"პეკინი და მოსკოვი ერთად გამოდიან აშშ-ის დომინირების წინააღმდეგ" - რას წერს ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"პეკინი და მოსკოვი ერთად გამოდიან აშშ-ის დომინირების წინააღმდეგ" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრიტანული გაზეთის - „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) დღევანდელ, 14 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით - „უკრაინის კრიზისი რუსეთს და ჩინეთს მჭიდრო ურთიერთობებისკენ უბიძგებს: პეკინი და მოსკოვი ერთად გამოდიან აშშ-ის დომინირების წინააღმდეგ“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

იმ დროს, როცა ბევრმა დასავლელმა ლიდერმა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისადმი ბოიკოტის გამოცხადება გადაწყვიტა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა მაინც შეძლო, რომ პეკინში „ვარსკვლავური სტუმარი“ - ვლადიმერ პუტინი ჩასულიყო. მოლაპარაკებისა და ვახშმის შემდეგ ორივე ლიდერმა ხელი მოაწერა ვრცელ, ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც თითქმის 5 ათასჯერ არის დაგმობილი აშშ-ის ჩარევა რუსეთისა და ჩინეთის საქმეებში. ისინი, ასევე, გამოვიდნენ ნატოს შემდგომი გაფართოების წინააღმდეგაც.

შეხვედრამ აჩვენა, რომ უკრაინის ომის საფრთხის ზრდა აჩქარებს სერიოზულ გეოპოლიტიკურ გარდაქმნებს - რუსეთს და ჩინეთს უფრო მჭიდრო ურთიერთობისკენ უბიძგებს. რუსეთი იმედოვნებს, რომ ჩინეთი იმ ახალი, დასავლური სანქციებით გამოწვეული სიძნელეების გადალახვაში დაეხმარება, რომელიც უკრაინაზე თავდასხმას მოჰყვება. თავის მხრივ, ჩინეთი რუსეთს მოსთხოვს, რომ მოსკოვმა მხარი დაუჭიროს პეკინის რეგიონულ ამბიციებს როგორც ტაივანთან, ასევე - სხვა ტერიტორიებთან და ქვეყნებთან მიმართებით.

რუსეთ-ჩინეთის თანამედროვე და პერსპექტიული ურთიერთობების ერთ-ერთ დამაკავშირებელ რგოლს ნახშირწყალბადები წარმოადგენს: რუსეთს უხვად აქვს ნავთობი, გაზი და ქვანახშირი, ასევე - ზოგიერთი სამხედრო ტექნოლოგია, რომელიც ჩინეთს არ აქვს და ძალიან ჭირდება. თავის მხრივ, პეკინს აქვს კაპიტალი და მოწინავე ტექნოლოგიები, რომელიც რუსეთს აკლია და „შიმშილს განიცდის“.

დღეს პეკინი, რუსეთთან შედარებით, მცირე მოცულობის გაზს ყიდულობს, ვიდრე - ევროპა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ დადებული შეთანხმების ძალით, გაზსადენ „სილა სიბირის“ მეშვეობით, ჩინეთს რუსეთისაგან 400 მილიარდი კუბამეტრი გაზის მიღება შეუძლია. სხვათა შორის, ეს შეთანხმება დაიდო 2014 წელს, ანუ იმ დროს, როცა ყირიმის ანექსიის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე კვირა იყო გასული.

მას შემდეგ მხარეებს შორის გაღრმავებული პარტნიორობა პეკინისა და მოსკოვის ინტერესების თანხვედრას მოწმობს. ორივე სახელმწიფოს ავტორიტარული რეჟიმი მართავს; ორივეს არ აწყობს „ერთპოლუსიანი“ მსოფლიო, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები დომინირებს; ორივე სახელმწიფო თვლის, რომ აშშ მათი ძირის გამოთხრით არის დაკავებული - მოსკოვი ვაშინგტონის ხელს უკრაინის 2014 წლის მოვლენებში ხედავს, პეკინი კი „გარეშე ძალებს“ (ჩათვალე: ამერიკას) ბრალს დებს ჰონკონგის 2019 წლის პროტესტების ორგანიზებაში.

ჩინეთი და რუსეთი ისეთი გლობალური წესრიგის დამყარებას ცდილობენ, რომელიც დიდწილად მათივე საკუთარ ინტერესებს ასახავს, თუმცა მათი მეგობრობა გარკვეულწილად პრობლემებს აწყდება: მაგალითად, ერთობლივ დეკლარაციაში რუსეთი ადასტურებს თავის პოზიციას ერთიანი ჩინეთის მიმართ (ტაივანის ჩათვლით), მაგრამ დოკუმენტში კონკრეტულად არ არის ნახსენები უკრაინა [და ყირიმი]. ჩინეთი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თავის საგარეო პოლიტიკაში აქცენტს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში აკეთებს და უკრაინასთან პოლიტიკურ-სავაჭრო კავშირებს ავითარებს, დაინტერესებული არ არის რუსეთის შეჭრაში, რადგან ომი გლობალურ კრიზისს და ნატო-ამერიკის გააქტიურებას გამოიწვევს.

მართალია, დღეს მოსკოვი და პეკინი გეოპოლიტიკურ პარტნიორებს წარმოადგენენ, მაგრამ იმის ალბათობა, რომ ისინი სრულუფლებიანი სამხედრო მოკავშირეები გახდებიან და ურთიერთდახმარების პაქტს დადებენ, ძალიან მცირეა. ჩინეთი და რუსეთი ისევ ერთმანეთის კონკურენტებად რჩებიან პოსტსაბჭოთა ცენტრალურ აზიაში. პეკინი ბოლომდე არ ენდობა მოსკოვს, უსაფრთხოების თვალსაზრისით. თავის მხრივ, მოსკოვი ფრთხილობს, რომ პეკინის უმცროს პარტნიორად არ იქცეს, რადგან ჩინეთის მოსახლეობა და ეკონომიკა რუსეთის მოსახლეობას და ეკონომიკას 10-ჯერ და მეტად აღემატება.

„საერთოდ კი, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობაში პრობლემების არსებობის მიუხედავად, მათ დაახლოებას შორს მიმავალი შედეგები ექნება და ამიტომ დანარჩენმა მსოფლიომ ამაზე ყურადღება უნდა გაამახვილოს“, - ასეთია „ფაინენშელ თაიმსის“ რედაქციის დასკვნა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