"ამის გამო ბევრჯერ მტკენია გული, ამიტომ ვაკეთებ ამაზე აქცენტს" - კვირის პალიტრა

"ამის გამო ბევრჯერ მტკენია გული, ამიტომ ვაკეთებ ამაზე აქცენტს"

როდესაც დავურეკე და ვუთხარი, რომ მასთან მსურდა გასაუბრება, სიამოვნებით დამთანხმდა. რეალურადაც ისეთივე ლაღი და თავისუფალი აღმოჩნდა, როგორც ეკრანზეა და ჩაწერამაც სასიამოვნოდ ჩაიარა. ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი სიახლეების, პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ გვესაუბრება.

- სალომე, მოდი, საუბარი შემოქმედებითი სიახლეებით დავიწყოთ.

- სიახლე ისაა, რომ ტელევიზიას დავუბრუნდი და ერთ-ერთ არხზე, გადაცემაში ჩემი კუთვნილი დრო მაქვს, სადაც წამყვანებს საინტერესო სტუმრებთან ერთად ვუერთდები ხოლმე და კვირაში რამდენჯერმე საზოგადოებას ახალ-ახალ ადამიანებს ვაცნობ.

- თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა სად და როდის დაიწყო?

- დაახლოებით, ოცი წლის ვიყავი, მაშინდელ ტელეკომპანია "სტერეოში" დავიწყე მუშაობა და ჩემი პირველი ტელევიზია სწორედ ის იყო. მერე იყო "202" და სხვები. გარკვეული დროის განმავლობაში პაუზა მქონდა და ახლა, ძალიან დიდი ხნის მერე, კვლავ განვაახლე საქმიანობა.

- მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში ძალიან წარმატებული ქალი ხართ, თანაც - ოთხი შვილის დედა და აქტიურად ჩანხართ ეკრანზეც. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს და როგორ უთავსებთ ოჯახს კარიერას?

- იცით, როგორ არის.... ეს უკვე იმდენად მაქვს გამჯდარი და გათვითცნობიერებული, რომ არ მიჭირს. ყველაფერს თავისი დრო აქვს ჩემთვის, ყველაფერი დაგეგმილი მაქვს და ისე ვგეგმავ დღეს, რომ ვცდილობ, არაფერს მოაკლდეს ჩემი ყურადღება. რა თქმა უნდა, მყავს დამხმარეები იმიტომ, რომ მათ გარეშე შეუძლებელია. როდესაც სამსახურში მივდივარ, აუცილებელია, სახლში ვიღაც იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ძალიან მეხმარებიან, მინდა აღვნიშნო, რომ დედა მაინც დედაა ბავშვებისთვის და ამიტომ მაქსიმალურ დროს, რაც მაქვს, მათ ვუთმობ.

- პირველად ძალიან ახალგაზრდა ასაკში გახდით დედა, რა ემოცია იყო ეს და აცნობიერებდით თუ არა ამხელა პასუხისმგებლობას?

- პირველი ბავშვი, თან ადრეულ ასაკში (ვისაც ჰყავს, ის დამეთანხმება), ახალი შეგრძნებებია. სწორედ მაშინ სწავლობ სიყვარულს, ბავშვის მოვლას. დედობრივი ინსტინქტიც მაშინ იწყებს გაღვიძებას. მეორე შვილზე კი ეს ყველაფერი უკვე გამოვლილი მქონდა და, თითქოს, მომზადებული შევხვდი. პირველს რაც შეეხება, მე და მაშო ერთად გავიზარდეთ. ყველაფერი ვისწავლე მაშოზე. იმხელა სიყვარული და იმხელა ემოცია იყო, როდესაც გავაჩინე, რომ დღემდე მახსოვს, რადგან გაკვირვებასთან და მოლოდინთან ერთად, უსაზღვრო სიყვარული იყო. მართალია, ადრე იყო (თუმცა ძალიან ადრეც არ ყოფილა - 19 წლის ასაკში), მაგრამ მადლობა ღმერთს ამ უდიდესი ბედნიერებისთვის.

salomeee-1645033898.jpg

- თქვენი ბედნიერების ფორმულა რა არის?

- ბედნიერების ფორმულა ჩემთვის, ალბათ, სიყვარულია, რადგან, როცა უყვარხარ და გიყვარს, სწორედ მაშინ ხარ ბედნიერი.

- ცნობილ ადამიანებს პერიოდულად სხვადასხვა ჭორს აუგორებენ ხოლმე, მათ შორის, თქვენც, თითქოს, ყველაფერი "გაკეთებული" გაქვთ. როგორ ფიქრობთ, ქირურგიული ჩარევა აუცილებელია იმისთვის, რომ ქალი უფრო თავდაჯერებული გახდეს?

