"მომღერალი რომ არ ვიყო, კვანტური ფიზიკის დოქტორი ვიქნებოდი" - რა საქმეს ასრულებდა ოთო ნემსაძე დღეში 8 ლარად?
სახელი, გვარი: ოთო ნემსაძე.
ასაკი: 32 წლის.
განათლება: დაამთავრა ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი.
პროფესია: მუსიკოსი.
ჰობი: თევზაობა.
ცხოვრების დევიზი: "მივიღო მაქსიმალური სიამოვნება ისე, რომ სხვას არ შევუშალო ხელი სიამოვნების მიღებაში".
- წარმოიდგინე, რომ არავინ გიცნობს. საზოგადოებას საკუთარ თავს როგორ წარუდგენ - ვინ ხარ?
- პოპულარობამდეც ოთო ნემსაძე ვიყავი, ახლაც ასეა და, რომ დავბერდები, ისევ ოთო ნემსაძე ვიქნები. მნიშვნელობა არა აქვს, ადამიანი რას საქმიანობ, პოპულარული ხარ თუ არა. როგორიც გაჩნდი, ალბათ, ცხოვრება ისეთმა უნდა გააგრძელო და ყველაფერი დალაგდება...
- როგორი ხარ?
- კომუნიკაბელური.
- მომღერალი რომ არ იყო, ვინ იქნებოდი?
- კვანტური ფიზიკის დოქტორი. პროფესიით ეკონომისტი ვარ - სწავლისას მათემატიკის მაღალი რანგები მაქვს გავლილი, ფიზიკაც ძალიან მიყვარს... მოკლედ, მომღერალი რომ არ ვიყო, ფიზიკა-მათემატიკის სპეციალისტი ვიქნებოდი.
- ადამიანებს რა ნიშნით აფასებ?
- არსებობენ კეთილები, ნაკლებად კეთილები და ბოროტი ადამიანები. ადამიანთან მეგობრობა შემიძლია, თუკი ის კეთილია. ნაკლებად კეთილებთან და ბოროტებთან ვერ ვიმეგობრებ.
- შენს ცხოვრებაში თუ არის ეპიზოდი, რომლის გახსენებისას ყოველთვის სიამოვნებისგან გეღიმება?
- კი, ცხოვრებაში ბევრი ასეთი ეპიზოდი მქონია (იღიმის). მაგალითად, ძალიან კარგად მახსოვს, 2010 წელს "ჯეოსტარში" რომ გავიმარჯვე. ის შეგრძნება განუმეორებელია! მაშინ ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყე... იმ შეგრძნების გახსენება დღემდე ძალიან მაბედნიერებს.
- როგორ ფიქრობ, ადამიანს შეუძლია, მეორე ნახევრის გარეშე სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?
- ჩემი აზრით - კი, თუმცა მე ისეთი ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვისაც ეს შეუძლია. ყველაზე მეტად სიმაღლის და მარტოობის მეშინია.
- ფობიის დონეზე?
- სიმაღლის შიში ფობიაა. მარტოობას რაც შეეხება, ოთახში მარტო დაძინების არა, მაგრამ უკაცრიელ კუნძულზე მარტო დარჩენის მეშინია (იცინის).
- შენ და შენი მეუღლე სოფო ერთმანეთს რა მეტსახელებით მიმართავთ?
- ასეთი ბევრია. ერთ-ერთი მათგანია "ტვირტო".
- რას ნიშნავს?
- არაფერს. უბრალოდ, ჩვენ მიერ მოგონილი სიტყვაა. ბევრი მსგავსი სიტყვა გვაქვს მოგონილი...
- რომელი საკვები პროდუქტია შენს მაცივარში მუდმივად?
- ავოკადო. ისე მიყვარს, რომ შემიძლია, ვაშლივით ვჭამო.
- რომელ სოციალურ ქსელს ანიჭებ უპირატესობას - "ინსტაგრამს" თუ "ფეისბუკს"?
- "ფეისბუკს", რადგან ნერვები არ მყოფნის, რომ ყველა სოციალურ ქსელში ერთნაირად ვიაქტიურო. მენეჯერს ავიყვან და ის მიხედავს, რადგან თავად აქტიურობა ძალიან მეზარება ხოლმე, თუმცა "ინსტაგრამის" და "ფეისბუკის" ჩემი ანგარიშები ერთმანეთზე "მიბმული" მაქვს.
- ზაფხული თუ ზამთარი?
- ზამთარი. თოვლი, ტყეში სიარული ძალიან მიყვარს!.. ზაფხულიც მიყვარს, მაგრამ სიცხე - არა.
- ყავა თუ ჩაი?
- ჩაი.
- ფილმი თუ სერიალი?
- სერიალი. ფილმი მალე რომ მთავრდება, ნერვები მეშლება (იცინის).
