როგორ დაანგრია რონალდ რეიგანმა “ვარსკვლავური ომებით” საბჭოთა იმპერია? - კვირის პალიტრა

როგორ დაანგრია რონალდ რეიგანმა “ვარსკვლავური ომებით” საბჭოთა იმპერია?

როგორ დაანგრია რონალდ რეიგანმა “ვარსკვლავური ომებით” საბჭოთა იმპერია?

რამდენიმე დღის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა: “ჩვენ ასეთი წესი გვაქვს: ნუ დაიჯერებ იმას, რაც გესმის, დაიჯერე ის, რასაც ხედავ. როდესაც დავინახავთ, რომ რუსეთს ძალები გაჰყავს, დავიჯერებთ დეესკალაციას”. ჩემი რჩევა კი იქნება: როდესაც რუსეთთან გაქვს საქმე, ხშირად არც ის უნდა დაიჯერო, რასაც ხედავ, შესაძლოა რუსეთი აქაც თაღლითობდეს და გატყუებდეს! ამაში თქვენც დარწმუნდებით.

დეზინფორმაციულ ოპერაციებში კა-გე-ბეს არც საბჭოთა სამხედრო დაზვერვა (გე-ერ-უ) ჩამორჩებოდა. რეალური სამხედრო გეგმების შენიღბვის მაგალითია გე-ერ-უს მიერ 1955 წელს მოწყობილი ტრიუკი. საბჭოთა ავიაციის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე, რომელსაც მრავალი დიპლომატი და უცხოელი სამხედრო ექსპერტი (მათში, როგორც წესი, დღესაც უმრავლესობა სპეცსამსახურების თანამშრომელი არის ხოლმე) ესწრებოდა და გაფაციცებით ადევნებდა თვალს ახალი საბჭოთა ბომბდამშენების ესკადრილიას. უცხოელი სტუმრების გაოცება საფრენი აპარატების სიმრავლემ გამოიწვია, რაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვოს სააგენტოს (ცსს) მონაცემებს მრავალჯერ აჭარბებდა. ტრიუკი კი ის იყო, რომ ერთი და იგივე თვითმფრინავების ესკადრილია ყოველ ხუთ წუთში წრეს აკეთებდა შეკრებილი ხალხის თავზე, რათა ამერიკელები საბჭოთა ბომბდამშენების სიმრავლეში დაერწმუნებინა.

ალენ დალესის, ცსს-ს მაშინდელი დირექტორის სიტყვებით სარაკეტო მრეწველობის შესანიღბვად საბჭოთა კავშირს სურდა, უცხოელი ექსპერტები დაერწმუნებინა, რომ სულ უფრო ზრდიდა მძიმე ბომბდამშენების წარმოების ტემპებს და აქცენტს, ვითომდა, ავიაციაზე აკეთებდა.

კარგად დამუშავებული “დეზას” ოპერაციის მაგალითია გე-ერ-უს კიდევ ერთი ტრიუკი. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 1950-იანი წლების ბოლოს, მრავალწლიანი გამოცდების მიუხედავად, კონსტრუქტორ სემიონ ლავოჩკინის ბიუროში შექმნილმა, ახალი თაობის ჰაერსაწინააღმდეგო "საზენიტო მართვადმა რაკეტა-400”-მა დაბალი შეფასება მიიღო და მათი სერიული წარმოება არ შედგა. ამ ფაქტის დასამალად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად, საბჭოთა სამხედრო დაზვერვაში შედგენილი გეგმის მიხედვით, მოსკოვის ერთ-ერთი საიდუმლო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი (სინამდვილეში გე-ერ-უს ოფიცერი) “მოღალატე” გახდა, თავისი ინიციატივით დაუკავშირდა აშშ-ის სალჩოს და ცსს-ს აგენტებს, სოლიდური გასამრჯელოს საფასურად, მრავალი “საიდუმლო” სამხედრო დოკუმენტი გადასცა. თანაც აცნობა, რომ საბჭოთა კავშირს, ვითომდა, უკვე 900-მდე “სმრ-400” ჰქონდა შეიარაღებაში.

11-1645166639.jpg
საზენიტო მართვადი რაკეტა-400

ამ ინფორმაციისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად 1963 წლის ნოემბრის შემდეგ, რამდენიმე წელს, “წითელ მოედანზე” გამართულ სამხედრო აღლუმებზე, ამერიკელების გულის გასახეთქად, გამოჰქონდათ კარგად შენიღბული უზარმაზარი რაკეტები (რეალურად კი "სმრ-400"-ის მაკეტები) და წინ და უკან “ასეირნებდნენ”.

ამერიკელი სამხედროები დაფაცურდნენ და კონგრესს "სმრ-400"-ის საწინააღმდეგოდ შესაბამისი პარამეტრების რაკეტების დასამზადებლად პენტაგონის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გააზრდევინეს. მრავალი წლის შემდეგ, როცა სიმართლე გაირკვა, აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტიდან დაახლოებით ათი მილიარდი დოლარი უკვე “ქარს წაეღო”. საბჭოთა კავშირს კი უკვე სხვა, გაუმჯობესებული პარამეტრების ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები ჰქონდა.

