"ლავროვის მიზანია - შეინარჩუნოს გავლენა და ქონება რუსული ელიტის ბნელით მოცულ სამყაროში" - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

"ლავროვის მიზანია - შეინარჩუნოს გავლენა და ქონება რუსული ელიტის ბნელით მოცულ სამყაროში" - რას წერს უცხოური გამოცემა

"ლიზ ტრაზი, ჟოზეფ ბორელი და სხვა ევროპელი დიპლომატები რუსეთთან მოლაპარაკებისას საკმაოდ რბილად მოქმედებდნენ“,- წერს გამოცემა The Atlantic. სტატიის ავტორმა მკითხველს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვის ალტერნატიული ვერსიაც კი შესთავაზა. როგორც ენ ეფლბაუმი წერს, რუს მაღალჩინოსნებს არ ესმით დასავლური ღირებულებები.

"დასავლური პოზიციის ერთმა სერიოზულმა ნაკლმა ევროპა ომის ზღვართან მიიყვანა.

როგორ მშურს ლიზ ტრასის შესაძლებლობების და როგორ ვწუხვარ, რომ მას ამ შესაძლებლობების გამოყენება არ შეუძლია! თუ აქამდე მის შესახებ არაფერი გსმენიათ, ლიზ ტრასი - დიდი ბრიტანეთის მინიატურული საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც გასულ კვირას მოსკოვშიც იმყოფებოდა, რადგან რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვედროდა და ეთქვა, რომ არ ღირს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა", - წერს სტატიის ავტორი.

"როგორც ჩანს, შეხვედრამ წარმატებით ვერ ჩაიარა, რადგან მედიასთან საუბრისას ლავროვმა ლიზ ტრასთან შეხვედრა „ ყრუსა და მუნჯის საუბარს“ შეადარა. მოგვიანებით კი ლავროვმა ჟურნალისტებს ისიც აცნობა, რომ ტრასს საუბრისას რუსეთისა და უკრაინის ოლქები ერთმანეთში აერია. როგორც ჩანს, მსგავსი განცხადებით ლავროვმა პოლიტიკოსი დაამცირა. ამგვარი ქმედება ლავროვისთვის, უცხო არ არის. ხშირად არის შემთხვევები, როცა ლავროვი საერთაშორისო კონფერეციებზე არცთუ თავაზიანად იქცევა და ჟურნალისტების მიმართაც აგრესიულია. ლავროვის მსგავსი ქმედება არ არის შემთხვევითი, როგორც რუსეთს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ლავროვიც აგრესიასა და სარკაზმს ინსტრუმენტად იყენებს, რათა მოლაპარაკების მონაწილე დაამციროს, თავად მოლაპარაკებასა და მოსაუბრეს კი მნიშვნელობა დაუკარგოს, რათა შემდეგ მათში შიში და აპათია გამოიწვიოს. მისი მთავარი მიზანია - აიძულოს სხვა დიპლომატები, თავდაცვაზე გადავიდნენ ან უკან დაიხიონ.

ლავროვი რომ უპატივცემულოდ და არამეგობრულად იქცევა, ეს უკვე ყველამ დიდი ხანია, იცის. ისიც ყველასთვის ცნობილია, რომ პუტინს შეუძლია უცხოელ ლიდერებს პირად თუ პოლიტიკურ წყენებზე საათობით ესაუბროს. პირველად ეს მან 10 წლის წინ, აშშ-ის ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრისას გააკეთა და ზუსტად ასე მოიქცა გასულ კვირას, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას. ლიზ ტრასს ამის შესახებ უნდა სცოდნოდა და იმის ნაცვლად, რომ კიდევ ერთხელ არ ესაუბრა უფლებებსა და ღირებულებებზე, მას პრესკონფერენცია ასე უნდა დაეწყო:

„საღამო მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო. მოხარული ვარ, რომ ჩემს რუს კოლეგასთან - სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ თქვენ გხვდებით. ამჯერად ჩვენ არ დავიწყეთ შესაძლო შეთანხმებებსა და დაპირებებზე საუბარი, რომელსაც ის არ შეასრულებს. ამის ნაცვლად, ჩვენ მას შევატყობინეთ, რომ უკრაინაში შეჭრა ძალიან, ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს, იმაზე სერიოზულს, ვიდრე თავად წარმოიდგენს. ახლა ვგეგმავთ რუსული გაზის ექსპორტის მთლიანად შეწყვეტას, ევროპა გაზის მიმწოდებელ სხვა ქვეყნებს იპოვის. ახლა უკრაინას უნდა დავეხმაროთ და თუ საჭირო გახდა, ეს დახმარება ათობით წელი გაგრძელდება. ახლა გავაოთხმაგებთ რუსული ოპოზიციისა და რუსული მედიის მხარდაჭერას. ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ რუსი მოქალაქეები ამ შეჭრის შესახებ სწორ ინფორმაციას მიიღებენ და თუ თქვენ იმუშავებთ იმაზე, რომ უკრაინაში რეჟიმი შეიცვალოს, ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ რეჟიმი რუსეთში შეიცვალოს“.

