"მეგობრობაში იერარქიასა და თანამდებობებს მნიშვნელობა არა აქვს" - რას ჰყვებოდა თამაზ მეჭიაური თავის ცხოვრებაზე - კვირის პალიტრა

"მეგობრობაში იერარქიასა და თანამდებობებს მნიშვნელობა არა აქვს" - რას ჰყვებოდა თამაზ მეჭიაური თავის ცხოვრებაზე

თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა... იგი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა კლინიკაში, კორონავირუსის შემდგომი გართულებებით, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თამაზ მეჭიაური 2012–2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ასევე იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს უთანხმოების გამო დატოვა „ქართული ოცნება“ და დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი იყარა, თუმცა არჩევნებში გამარჯვება ვერ მოიპოვა.

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს ბატონი თამაზის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ჟურნალ "გზის" არქივში ინახება და ჩაწერილია 2016 წელს.

თამაზ მეჭიაურის ცხოვრების გზა

ინტერვიუ ყველაფერზე: თამაზ მეჭიაური - შვილი, მამა, ბაბუა, მეგობარი, პოლიტიკურად აქტიური და ჟურნალისტების ყურადღებით განებივრებული... ადამიანი, საკუთარი შეხედულებებით, არაირიბი განცხადებებითა და ინდივიდუალური იმიჯით. პარლამენტარის "წინა ცხოვრება", ინტერესები და მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე.

ბავშვობა და ოჯახი

- თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში დავიბადე და გავიზარდე, 7 კლასი იქ დავამთავრე და შემდეგ, თბილისში, კომაროვის სკოლაში გადავედი. სპორტიც მიზიდავდა, ფეხბურთს ვთამაშობდი ხოლმე, მდინარეზე დავდიოდი, ვცურავდი და ვერთობოდი ისე, როგორც იმ პერიოდში, იმ თაობის ახალგაზრდებს შეგვეძლო სოფელსა თუ ქალაქში და არაფერი დამიკლია. მამაჩემი დურგალი იყო, დედა - აღმზრდელი სკოლის "გახანგრძლივებულში". კარგად ვსწავლობდი, მაგრამ საკმაოდ ცელქი ბავშვიც ვიყავი. სხვათა შორის, ხატვაც მეხერხებოდა. მუსიკასა და ცეკვაზე არ მივლია და ამ მხრივ, არც ქეიფის დროს ვაქტიურობ.

ბავშვობის სასურველი პროფესია და "კომაროვი"

- პრიორიტეტული სწავლა-განათლება, წესიერება, პატიოსნება, უფროს-უმცროსის ცოდნა, ტრადიციების პატივისცემა იყო. თუმცა ბავშვები წესებს ზოგჯერ ვარღვევდით კიდეც და მშობლების რჩევებსა და დარიგებებს არ ვასრულებდით. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პროფესიის არჩევა მსურდა, ინჟინრობაც მინდოდა და კოსმონავტობაც. სხვათა შორის, პოლიტიკაც მიზიდავდა. ყოყლოჩინა ბიჭი არ ვიყავი, მაგრამ ჩხუბი ზოგჯერ მეც მიწევდა და ღირსების შელახვას არავის ვაპატიებდი. თუმცა, ჩხუბის ინიციატორი არასდროს ვყოფილვარ. სახეზე იარაც, როგორც არაერთხელ მომიყოლია, რესტორანში, სხვების გასაშველებლად რომ ჩავერთე, დაჭრის შედეგია... კომაროვში რომ გადმოვედი, იქვე ვცხოვროდით. ამ სკოლაში ურთიერთპატივისცემა იმის მიხედვით განისაზღვრებოდა, ვის უფრო მეტი გონებრივი რესურსი ჰქონდა. ვინც უფრო რთულ ამოცანებს ართმევდა თავს, მის მიმართ მეტი მოწიწება იყო. თანაკლასელები დღემდე ვმეგობრობთ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

