"პუტინს მეთოდები მოუძველდა, ფანატიკოსი მხარდამჭერების გარდა, მისი აღარავის სჯერა"
"რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ლუგანსკის ოლქში, მძიმე არტილერიის გამოყენებით, ცეცხლი გახსნეს", - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. „რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში, სტანიცა ლუგანსკში ცეცხლი გახსნეს. ტერორისტების მიერ მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა", - ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ორმა სამოქალაქო პირმა ტვინის შერყევა მიიღო. ამასთან, გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა კომუნალური ინფრასტრუქტურა, დასახლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. „გაერთიანებული ძალების ოპერაციის სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში სასწრაფოდ გადაიყვანეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. რატომ გაუხსნეს რუსებმა ცეცხლი მშვიდობიან მოქალაქეებს, ეძებს თუ არა კრემლი საბაბს ომის დასაწყებად, როგორი იქნება უკრაინის პასუხი ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი გვესაუბრება.
ზურა ბატიაშვილი:
- ამაში ახალი არაფერია, რუსეთი ჩვეულებას არ ღალატობს. რუსეთს ადრეც დაუბომბავს მშვიდობიანი მოსახლეობა და მერე ყველაფერი მოწინააღმდეგისთვის გადაუბრალებია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთს საპასუხო ცეცხლი სჭირდებოდა, რათა დაპირისპირების გასაღრმავებლად საბაბი ჰქონოდა. უკრაინელებმა საპასუხო ცეცხლი არ გახსნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლი სხვა მეთოდებს მიმართავს. ამაზე მეტყველებს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების განცხადებები. ისინი ამბობენ, რომ ბოლო 24 საათში სამთავრობო ძალებმა მათ ტერიტორიაზე ცეცხლი ოთხჯერ გახსნეს. მათი მტკიცებით, უკრაინულმა ძალებმა გამოიყენეს ნაღმტყორცნები, ყუმბარმტყორცნები და ავტომატები.
- ე.ი. ეს არის „კაზუს ბელი" - ფაქტი ან მოვლენა, რომელიც ომის ფორმალური საბაბია და არა მისი გამომწვევი ნამდვილი მიზეზი.
- დიახ, თუმცა უკრაინა კარგად მომზადებული შეხვდა ამ ამბავს. ამერიკამ არაერთხელ გააფრთხილა უკრაინა, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაჭრელად, შესაძლოა, ყალბი საბაბი გამოიყენოს. ერთ-ერთი ვერსიით, ეს შესაძლოა იყოს პროპაგანდისტული ვიდეოების შექმნა, რომლებშიც ინსცენირებული თავდასხმის კადრები იქნება ასახული. მოკლედ, პუტინს მეთოდები მოუძველდა, ფანატიკოსი მხარდამჭერების გარდა, მისი აღარავის სჯერა.
- გამოდის, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ ყირიმში სამხედრო წვრთნები დასრულდა, მასში მონაწილე ქვედანაყოფები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან, უკრაინას და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს დამშვიდების საფუძველს არ უნდა აძლევდეს?
- რა თქმა უნდა, მოსკოვის განცხადება დამშვიდების საფუძველს არავის არ უნდა აძლევდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათი საზღვრებიდან რუსეთის ჯარის გაყვანას ჯერჯერობით ვერ ხედავენ. ეს არის რუსეთის თავდაცვის განცხადება, რომელსაც არ უკრაინული მხარე არ ადასტურებს და არც ამერიკული დაზვერვა. ასე, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს „თავლებში ნაცარი შეაყაროს“ მსოფლიო თანამეგობრობას.
- ზელენსკის ბოლოდროინდელი განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ მთლად დასავლეთის მხარდაჭერის იმედად ვერ არის. მან პირდაპირ თქვა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთთან ერთად თამაშობსო. ამასთან, მან ასეთი რამ თქვა „მინდა იმედი ვიქონიო, რომ დასავლეთი რუსეთთან ჩვენს გარეშე არ შეთანხმდება“. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, საფუძვლიანია უკრაინის პრეზიდენტის შიში?
- მე არ მგონია, რომ ზელენსკის შიში საფუძვლიანი იყოს. დღეს ასეთი ამბავი იმიტომ არის ატეხილი, რომ მსგავსი გარიგება არ მოხდა. 21-ე საუკუნეში ასეთი გარიგებები არ ხდება.
- თუმცა ჩვენ ვიცით, რომ რუსებს არაერთი გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსი ჰყავს მოსყიდული. გვინდა თუ არ გვინდა, უნდა ვაღიაროთ, რომ კრემლს მოსყიდვის გარდა სხვა მექანიზმებითაც აქვს გარკვეული გავლენა ევროპაზე.
- დიახ, მაგრამ ის რაც ახლა ხდება უკრაინის საზღვრებთან იმდენად პრინციპული საკითხია, რომ ამაზე ვერც ცალკეული მოსყიდული პოლიტიკოსები მოახდენენ გავლენას და ვერც სხვა რუსული ბერკეტები იმუშავებენ!
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე