საბჭოთა დეზინფორმაციული ოპერაციების კვალდაკვალ: “შიდსის ვირუსი ამერიკამ შექმნა” - კვირის პალიტრა

საბჭოთა დეზინფორმაციული ოპერაციების კვალდაკვალ: “შიდსის ვირუსი ამერიკამ შექმნა”

საბჭოთა “დეზინფორმაციული ბიუროს” მემკვიდრის, კა-გე-ბეს პირველი მთავარი სამმართველოს განყოფილება “დ” (დეზინფორმაცია) გახდა, რომელიც 1959 წლის იანვარში შეიქმნა, ხოლო 1966 წლის ოქტომბრიდან ამ განყოფილების სტატუსი გაიზარდა და დეზინფორმაციული ოპერაციების კოორდინაციისთვის შეიქმნა სამსახური "ა" (“აქტიური ღონისძიებები”).

საბჭოთა დეზინფორმაციის პროცესს სკკპ-ის შესაბამისი სტრუქტურები ხელმძღვანელობდნენ. დეზინფორმაციული ღონისძიებების მთავარი შემკვეთები სკკპ იდეოლოგიური და აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებები იყვნენ. მათ ევალებოდათ დავალებების განაწილება და შესრულებაზე კონტროლის დაწესება.

ამიტომ 1967 წელს, ცკ-ის მდივნის, იური ანდროპოვის კა-გე-ბეს შეფად დანიშვნის მთავარი მიზანი ის იყო, რომ პარტიას კიდევ უფრო მეტად დაემორჩილებინა სპეცსამსახურები. საბჭოთა “ჩეკისტების” კარიერული წინსვლა და წოდებების მინიჭება მთლიანად კომუნისტური პარტიის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული.

1970-90-იან წლებში “ა” სამსახურის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებები იყო:

ა) აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყოველმხრივი კომპრომეტირება და დისკრედიტირება (საბჭოთა ლიდერები განსაკუთრებით ვერ იტანდნენ რონალდ რეიგანს და 80-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში გამართული “ანტირეიგანული” დემონსტრაციების სცენარები და თვით ლოზუნგებიც კი, როგორც წესი, კა-გე-ბეში იწერებოდა).

ბ) აშშ-ისა და ევროპის ქვეყნებს შორის კონფლიქტების პროვოცირება და ურთიერთობის გაფუჭება;

გ) განვითარებად ქვეყნებში აშშ-ის და მისი მოკავშირეების იმიჯის ყოველმხრივი შელახვა;

დეზინფორმაცია, როგორც წესი, ქვეყნდებოდა მესამე სამყაროს ერთ-ერთ ქვეყანაში, ნაკლებად ცნობილ ჟურნალ-გაზეთებში, შემდეგ კი ხელახლა იბეჭდებოდა პროსაბჭოთა და/ან საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების მიერ ფარულად დაფინანსებულ მედიაში, დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში. საბჭოთა დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ შებარშინი ამტკიცებდა, რომ დასავლეთის ნებისმიერ გაზეთში შეიძლება იპოვო ჟურნალისტი, რომელიც კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ “საჭირო სტატიის” გამოქვეყნებას დათანხმდებაო. მართლაც, საბჭოთა დეზინფორმაციას (ამჟამად რუსულ დეზინფორმაციას), ხშირად აქვეყნებდნენ ცნობილი დასავლური გამოცემები.

კა-გე-ბეში დეზინფორმაციის შექმნითა და გავრცელებით, ძირითადად, ორი სტრუქტურა იყო დაკავებული. საბჭოთა კავშირის გარეთ ამას პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვის) “ა” სამსახური აკეთებს, რომელსაც იმ პერიოდში ასამდე მაღალი დონის ანალიტიკოსი ჰყავდა შტატში. მათ კიდევ საინფორმაციო სააგენტო АПН-ის და ТАСС-ის საფარქვეშ მოქმედი 50-ზე მეტი “ჟურნალისტი” (სინამდვილეში კი კა-გე-ბეს თანამშრომელი) ემატებოდა. დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი არხი საერთაშორისო ორგანიზაციები იყო. “მშვიდობის მსოფლიო საბჭოს” დაფინანსების 90% საბჭოთა კავშირზე მოდიოდა, ამიტომაც ცნობილი ჭეშმარიტება - “ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს”, ამ შემთხვევაშიც წარმატებით მოქმედებდა. დაფინანსების სანაცვლოდ, საბჭოთა სპეცსამსახურები მაქსიმალურად იყენებდნენ ამ, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაციის ოპერატიულ რესურსებს.

დეზინფორმაციის გავრცელებაში კა-გე-ბეს მთავარი სამიზნე აშშ, ხოლო მიზანი - მთელ მსოფლიოში ანტიამერიკული მოძრაობის გაღვივება იყო. კა-გე-ბეს უმაღლეს დონეზე ჰქონდა დამუშავებული ყალბი ინფორმაციის შექმნისა და გავრცელების “ხელოვნება”.