საბჭოთა კავშირში შინაურ იდეოლოგიურ “მტრებს” კა-გე-ბეს მეხუთე მთავარი სამმართველოს “სპეცები” რამდენიმე ძირითადი მიმართულებით (იდეოლოგიური, რელიგიური, ნაციონალური და ა.შ.) ებრძოდნენ. კა-გე-ბეს ძალზე რთული ამოცანა უნდა შეესრულებინა. კერძოდ კი, საბჭოთა საზოგადოების ფართო ფენებზე იდეოლოგიური ზემოქმედების საშუალებით (რაშიც უმთავრეს როლს დეზინფორმაცია ასრულებდა) უნდა დაერწმუნებინა მრავალსაათიან რიგებში დგომით გათანგული და გაბოროტებული მოქალაქეები, რომ მათ ოჯახებში კომუნიზმი სულ მალე “შემოცუნცულდებოდა” და ბედნიერი ცხოვრება დაიწყებოდა.

1960-70-იან წლებში კა-გე-ბეს “ა” სამსახური მთელი დატვირთვით მუშაობდა: ქმნიდა და ავრცელებდა ჭორებსა და ბინძურ ანეკდოტებს ებრაელებზე (გავიხსენოთ: ეს ის პერიოდია, როცა საბჭოთა კავშირში მცხოვრებმა ებრაელებმა მოინდომეს ისტორიულ სამშობლოში - ისრაელში დაბრუნება. მათ კანონიერ სურვილს კა-გე-ბე ყოველმხრივ ბლოკავდა და ყველა საშუალებით ხელს უშლიდა). საზოგადოებაში ებრაელთა მიმართ ზიზღის გაღვივების მიზნით, უშიშროების საკავშირო და რესპუბლიკურ კომიტეტებში იქმნებოდა ათასგვარი ბინძური ჭორი და ანეგდოტი დისიდენტებზე, არალეგალურად მოქმედ ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე. ჭორები ეხებოდა მათ ადათ-ჩვეულებებს, რელიგიას, ცხოვრების წესს, “არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას” და ა.შ. ჭორების და ანეკდოტების “ტირაჟირებას” და მოსახლეობაში გავრცელებას კა-გე-ბეს ფარული თანამშრომლები ახდენდნენ.

1968 წლის აგვისტოში, ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის შემდეგ, საბჭოთა სპეცსმასახურების დეზინფორმაციული შეტევის სამიზნე ეს ქვეყანა გახდა. კა-გე-ბემ შექმნა და გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, რომ ჩეხოსლოვაკიელი “კონტრრევოლუციონერები” ვითომდა საბჭოთა კავშირში ექსპორტირებულ ფეხსაცმელებში სპეციალურ ქიმიურ ტაბლეტებს დებდნენ, რათა საბჭოთა მოქალაქეებს ქვედა კიდურების მძიმე დაავადება დაწყებოდათ.

ისტორიამ დაგვანახა, რომ საბჭოთა სპეცსამსახურებმა შეუძლებელი ვერ შეძლეს და ტოტალიტარული რეჟიმი დამარცხდა.

არ მინდა მკითხველს ეგონოს, რომ დეზინფორმაციის შექმნა-გავრცელებით მხოლოდ საბჭოთა სპეცსამსახურები იყვნენ დაკავებული. ქვემოთ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურების რამდენიმე დეზინფორმაციულ ოპერაციას გაგაცნობთ.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ანტიჰიტლერული კოალიციის მიერ 1944 წლის ივნისში საფრანგეთის სანაპიროზე დესანტის გადმოსხმის შესანიღბვად მოკავშირეებმა დეზინფორმაციის მთელი რიგი ოპერაციები დაგეგმეს. ამჟამად მხოლოდ ერთზე მოგითხრობთ. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის (მი-6) ერთ-ერთ აგენტი, რომელიც გარეგნულად ძალზე წააგავდა ბრიტანელ ფელდმარშალ მონტგომერს, გამოაწყვეს ფელდმარშლის მუნდირში და ორი თვითმფრინავით და დიდი ამალით გაგზავნეს, ვითომდა, საინსპექციო შემოწმებაზე გიბრალტარსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განლაგებულ სამხედრო შენაერთებში.

22-1645166794.jpg
ბერნარდ მონტგომერი (1887-1996)

გერმანიის დაზვერვას არ გამორჩენია “მონტგომერის” ეს ვოიაჟი და ინფორმაცია სასწრაფოდ ბერლინს შეატყობინა, სადაც კიდევ უფრო განუმტკიცდათ აზრი, რომ მოკავშირეები მეორე ფრონტის გახსნას ევროპაში კი არა, არამედ - იტალიაში ან ბალკანეთზე აპირებდნენ და ძირითადი ძალები იქითკენ გადაისროლეს. ნამდვილი მონტგომერი კი 1944 წლის 6 ივნისს ჩრდილოეთ საფრანგეთში დესანტის გადმოსხმის ოპერაცია “ოვერლორდს” ხელმძღვანელობდა. ორეულების გამოყენება მოწინააღმდეგის დეზინფორმაციისთვის საკმაოდ გავრცელებული ხერხია და ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

საბჭოთა კავშირის დანგრევაში მნიშვნელოვანი როლი აშშ-ის სპეცსამსახურების დეზინფორმაციულმა ოპერაციებმაც შეასრულა.

