"რეზო ინანიშვილთან მიმოწერა მქონდა. ალბათ, წერილში დავიჩივლე, - სოფელში ვცხოვრობ და ძალიან დავშორდი-მეთქი ყველაფერს. იცით, რა მიპასუხა?" - კვირის პალიტრა

"რეზო ინანიშვილთან მიმოწერა მქონდა. ალბათ, წერილში დავიჩივლე, - სოფელში ვცხოვრობ და ძალიან დავშორდი-მეთქი ყველაფერს. იცით, რა მიპასუხა?"

20 წელზე მეტია, თქვენი გაზეთის მუდმივი მკითხველი ვარო, - "კვირის პალიტრის" ფოსტაზე მოგვწერა 91 წლის ნაზიბროლა ლორია-მსხილაძემ, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნაზი წლების მანძილზე ასწავლიდა და აყვარებდა ბავშვებს ქართულ ენასა და ლიტერატურას; ალბათ, სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან ისეთ გარემოცვაში გაიზარდა და შემდეგ, სტუდენტობის წლებშიც, ისეთ წრეში მოხვდა, სადაც მშობლიურ ენას დიდად აფასებდნენ...

- სამტრედიის რაიონის სოფელ ნოღაში დავიბადე. კომუნისტებამდე ნოღა გურიას ეკუთვნოდა, ამიტომ ნოღაში გურულები ცხოვრობენ. მამაჩემი - ლუკა ლორია მათემატიკის მასწავლებელი და სკოლის დირეტორი იყო. ძალიან უყვარდა ლიტერატურა და საღამოობით ჭრაქის შუქზე გვიკითხავდა წიგნებს. ახლაც ზეპირად მახსოვს ადგილები მისი წაკითხული გოგოლის "რევიზორიდან“; ისიც მახსოვს, ჭოლა ლომთათიძის მოთხრობების კითხვისას როგორ ვტიროდით იმ ეპიზოდზე, მომაკვდავი დედა როცა ეუბნება პატარა შვილებს: "დედა, შვილო, ვინ მოგივლის უჩემოდ?“ მამამ შემაყვარა მაშინ ნაკლებად ცნობილი ტერენტი გრანელი, მოგვიანებით - ჯონ სტეინბეკი და სხვები.

დედაჩემი - ნინა შანიძე ძალიან ეშხიანი ქალი იყო, გიტარას უკრავდა და ზედ სიმღერებს დაამღერებდა. სამწუხაროდ, შვილებს არ გამოგვყვა მისი მუსიკალური ნიჭი. დედა ენათმეცნიერ აკაკი შანიძის ბიძაშვილი იყო. აკაკი თავის მოგონებებში წერს, რომ ენების შესწავლით პირველად მაშინ დაინტერესდა, როცა ბაბუაჩემის - ერმალოს მეგრული საუბარი გაიგონა. ბაბუა დიაკვნად მუშაობდა სამეგრელოში და იქ უსწავლია ენა.

ორი ძმა მყავდა, ახლა გარდაცვლილები არიან. რობერტი აგრონომი იყო, მამია კი თბილისის ბოტანიკური ბაღის დენდროლოგიური განყოფილების გამგე, ბოტანიკის ინსტიტუტის მეცნიერი. ჩემი ბავშვობა რთულ პერიოდს დაემთხვა: 1937-იანი წლების ტერორი, ომი, შიმშილი და გაჭირვება, თუმცა მამაჩემის მეცადინეობით, ჩვენ საკვები არ მოგვკლებია, მაგრამ ირგვლივ ყველას ძალიან უჭირდა... სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე, მაშინ მედალოსნებს უგამოცდოდ რიცხავდნენ ნებისმიერ ფაკულტეტზე. მამას ძალიან უნდოდა, ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ფილოლოგიურ ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები.

palitris-mkitxveli-1644828473.jpg
ქალბატონი ნაზიბროლა მეუღლესთან ერთად

- როგორც მითხარით, ძალიან საინტერესო პერიოდში იყავით სტუდენტი და საოცარი კურსელები გყავდათ...

- დიახ, ასე იყო. ჩემი კურსელები გახლდნენ: ოთარ ჭილაძე, რეზო ინანიშვილი, ზაურ ბოლქვაძე, ტარიელ ჭანტურია, ვახტანგ ჯავახაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი და ბევრი სხვა მწერალი და საზოგადო მოღვაწე...

ჩემი სტუდენტობისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამორჩეული იყო ჯერ შენობით (ნათელი დაადგეს მის ამშენებელ ნიკო ცხვედაძეს), მერე - პროფესორ-მასწავლებლებითა და სტუდენტებით. რექტორი ხომ ლეგენდარული ნიკო კეცხოველი იყო, ყველაფრით გამორჩეული პიროვნება. მისნაირი რექტორი შემდეგში არც ღირსებია უნივერსიტეტს. ის რომ სასწავლებლის დერეფანში გამოჩნდებოდა: მაღალი, სიმპათიური კაცი, გრძელი ლაბადითა და მხარზე განუყოფელი ფოტო-აპარატით, სტუდენტები, მოწიწების ნიშნად, ლამის კედლებს ეკვროდნენ. მკაცრი, მაგრამ ძალიან სამართლიანი და ყურადღებიანი იყო სტუდენტების მიმართ. ცნობილ მწერალს, რეზო ინანიშვილს ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, სწავლისთვის თავი დაუნებებია და სამგორის არხის მშენებლობაზე დაუწყია მუშაობა. სტუდენტთა ლიტერატურული წრის სხდომაზე ნიკო კეცხოველს მოუკითხავს, რეზო სად არისო და როცა გაიგო, რაშიც იყო საქმე, თავისი ყავისფერი "პობედით" გაგზავნა ხალხი და დააბრუნა უნივერსიტეტში. მერე რეზო ჩვენს ფაკულტეტზე, ჩემს ჯგუფში ჩარიცხეს.

სპორტსაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ უნივერსიტეტში. აუცილებელი იყო რამე სექციაში გაწევრება. ასე მოვხვდი ფარიკაობის სექციაში, უნივერსიტეტის პირველობაზე მეორე ადგილი დავიკავე და მეორე თანრიგიც მომანიჭეს. ჩემი ლექტორები იყვნენ: აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, ვარლამ თოფურია, არნოლდ ჩიქობავა, ალექსანდრე ბარამიძე, სერგი ჭილაია, შალვა რატიანი და სხვები. ზურაბ ჭუმბურიძე და მზექალა შანიძე ახლაც ცოცხლები არიან.

91-wlis-qali-2-1644848557.jpg
ნაზიბროლა ლორია-მსხილაძე სტუდენტობისას

ახლა ცოტა არ იყოს მეღიმება ჩემი სიბეჯითის გამო, მაგრამ მამაჩემი ფრიადის გარდა, სხვას ნიშნად არ თვლიდა და მეც, როგორც შემეძლო, ვცდილობდი, საუკეთესოდ მესწავლა. გამოცდების წინ ერთმანეთს კითხვებს ვუსვამდით სტუდენტები და ბევრ კითხვაზე რომ ვცემდი პასუხს, ჯგუფელებმა "ცოცხალი ენციკლოპედია" შემარქვეს. სხვათა შორის, ზუსტად იგივე "ტიტული" მომანიჭეს კოლეგა პედაგოგებმაც.

- როგორი მასწავლებელი იყავით?

- 1956 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი და შემდეგ, 37 წელი ვიმუშავე სამტრედიის რაიონის სოფელ ჭოგნარში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

მე დიდი დამსახურება არ მქონია, მაგრამ კეთილსინდისიერად ვემსახურე ჩემს სკოლას, სოფელს და ოჯახს. დღეს მაბედნიერებს ჩემი ყოფილი მოსწავლეების თბილი გამოხმაურებები.

და აქვე ერთ ეპიზოდს გიამბობთ: ერთხელ 12 წლის საშუალო მოსწრების გოგონამ თავისუფალ თემაში ჩამიწერა: თქვენ, მასწავლებელო, გაკვეთილებზე ჭკუას გვასწავლით, რაც ცხოვრებაში გაცილებით მეტად გამოგვადგება, ვიდრე - წინადადების გარჩევაო...

- როგორ ფიქრობთ, მასწავლებელმა როგორ უნდა მოახერხოს, რომ მოსწავლეებს საგანი შეაყვაროს?

- ასეთი უნიკალური რეცეპტი რომ არსებობდეს, ბავშვს სწავლა, სკოლა და მასწავლებელი როგორ შევაყვაროთ, გაგიხარია, კარგი იქნებოდა, მაგრამ... იცით, კარგ მასწავლებელზე, ბუნებით პედაგოგზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩემი აზრით, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება თითოეულ ბავშვს, მათი პიროვნული თვისებების გათვალისწინება განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ქმნის პედაგოგსა და მოსწავლეს შორის და ეს ყოველთვის აისახება შედეგზე... დღეს სკოლა ძალიან განსხვავდება ჩემი დროის სკოლისაგან. ძალიან ძნელია მოსწავლის დაინტერესება ნებისმიერი საგნით, როცა მათ ხელში მობილური უჭირავთ... სკოლაში გარკვეული დისციპლინა აუცილებელია, ეს მობილიზებას უკეთებს ბავშვებს და აადვილებს მასალის ათვისებას. არა ვარ ზედმეტი მიშვებულობის და არც ნამეტნავად გლობალიზაციის მომხრე, ყველგან ზომიერებაა საჭირო. მასწავლებელი მისაბაძი უნდა იყოს ყველასთვის და სად იპოვი ბუნებით პედაგოგს იმდენი სკოლისთვის, რამდენიც დღეს საქართველოში გვაქვს? ძალიან გაჭირდება...

და კიდევ, სწავლასთან ერთად, არანაკლები მნიშვნელობა აქვს აღზრდას, რაც დღევანდელ სკოლებში, მგონი, საერთოდ უგულებელყოფილია.

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ რამე...

- სამწუხაროდ, მეუღლე გარდამეცვალა. მყავს სამი შვილი და 7 შვილიშვილი. ზაფხულობით სოფელში ვარ, ზამთრობით - შვილებთან: ქუთაისში, თბილისში ან მცხეთაში.

91-wlis-qali-3-1644848585.jpg
ნაზიბროლა ლორია-მსხილაძის მშობლები - ლუკა ლორია და ნინა შანიძე

- თქვენ წერილი გამოგვიგზავნეთ, სადაც თხოვნით მიმართავთ "კვირის პალიტრის" რედაქტორს, გიორგი თევდორაშვილს, რომ მეტი ადგილი დაუთმონ იუმორისტულ წერილებს, პოზიტიურ სტატიებს და ნაკლები - პოლიტიკას. იმასაც სთხოვთ, რომ აღადგინონ რუბრიკა "უბრალოდ, ფრაზა", რომელსაც ქალბატონი ლალი გუნთაიშვილის სიცოცხლეში და მისი რედაქტორობისას ჩაეყარა საფუძველი... როცა გარშემო უამრავი საინფორმაციო წყაროა, თქვენთვის გაზეთი ისევ აქტუალურია. შეგიძლიათ მითხრათ, რა არის ამის მიზეზი?

- დღეს კი არსებობს ინფორმაციის უამრავი საშუალება, მაგრამ პრესა შეუცვლელია და ასე იქნება მომავალშიც! ჯერ კიდევ სამოციან წლებში, ცისფერ ეკრანს რომ მივეჯაჭვეთ, მაშინაც წინასწარმეტყველებდნენ გაზეთების გაქრობას, მაგრამ არ ახდა ეს ამბავი, იმიტომ, რომ გაზეთს აქვს თავისი დადებითი მხარეები, რომელსაც ტელევიზია და ინტერნეტი ვერასდროს შეცვლის. ქართულ გამოცემებს შორის „კვირის პალიტრას“ თავისი სახე აქვს, აკადემიურობით, ზომიერებით, პროფესიონალიზმით, ბევრი კარგი რუბრიკით, მცოდნე ჟურნალისტებით, ჩემთვის ყველაზე მისაღები გაზეთია.

