"ბევრი ოჯახისთვის გაუმწარებიათ ასე ცხოვრება და ჩვენც დიდი ეჭვი გვაქვს, რომ მათ სიაში მოვხვდით" - კვირის პალიტრა

"ბევრი ოჯახისთვის გაუმწარებიათ ასე ცხოვრება და ჩვენც დიდი ეჭვი გვაქვს, რომ მათ სიაში მოვხვდით"

მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბავს ბევრგან ჰყვება, უარი არ მითხრა და კიდევ ერთხელ მიამბო იმ ისტორიის შესახებ, რომელიც მაშინ, 1980-90-იან წლებში, თურმე, არაერთ ოჯახში ხდებოდა. 1989 წლამდე კოტუების ოჯახი აფხაზეთში ბედნიერად და მშვიდად ცხოვრობდა. თუმცა ამ წელს მათი ცხოვრება სრულიად შეიცვალა...

მარიამ კოტუა:

- მართალია, ძნელია, მაგრამ თუ შეგიძლიათ, დეტალურად მოგვიყევით, რა მოხდა 1989 წელს?

- 1989 წელს დედა ფეხმძიმედ დარჩა... პირველ შვილს ყველა სიხარულით ელოდებოდა. ძალიან კარგი ორსულობა ჰქონდა, ყველანაირი პრობლემის გარეშე, თუმცა იმ წლის აგვისტოში დედა ცუდად გახდა, რის გამოც, ის ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მშობიარობა სექტემბერში უწევდა. ამიტომ დაზუსტებით არ ვიცი, ცუდად გახდომის მიზეზი სამშობიარო ტკივილები იყო, თუ სხვა რამ. ორსულობის პერიოდში ექიმთან ხშირად დადიოდა. ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრეც ექიმთან ვიზიტზე იყო აფხაზეთში, სადაც უთხრეს, რომ ორსულობის პერიოდი იდეალურად მიდიოდა და ნაყოფს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დედამ იმშობიარა. სამწუხაროდ, იმ დღეს რა მოხდა და კლინიკაში რატომ მოხვდა, დედას არ ახსოვს. როდესაც გამოფხიზლდა, ერთ-ერთმა ექიმმა უთხრა, რომ ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა. უფრო მეტიც, უთხრა, რომ ხუთი თვის მერე ნაყოფი განვითარებული არ იყოო. საავადმყოფომ მშობლებს გარდაცვლილი ბავშვის ცხედარიც არ გამოატანა. ასე უთხრეს, - სასაფლაო აქ გვაქვს და აქ დავასაფლავებთო. განადგურებული და დაბნეული მშობლები დათანხმდნენ და უსიტყვოდ გამოვიდნენ კლინიკიდან. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს დღეს ძალიან ნანობენ, მაგრამ უკვე გვიანია...

- ბავშვის სქესი იცით?

- სქესს რაც შეეხება, უთხრეს, ბიჭი იყოო, თუმცა დაზუსტებით არც ეს ვიცით. შესაძლოა, გოგოც იყოს, არ გამოვრიცხავთ. იმ დღეს ნაცვლად იმისა, რომ სამშობიაროდან ბედნიერი გამოსულიყო, დედა განადგურებული წამოვიდა. მახსოვს დედაჩემის სიტყვები: "არცერთი დედა არ გამოსულიყოს ცარიელი ხელებით იქიდანო". ეს მართლაც ასეა...

mariamis-masala-1644837214.jpg

- ბავშვის გარდაცვალების მოწმობა თუ მისცეს დედას?

- საავადმყოფოს არანაირი დოკუმენტი არ მიუცია, არც გარდაცვალების მოწმობა, მხოლოდ სიტყვიერად აცნობეს და მორჩა. ერთადერთი იმედი გინეკოლოგი ქალი იყო - თ.აკობია, რომელმაც, სავარაუდოდ, ყველაფერი იცოდა, თუმცა ეს იმედიც მაშინ გაქრა, როდესაც გვითხრეს, რომ ქალბატონი მონასტერში ყოფნის დროს გარდაიცვალა. მიუხედავად ყველაფრისა, იმედს მაინც არ ვკარგავთ და ყველანაირად ვცდილობთ, უფროსი დის ან ძმის პოვნას. ადამიანს, როცა გადარჩენა უნდა, იმედს ეძებს. შეიძლება ვიღაცისთვის სასაცილო იყოს, მაგრამ მკითხავმა, რომელსაც დედაჩემთან სრულიად შემთხვევითი ჰქონდა კონტაქტი, ერთი შეხედვით უთხრა: ვის ეძებო? დედა უცებ ვერ მიხვდა. მერე მკითხავს უთქვამს, ვისაც გლოვობ გულში, ცოცხალია და მამის ასლიაო. სრულიად უეცრად იპოვითო. მართალია, ასეთი რაღაცების ნაკლებად მჯერა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ადამიანი იმედს ეძებს ყველგან.

- ეჭვი როდის გაჩნდა?

ეჭვები ბევრი გვაქვს, თუნდაც ის, რომ ნაყოფი ხუთი თვის მერე არ იყო განვითარებული. დავიჯერო მეცხრე თვემდე თუ ასე იყო, ორგანიზმი არ მოეწამლებოდა დედას? თუნდაც ის, რომ უთხრეს, აქ გვაქვს სასაფლაო და აქ დავასაფლავებთო. ძალიან ბევრი ოჯახისთვის გაუმწარებიათ ასე ცხოვრება და ჩვენც დიდი ეჭვი გვაქვს, რომ მათ სიაში მოვხვდით.

mariamis-masala-1-1644837273.jpg

- სახასიათო ნიშნები რომ გვითხრათ...

- სახასიათო შეიძლება ჰქონდეს ჭაღარა, თმაში მხოლოდ ერთ ადგილას, მამას წინ შუბლის შუა ადგილას ჰქონდა ჭაღარა, მამიდას - გვერდზე, მეც უკვე დამეწყო მხოლოდ ერთ წერტილში მასობრივი გათეთრება, რაც გენეტიკური ნიშანია. ასევე, ხალი ფეხის გულზე, რაც მამიკოს, მე და მამიდაშვილს გვაქვს.

ოჯახი დღესაც აფხაზეთში, გალში ცხოვრობს - მშობლები და სამი და. მარიამი ფარ-ხმალს არ ყრის. ყველგან წერს და ყველანაირად ცდილობს უფროსი დის ან ძმის პოვნას.

თუ ხარ აყვანილი, ან იქნებ არც იცოდე და ეძებ ოჯახს, ჩვენ შენ გეძებთ - სამი და და ერთი ძმა. ალბათ, შენც მამიკოს ჰგავხარ ძალიან. დედით კვარაცხელია, ხოლო მამით - კოტუა. 1989 წელი, აგვისტო. ზუგდიდის რაიონული საავადმყოფო.

მარიამ ჭანტურია (სპეციალურად საიტისთვის)