„დასავლეთი უნდა შეეცადოს, რომ "რუსულ დათვს" გაუგოს“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა
„დასავლეთი უნდა შეეცადოს, რომ "რუსულ დათვს" გაუგოს“, - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანული გაზეთის - „თაიმსის“ (The Times) 15 თებერვლის ნომერში, რომლის ავტორი, პოლიტიკური მიმომხილველი კევინ პრინგლი უკრაინის საერთაშორისო სტატუსის პერსპექტივაზე მსჯელობს და კიევს მოსკოვთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს.
გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
ემანუელ მაკრონის მიერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ნათქვამი ფრაზა, - უკრაინის, ისევე, როგორც ყოველი ევროპული ქვეყნის, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგესო, - სწორია, მაგრამ - არარეალური. ჩვენ, რასაკვირველია, ყველას გვსურს ასეთ მსოფლიოში ცხოვრება, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სხვა მსოფლიოში ვიმყოფებით. საკითხი მხოლოდ სამხედრო აგრესიის საფრთხეს არ ეხება. საქმე ისაა, რომ არიან ძლიერი სახელმწიფოები და არიან - სუსტები. ძლიერები სუსტებს ჩაგრავენ. ამასთან, ყოველი ქვეყანა, მეტად თუ ნაკლებად, ძლიერი არის თუ სუსტი, მაინც შეზღუდულია გეოგრაფიის და ეკონომიკის ძლიერი ფაქტორებით, პლუს - ისტორიული ხსოვნის ფაქტორით.
1969 წელს კანადის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა პიერ ტრუდომ (ამჟამინდელის - ჯასტინ ტრუდოს მამამ) კეთილი იუმორით გამოხატა სამხრეთელ მეზობელთან - აშშ-სთან ურთიერთობა: „თქვენ გვერდით ცხოვრება სპილოსთან ერთად ცხოვრებას ნიშნავს. როგორი წყნარი და აუღელვებელიც არ უნდა იყოს სპილო, მისი ყოველი ამოსუნთქვა და სხეულის მიხვრა-მოხვრა ჩვენზე მაინც მოქმედებს“.
თანამედროვე მსოფლიოში მსგავსი ანალოგები ბევრი შეიძლება მოიძებნოს, მათგან ერთ-ერთს რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობა წარმოადგენს.
უკრაინა არასახარბიელო და სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება იმით, რომ "რუსული დათვის" გვერდით აღმოჩნდა. იმავდროულად, რუსეთსაც აქვს საკუთარი უსაფრთხოების პრობლემები, რომლებიც, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღიარა, ევროპას ნაკლებად აინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის ინტერესებს კანონიერი თუ უკანონო მეთოდებით იცავს, მის არსებობას გვერდს ვერ აუვლი, ის ნამდვილად არსებობს, მოგვწონს თუ არ მოგვწონს.
რუსეთის გეოგრაფია და ისტორია მეფის, სახალხო კომისრებისა თუ პრეზიდენტების მმართველობის დროს მოსახლეობას იძულებულს ხდის, დასავლეთის თავდასხმებისაგან და ხელყოფისაგან დაუცველობაზე ჩაიციკლოს. ტიმ მარსალის წიგნის - „გეოგრაფიის ტუსაღების“ მიხედვით თუ ვიტყვით, „რუსებს დასავლეთ-ევროპელებისაგან ბევრი არასასიამოვნო მოვლენა ახსოვთ, 1812 წლის ნაპოლეონ ბონაპარტის ლაშქრობიდან მოყოლებული, ყირიმის ომი და ორი მსოფლიო ომი გერმანიის მონაწილეობით ჯერ რუსეთის, შემდეგ კი - ჩრდილო-ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, საშუალოდ, ყოველ 30-33 წელიწადში“.
თუ როგორ ვითარდებოდა რუსეთი „ცივი ომის“ შემდეგ, ეს თვითონ მოსკოვის საშინაო საქმე იყო, მაგრამ, აშკარაა, რომ დასავლეთმა მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა. დიახ, ამ დროს უკვე ომები აღარ იყო და რუსეთ-ევროპას შორის თითქოს უკვე დიდსულოვნებამ და სიკეთემ დაისადგურა, მაგრამ რუსები მაინც გრძნობდნენ ევროპელთა ტრიუმფატორობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთმა მართლაც შეძლო რუსეთი „ფრჩხილით მიეჭყლიტა“, დაემცირებინა, მაგრამ სამაგიეროდ, თავისი მოქმედებით რუსებში პარანოია გააღვიძა. მოკლედ, თვითონ დასავლეთმა შექმნა იდეალური პირობები რუსეთში ისეთი ადამიანის გამოჩენისათვის, როგორსაც ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს. ახლა ევროპა იძულებული ხდება, შეცდომის ფასი გადაიხადოს.
ნატომ „ჩაყლაპა“ ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ყველა ყოფილი სოციალისტური ქვეყანა, ჩაყლაპა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც და არათუ ეხმარებოდა, პირიქით, ხელს უშლიდა რუსეთს ახალი კონსტრუქციული საერთაშორისო ურთიერთობების აწყობაში, რაც, თავის მხრივ, აყოვნებდა და ამუხრუჭებდა რუსულ საზოგადოებაში პლურალიზმის გაღრმავებას.
ნატოს შემადგენლობაში უკრაინისა და საქართველოს მიღება კიდევ უფრო გაამძაფრებს ისედაც სახიფათო მდგომარეობას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთმა, ხედავდა რა "რუსული დათვის" სიახლოვეს, ანგარიში გაუწია რეალობას და მას თავისი სუვერენიტეტის ნაწილი შესწირა, ნეიტრალური ქვეყანა გახდა. დიახ, ჰელსინკი იძულების წინაშე დადგა, მაგრამ ეს მაინც უკეთესი მდგომარეობა იყო, ვიდრე იოსებ სტალინის „ეკლიან ხელთათმანებში“ მოხვედრა.
ვლადიმერ პუტინის აგრესიული მოქმედება აუცილებელია დაიგმოს, მაგრამ სიტუაცია შეიძლება გაუმჯობესდეს, თუ შევეცდებით, რუსეთს გავუგოთ“. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