ოჯახი, შვილები, დრო

- 6 შვილი და 3 შვილიშვილი მყავს, ზოგი მუშაობს, ზოგი სწავლობს, უფროსი ვაჟია კახა, 38 წლისაა, ნაბოლარა - სოფო კი სკოლის მოსწავლეა. როგორც ყველას, მეც მყავს მეგობრები. მეგობრობაში იერარქიასა და თანამდებობებს მნიშვნელობა არა აქვს. ჭირია თუ ლხინი, ვიკრიბებით, დავილოცებით ხოლმე, დღესასწაულებს აღვნიშნავთ. განსაკუთრებით - ლაშარობას. მასპინძელი ვარ ხოლმე.

- რა არის თქვენი ჰობი? წიგნების კითხვა თუ გიყვართ?

- სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში ცოტას ვკითხულობ, ინფორმაციებს სოციალური ქსელებიდან ვიღებ. ისე, ლევან ბერძენიშვილმა ერთი რამ სწორი თქვა ჩემზე - უწიგნურიაო, ბოლო პერიოდში მართლაც ასეა (იცინის). ადრე, სკოლასა და ინსტიტუტში ძალიან ბევრს ვკითხულობდი, არაფერი დამრჩენია წასაკითხი, მაგრამ ახალ ლიტერატურას არ გავცნობივარ. ასე რომ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლევან ბერძენიშვილს ვეთანხმები (იცინის). თვითონ დიდხანს იყო ბიბლიოთეკაში ჩაკეტილი, დირექტორობისას და ეტყობა, ბევრი წიგნის წაკითხვა მოასწრო, თუმცა, რა დასკვნები გამოიტანა, არ ვიცი.

დიალოგი ბიძინა ივანიშვილთან - წარსული და რეალობა

- ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე შევხვდი და რა თქმა უნდა, ცდილობდა, რაღაცები დაესაბუთებინა, მაგრამ მე ვერ გავიგე... გარკვევა მინდოდა, ხომ შეიძლება, გარედან არ ჩანდეს, მაგრამ ისეთი არგუმენტი ჰქონოდათ, რომლის გამჟღავნებაც, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, უპრიანი არ იქნებოდა. ასეთი არგუმენტები ვერ მოვისმინე ვერც მასთან შეხვედრისას და ვერც სხვებ­თან. ამიტომ, ჩემს აზრზე დავრჩი, ისინი - თავიანთზე. არასდროს ეჭვი არ შემიტანია, რომ მათ ქვეყანა უყვართ, მით უფრო, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ამდენი რამ აქვს საქართველოსთვის გაკეთებული. თუმცა, ისიც პირდაპირ ვუთხარი, კარგია, რომ ამდენ ეკლესიას აშენებ, მაგრამ არანაკლებ მასშტაბური ნაგებობები გადაქცეულა სხვა ფუნქციის მატარებლებად მაშინ, როდესაც ფასეულობების დამცველი აღარავინ ყოფილა-მეთქი. მისი მისია არის ის, რომ არა მხოლოდ აშენოს, ეს ყველაფერი დაიცვას კიდეც და ქვეყნის განვითარების ისეთი მოდელი უზრუნველყოს, რომელიც ამ დანიშნულებით მოახდენს რეალიზებას.

- როგორც ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, მასთან დაკავშირებით რას გაიხსენებთ სტუდენტობის პერიოდიდან?

- როგორც იცით, იმ პერიოდში მას მატერიალური პრობლემები ჰქონდა, სწავლის პარალელურად მუშაობდა. 1977 წელს გადავიკვეთეთ, მესამე კურსზე საღამოდან დღის დასწრებულზე გადმოვიდა. დღისით ქარხანაში მუშაობდა, თან წარჩინებით სწავლობდა, რაც მისი "დღეზე" გადმოყვანის საფუძველი გახდა, თუმცა, შრომითი საქმიანობა არ შეუწყვეტია და ღამე მუშაობდა თურმე. აქედან გამომდინარე, გართობის საშუალება არ ჰქონდა და ამ პირობებში წარჩინებით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, ამიტომ მისი შრომა ნამდვილად უფრო მეტადაა დასაფასებელი. მეც წარჩინებით დავამთავრე, თუმცა მამაჩემი მაინც მეხმარებოდა და მატერიალური პრობლემა არ მქონდა, ბიძინა კი მატერიალურად თვითონ უზრუნველყოფდა საკუთარ თავს და ამის გამო მას განსაკუთრებულ პატივს ვცემ. სიმართლე უნდა ითქვას.