ტრასს მის გამოსვლაში შეეძლო ლავროვის შეურაცხმყოფელი რამდენი წინადადებაც ჩაერთო და ხმამაღლა ემსჯელა, რომელი სახელმწიფო შემოსავალი აძლევს ლავროვის ოჯახს იმის საშუალებას, ლონდონის ცენტრში უძრავ ქონებას ფლობდეს... მას უნდა ეხსენებინა ის რუსი ჩინოვნიკები, რომლებიც შვილებს სასწავლებლად ლონდონსა და სხვა ქალაქებში გზავნიან.

რა თქმა უნდა, არც ტრასი, არც პრეზიდენტი მაკრონი, არც გერმანიის კანცლერი და სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პერიოდში რუსეთში იმყოფებოდნენ, მსგავსს არაფერს იტყვიან, პირად საუბრებშიც კი. ეს დასავლელი ლიდერები და პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა თითქოს ცდილობენ, უკრაინას რუსეთის შეჭრა აარიდონ, სამწუხაროდ, ფიქრობენ, რომ ცხოვრობენ ისეთ სამყაროში, სადაც წესებს რამე აზრი აქვს, სადაც დიპლომატიურ პროტოკოლს სარგებელი მოაქვს, სადაც თავაზიანობა ფასობს. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთში ისეთ ადამიანებს ესაუბრებიან, რომელთა ფიქრის შეცვლაც დებატებითა და მკაცრი არგუმენტებით შეუძლიათ. ისინი ფიქრობენ, რომ რუსულ ელიტას ადარდებს ის საკითხი, როგორიცაა „ღირსება“, რაშიც ცდებიან კიდეც", - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

"სინამდვილეში, როცა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთის, ჩინეთის, ვენესუელისა თუ ირანის ახალ ავტოკრატულ მმართველებთან, საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომელთაც მხოლოდ უხეში ძალა აინტერესებთ და არა - შეთანხმება ან რომელიმე ხელმოწერილი დოკუმენტი. რუსეთი 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმს არღვევს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტია. ოდესმე გაგიგიათ, პუტინს ამის შესახებ ესაუბრა? რა თქმა უნდა - არა! ლავროვსაც არ ანაღვლებს, რომ მას ვერავინ იტანს, რადგან ზიზღი მის ირგვლივ ძალაუფლების აურას ქმნის.

რუსი მაღალჩინოსნების განზრახვა ჩვენი ჩანაფიქრისგან განსხვავდება. პუტინის მიზანია, არა აყვავებული და განვითარებული რუსეთი, არამედ - რუსეთი, რომლის სათავეშიც თავად იქნება. ლავროვის მიზანია - შეინარჩუნოს გავლენა და ქონება რუსული ელიტის ბნელით მოცულ სამყაროში. როცა ისინი ჩვენს დიპლომატებს უსმენენ, მათ სუბარში ვერ პოულობენ ვერაფერს, რაც მართლა შეუქმნის საფრთხეს რუსეთის პოზიციას, მათ ძალაუფლებასა და სიმდიდრეს.

უამრავი საუბრის მიუხედავად, რეალურად არავის უცდია, საბოლოოდ დაესრულებია დასავლეთში რუსული ფულის გათეთრება, ასევე - დასავლეთში რუსული პოლიტიკისა თუ ფინანსური გავლენა; სერიოზულად არავინ დაფიქრებულა, რომ გერმანელები ახლა რუსულ გაზზე არიან დამოკიდებულნი და ეს უნდა შეიცვალოს; ან ის, რომ საფრანგეთმა უნდა აკრძალოს პარტიები, რომელიც ფულს რუსეთისგან იღებენ, ან ის ფაქტი, რომ დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა რუს ოლიგარქებს ლონდონსა და მაიამიში უძრავი ქონების შეძენა უნდა აუკრძალონ; სერიოზულად არავის უსაუბრია იმაზე, რომ პუტინის საინფორმაციო ომის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი დასავლური პოლიტიკისკენაა მიმართული, საპასუხო საინფორმაციო ომი სჭირდება, რომელიც პუტინის სისტემის წინააღმდეგ იმუშავებს.

ახლა ჩვენ ომის ზღვარზე აღმოვჩნდით, რომელიც შესაძლოა, კატასტროფად იქცეს. აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები უკრაინიდან თანამშრომლების ევაკუირებას ახდენენ. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რაც შეიძლება მალე დატოვონ უკრაინის ტერიტორია, ეს საშინელი მომენტი კი შეიძლება არა მხოლოდ დიპლომატიის, არამედ - დასავლურის ხედვის ჩავარდნადაც ჩავთვალოთ. (წყარო)