დაანონსებული ომი „გაუქმდა“ თუ გადავადდა?
გათენდა 16 თებერვალიც და რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრა, საბედნიეროდ.
რა გამოდის?
აშშ-ის პირველი პირის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დაანონსებული, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 16 თებერვალს დიდი ომის დაწყება, ტყუილი იყო თუ ასე ნაქები ამერიკული დაზვერვა შეცდა?
ეს საკითხი არც თუ ისე მარტივია და მარტო ის ფაქტი, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ არ დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მის საზღვრებთან რუსეთის არმიის თითქმის ყველა ბრძოლისუნარიანი შენაერთია გადასროლილი, სერიოზული საბრძოლო ტექნიკის თანხლებით, უკვე ბევრ რამეზე მიუთითებს.
პირველი - დასავლეთის ქვეყნების და, პირველ რიგში, აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურებმა (მათ შორის - ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ და თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველომ) ტექნიკური დაზვერვის საშუალებებით (კოსმოსური და საჰაერო დაზვერვა) დროულად აღმოაჩინეს და ყოველდღიური უწყვეტი მონიტორინგის ქვეშ აიყვანეს უკრაინის საზღვრებთან რუსული არმიის შენაერთებისა და საბრძოლო ტექნიკის თითქმის ყველა გადაადგილება-გადაჯგუფება.
მეორე - რუსული სავარაუდო შეტევის დღედ თეთრმა სახლმა 16 თებერვალი ეტყობა, შემთხვევით არ დაასახელა, რადგან, აგენტურული დაზვერვის მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, ასეთი პროგნოზი გააკეთეს სადაზვერვო სტრუქტურების ანალიტიკოსებმა და ამ მონაცემებით სარგებლობდა ოფიციალური ვაშინგტონიც.
მესამე - რუსეთს შეტევა უკრაინაზე მართლაც რომ 16 თებერვალს დაეწყო, გამოვიდოდა, რომ კრემლის ყველაზე დიდ საიდუმლოებებზე ამერიკელ მზვერავებს მართლაც მიუწვდებათ ხელი და პუტინი, როგორც „ყოფილი კა-გე-ბეშნიკი" ამერიკელ „კოლეგებს“ ასეთ საჩუქარს გაუკეთებდა?
მეოთხე - პირველ რიგში, ამერიკელების და, ასევე, მათი ნატოელი თანაალიანსელი რიგი ქვეყნების ლიდერების წინასწარმა ასეთმა გააქტურებამ უდავოდ ითამაშა დადებითი პრევენციული როლი იმისთვის, რომ პუტინს საბედისწერო ნაბიჯი არ გადაედგა, ანუ ხდება ის, რაც ასე გვაკლდა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის წინ და თავად უკრაინელებს, 2014 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის წინ, რომ დასავლეთს ასევე აქტიურად და საყოველთაოდ გაეფრთხილებინა პუტინი.
მეხუთე - ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ რუსეთ-უკრაინის ომი საერთოდ „გაუქმდა“, მით უმეტეს, რომ მოსკოვი უკრაინის საზღვრებიდან ზოგიერთი სამხედრო დანაყოფისა და საბრძოლო ტექნიკის უკან გაყვანაზე განცხადებას აკეთებს?
არა, ომის დაწყება შეიძლება დროებით „დაპაუზდა“, მაგრამ მისი დაწყების საფრთხე მთლიანად არ გამქრალა, უბრალოდ, პუტინი ის ჩიტი არ არის, რომ თეთრი სახლის მიერ დაანონსებულ კონკრეტულ თარიღს „მოერგოს“...
ამასთან, იგივე ყირიმიდან, სამხრეთი მიმართულებიდან, თითქოს დაწყებული სამი დივიზიის გაყვანა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამით უკრაინის საზღვრებს საფრთხე მოაკლდა, რადგან ამ სამიდან ორი დივიზიის მუდმივი დისლოკაციის ადგილი ისედაც უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრშია.
როდესაც ამერიკელებმა ომის შესაძლო დაწყების თარიღად 16 თებერვალი განსაზღვრეს, ამ ბლოგის ავტორმა თავის სტატიაში გამოთქვა დიდი ეჭვი ამასთან დაკავშირებით, რადგან პუტინი თავს შეიკავებს პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების 20 თებერვალს, საზეიმოდ დახურვის დღემდე...
მაგრამ იქნება თუ არა საერთოდ ეს ომი, ამაზეც დარწმუნებით ლაპარაკი დღეს არავის შეუძლია, თვით პუტინსაც კი, რადგან მიდის დიდი პოლიტიკური ვაჭრობა კულუარებში და კრემლი, უკრაინაში ომის არდაწყების სანაცვლოდ, დასავლეთისგან რიგ დათმობებს ითხოვს, მათ შორის იმასაც (ხელმოწერილი დოკუმენტის სახით), რომ უკრაინა და საქართველო არასდროს გახდნენ ნატოს წევრები...