ჩემი შენიშვნებიც მაქვს და სურვილებიც, რომელიც წერილში მოგწერეთ. ძალიან მინდა, ეს გაზეთი ძველებურად ზრუნავდეს ქართულ ენაზე და ნახევარი გვერდი მაინც დაეთმოს პოეზიას... იმედია, ამ სურვილს შემისრულებენ.

- ლექსებს თქვენც ხომ არ წერთ?

- რა გითხრათ, არ დამანათლა განგებამ ლიტერატურული ნიჭი და კიდევ კარგი, თორემ ამდენ მწერლებში მე სად გამოვჩნდებოდი... აი, სხვისი ლექსების კითხვა და დასწავლა ძალიან მიყვარს, დღემდე ვსწავლობ ახალ-ახალ ლექსებს. პოეზია მიყვარს, ზოგადად, კონკრეტულად კი ვერც ერთ პოეტს გამოვარჩევ. ალბათ, გალაკტიონი მაინც სხვა არის, უცნობია ჯერ კიდევ... ძალიან მიყვარს ანა კალანდაძე, შოთა ნიშნიანიძე, მურმან ლებანიძე, ლადო ასათიანი და სხვები და სხვები... ბავშვობიდან მოყოლებული, ბლოკნოტში ვიწერ ყველა ლექსს, რომელიც მომეწონება, მერე დროდადრო ვკითხულობ და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

91-wlis-qali-1644848483.jpg

- "კვირის პალიტრის" გამორჩეული სტატია თუ გახსოვთ ან რომელი ავტორის ხელწერა მოგწონთ?

- ახლა კონკრეტული არაფერი მახსენდება, მაგრამ ბევრი კარგი მასალა წამიკითხავს. გამოვყოფდი მამუკა არეშიძეს (გაზეთს რომ გადავშლი, პირველად მამუკას წერილს ვეძებ და თუ არის, სიამოვნებით ვკითხულობ), ხათუნა ლაგაზიძის, დათო მაღრაძის წერილებს, ეთერ ერაძის სტატიებს.

მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ სამხედრო საქმისგან, ასევე - სპორტისგან, მაინც უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ ირაკლი ალადაშვილისა და რატი შელეგიას წერილებს. მადლობა მინდა გადასცეთ მათ პროფესიონალიზმისთვის და წერის კულტურისთვის. მახსენდება, რატი შელეგიას წერილი მარადონას შესახებ, რომელსაც სამჯერ მივუბრუნდი და ხელახლა წავიკითხე; ლიტერატურულ ნაწარმოებს შევადრიდი ამ წერილს და გამორჩეული მადლობა მას ამისთვის. ალბათ, ჩვენი საუბარი უფრო ვრცელიც და საინტერესოც გამოვიდოდა, მაგრამ ახლახან კოვიდი გადავიტანე და ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს, მეტის მოწერა ჯერჯერობით ვერ შევძელი... მაპატიეთ ამის გამო.

- მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხეთ: თქვენს ცნობილ ჯგუფელებთან ურთიერთობა სწავლის დასრულების შემდეგ არ გქონიათ?

- უნდა გავამხილო, ცოტა არ იყოს მწყდებოდა გული, რომ ლიტერატურაზე და სხვა საკითხებზე სასაუბროდ არავინ მყავდა ახლომახლო. თუმცა, რეზო ინანიშვილთან მიმოწერა მქონდა და ალბათ, წერილში დავიჩივლე, ზუსტად არ მახსოვს, - სოფელში ვცხოვრობ და ძალიან დავშორდი ყველაფერს-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? "იამაყე, რომ სოფელში ცხოვრობ; რომ ხარ სოფლის მასწავლებელი! იამაყე, რომ გაზარდე სამი შვილი". ჰოდა, ამაზე მეტი შეფასება და შექება მე არც არასდროს მდომებია.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)