"ჩვენ შეტევით ოპერაციებს და ცეცხლის გახსნას არ ვგეგმავთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ შეტევით ოპერაციებს და ცეცხლის გახსნას არ ვგეგმავთ"

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ ოკუპირებული დონეცკის ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება და აცხადებს, რომ უკრაინის არმია არანაირი შეტევითი ოპერაციისთვის არ ემზადება.

„ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები სტაბილურად იცავს მინსკის შეთანხმებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს და არ გეგმავს შეტევით ოპერაციებს ან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას,“- აღნიშნულია ზალუჟნი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ის ხაზს უსვამს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებები მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა.

ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, 17 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 47-ჯერ დაარღვიეს, მათგან 38 შემთხვევაში მინსკის შეთანხმებებით აკრძალული შეიარაღების გამოყენებით.

„მოწინააღმდეგემ მიზანმიმართული იერიში მიიტანა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ამავდროულად, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებით, რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებენ“, - აცხადებს ზალუჟნი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

„დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის ოკუპანტი სახელმწიფო. ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეთ ადამიანებს ან ინფრასტრუქტურას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პროვოკაციაა", - აღნიშნა ზალუჟნიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 17 თებერვალს დაფიქსირებული ფაქტების სათანადო გამოძიება.

ინტერპრესნიუსი