- ვისაც კომპლექსი აქვს და რაღაც არ მოსწონს საკუთარ თავში, რატომაც არა. თუ რამე გაქვს ისეთი, რაც გაწუხებს და დისკომფორტს გიქმნის, აუცილებლად უნდა შეცვალო. ის მოსაზრება, რომ ბუნებრიობა უკეთესია, ვიდრე რამე გქონდეს "გაკეთებული", ჩემთვის არასწორია. იმიტომ, რომ თუ ბუნებრივად ლამაზი ხარ და ნაკლი არ გაქვს, მაგ შემთხვევაში არც ღირს ჩარევა, მაგრამ ჩემს შემთხვევას რაც შეეხება, ბევრი შენიშვნა მქონდა ჩემს ვიზუალთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ შევცვალე კიდეც რაღაცები, თუმცა პლასტიკური ქირურგია და კოსმეტოლოგია სხვადასხვა რამეა. ძალიან ბევრი უვიცი ადამიანი, რომელიც კომპიუტერს უზის, აბნევს საზოგადოებას და შეცდომაში შეჰყავს. პლასტიკური ქირურგია არის ოპერაცია და კოსმეტოლოგია არის ინიექციური მანიპულაციები, რომლებიც აუცილებელია ყველა ქალისთვის, რადგან კანს სჭირდება დატენიანება, მით უმეტეს მაშინ, როცა ეკრანზე ხარ. თუმცა ძალიან ბევრია ისეთი ქალი, რომელსაც მოსწონს საკუთარი თავი ნაოჭებით და ჩემთვის მისაღებია მათი პოზიცია. მაგრამ მე ვარ ინდივიდი. პირველ რიგში, მე უნდა მომწონდეს ჩემი თავი, ამიტომ ვთვლი, რომ თუ ადამიანს საშუალება აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს კოსმეტიკურ პროცედურებს, თუმცა კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, თუ სჭირდება, რა თქმა უნდა.

- თავის მოვლის რამე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ, რომელსაც ყოველდღიურად ასრულებთ?

- სხვათა შორის, ბევრი მისვამს ამ შეკითხვას და უკვირთ, როდესაც ვეუბნები, რომ სახის კრემსაც არ ვხმარობ. თავის მოვლის არანაირი რუტინა არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა ძალიან მოდური გახდა ბოლო პერიოდში. ჩვეულებრივად, როგორც ყველა. ერთადერთი, რაც ძალიან მიყვარს, ესაა შხაპის შემდეგ ტანის დამატენიანებელი საშუალებების ხმარება. სხვა ყველანაირი სახის, თავის მოვლის საშუალება ჩემს მაგიდაზე არარსებულია.

- ჭორები ვახსენე... შეგიძლიათ გაიხსენოთ ჭორი, რომელიც ბოლო პერიოდში თქვენ შესახებ გსმენიათ და რამე გავლენა მოახდინა, უარყოფითად ან დადებითად იმოქმედა?

- იცით, რა, სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში არანაირი ჭორი არ მახსენდება. ყოველ შემთხვევაში, ჩემამდე არ მოსულა და ზურგს უკან შეიძლება ჭორაობენ. მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც მეტ-ნაკლებად ჩანხარ ეკრანზე, იქ ყოველთვის რაღაცას ამბობენ შენზე. მთავარია, შენ იცოდე სიმართლე და დანარჩენი საინტერესო არაა. თავიდანვე, როგორც კი ეკრანზე გამოვჩნდი, არ მაინტერესებდა ჭორები, რომლებსაც ჩემზე ჰყვებოდნენ, ახლაც სწორედ ასეა. ნამდვილად არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს. მთავარია, მე ვიცი, ჩემმა საახლობლო წრემ, რა არის სიმართლე და სხვა არაა საინტერესო.

- ძალიან გახსნილი და ლაღი ადამიანი ხართ, კარგი იუმორის გრძნობით, ასეთი ხართ სულ? თუ არსებობს "მეორე" სალომე გოგიაშვილი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მისგან?

- არა, მეორე მართლა არ არსებობს. ვარ ისეთი როგორიც ვარ, თუმცა ეკრანზე ხშირად მიწევს უფრო სერიოზული ვიყო, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს არ ესმის იუმორი, ბევრს აღიზიანებს შენი გახსნილობა, თან ყველაზე ცუდი ისაა, რომ მე თავიდანვე, როგორც კი გამოვჩნდი ეკრანზე, სწორედ ასეთი გახსნილი ვიყავი და ყველაფერს ვყვებოდი, თუნდაც ჩემს პირადს, რადგან მეგონა, რომ ჩემ მიერ დაშვებული შეცდომები ვიღაცისთვის მაგალითი იქნებოდა. შემდეგ მივხვდი, რომ ხალხის უმეტესი ნაწილი არის ბოღმიანი და შურიანი. შენ რაც არ უნდა გახსნილი და ლაღი იყო, ხალხისგან მოდის იმდენად დიდი აგრესია, რომ დასანანია... შენ გინდა, რომ საზოგადოებას შენი ტკივილი, სიხარული გაუზიარო, მაგრამ საპასუხოდ ნეგატივს და უდიდეს აგრესიას იღებ. სწორედ ამიტომ მივხვდი, რომ არასოდეს ეკრანზე შენს შესახებ არ უნდა ილაპარაკო და ნამდვილი სახე არ გამოაჩინო, რადგან ქართველი ხალხი ამას ვერ იღებს.

მერე, შედარებები გავაკეთე და მივხვდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც თამაშობენ ეკრანზე და ისინი, ვისაც უპრობლემო და უთავგადასავლო ცხოვრება აქვთ, უფრო მოსწონთ, ვიდრე ისინი, ვისაც რეალურად პრობლემაც შეიძლება ჰქონდეს, სიხარულიც და შეცდომაც ჰქონდეს დაშვებული. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი ხანია, რაც მე უკვე აღარაფერს ვყვები პირადზე. რადგან იმის ნაცვლად, რომ ჩემი გამოცდილებით დავეხმარო ვიღაცას, პირიქით ხდება და კრიტიკის ქარცეცხლში ვვარდები. ის, როგორიც ვარ, ვარ ჩემს სოციალურ ქსელში და მგონია, რომ უფრო დიდი აუდიტორია სოციალურ ქსელში მყავს, ვიდრე ტელევიზიაში.

- ადამიანებში ყველაზე მეტად რას აფასებთ?

- ერთგულებას. ოღონდ ეს ერთგულება არ გულისხმობს ცოლქმრულ ურთიერთობას. მეგობრულ ერთგულებას ვგულისხმობ. შეიძლება ძალიან ბანალურიცაა უკვე ეს სიტყვა და გაცვეთილიც კია, მაგრამ ჩემთვის ძალიან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთგულ მეგობრებს. რაც უფრო მემატება ასაკი, ვხვდები, რომ ბევრად ჯობია გყავდეს ცოტა მეგობარი და ერთგული, ვიდრე ბევრი და არაერთგული, რადგან ვთვლი, რომ სიკვდილის ტოლფასია არაერთგული მეგობრები გვერდით. ამის გამო ბევრჯერ მტკენია გული, ამიტომ ვაკეთებ ამაზე აქცენტს.

- წყენას ადვილად ივიწყებთ?

- არასდროს. არასდროს ვივიწყებ წყენას. შეიძლება ვაპატიო ადამიანს, მაგრამ ურთიერთობა ისე მიფუჭდება, რომ აზრი არ აქვს ვითომდა აღდგენილ ურთიერთობას. ფიზიკურად ვეღარ ვაგრძელებ. იცი რა, წყენასაც გააჩნია. ისეთი წყენა თუა, რომ ფიქრობ, დაკარგო თუ არა, მაშინ აუცილებლად ვკარგავ, რადგან ვეღარ ვაგრძელებ ურთიერთობას. რაც შეეხება პატარ-პატარა წყენებს, ეს არაფერია. მით უმეტეს, მაშინ, როცა გიყვარს. მეც არ ვარ იდეალური და მეც მიტკენია გული ბევრჯერ სხვისთვის. უშეცდომო ნამდვილად არავინაა, შეცდომები ხშირად მოგვდის, მთავარია, ისე არ მეტკინოს, რომ დავკარგო.

- და ბოლოს, რომ არა ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ვინ იქნებოდით?

- მსახიობი. აუცილებლად ვიქნებოდი მსახიობი. ვოცნებობდი ამ პროფესიაზე, თუმცა ოჯახმა მთხოვა, რომ არ ჩამებარებინა თეატრალურზე და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რაღაც მიახლოებულზე ჩამებარებინა და ამიტომ ვარჩიე ჟურნალისტიკა.

გადაწყვეტილებას არ ნანობთ?

- ზოგადად, მე რასაც ვაკეთებ, არაფერს ვნანობ. რადგან ვთვლი, რომ სინანულს აზრი არ აქვს. წარსულზე ნერვიულობა უაზრობაა. შეიძლება გულში ვფიქრობდე ამ საკითხზე, მაგრამ არასდროს ვაღიარებ. თუ რამის გამოსწორება გინდა, აუცილებლად უნდა გამოასწორო, სინანულს კი აზრი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მიყვარს ჩემი შეცდომებიც, იმიტომ, რომ ამ გადმოსახედიდან უკვე ზუსტად ვიცი, რა არის სწორი და რა არასწორი.

მარიამ ჭანტურია (სპეციალურად საიტისთვის)