"ჩვენ ყველა მათ მხარეზე უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც, ჩვენი მთავრობის გარდა!"
"ვოლოდიმირ ზელენსკი ჩვენი ძალიან ახლო მეგობარია. მას უკრაინაში დიდი კინოწარმოება აქვს, 2012 წელს ბუბა კიკაბიძეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო... უკრაინაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუბას ყველა გასტროლს ზელენსკის კომპანია უწევს ორგანიზებას, მათ შორის, საიუბილეო კონცერტიც მათი ორგანიზებული იყო. როდესაც ზელენსკის რუსეთზე ჰკითხეს, მეც ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება მაქვს რუსეთის მიმართ, როგორც ბუბა კიკაბიძეს, იგი ჩემი კერპია, ჩემთვის გურუაო“, - გვითხრა ბუბა კიკაბიძის პროდიუსერმა - რატი აბზიანიძემ, როდესაც ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი გახდა... პრეზიდენტად გახდომის შემდეგ ბუბა კიკაბიძის მიმართ ზელენსკის დამოკიდებულება არ შეცვლილა, მომღერალი მიწვეული იყო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს და დააჯილდოვეს კიდეც...
მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ არის მიპყრობილი და ახლა ქვეყანას ურთულესი დღეები უდგას, როგორია მომღერლის მოლოდინი და განცდები? - ამ საკითხზე სასაუბროდ "კვირის პალიტრა" ბატონ ბუბა კიკაბიძეს დაუკავშირდა:
- არავინ ვიცით, რა იქნება, პუტინს თავში რა უდევს, მე ვერ გეტყვით... ომი არ უნდა იყოს! რუსეთი აუცილებლად წააგებს!
- არ უნდა იყოს, მაგრამ გაბედავს, თქვენივე სიტყვებით, წინასწარ წაგებული ომის დაწყებას?
- რა ვიცი, ახლა, გიჟისთვის ყველაფერი შეიძლება... არ ვიცი, რა გითხრათ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ვერ კი არა, არ გაბედავს რუსეთი ომს!
- უკრაინელ მეგობრებთან თუ გქონდათ კონტაქტი ამ დღეებში?
- ამ თემაზე რომ უკრაინელებს ესაუბრო, ცოტა არ იყოს, სირცხვილია. თვითონაც საშინლად ნერვიულობენ და კიდევ აქედან რაღაზე უნდა ელაპარაკო?! ამიტომ ყველამ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ, დაველოდოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და ყველაფერი გამოჩნდება, რა როგორ იქნება!
მე ძალიან მიყვარს უკრაინელი ხალხი, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, ჩვენი უახლოესი მეგობრები არიან. ჩვენ ყველა მათ მხარეზე უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც, ჩვენი მთავრობის გარდა!
- თქვენი აზრით, საქართველოს მთავრობას არ გამოუხატავს მხარდაჭერა?
- საქართველოს მთავრობიდან არავითარი მხარდაჭერა არ ყოფილა, რადგან პუტინს უგორებენ კოჭს! ეს იმდენად აშკარად იგრძნობა, მთელი საქართველო ხვდება მაგას.
როგორც მოგახსენეთ, უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, პირადად ჩემი დამეგობრება ამ ქვეყანასთან ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. მე დიდ პატივს ვცემ უკრაინის პრეზიდენტს - ვოლოდიმირ ზელენსკის. განათლებული, ახალგაზრდა, ნიჭიერი კაცია! მის ხელში, მე მგონი, ყველაფერი კარგად იქნება!
ზელენსკი ძალიან გაბედულიცაა... ამ შემთხვევაში გაბედვა-არგაბედვა არ თამაშობს გადამწყვეტ როლს. როდესაც შენს ქვეყანას გეცილებიან, ვალდებული ხარ, დაიცვა! ასეა ეს და ამიტომაც ვნახოთ, რა იქნება!
(სპეციალურად საიტისთვის)
ასევე დაგაინტერესებთ:
დაანონსებული ომი „გაუქმდა“ თუ გადავადდა?