები ვართ და ვინმეს თვალში ცუდად რომ არ მოვხვდეთ, ჩუმად ვიყოთო"
- ყველა გონიერი ადამიანი თანხმდება, რომ თუ უკრაინაში რუსეთმა თავისი გაიტანა, მალე საქართველოს ჯერიც დადგება, თუმცა ამ ვითარებაში კვლავ გაუგონრად პასიურია საქართველოს ხელისუფლება.
- დღეს ისეთი ვითარებაა, ჩვენი ქვეყნის ბედი, განვითარების ვექტორი და მომავალი მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში. დიახ, რაც მოხდება უკრაინაში, რაღაც ინტერვალის შემდეგ აუცილებლად განმეორდება საქართველოში. აქედან გამომდინარე, უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება, ერთი მხრივ, გასაკვირია, მაგრამ ამასთან, გასაგებიც არის. ჩვენ უნდა ვიკითხოთ, რა ხალხია დღეს ხელისუფლებაში? - ეს არის ჯგუფი, რომელსაც არა აქვს პრინციპული ფასეულობათა სისტემა. მათთვის მთავარი ფასეულობაა ძალაუფლება და ამ პრიზმაში უყურებენ ქვეყნის მოკლე თუ გრძელვადიან განვითარებას. ჩვენი სახელისუფლებო ელიტა ასეთ პოლიტიკას ატარებს - დიდი ქვეყნები ერთმანეთში რაღაცას იყოფენ, ჩვენ მივყვეთ დინებას და სადაც გაგვრიყავს, იქ ვიქნებითო. მიუხედავად იმისა, რომ ვერბალურად მუდმივად გამოხატავენ, რომ ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა, ჩვენში მმართველობითი სისტემა ისეა ფორმირებული, მათ განცხადებებში შეიძლება ეჭვი შეიტანო, რადგან დღეს ქვეყანაში ეს სისტემა რუსულ მოდელზე უფროა აწყობილი, ვიდრე დასავლურზე. ახლა რა პოლიტიკური პროცესიც მიდის ქვეყანაში, როდესაც "ქართული ოცნება" ცდილობს გახდეს სამუდამოდ დომინანტური პარტია და ოპოზიციაში სურს მხოლოდ ისეთი პარტიები, რომლებიც დემოკრატიის ფასადს შეუქმნიან, ეს არის წმინდა რუსული მოდელი, სადაც არის ერთი დომინანტი და სამი ე.წ. ოპოზიციური პარტია და ამ მოდელს რუსები უწოდებენ "სუვერენულ დემოკრატიას", სრულიად ცხადია, რომ „"ქართული ოცნების" პოლიტიკა სწორედ ამ მოდელზე დადის. ასე ვერ გამოვა, ტანით ერთ ბანაკში იყო, მენტალობით კი - სხვაგან, მით უფრო, რომ მსოფლიოში ფრონტის ხაზი გატარებულია. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც იბრძოლებს დასავლური არჩევნისთვის. პრორუსები არ არიან, მაგრამ არც პროდასავლელები არიან. პოლიტიკის მათებური გაგება გაორებულია - სურთ იყვნენ ევროპაში, ლაპარაკობენ ამაზე, მაგრამ ამას უყურებენ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის თვალსაზრისით. საქართველოს ხელისუფლება ასე ფიქრობს და ამას ნერგავს ხალხშიც - დიდი ბიძიები ჩხუბობენ, ჩვენ პატარები ვართ და ვინმეს თვალში ცუდად რომ არ მოვხვდეთ, ჩუმად ვიყოთო. სხვათა შორის, ამ პროპაგანდით შედეგსაც იღებენ, იმიტომ, რომ ეს განწყობა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში დანერგეს. ისინი ქმნიან ერთგვარ ილუზიას, რომ დათვს თუ მოეფერები, ის შენს ლოიალურობას დააფასებს და არ შეგჭამს, სინამდვილეში კი, როდესაც დათვს ეფერები, ამას სისუსტეში გითვლის და უფრო გემრიელად შეგახრამუნებს. მოკლედ, ჩვენი ხელისუფლება კაპიტულანტურად არა მარტო თვითონ არის განწყობილი, არამედ ამგვარ განწყობებს ხალხშიც ნერგავს, რაც ყველაზე სახიფათოა. მათი ლაპარაკის ქვეტექსტი ასეთია - მთავარი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაა და თუ ამას დასჭირდება ვიყვიროთ „"გაუმარჯოს ნატოს!", ვიყვირებთ, თუ დასჭირდება იმის ძახილი, "გაუმარჯოს წითელ არმიას!", ამასაც დავიძახებთო. ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობაში ვართ.
- თუმცა ენ-დი-აის ბოლო კვლევის შედეგებს თუ გადავხედავთ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს. "ქართული ოცნება" ცნობილია იმით, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის ზოგჯერ არასწორ პოზიციასაც კი ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი მათთვის მნიშვნელოვანი არ არის?
- "ქართული ოცნება" მთელი ამ ხნის განმავლობაში კოჭს უგორებდა ულტრაკონსერვატიულ ფრთას, სწორედ იმ ფრთას, რომელსაც პრორუსულს ვუწოდებთ, უპირველესად მენტალური გაგებით. ეს ფრთა ყველაზე აქტიური და აგრესიულია, რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ გამოკითხვას და საზოგადოების განწყობებს, რა თქმა უნდა, ეს განწყობები არსებობს და საზოგადოების დიდ ნაწილს სწორედ ევროატლანტიკური ინტეგრაციის იდეა მოსწონს, მაგრამ რამდენად აქტიურია ეს ხალხი, რამდენად არის მზად ამ არჩევნისთვის იბრძოლოს? ერთია სურვილი და მეორე - მოქმედება.… გააგრძელეთ კითხვა