„რაც ხდება, ეს უფრო ნერვების ომია, ვნახოთ, ვინ უფრო მაგარი იქნება ამ ნერვების ომში“
„რაც ხდება, ეს უფრო ნერვების ომია, ვნახოთ, ვინ უფრო მაგარი იქნება ამ ნერვების ომში“
დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული და მსოფლიოს ლიდერები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ომი არ დაიწყოს და რუსეთს უკან დაახევინონ. უკრაინის ირგვლივ მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე გვესაუბრება ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.
თორნიკე შარაშენიძე:
- ყველას თავისი ანალიზი აქვს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ომი არ იქნება. ამ ეტაპზე რუსეთს ომი არაფერში სჭირდება. მან თავის მიზანს მიაღწია, დასვა მოლაპარაკების მაგიდასთან ამერიკა, მას ელაპარაკება და რატომ უნდა დაიწყოს ომი, ეს ჩემთვის გაუგებარია. რას მოიგებს ამით? დამატებით ტერიტორიებს თუ წაართმევს, მერე რა? მთლიან უკრაინას ვერ აიღებს, წესით და რიგით, და მორჩება საბოლოოდ იმით, რომ ადრე თუ გვიან დანარჩენ უკრაინაში შეიძლება ამერიკული ბაზა გაჩნდეს. ეს მე მგონი არ აწყობს რუსეთს. თუ ომი დაიწყო, მსხვერპლიც დიდი იქნება, სანქციებსაც დაადებენ რუსეთს, ამან შეიძლება დიდად არ დაანგრიოს რუსეთის ეკონომიკა, მაგრამ რაღაც ზარალს მაინც მიაყენებს. შესაბამისად, რატომ უნდა იომოს, ეს ვერ გამიგია.
- მაშინ ამხელა ტექნიკის და ჯარის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან რატომ მოხდა?
- ფაქტია, ამ ნაბიჯითაც ძალიან დააზარალა უკრაინა. უკრაინიდან ინვესტიციები გადის, მილიარდები გადის, ეკონომიკა მძიმე დღეშია. მძიმე კრიზისშია ქვეყანა, უკრაინა არის სერიოზული ზეწოლის ქვეშ. დასავლეთს ეშინია და ფიქრობს, რომ ომი დაიწყება. რამდენიმე ავიაკომპანია გავიდა უკრაინიდან, რამდენიმე სადაზღვევო კომპანიამაც დატოვა ქვეყანა, ზარალი მიაყენეს და თან ეუბნებიან უკრაინას, რომ უნდა შეასრულოს მინსკის შეთანხმება - ეს არის დონბასი უკრაინის შემადგენლობაში, ოღონდ ისეთი უფლებებით და იმ პირობით, რომ მერე დონბასი დაბლოკავს უკრაინის საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს, არაფრის საშუალებას არ მისცემს. არა მხოლოდ ნატოში, ევროსაბჭოში გაწევრიანების საშუალებასაც არ მისცემს. ვხედავთ, ქვეყნის ლიდერები როგორ მოუწოდებენ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებს, დატოვონ ქვეყანა. ამ ეტაპზე ომი არ სჭირდებათ, ისედაც ძალიან დააზარალა უკრაინა ამ ყველაფერმა.
- ვიცით, ამერიკის პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის დიალოგი შედგა, რა შედეგი ექნება ამ საუბრებს?
- არ ვიცი, რა შედეგი ექნება. ფაქტია, რუსეთი ცდილობს, ამერიკისგან მიიღოს რაღაც დათმობები და ამიტომ აყენებენ ჯარს უკრაინის საზღვრებთან. არც ის ვიცი, ამერიკელები რამდენად ფიქრობენ გადაწყვეტილად, რომ რუსები მართლა შეიჭრებიან, მაგრამ ფაქტია, მოლაპარაკებებში ამერიკას უფრო ძლიერი პოზიციები აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკას ჰყავს მოკავშირეები ევროპაში, შეუძლია განალაგოს რაკეტები, ანტისარაკეტო სისტემები, რუსეთს მსგავსი რამ არ გააჩნია, უფრო სუსტია. ამიტომ რუსეთი უკრაინას აბულინგებს ასე და ეუბნება, შევიჭრებიო. ამაშია საქმე, რას მიიღებს რუსეთი, მაქსიმუმი, რაც შეიძლება მიიღოს ისაა, რომ რაღაც დონეზე მოლაპარაკება შედგეს ანტისარაკეტო სისტემების თაობაზე, ამერიკამ ანტისარაკეტო სისტემები შეიძლება არ განათავსოს და ამის შემდეგ რუსეთი უკრაინას შეეშვას. ამ ეტაპზე რაც ჩანს, ეს შეიძლება მოხდეს. რამდენად აიძულებს რუსეთი უკრაინას, რომ შეასრულოს მინსკის შეთანხმება, ეს სხვა თემაა, ახლა ამაზე მიდის ჭიდაობა.
