უკრაინის ცა რუსული მოიერიშეებისა და უკრაინული „სტინგერების“ ორთაბრძოლის „მოლოდინში“... - კვირის პალიტრა

უკრაინის ცა რუსული მოიერიშეებისა და უკრაინული „სტინგერების“ ორთაბრძოლის „მოლოდინში“...

15 თებერვლის დილას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელარუსში დამთავრდა რუსულ-ბელარუსული სამხედრო სწავლების ერთი ნაწილი და რუსული არმიის დანაყოფები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

მაგრამ, როგორც ერთ ქართულ ანდაზაშია - ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო...

კოსმოსური სადაზვერვო ფოტოები და სოციალურ ქსელებში გავრცელებული სამოყვარულო ვიდეომასალა პირიქით, იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის საბრძოლო დანაყოფები დროებითი დისლოკაციის ადგილიდან უკრაინის საზღვრების უშუალო სიახლოვისკენ დაიძრნენ და მსხვილკალიბრიანმა საარტილერიო დანადგარებმა საცეცხლე პოზიციებიც კი დაიკავეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება შეიძლება ერთგვარი სამხედრო ეშმაკობაც იყოს ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყების წინ - რამდენიმე დანაყოფი, საბრძოლო ტექნიკასთან ერთად, შეიძლება მართლაც დემონსტრაციულად გამოჰყავთ ბელარუსიდან, მაგრამ დანარჩენები ამასობაში შეტევისწინა პოზიციებს იკავებენ, მითუმეტეს, რომ დასავლეთის დაზვერვის არა ერთი დაჟინებული მინიშნებით, რუსული შეტევის დღე უკრაინაზე შეიძლება სწორედ ხვალ, 16 თებერვალს დადგეს.

იმას, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები თითქმის ბოლომდე მზად არიან უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევის დასაწყებად, სხვადასხვა მიმართულებიდან, მიუთითებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - უკრაინის საზღვრების სიახლოვეს არსებულ ყველა სამხედრო აეროდრომზე, როგორც უშუალოდ რუსეთის, ასევე - ბელარუსის და ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიებზე, ბოლო დღეებში გადასროლილი იქნა საბრძოლო ავიაციის-საფრონტო ბომბდამშენების, მოიერიშეებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების ესკადრილიები, რომლებსაც ამ აეროდრომებიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ცაში შესაღწევად სულ რამდენიმე წუთი თუ დასჭირდებათ...

mesame-1644925230.jpg
ბელარუსის ლუნინეცის მიტოვებულ აეროდრომზე მოულოდნელად 32 რუსული მოიერიშე განათავსეს...

განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბელარუსის სამხრეთში, ქალაქ ლუნინეცის დაკონსერვებულ სამხედრო აეროდრომზე ყველასთვის მოულოდნელად 32 ერთეული რუსული „Су-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის ჩაფრენა, რომელთა დათვლა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ, 11 თებერვალს გადაღებულ კოსმოსურ სადაზვერვო ფოტოებზე ძალიან ადვილია.

ბელარუსის ამ მიტოვებული აეროდრომიდან უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრამდე პირდაპირი ხაზით სულ რაღაც 50 კმ თუა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული მოიერიშეები აეროდრომიდან აფრენისთანავე, რამდენიმე წუთში, უკრაინის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდებიან და მცირე სიმაღლეზე ფრენისას (ისე, რომ არ მოხვდნენ ისედაც მცირე რაოდენობის უკრაინული ლოკატორების აღმოჩენის არეალში) შეეძლებათ საბრძოლო ამოცანის შესრულება.

თუმცა მცირე სიმაღლზე ფრენა, თუკი რუსულ მოიერიშეებს უკრაინული რადიოლოკატორებისგან „დაიფარავს“, სამაგიეროდ ისინი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების (რომლებიც 3-3,5 კმ-ის სიმაღლეებამდე მოქმედებენ) ლუკმა შეიძლება აღმოჩნდნენ.

უკრაინელი მეზენიტეების შეირაღებაშია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი „იგლა-1“-ისა და „იგლას“ ტიპის („სტრელა-2“-ის მხედველობაში მიღება აღარც ღირს, რადგან მათ გაუვიდათ ექსპლუატაციის ყველა ვადა) გადასატანი-საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, რომლებსაც დღედღეზე შეიძლება დაემატოს პოლონეთის მიერ ნაჩუქარი „გრომ-2“-ები (ისეთივე, როგორსაც ქართველი მეზენიტეები აგვისტოს ომის დროს იყენებდნენ) ან, სულაც, მისი მოდერნიზებული ვარიანტი „პერუინი“.

