"მთა ჩამოინგრა კავკასიონის"... "ვაჟკაცურად იბრძოლა, მარადისობაში გადავიდა"...
თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა... ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილები სოციალურ ქსელში ავრცელებენ...
"ვაჟკაცურად იბრძოლა, მარადისობაში გადავიდა. უფალს ვაბარებთ მამა, შენ ნათელ სულს", - წერს ზაზა მეჭიაური.
თამაზ მეჭიაური დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა კლინიკაში, კორონავირუსის შემდგომი გართულებებით და ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
როგორც პრემიერი ფეისბუქზე წერს, მისი სახით ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი - კარგი მამულიშვილი.
“მწუხარებას გამოვხატავ გამორჩეული პოლიტიკოსისა და მოღვაწის, ბატონი თამაზ მეჭიაურის, გარდაცვალების გამო.
მისი სახით ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი - კარგი მამულიშვილი.
ამ მძიმე წუთებში, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თამაზის ოჯახსა და ახლობლებს”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
"არ ვიცი, რა ვთქვა, ან ტკივილი გულში როგორ ჩავკლა... მთა ჩამოინგრა კავკასიონის...", - "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასე გამოეხმაურა თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების ამბავს დავით ფაცაცია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი.
თამაზ მეჭიაური პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, თამაზ მეჭიაურს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და ის დღეს დილით გარდაიცვალა, კორონავირუსის შემდგომი გართულებებით, იგი კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ გადაიყვანეს.
თამაზ მეჭიაური 2012–2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ასევე იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს უთანხმოების გამო დატოვა „ქართული ოცნება“ და დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი იყარა, თუმცა არჩევნებში გამარჯვება ვერ მოიპოვა.
"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს ბატონი თამაზის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.