შეურიგდება თუ არა სომხეთი თურქეთს? - რას წერს სომხური გამოცემა
შეურიგდება თუ არა სომხეთი თავის ისტორიულ მოწინააღმდეგეს - თურქეთს? ყარაბაღის ომის შედეგებმა დღის წესრიგში მწვავედ დააყენა ერევან-ანკარის ურთიერთობის მოგვარების საკითხი. მაშინ, როცა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებიდან - საქართველოს და აზერბაიჯანს თურქეთთან ახლო ურთიერთობები აქვთ, სომხეთი ჯერჯერობით ერთადერთ „გარიყულ“ ქვეყნად რჩება, რომელსაც თურქეთთან თავისი სახელმწიფო საზღვარი ისევ დახურული აქვს.
ვერ ვიტყვით იმას, რომ სიტუაცია „გაყინულია“ და არ იცვლება. სომეხ საზოგადოებაში და ხელისუფლებაში დღეისათვის არსებობს ძალები, რომლებიც ვითარებას პრაგმატულად უყურებენ და თურქეთთან ეკონომიკური დაახლოებისათვის ისწრაფვიან. განსაკუთრებით ეს ეხება სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის საკითხს, მაგალითად, გიუმრი-ყარსის რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენას, ზანგეზურის დერეფნის პროექტით (აზერბაიჯანიდან თურქეთისაკენ, სომხეთის ტერიტორიის ტრანზიტით) სარგებლობას... მაგრამ, ასევე, არიან ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თურქეთთან ნორმალური ურთიერთობების დაწყებას - ისინი თვლიან, რომ თურქეთი სომხეთისათვის „დამღუპველ საფრთხეს“ წარმოადგენს და ანკარასთან არანაირ ოფიციალურ კონტაქტებზე არ თანხმდებიან.
ბუნებრივია, ორივე მხარეს თავიანთი არგუმენტები აქვთ... მომხრეები თვლიან, რომ სომხეთის იზოლაცია და ბლოკადა უნდა დასრულდეს, ქვეყანას ინტეგრაცია და განვითარება სჭირდება... ისინი, ძირითადად, მმართველი პარტიის რიგებში და ნიკოლ ფაშინიანის მთავრობაში არიან. მოწინააღმდეგეები კი იხსენებენ ისტორიას, გენოციდს, ყარსის ხელშეკრულებას, სომხეთის ტერიტორიებს... ისინი, ძირითადად, ოპოზიციის წარმომადგენლები არიან.
გთავაზობთ სომხეთის რუსულენოვანი გაზეთის - „გოლოს არმენიის“ (Голос Армении) მიერ დაბეჭდილ სტატიას სათაურით - „სომხეთი-თურქეთი: ნორმალიზება თუ შერიგება?“ (ავტორი - აშოტ არამიანი).
„სომხეთში და თურქეთში, პრაქტიკულად, ერთდროულად ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებმაც დაადასტურა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოგვარება ძალზე რთული და პრობლემატურია“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
სომხეთში Gallup International Association-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, თურქეთთან საზღვრის გახნის კატეგორიული მოწინააღმდეგე არის გამოკითხულთა 54,6%, ზომიერად მოწინააღმდეგე - 7,6%, მხარს უჭერს მხოლოდ 7%.
თურქეთში Kadir Has-ის სტამბოლის უნივერსიტეტმა ახლახან გამოაქვეყნა გამოკვლევის შედეგები, საიდანაც ირკვევა, რომ თურქების უმეტესობა (66%) სომხეთს მტრად თვლის და ერევანთან ურთიერთობის აღდგენის მოწინააღმდეგეა.
ამ ფონზე, სომხეთის ხელისუფლება ორ ცნებას ერთმანეთში ურევს - „ურთიერთობის ნორმალიზებას“ და „შერიგებას“, ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება ცდილობს, ერთბაშად გადაწყვიტოს ყველა პრობლემა, მათ შორის - სიღრმისეულიც.
როგორც თურქოლოგი რუბენ მელქონიანი ამბობს, ეს ორი ცნება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა იქნეს გააზრებული: ერთია - დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება (საზღვრების გახსნის ჩათვლით) და მეორე - თურქეთთან [ისტორიული] შერიგება. დღეისათვის უფრო პირველია შესაძლებელი, ვიდრე - მეორე. უფრო მკაცრი ხედვა აქვს თურქოლოგ ტიგრან ლოკმაგეზიანს: იგი თვლის, რომ თურქეთის პოლიტიკა არ შეცვლილა და არც მომავალში შეიცვლება - ანკარას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: სომხეთის ჯერ მუხლებზე დაჩოქება და დამორჩილება, შემდეგ კი - ქვეყნის მიწის პირისაგან აღგვა.
ისმება კითხვა: რატომ არიან თურქები შეპყრობილი სომხეთის სიძულვილით? სომხეთი ხომ მათთვის აშკარად არ წარმოადგენს საფრთხეს? როგორც ფრანგული კვლევების ცენტრის თანამშრომელი ტიგრან ეგავიანი განმარტავს, თურქებისა და აზერბაიჯანელებისთვის პატარა სომხეთი, გენოციდისა და ტერიტორიული დანაკარგების მიუხედავად, ერთგვარ, დაყოვნებული მოქმედების ბომბს წარმოადგენს. თურქებმა თავიანთი ეროვნული სახელმწიფო ანატოლიელი ქრისტიანების გვამებზე ააშენეს. გენოციდის საერთაშორისო აღიარება თურქებისათვის „ფეხსაცმელში ჩავარდნილი კენჭის“ მსგავსია, რომელიც მათ სიარულს უშლის“.
იმ დროს, როცა თურქეთი და აზერბაიჯანი დაფდაფებით აღნიშნავენ ანტისომხური „შუშის ხელშეკრულების“ რატიფიცირებას, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოპტიმიზმს გამოხატავს და სიხარულით გაბრწყინებულია - მისი აზრით, თურქეთთან სომხეთის შერიგებით რეგიონში „ახალი ეპოქა“ დგება. სამწუხაროა, რომ პრემიერი მხედველობაში არ იღებს და ეწინააღმდეგება დიასპორის თვალსაზრისსაც, ცდილობს მათ განეიტრალებას და „ჩვენებად“ და „უცხოებად“ ჰყოფს. იგი დაბნეულია, ორიენტაცია აქვს დარღვეული (ან შესაძლოა ამას განგებ, შეგნებულად აკეთებს) და თურქეთს ემსახურება“, - წერს „გოლოს არმენიი“.
„დღეს ჩვენი დასავლელი მეზობლის - თურქეთის ეკონომიკა გაბანკროტებულია, მილიონობით ადამიანი შიმშილობის პირზეა მისული, კორონავირუსი მძლავრობს - თურქეთი ინფექციის გავრცელების მხრივ ქვეყნების პირველ ათეულში შედის და ამ დროს, როგორ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, ანკარას მხარდაჭერას სომხეთის ხელისუფლება უცხადებს...“, - ნათქვამია სტატიაში. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