კასპიის ზღვიდანაც შავ ზღვაში - რუსული სარაკეტო ხომალდების რიცხვი კიდევ იზრდება... - კვირის პალიტრა

კასპიის ზღვიდანაც შავ ზღვაში - რუსული სარაკეტო ხომალდების რიცხვი კიდევ იზრდება...

ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებიდან შავ ზღვაში დიდი სადესანტო ხომალდების გადმოსროლის შემდეგ, კასპიის ზღვიდან ჯერ აზოვის ზღვაში და შემდეგ შავ და ხმელთაშუა ზღვებში რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტილიის სარაკეტო ხომალდების გადაყვანის ჯერი დგება.

რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტილია თავისი სიძლიერით ჩამოუვარდება როგორც შავი ზღვის, ისე, ბუნებრივია, ჩრდილოეთისა თუ წყნარი ოკეანის ფლოტებს, თუმცა თავისი საბრძოლო წვლილის შეტანა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ, სამხედრო კამპანიის დაწყების შემთხვევაში, ნამდვილად შეუძლია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს კასპიის ზღვის ფლოტილიის რიგი ხომალდების აზოვის ზღვაში გადაყვანის პროცესი ვოლგა-დონის არხის გამოყენებით.

101 კმ სიგრძის ვოლგა-დონის არხის გამოყენებით რუსეთს წინა წლებშიც გადაუყვანია სარაკეტო ხომალდები კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში, სირიის სანაპიროსთან, ტარტუსის რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზაში და შემდეგ - იმავე მარშრუტით უკანვე დაუბრუნებია, ასე რომ, ეს პროცესი რუს ადმირალებს უკვე წინასწარ აქვთ დახვეწილი.

2-1644830857.jpg
„ბუიანის“ ტიპის ხომალდიდან „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტის სტარტი

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კასპიის ზღვის ფლოტილია 32 სხვადასხვა რანგის მცურავი საშუალებისგან შედგება, რომელთა შორის ყველაზე ანგარიშგასაწევია ორი სადარაჯო ხომალდი - „ტატარსტანი“ და „დაგესტანი“,ასევე - „ბუიანის“ ტიპის ექვსი მცირე სარაკეტო ხომალდი, რადგან ისინი შეირაღებულნი არიან „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით, რომლებიც კარგად ცნობილი ამერიკული „ტომაჰავკების“ რუსულ ანალოგს წარმოადგენენ.

2015 წლის შემოდგომიდან, რაც რუსეთმა სირიაში თავისი სამხედრო ოპერაცია დაიწყო, კასპიის ფლოტილიის ამ მცირე სარაკეტო ხომალდებმა უშუალოდ კასპიის ზღვის აკვატორიიდან თავისი „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტები ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეების გავლით, სირიის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებისკენ არაერთხელ გაუშვეს.

3-1644830910.jpg
„კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტა ზღვის თავზე, დაბალ სიმაღლეზე ფრენის დროს

რუსული ფრთოსანი რაკეტის - „კალიბრის“ საზღვაო ვარიანტის მოქმედების მანძილი 2 ათას კმ-ს შეიძლება აღწევდეს და გამომდინარე იქიდან, რომ ეს რაკეტა ზუსტი დამიზნების თანამედოვე აპარატურითაა აღჭურვილი, ადვილად გასათვლელია, თუ რა საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს არა მარტო უკრაინის, არამედ - ნატოს წევრი რიგი ქვეყნების სტრატეგიული ობიექტები, თუკი „კალიბრების“ მასობრივი სტარტი შავი და მითუმეტეს - ხმელთაშუა ზღვების აკვატორიებიდან განხორციელდება.

„კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით, კასპიის ზღვის ფლოტილიის ხომალდების გარდა, ასევე, აღჭურვილია შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ფრეგატები და დიზელისძრავიანი ექვსი წყალქვეშა ნავიც.

კასპიის ზღვის ფლოტილიის მცირე სარაკეტო ხომალდების (მათი სრული წყალწვა ათას ტონასაც არ აღწევს და წყალში მათი კორპუსი მხოლოდ 2,6 მ-მდეა „ჩამჯდარი“, რაც ვოლგა-დონის არხით გადასვლის საშუალებას იძლევა) შავ და ხმელთაშუა ზღვებში გადაყვანის შემდეგ ისინი რუსეთის ფლოტის ოპერატიულ რეზერვს შექმნიან და, სიტუაციიდან გამომდინარე, გააძლიერებენ მოსკოვის საზღვაო ინტერესებს ან ყირიმის ნახევარკუნძულთან, ანდაც იტალიის სანაპიროებთან, თუკი თურქეთმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით თავისუფლად ცურვის უფლება მისცა რუსეთის სამხედრო ხომალდებს.

მონტროს კონვენციის თანახმად, თურქეთს უფლება არ აქვს, მშვიდობიან პერიოდში ხელი შეუშალოს შავი ზღვისპირა ქვეყნების (რომელსაც რუსეთიც განეკუთვნება) სამხედრო ხომალდების გავლას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში, თუმცა საომარი სიტუაციის დადგომის შემთხვევაში, თუკი თურქეთიც ომის მონაწილე ხდება, მაშინ ამ კონვენციის თანახმად, ბევრი რამე მნიშვნელოვნად იცვლება...