ცსს-ს ანალიტიკოსებისათვის ცნობილი იყო, რომ საბჭოთა ეკონომიკა მთლიანად ნედლეულის (ნავთობის, ბუნებრივი გაზის, ქვანახშირის და ა.შ.) მოპოვებასა და ექსპორტზე იყო დამოკიდებული. ამავე დროს, საბჭოთა კავშირი ძალზე სუსტი იყო მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა-დანადგარების წარმოების მხრივ. ამიტომაც 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, საბჭოთა დაზვერვა უცხოური ტექნოლოგიებისა და უახლესი ტექნიკის ნიმუშების “მოპოვებით” ანუ მოპარვით იყო დაკავებული. დიდად არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ საბჭოთა კავშირში წარმოებული პროდუქცია - ნემსით დაწყებული და ატომური ბომბით დამთავრებული, სამრეწველო ჯაშუშობის შედეგი იყო.

საბჭოთა ეკონომიკის პრობლემების გათვალისწინებით, გასული საუკუნის 60-70-იანი წლებიდან მოყოლებული, დასავლეთის ქვეყნებმა მთელი რიგი შეზღუდვები (კოკომი, ჯექსონ-ვენიკის შესწორება და სხვ.) დააწესეს საბჭოთა კავშირის და სხვა სოციალისტური ქვეყნების მიერ უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების ოფიციალური შესყიდვის მხრივ. “სოციალისტურ ბანაკს” ერთადერთი გზაღა რჩებოდა - ეს ტექნიკა და ტექნოლოგიები მათ დაზვერვას უნდა მოეპარა, რის შემდეგაც მათ სერიულ წარმოებას (ოდნავ შეცვლილი სახით) ქვეყნის შიგნით დაიწყებდნენ. ამ რეალობის გათვალისწინებით, აშშ-ის ცსს-მ შეიმუშავა სადეზინფორმაციო ოპერაციების ერთიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა, საბჭოთა მზვერავებისთვის დიდი თანხების საფასურად, ამ ვითომდა “სიახლეების” მიყიდვას. მართლაც, 1960-1990 წლებში კა-გე-ბემ მრავალი “სუპერსაიდუმლო” ინფორმაცია იყიდა: ნავთობის ბურღვის ახალი ტექნოლოგიების, გაზის ტურბინების, სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესის კომპიუტერული სქემების, “უახლესი” ქიმიური შენაერთების ფორმულების და ა.შ. შესახებ. მცდარი გზით მიმავალი და “დეზას ლაბირინთებში” დაკარგული საბჭოთა მეცნიერები საბოლოოდ ჩიხში ემწყვდეოდნენ და ყველაფრის თავიდან დაწყება უხდებოდათ. გადიოდა წლები და საბჭოთა კავშირი სრულიად უმიზნოდ ხარჯავდა ფინანსურ და ინტელექტუალურ რესურსებს და, რაც მთავარია - კარგავდა დროს.

აშშ-ის ცსს-ს და სამხედრო დაზვერვის მიერ ერთობლივად ჩატარებული დეზინფორმაციის მეორე ოპერაცია, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ის ათვლის წერტილი იყო, საიდანაც საბჭოთა კავშირის ნგრევა დაიწყო. გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში აშშ-მა შეძლო მოწინააღმდეგე შეიარაღების დიდ “რბოლაში” ჩაეთრია და საბჭოთა კავშირი იძულებული გაეხადა, ყოველწლიურად გაეზარდა სამხედრო ხარჯები. აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა რამდენჯერმე ოფიციალურად განაცხადა, რომ მათ შეიარაღებაში უკვე ჰქონდათ ახალი “კოსმოსური” და “ლაზერული“ იარაღი, “ნეიტრონის ბომბი”, უახლესი რადარები და ა.შ. ეს და კიდევ ბევრი სხვა “ამერიკული ლეგენდა” ისე აშინებდა საბჭოთა პოლიტბიუროს “ნორჩ” წევრებს, რომ ისინი უყოყმანოდ ზრდიდნენ სამხედრო ბიუჯეტს. ამ უთანასწორო შეჯიბრმა და ავღანეთის ომმა საბოლოოდ გამოფიტა ისედაც დაუძლურებული საბჭოთა ეკონომიკა და მალე გორბაჩოვისეულ “გარდაქმნას” საბჭოთა იმპერიის დანგრევა მოჰყვა.

(მეექვსე ნაწილის დასასრული) იხილეთ ბლოგის პირველი ნაწილი