ვინ არის მსოფლიოში ჭადრაკის ყველაზე პატარა გროსმაისტერი - კვირის პალიტრა

ვინ არის მსოფლიოში ჭადრაკის ყველაზე პატარა გროსმაისტერი

ინდური წარმომავლობის ამერიკელი მოჭადრაკე აბჰიმანიუ მიშრა 2009 წლის 5 თებერვალს ნიუ-ჯერსიში დაიბადა. ის ამ დრომდე ყველაზე ახალგაზრდა გროსმაისტერად ითვლება, ეს ტიტული მან 2021 წელს, 12 წლის ასაკში მოიპოვა. მან სერგეი კარიაკინის 19-წლიანი რეკორდი მოხსნა.

აშშ-ში 7 და 9 წლის ასაკში რამდენიმე რეკორდის მოხსნის შემდეგ, 10 წლის მიშრა ყველაზე ახალგაზრდა საერთაშორისო ოსტატი გახდა.

2021 წლის 30 ივნისს მან ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გროსმაისტერის წოდება მოიპოვა. 12 წლის მოთამაშემ ბუდაპეშტში GM-ის მესამე ნორმა მიიღო და აუცილებელი სარეიტინგო ბარიერიც გადალახა.

აბჰიმანიუმ ჭადრაკის თამაში 2 წლის ასაკში, მამის დახმარებით ისწავლა. პატარა ბიჭი მუდმივად ცდილობდა ფიზიკურადაც ძლიერი ყოფილიყო, რათა მის მოწინააღმდეგეებს, გაცილებით დიდ მოჭადრაკეებს ღირსეულად გამკლავებოდა. იყო შემთხვევა, როცა 5 წლის მიშრას New Jersey Open-ის ტურნირზე, რომელიც შუაღამემდე გაგრძელდა, ბოლომდე ფხიზლად ყოფნა ძალიან გაუჭირდა.

„მისი მოწინააღმდეგე, ალბათ, ფიქრობდა, რომ მიშრა პატარა ბავშვია და ბოლომდე ვერ გაუძლებდა, ამიტომ 1 საათის განმავლობაში სვლაც კი არ გააკეთა“, - იხსენებს ახალგაზრდა გროსმაისტერის მამა - ჰემანტი.

„აბჰიმანიუს უნდოდა, რომ მატჩი მალე დასრულებულიყო და ფრედ დასრულება შესთავაზა, თუმცა მოწინააღმდეგემ უთხრა: „არავითარ შემთხვევაში, მე უნდა გავიმარჯვოო!“. ამ მარცხმა გარდამტეხი როლი შეასრულა მიშრას მომავალ წარმატებაში.

mishra2-1645188667.jpg

როგორც მოჭადრაკის მამა ამბობს, აუცილებელი იყო, რამე ხერხი მოეძებნათ და პატარა ბიჭს მატჩის დროს არ დასძინებოდა, ამიტომ მან რეჟიმი გამოიმუშავა და მიშრა რაუნდებს შორის შესვენებებზე მანქანაში ან ტურნირზე, რომელიმე თავისუფალ ოთახში იძინებდა.

არც 35 წლის მოწინააღმდეგესთან თამაში აღმოჩნდა ადვილი საქმე. 6,5 წლის აბჰიმანიუ სააბაზანოში შედიოდა და პირს ცივი წყლით იბანდა, მოწინააღმდეგის სვლის დროს ოთახში შეუჩერებლად დადიოდა, რათა დაღლილობა დაეძლია. თამაში ღამის ორ საათამდე გაგრძელდა და ბოლოს, პატარა ბიჭს ძალიან გაუჭირდა, თუმცა მატჩი მაინც მოიგო.

„მოვიგე არა იმიტომ, რომ საუკეთესო მოჭადრაკე ვარ, არამედ იმიტომ, რომ შენ არ იცი კარგად ენდშპილი“, - უთხრა მოწინააღმდეგეს პატარა ბიჭუნამ.

9 წლის ასაკში მიშრა აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა ეროვნული მასტერი იყო. როგორც ცნობილია, ნიჭიერ ბიჭს სპონსორი არ ჰყავდა და ოჯახისთვის საკმაოდ რთული იყო, ბავშვისთვის გზა გაეკვალა.

„ის თანხა, რასაც სხვები კოლეჯში სწავლისთვის ხარჯავენ, ჩვენ ჭადრაკში ჩავდეთ“.

უნგრეთში წასვლისთვის, შემოწირულობების დახმარებით, ოჯახმა 16 ათასი დოლარის შეგროვება მოახერხა.

„ის ჯერ კიდევ 9 წლის იყო, 70 წლის ვეტერანს რომ შეხვდა. მიშრამ მაშინ ძალიან სწრაფად გაიმარჯვა და ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ისტორიის შექმნის პროცესს ვადევნებდი თვალს. მალე მივხვდი, რომ ის არანორმალურია - რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. ყველა სვლა ახსოვს, რასაც დაინახავს, მათ შორის, 2014 და 2015 წელს ჩატარებული პარტიებიდან“, - ამბობს მიშრას მწვრთნელი არუნ პრასადი.

როგორც ცნობილია, 9 წლის ასაკში პატარა ვუნდერკინდი კასპაროვის ფონდმა სამდღიან გამოცდაზე მიიპატიჟა. აქ ბავშვს შესაძლებლობა ჰქონდა, მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ეთამაშა და რჩევები თავად გარი კასპაროვისგან მიეღო.

„ამ ასაკში გყავდეს ისეთი დამრიგებელი, როგორიც გარი კასპაროვია - ეს ყველა მოჭადრაკის ოცნებაა“, - ამბობს მოჭადრაკის მამა.

ამ მოგებების მიღმა უამრავი შრომაა ჩადებული. როგორც ცნობილია, მიშრა სახლში მამასთან ერთად მეცადინეობდა და ვარჯიშობდა. სხვადასხვა შტატში მოგზაურობისას მას დროის ბარიერიც უნდა გადაელახა, რათა გვიან ღამით მიმდინარე მატჩის დროს არ დასძინებოდა, ამიტომ მიშრა სახლში ღამის 3-4 საათამდე ვარჯიშობდა. მამა-შვილმა თავდაუზოგავი შრომის შედეგი საქმის ბოლოს მიიღეს, საბოლოოდ კი, 12 წლის ვაჟმა მსოფლიოს რეკორდი მოხსნა და ყველაზე ახალგაზრდა გროსმაისტერის ტიტულიც მოიპოვა.

(სპეციალურად საიტისთვის)