- ბოლოს რომელი სერიალი ნახე?
- "ზღვარს მიღმა".
- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?
- როცა დამჭირდება, მინდა, ბევრი ვიყო ხოლმე, რა. მსურს, 5 კლონი მაინც მყავდეს - შემცვალონ და ვამუშაო. როცა ჩემი კონცერტების დაწყების დრო ერთმანეთს დაემთხვევა, კლონები ყველგან ვამღერო.
- თავად დაისვენებ თუ რომელიმე კონცერტზე იქნები?
- არა, არა, მე მთავარ კონცერტზე ვიმღერებ, კლონებს კორპორაციულ წვეულებებზე გავუშვებ (იცინის).
- შენი პირველი გასამრჯელო რა თანხა იყო?
- 8 ლარი დღეში.
- რა სამუშაოს შესრულებისთვის მიიღე?
- მოკრეფილი ქლიავით სავსე ყუთებს ტრაქტორზე ვაწყობდი. მაშინ 14-15 წლის ვიყავი. გორში ვცხოვრობდი. ხეხილის ერთ-ერთ დიდ ბაღში ქლიავს კრეფდნენ...
- შენ მიერ გამომუშავებულ თანხას რას ახმარდი?
- ალბათ, სკოლის ბუფეტში, მეგობრებთან ერთად ვხარჯავდი.
- როგორ ფიქრობ, სიყვარული ფსიქიკური აშლილობაა?
- კი. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ფსიქიატრია თავად დედამიწაა, რა: ყოველდღე თვალს რომ ახელ ადამიანი, ახალ რაღაცებს ხედავ, ფერებს აღიქვამ, ჩემთვის ეს უკვე საოცრებაა. შეიძლება, ისეთი სამყაროები არსებობდეს, რომლებიც ამ ყველაფერს ვერ აღიქვამენ ან მათ თავად ვერ აღვიქვამთ. შესაბამისად, დედამიწაზე რაღაც სიგიჟეში ვცხოვრობთ. თან, არ ვიცით, ცის ქვეშ სად ვართ გამოკიდებული, ბევრ რამეზე წარმოდგენა არ გვაქვს... მოკლედ, მთელი დედამიწა ერთი დიდი ფსიქიატრიულია (იღიმის).
- შენი საყვარელი სიმღერა დაგვისახელე...
- ზვიად ბოლქვაძის "გარეთ ისევ წვიმს".
- დღის განმავლობაში, ტელეფონით ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?
- სოფოს. მხოლოდ მას ვურეკავ. დანარჩენები აქეთ მირეკავენ (იცინის)... სოფოს სამსახურის ამბებზე, ძაღლის სადმე დატოვებაsa და მსგავს თემებზე ველაპარაკები. ძაღლს შინ მარტო არ ვტოვებთ. ამიტომ, როცა ორივე გავდივართ, განვიხილავთ, ჩვენი ოთხფეხა მეგობარი სად წავიყვანოთ...
- რა მავნე ჩვევა გაქვს?
- დიდი რაოდენობით სიგარეტს ვეწევი. ვცდილობ, "გადავაგდო", მაგრამ ვერ "ვაგდებ". ძალიან მავნე ჩვევა მაქვს... კიდევ, ინსომნიას დავასახელებ: არ ვიცი, ეს მავნე ჩვევა თუ არის, მაგრამ - ვერ ვიძინებ. 15-20 წელია, სიზმარი არ მინახავს.
- უძილობისას რას აკეთებ?
- მაგალითად, ფილმს ვუყურებ...
- შენ შესახებ ისეთს რას გვეტყვი, რაც საზოგადოებამ არ იცის?
- არანორმალური რომ ვარ, საზოგადოებამ ეს იცის (იცინის)... მოყვარულის დონეზე კრივით ვარ დაკავებული.
- სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?
- მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, ჩემი სახით სამყაროს ცუდი ადამიანი არ შეუძენია. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, ასე იყოს... შემიძლია, სამყაროს ბევრი კარგი მუსიკა დავუტოვო...
- შენი ცხოვრების მთავარი ფასეულობა რა არის, რაც ცხოვრებაში შენს ქმედებებს განსაზღვრავს?
- პატიოსნება და იმ საქმის სიყვარული, რასაც ვაკეთებ. თუ ადამიანს შენი საქმე არ გიყვარს, ვერაფერს გააკეთებ; თუ პატიოსანი ადამიანი არ ხარ, რაც გინდა, ის აკეთე - არ მაინტერესებს.
- 10-15 წლის შემდეგ შენი ცხოვრება როგორ წარმოგიდგენია?
- ჩემ შესახებ ძალიან ბევრს გაიგებთ სხვადასხვა ქვეყნიდან (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"