კლეოპატრას კარიბჭე ანუ იქ, სადაც ანტონიოსისა და კლეოპატრას სიყვარული დაიბადა - კვირის პალიტრა

კლეოპატრას კარიბჭე ანუ იქ, სადაც ანტონიოსისა და კლეოპატრას სიყვარული დაიბადა

იხილეთ დასაწყისი

მეორე დღეს კიზ კალესსა და ზღვას გამოვემშვიდობეთ და თარსუსისკენ გავწიეთ. ეს უძველესი ისტორიული და სავაჭრო ქალაქი სამხრეთ-ცენტრალურ თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან 20 კილომეტრში მდებარეობს, თუმცა ოდესღაც იგი ზღვიდან 2-3 კილომეტრით იყო დაშორებული. ძვ. წ. 67 წლიდან თარსუსი რომის პროვინციის - კილიკიის დედაქალაქი გახლდათ, დღეს კი იგი მერსინის პროვინციის უმსხვილესი რეგიონული ცენტრია. თარსუსი ძალიან დიდი ისტორიის ქალაქია.

1-1644996688.(6).jpg
კლეოპატრას კარიბჭესთან

მისი ამბავი 6000 წლის წინათ დაიწყო და რამდენიმე ცივილიზაცია გამოიარა. ერთხანს აქ ხეთები ცხოვრობდნენ, გავიდა ხანი და - ჯერ ასირიელებმა დაიპყრეს, შემდეგ - სპარსელმა მეფეებმა. რომის იმპერიის პერიოდში თარსუსი კილიკიის პროვინციის დედაქალაქი გახლდათ. აქ ჯვაროსნებიც იმყოფებოდნენ. ერთხანს იგი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, XV საუკუნეში - ოსმალეთის სულთანმა დაიპყრო, ხოლო ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ თარსუსი თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა.

2-4-1644997582.jpg
უძველესი ქალაქის - თარსუსის ღირსშესანიშნაობა კლეოპატრას კარიბჭე

"საქმე მოციქულთას" მიხედვით ცნობილია, რომ წმინდა პავლე მოციქული სწორედ თარსუსში დაიბადა, აქ არის წმინდა დანიელ წინასწარმეტყველისა და ხალიფა ალ-მამუნის სამარხები. ქალაქის ნაწილი ფეხით მოვიარეთ, რადგან სხვაგვარად გაგვიჭირდებოდა წმინდა პავლეს და დანიელ წინასწარმეტყველის სახლების მოძებნა. ამ ამბებს მომდევნო ბლოგებში გიამბობთ, მანამდე კი ქალაქის უძველეს კარიბჭეს გაგაცნობთ, რომელიც კიზ კალესიდან წამოსულებს, პირველი შემოგვეგება თარსუსში და რომელსაც... კლეოპატრას კარიბჭე ჰქვია.

3-1644997675. (2).jpg
კლეოპატრა და ანტონიოსი

კილიკიის დედაქალაქის კარიბჭეები ნაშრომში - „სეიაჰათნამე“ ანუ "წიგნი მოგზაურთაში" აღუწერია ცნობილ ოსმალ მწერალსა და მოგზაურს ევლია ჩელებს, რომელიც თარსუსში 1671 წელს ჩავიდა. სხვათა შორის, თავისი 40-წლიანი სამოგზაურო ეპოპეის განმავლობაში იგი საქართველოსაც სტუმრებია. ნაშრომში მოგზაური ახსენებს თარსუსის მთის კარიბჭეს კუროს მთებისკენ, ადანას კარიბჭეს აღმოსავლეთით, ქალაქისკენ მიმავალ გზაზე და - პორტის კარიბჭეს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. სწორედ ეს უკანასკნელია გაიგივებული კარიბჭესთან, რომელსაც უწინ "ქალების კარიბჭედ" იცნობდნენ, სავარაუდოდ, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან კი "კლეოპატრას კარიბჭედ" მოიხსენიებენ, ეგვიპტის სახელგანთქმული დედოფლის თარსუსში ვიზიტის აღსანიშნავად.

4-1644997943. (2).jpg
კარიბჭე ჩვ. წ. მე-2 საუკუნეში აიგო, შემდეგ კი გაახლდა

ამბობენ, რომ კარიბჭე ჩვ. წ. II საუკუნეში აიგო, შემდეგ კი გაახლდა შუა საუკუნეებში, ხოლო ნაგებობა, რომელიც დღეს დგას და რომელიც ჩვენც ვნახეთ, სავარაუდოდ, იმავე ადგილას მოგვიანებით აშენდა. ახლანდელი კარიბჭის სიმაღლე 8,5 მეტრია, შიდა სიმაღლე 6,2 მეტრი და სიგრძე 6,5 მეტრი. 1970-იან წლებში ქალაქში მანქანები, თურმე, სწორედ ამ კარიბჭით გადიოდნენ, თუმცა დღეს იქ სკვერია მოწყობილი და კლეოპატრას კარიბჭეც მხოლოდ ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

5-1644998003. (2).jpg
კლეოპატრა მდინარე კიდნოსით ასულა, გემი ყვავილებით მოეფინათ და ეგზოტიკური სუნამოებით გაეჟღინთათ - ამ ეპიზოდის ამსახველი, ლოურენს ალმა-ტადემას ნახატი „ანტონიოსი და კლეოპატრა“

მარკუს ანტონიოსისა და კლეოპატრა VII-ს შეხვედრა უდავოდ ერთ-ერთი გასაოცარი ეპიზოდია თარსუსის და ამ კონკრეტული ადგილის ისტორიაში და, აბა, როგორ ავუვლიდით გვერდს ამ ისტორიულ ადგილს...

ოდესღაც, ჩვ. წ. აღ-მდე 41 წელს, როდესაც მარკუს ანტონიოსი ოქტავიანეს წინააღმდეგ გასალაშქრებლად ემზადებოდა, თავისთან მიუწვევია ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა, სურდა, ეს უკანასკნელი ბრძოლაში მისი მოკავშირე გამხდარიყო. რომაელი მხედართმთავარი მას მანამდე მხოლოდ ორჯერ იყო შეხვედრილი, ისიც იულიუს კეისრის მეუღლეობისას.

6-1644998056. (2).jpg
კლეოპატრას კარიბჭე პროფილში

კლეოპატრა ანტონიოსთან შესახვედრად, დიდი ზარზეიმით, სწორედ ამ კარიბჭით შესულა ქალაქში:

იგი ხმელთაშუა ზღვიდან მდინარე კიდნოსით (დღეს მდინარე ბერდან ჩაი, ხანდახან თარსუსსაც უწოდებენ) ასულა. მისი ბარჟა ოქროს ფირფიტებით ყოფილა დაფარული, გემს ვერცხლის ნიჩბები და მეწამული იალქნები ჰქონდა. გემი ყვავილებით მოეფინათ და უხვად გაეჟღინთათ ეგზოტიკური სუნამოებით. თავად კლეოპატრა სიყვარულის ბერძენი ქალღმერთის, აფროდიტეს მსგავსად იყო ჩაცმული. მარკუს ანტონიოსმა ვერ გაუძლო დედოფლის მომხიბვლელობას და... მან მხოლოდ ძლიერი მოკავშირე კი არ მოიპოვა, არამედ - საყვარელი და საბედისწერო ქალი.

7-3-1644998129.jpg
ჩვენი გმირების ეკრანული „მშობლები“ ელიზაბეთ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი... კადრი ფილმიდან „კლეოპატრა“

თარსუსის ამ, ერთ-ერთ მასიურ კარიბჭეს კი მათი მესამე და დაუვიწყარი შეხვედრის აღსანიშნავად უწოდეს ანტონიოსის დიდი სიყვარულის და საბედისწერო ქალის - კლეოპატრას სახელი.

როდესაც ოქტავიანე ეგვიპტეში შეიჭრა, ანტონიოსმა, რომელსაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა, თავი მოიკლა - საკუთარ მახვილს წამოეგო, მას ეგონა, რომ კლეოპატრასაც უკვე მოეკლა თავი. ვიდრე სულს დალევდა, მისმა მეგობრებმა იგი კლეოპატრას მონუმენტთან მიიყვანეს. სწორედ იქ, მონუმენტთან დამალული იპოვა ანტონიოსმა ცოცხალი კლეოპატრა. მან კლეოპატრას მკლავებში დალია სული. მას შემდეგ ეგვიპტის დედოფალმა რამდენიმეჯერ სცადა თავის მოკვლა და, საბოლოოდ მიაღწია კიდეც შედეგს. ასე, ტრაგიკულად დასრულდა მათი 10-წლიანი რომანი, მაგრამ არ დასრულდა ამბები მათზე - გამოგონილი თუ ნამდვილი, გალამაზებული თუ მშრალი ფაქტებით გადმოცემული, ფილმებად ქცეული თუ მწერლობაში აღბეჭდილი...

კარგა ხანი დავყავით კლეოპატრას კარიბჭესთან და, ალბათ, ჩემი მეგობრებიც ჩემსავით დამოგზაურობდნენ დროში... ვერ გეტყვით, რამდენჯერ წარმოვიდგინე, დიდებული გემით როგორ შემოცურა ზღვიდან მდინარეში ეგვიპტის დედოფალმა და როგორ შეეგება მას თარსუსში მარკუს ანტონიოსი. ამ წარმოსახვას შიგადაშიგ ჩემი ბავშვობის ფერადი მოგონება შეერეოდა ხოლმე - ჯოზეფ ლეო მანკევიჩის ოსკაროსანი ულამაზესი ფილმის - "კლეოპატრას" მთავარი გმირები, უფრო კი მათი გენიალური ეკრანული "მშობლები" - ელიზაბეთ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი... ეს კიდევ უფრო თვალწარმტაცს ხდიდა წარმოსახვას...

ანტონიოსისა და კლეოპატრას ცხოვრებისა და სიყვარული პოეზიასა ან კიდევ - პროზას, რომელმაც მათ საყოველთაო უკვდავება მოუტანა!

8-3-1644998208.jpg

ჩვენ კი დიდხანს ვიდექით მათი სიყვარულის ქვად ქცეულ პროლოგთან და ისევ და ისევ დროში დავმოგზაურობდით... წარმოსახვით...

(გაგრძელება იქნება)