საკუთარი პოლიტიკური გეზი და გუნდი

- რაც შეეხება ჩემს პარტიას, მოგეხსენებათ, კონსულტაციები გვაქვს და ვისთან რას გადავწყვეტთ, ამას ეტაპობრივად ვნახავთ. შეიძლება დამოუკიდებლად ვიყაროთ კენჭი და შემდეგ უკვე პარლამენტში შევქმნათ ვინმესთან ბლოკი ან შეიძლება არჩევნებზე გამოვიდეთ ვინმესთან ერთად.

- ქართულ პოლიტიკაში უმეტეს შემთხვევაში გარემოცვის პრობლემაა. შესაძლოა, ხალხს ლიდერი ძალიან მოსწონდეს, მაგრამ მან ისეთი ადამიანები შემოიკრიბოს, რომლებსაც შემდეგ მათი საქმიანობა არასწორი გზით მიჰყავთ და ლიდერის იმიჯსაც აზიანებენ.

თქვენ როგორ ხალხს შემოიკრებთ?

- ვცდილობ, ისეთი ხალხი შემოვიკრიბო, რომელთაც სუფთა წარსული აქვთ, პატრიოტები, ეროვნულები, პროფესიონალები. ეს ქვეყანა რომ გადარჩეს, ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკური ძალა უნდა მოვიდეს, რომელიც თავისი ამომრჩევლის ნება-სურვილის აღმასრულებელი იქნება, მისი დარდი ყველასთან უნდა მიიტანოს და დაიცვას. საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ქვეყნები ცდილობენ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინონ, თავიანთთვის სასურველი ძალები პარლამენტში მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე შემოიყვანონ და შემდეგ, ეს ძალები მათი ნების აღმასრულებლები არიან, თავზე მომხვევები და არა - პირიქით. რამდენი ხანია არავინ ეკითხება ხალხს, ნატო მართლა უნდა თუ - არა.

- როგორ ფიქრობთ, ბოლო პერიოდში თქვენი სახელისა და გვარის ასეთი წამოწევა და პოპულარობა რამ განაპირობა? თამამმა განცხადე­ბებმა?

- ვერ გეტყვით, მე ჩავთვალე, რომ საჭირო იყო ტაბუდადებულ თემებზე ხმის ამოღება და ხდება ხოლმე, როცა ადამიანები თავიანთი იმიჯისთვის სარისკო გადაწყვეტილებაზე მიდიან იმის გამო, რომ სხვები გამოაფხიზლონ. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ამ ფუნქციას ვასრულებ. არც მეგონა, თუ ხალხში ამდენად იყო მოთხოვნილება მათ დამოუკიდებლობაზე. ამოუვიდათ ყელში სიყალბეში ცხოვრება და ცრუ დაპირებების მოსმენა, განსაკუთრებით, როცა საქმე საგარეო ვექტორს ეხება...

თამთა დადეშელი

ჟურნალი "გზა"

ასევე დაგაინტერესებთ:

"ივანიშვილი ნაწყენი იქნება, რადგან გახარიას არანაირი პოლიტიკური წარსული არ ჰქონდა 2013 წლამდე" - რატომ გადაწყვიტა კვლავ მერობისთვის ბრძოლა თამაზ მეჭიაურმა

"ჰგონიათ, რომ დაბრუნება მინდა და სასამართლოს მეშვეობით, არაჯანსაღი ბრძოლა დაიწყეს" - თამაზ მეჭიაური ივანიშვილზე, "მესამე ძალასა" და გეგმებზე