- უკრაინა შეასრულებს მინსკის შეთანხმებას?
- ვნახოთ, როგორ განვითარდება ვითარება. სამწუხარო ფაქტია - უკრაინიდან გადის დიდი ფული და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, ალბათ, მთელ ქვეყანას.
- იმ შემთხვევაში, თუ მაინც დაიწყებს რუსეთი ომს, როგორ ფიქრობთ, ამერიკა და სხვა ქვეყნები ჩაერევიან ამ ომში?
- იარაღს მიაწვდიან, რუსეთს დაადებენ სანქციებს, მაგრამ არავინ აპირებს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ იომოს, ეს ყველამ ღიად თქვა და ამის ილუზიები თუ ჰქონდა ვინმეს ჩვენთან, რომ შევარდებიან და იომებენ, არ უნდა ჰქონდეთ. 45-მილიონიანი ქვეყანაა, მიაშველებენ იარაღს, დაადებენ რუსეთს სანქციებს, ფულსაც მიაშველებენ, მეტი რა უნდა ქნან, მესამე მსოფლიო ომს არ დაიწყებენ ასე მარტივად, თუნდაც უკრაინის გამო. უკრაინასაც, ანექსიის შემდეგ 8 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ ქვეყანაში ფეხზე დაეყენებინა შეაიაღებული ძალები. ამდენი ფული მისცეს, ამდენი იარაღი და ამხელა ქვეყანამაც უნდა მოახერხოს რაღაც, როცა ამდენს გეხმარებიან, შენს მაგივრად არ იომებენ.
- რა ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინამ?
- უნდა გააძლიეროს ჯარები და კორუფცია უნდა აღმოფხვრას, დანარჩენს, ყველაფერს უკეთებენ უკრაინას...
- ბრიტანეთის, პოლონეთის და უკრაინის ალიანსზე დაიწყო საუბარი, ამ მიმართულებით რა ცვლილებებს ელოდებით?
- საქმე საქმეზე რომ მიდგება, რა ჯარებს გაუშვებენ უკრაინაში, და პოლონელები და ინგლისელები იქ იომებენ რუსეთის წინააღმდეგ? მე მგონი, ამას არ აპირებენ. ასე მარტივად ეს არ მოხდება. პირდაპირ, ღიად ომს ამხელა მონსტრ ქვეყნასთან არავინ აპირებს, ეს უნდა გავიაზროთ ჩვენ. თავიანთ ჯარს არ დააყენებენ. ნატოს წევრი ქვეყანა არ არის უკრაინა და მისი დაცვის ვალდებულებაც არ აქვთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შეთანხმებაში ჩაიწერება და ჯარებს შეიყვანენ და დაიცავენ უკრაინას. ასე მარტივად ამ ნაბიჯზე ვერ წავა ვერავინ, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე აქვთ მსოფლიოში მეორე ბირთვულ ქვეყანასთან. ასე მარტივი არ არის მასთან ომი. გვინდა-არ გვიდა, ამ სახელმწიფომ მოიკრიბა ძალები, მათ შორის, ჩვენს ხარჯზეც და რუსეთის დაცინვა არაფერს მოიტანს.
- დასავლეთ ევროპის ქვეყნების პოზიციები უფრო შერბილებულია. ისინი ცალსახად ომის დაწყებაზე არ საუბრობენ. აშკარად განსხვავებულია ამერიკის, ბრიტანეთის და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოზიციისგან, ამ განსხვავებას რით ხსნით?
- უფრო ახლოს არიან რუსეთთან და, შესაბამისად, ეშინიათ. თავისთავად ცხადია, შიშით აიხსნება, მაინც მეზობელია და იქნებ მორიგდნენ, რაღაცნაირად, ამით აიხსნება. რაც ხდება, ეს უფრო ნერვების ომია და ვნახოთ, ვინ უფრო მაგარი იქნება ამ ნერვების ომში. ცდის რუსეთი ნერვებს.
- საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ ძალიან შერბილებულ რეზოლუციის გამო და იმასაც ამბობენ, თუ უკრაინასთან გაუვიდა, მერე საქართველოსაც მოუბრუნდება რუსეთი, თვლიან, რომ უფრო მწვავე უნდა იყოს საქართველოს პოზიცია ამ სიტუაციაში, ამაზე რას იტყვით?
- თუ გადაწყვეტილი აქვს, ჩვენც მოგვიბრუნდეს, რა მნიშვნელობა აქვს რეზოლუციაში მის ხსნებას, გაჩერებს? ლოგიკა არ მესმის. ის პოზიცია, რაც უჭირავს დღევანდელ ხელისუფლებას, დამანგრეველ პოზიციად არ მიმაჩნია, შეიძლება, რაღაც პოლიტიკა გააკრიტიკო, მაგრამ ქვეყანა დააქცია ამ პოზიციამო, მე ასე არ მიმაჩნია.
(სპეციალურად საიტისთვის)