მაგრამ სანამ პოლონელები ჯერ კიდევ ფიქრობენ, ლიეტუვამ საშური ინიციატივა გამოიჩინა და კიევში უკვე ჩაიტანა ლეგენდარული „სტინგერების“ ერთი პარტია.

„სტინგერები“ თავის ნატოელ პარტნიორს - ლიეტუვას, ამერიკელებმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გადასცეს და ეხლაც დაუყოვნებლივ დართეს ნება ოფიციალურ ვილნიუსს, რომ ამ „სტინგერების“ ნაწილი მესამე ქვეყნისთვის - უკრაინისთვის მიეწოდებინა.

meore-1644925275.jpg
რუსული „Су-25“ ტიპის მოიერიშეები ერთ-ერთ მთავარ საშიშროებად რჩება უკრაინის არმიისთვის

დღედღეზე უკრაინის ცაში შეიძლება განმეორდეს ავღანეთის ომის პერიპეტიები, ოღონდ იმ ავღანეთის ომისა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ამ მეზობელ ქვეყანაში 1979-89 წლებში აწარმოებდა.

იმ ომში ჯერ კიდევ უახლესი „Су-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ფართო საბრძოლო გამოყენება, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა, სანამ 1986 წელს აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ავღანელ მოჯაჰედებს „სტინგერები“ არ გადასცა...

„სტინგერებმა“ საბჭოთა ავიაცია ავღანეთის ცაში 4 კმ სიმაღლემდე „გააძევა“, ანუ „სტინგერების“ მოხვედრის შიშით, საბჭოთა მოიერიშეების პილოტები ამ სიმაღლეზე ქვემოთ არ ეშვებოდნენ, ხოლო 4-5 კმ-იდან საჰაერო დაბომბვის ზუსტად განხორციელება კი აღარ შეეძლოთ.

„სტინგერები“ პოსტსაბჭოთა სივრცეში აქამდე მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტებში, ფაქტობრივად, არავის გამოუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ჩეჩნეთის ორივე ომის დროს საქართველოს აქტიურად აბრალებდა პანკისის ხეობიდან ჩეჩენი მებრძოლებისთვის „სტინგერების“ მიწოდებას.

„სტინგერები“ არა, მაგრამ საბჭოთა „სტრელები“ და „იგლები“ ჩეჩენმა მებრძოლებმა რამდენჯერმე მართლაც ძალიან წარმატებით გამოიყენეს (2002 წლის 19 აგვისტოს ჩეჩნეთში, ხანკალას აეროდრომზე დაშვებისას, ჩეჩნებმა „იგლათი“ ჩამოაგდეს მსოფლიოში ყველაზე დიდი „Ми-26“ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი, რასაც მის ბორტზე მყოფი 127 რუსი სამხედროს დაღუპვა მოჰყვა), მაგრამ მათ ისინი ისევ რუსეთის არმიის საწყობებიდან შოულობდნენ, რუსი ოფიცრების მოქრთამვის შედეგად.

გასათვალისწინებელია, რომ ავღანეთის ომის და, განსაკუთრებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის (რომლის დროსაც რუსეთმა ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა, მათ შორის - სამი „Су-25“, ხოლო კიდევ სამმა ასეთივე მოიერიშემ ისეთი საბრძოლო დაზიანებები მიიღო, რომ აეროდრომზე დაჯდომის მიუხედავად, მალე ჩამოწერეს და ჯართში ჩააბარეს) გამოცდილებიდან გამომდინარე, რუსმა კონსტრუქტორებმა ამ მოიერიშეს ახალ მოდიფიკაციაში - „Су-25СМ3“-ში მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს თვითმფრინავის დაცვის დონე „სტინგერისა“ თუ „იგლას“ საზენიტო რაკეტების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ უკრაინელმა მეზენიტეებმა.

პ.ს

ისე, არც ერთი არის მთლად რუსული და მეორე - უკრაინული - საბრძოლო „Су-25“-ებს მთელ საბჭოთა კავშირში მხოლოდ თბილისის საავიაციო ქარხანა უშვებდა, ხოლო „სტინგერების“ ლიცენზიური წარმოების უფლება ამერიკელებმა რამდენიმე ქვეყანას მიჰყიდეს და ერთ-ერთ მათგანში 25 წლის წინ, ამ სტატიის ავტორს საშუალება მიეცა, გასცნობოდა „სტინგერის“ საზენიტო კომპლექსის დამზადებისა და აწყობის სრულ პროცესს, თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა...