"რუსეთის მთავრობას, პუტინს "ეტენება" და შესაბამისად, თანამდებობებს იღებს..." - კვირის პალიტრა

"რუსეთის მთავრობას, პუტინს "ეტენება" და შესაბამისად, თანამდებობებს იღებს..."

სახელი, გვარი: ლიზა ვადაჭკორია

განათლება: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის ჟურნალისტი, პროდიუსერი, ტელეწამყვანი. ასევე, მუშაობს პიარის მიმართულებით.

ჰობი: ფეხით სეირნობა და პრეფერანსის თამაში.

ცხოვრების დევიზი: "ხვალინდელი დღე აუცილებლად უკეთესი იქნება".

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ზოგჯერ ისეთი ადამიანების გვერდებსაც ვკითხულობ, ვინც ძალიან მაღიზიანებს და არ მომწონს. ასე რატომ ვიქცევი, თავადაც არ ვიცი. მაგალითად, თიკა კანდელაკი საოცრად მაღიზიანებს: რუსეთის მთავრობას, პუტინს "ეტენება" და შესაბამისად, თანამდებობებს იღებს..."

"ბავშვობაში დედაჩემი ტორტებს ძალიან ხშირად აცხობდა. ერთხელაც, როცა ტორტი გამოაცხო, ვუთხარი, - დედა, რა გამიჭირე საქმე ამ შენი ტორტებით? წავალ, შავ პურს ვიყიდი, შავი პური და ნიორი მირჩევნია-მეთქი!.. მთელი ცხოვრება ამ ამბავს მახსენებენ - ტორტებს გიცხობდით, შენ კი შავი პური და ნიორი გინდოდაო (იცინის)..."

"საერთოდ, ძალიან კანონმორჩილი ვარ. ერთადერთ რეგულაციას ვარღვევ და გავამხელ: ქუჩაში, ჰაერზე სამედიცინო ნიღბით სიარული არ შემიძლია. კი, ბატონო, მესმის, რომ დახურულ სივრცეში, ხალხმრავლობაში ნიღაბი უნდა გავიკეთო და ვიკეთებ, რადგან აუცილებელია, მაგრამ ჰაერზე, თუკი არავის ვეხები, ნიღაბი რად მინდა? როცა ქუჩაში უნიღბოდ სიარული აიკრძალა, ნიღაბი ხელში მეჭირა ხოლმე - თუ პოლიციელს დავინახავ, გავიკეთებ-მეთქი..."

"დედ-მამით გურული ვარ. შესაბამისად, შემიძლია რაღაცის გამო უცებ "ავფეთქდე", მაგრამ მერე ვნანობ - ვაიმე, თავი რატომ არ შევიკავე-მეთქი?.. კიდევ, ზოგჯერ ენაკვიმატი ვარ (მამაც ასეთი იყო). როგორც ამბობენ, მწარე ენა მაქვს (იღიმის). შეიძლება ასეა, მაგრამ ვიცი, რომ ნამდვილად კეთილი, სამართლიანი ვარ..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 17 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ. ეთო ყორღანაშვილი