საბჭოთა სპეცსამსახურების “უხილავ რაინდებს”, რომლებიც უცხოეთში, საბჭოთა საელჩოებში განლაგებულ რეზიდენტურებში პოლიტიკური დაზვერვის მიმართულებით იღვწოდნენ, ევალებოდათ დასავლეთის ქვეყნების ლიდერების (უპირველესად, რეიგანის და ტეტჩერის) ოფიციალური განცხადებების და არაოფიციალური გამონათქვამების ფალსიფიცირება და დისკრედიტირება, რისთვისაც იყენებდნენ უცხოელ “გავლენის აგენტებს”.

კა-გე-ბეს პოლკოვნიკის, იმავდროულად, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის აგენტის - ოლეგ გორდიევსკის მონაცემებით, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში “ა” სამსახური წელიწადში, სულ მცირე, 15 ოფიციალურ დოკუმენტს აყალბებდა, შემდეგ კი ეს ფალსიფიცირებული “დოკუმენტები” გავლენის აგენტების, “სასარგებლო იდიოტების” ან “მიამიტი” ჟურნალისტების მეშვეობით ევროპისა და განვითარებადი ქვეყნების მასმედიაში ხვდებოდა.

დეზინფორმაციის საბჭოთა “დიდოსტატების” მიერ 1945-1991 წლებში ჩატარებულ “დეზას” ოპერაციების მარტო ჩამოთვლაც კი გვარწმუნებს, თუ რა გლობალური მასშტაბებით მოქმედებდნენ საბჭოთა სპეცსამსახურები.

ჯერ კიდევ 1976 წელს საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა, ფარული ქმედებებით მოეხდინა გავლენა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მაშინ მათი მსხვერპლი ანტისაბჭოური გამოსვლებითა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით ცნობილი სენატორი ჰენრი ჯექსონი იყო, რომელსაც კარგი შანსი ჰქონდა, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გამხდარიყო. კა-გე-ბემ ჯექსონის დისკრედიტაციისთვის გაყალბებული წერილები დაუგზავნა წამყვან ამერიკულ გაზეთებსა და ჟურნალისტებს, სადაც ამტკიცებდა, რომ ჯექსონი ფარული გეი იყო (რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა). სკანდალის შედეგად ჯექსონი იძულებული გახდა, საარჩევნო კამპანია შეჩერებინა და ის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. ამგვარად ჩამოიცილა საბჭოთა რეჟიმმა მისთვის მიუღებელი ამერიკელი პოლიტიკოსი.

1111-1644919939.jpg

ჰენრი ჯექსონი (1912-1983)

1980-იანი წლების ბოლოს კა-გე-ბეს “ა” სამსახური ავრცელებდა “დეზას” იმის შესახებ, რომ, თითქოს, აშშ-ის სამედიცინო დაწესებულებები განვითარებად ქვეყნებში, უმთავრესად - ლათინურ ამერიკაში, ორგანოების ტრანსპლანტაციის მიზნით, ვითომდა, ბავშვებს იტაცებდნენ. შემდეგ ეს "სიახლე" 50 ქვეყნის მასმედიაში დაიბეჭდა. აფრიკისა და აზიის ქვეყნებში მთელი სიმძლავრით მიდიოდა “ჭორაობა” იმის შესახებ, რომ აშშ-მა, ვითომდა, შექმნა ზესაიდუმლო “ეთნიკური იარაღი”, რომელიც მხოლოდ შავ და ფერადკანიან მოსახლეობას ანადგურებდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ინდური გაზეთის - The Patriot-ის მეშვეობით კა-გე-ბემ გაავრცელა “დეზა”, რომ შიდსის ვირუსი შეიქმნა აშშ-ის სამხედრო ლაბორატორიაში და იქიდან გავრცელდა. ეს "სტატია" შემდეგ დაიბეჭდა 40 ქვეყანაში და ბევრს დღესაც ჯერ კიდევ სჯერა ამ “ფეიკის”.

1950-იანი წლებიდან მოყოლებული, კა-გე-ბეს მრავალწლიანი დეზინფორმაციული ღონისძიებები მიმართული იყო ინდოეთის პოლიტიკური წრეების და მოსახლეობის დასარწმუნებლად, რომ აშშ-ს, ვითომდა, ინდოეთის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს, დაშლა სურდა.

ეგვიპტის პრეზიდენტის - გამალ აბდელ ნასერის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა - ანვარ სადათმა პროდასავლური კურსი აირჩია, ამით გაწბილებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ სადათის საწინააღმდეგო ოპერაციების დაგეგმვა კა-გე-ბეს დაავალა.

222-1644920032.jpg
ანვარ სადათი (1918-1981)

ერთ-ერთი ოპერაცია ეგვიპტის პრეზიდენტის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას ითვალისწინებდა. მალევე სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნის გაზეთებში დაიბეჭდა შეკვეთილი ყალბი სტატიები, სადაც ანვარ სადათი, როგორც ნარკომანი და იმპოტენტი, ისე იყო წარმოჩენილი. ეს კი მაჰმადიანურ სამყაროში მამაკაცისთვის და ქვეყნის მმართველისთვის უდიდეს ნაკლად ითვლებოდა და ითვლება. ბლოგის პირველი ნაწილი

(მეხუთე ნაწილის დასასრული)