მულტიპლიკაციური ომი სტალინსა და გებელსს შორის...
ხალხში დამკვიდრებულ შეხედულებას, რომ თითქოს ნიკიტა ხრუშჩოვის გამოჩენამდე საბჭოეთის მოსახლეობას არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდა ევროპული და ამერიკული კულტურის შესახებ და განვითარებული ქვეყნების მიღწევებს მათ საგულდაგულოდ უმალავდნენ, მწერალი დავით ჩიხლაძე უარყოფს და თავის ჩანაწერებში მაგალითად მოჰყავს 1932 წელს გამოცემული დეტალური და ფართოდ ილუსტრირებული ალბომი: „ცნობარი ამერიკული მრეწველობისა და ვაჭრობის მიღწევების შესახებ“, რომელთან თუნდაც მიახლოებულ გამოცემას დღეს სიზმრადაც ვერავინ ნახავს. მისი თქმით, ხრუშჩოვამდე საბჭოთა კავშირში არამარტო ჯაზი და ფოქსტროტი არსებობდა, კინოგაქირავებას ამერიკული მულტფილმებიც კი შემოჰქონდა ბავშვებისთვისო.
ის ისტორია ხომ გახსოვთ? ერთხელ, უოლტ დისნეის რომ შესთავაზეს ლოს-ანჯელესის მერობა. „რატომ უნდა ვიყარო კენჭი მერობაზე, როდესაც მე უკვე მეფე ვარო?“, -იკითხა მან. დისნეი ანიმაციური სამყაროს ნამდვილი მეფე იყო. მან პირველმა წარუდგინა მსოფლიოს მულტიპლიკაციური ფილმი და მე-20 საუკუნის კულტურას ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გასართობი საშუალება შემატა. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ "დისნეის" დაბადებამდე გაცილებით ადრე არსებობდა ანიმაცია და ეს საბავშვო წიგნი იყო, ოპტიკური ილუზიის პრინციპებზე აგებულიო, მაგრამ ფაქტია, რომ დისნეიმ ეს პრინციპი გაცილებით გააუმჯობესა და დღეს ანიმაცია იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული მის სახელთან, რომ წარმოუდგენელია ერთის არსებობა მეორის გარეშე.
მოკლედ, დღეს არა "დისნეიზე" არამედ ერთ საინტერესო და აქამდე უცნობ ისტორიას გიამბობთ, თუ როგორ გაიმართა მულტიპლიკაციური ომი სტალინსა და გებელსს შორის.
1936 წელს თბილისში, კინო „ოქტომბერში“ უოლტ დისნეის გენიალურ მოკლემეტრაჟიან ნახატ ფილმს „სამ გოჭს“ უჩვენებდნენ, რომელიც მოსკოვის კინოფესტივალზე იყო გამოგზავნილი, ეს პერიოდი იყო თებერვლის ბოლო, „ოსკარის“ პრიზიც ჰქონდა მოპოვებული და დისნეის საუკეთესო მულტფილმად მიიჩნეოდა.
მალევე გადაწყდა, საბჭოთა კავშირსაც აეთვისებინა დისნეის მულტფილმების ტექნიკა და ბავშვებისთვის საკუთარი პროდუქცია გამოეშვა. 1936 წელს სტალინის უშუალო მითითებით მულტფილმების საკავშირო სტუდია „სოიუზდეტმულტფილმი“ გაიხსნა, რომელსაც მომდევნო წელს სახელი შეუმოკლეს და „სოიუზმულტფილმი“ უწოდეს.
პირველი საბჭოთა მულტფილმი გამოვიდა სახელწოდებით „აფრიკაში ცხელა“. მისი სიუჟეტი მარტივია: აფრიკაში ცხოველები ძლიერი სიცხისგან იტანჯებიან, ამიტომ მათ დასახმარებლად ჩრდილოეთ პოლუსიდან მაიმუნი და მორჟი (ლომვეშაპი) გამოემართებიან და გასაგრილებლად ნაყინს წამოიღებენ, სანაცვლოდ კი მათაც დაასაჩუქრებენ ანანასით, ქოქოსით და ბანანით. დავით ჩიხლაძე თავის ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ კაპიტალისტური ქვეყნების ელიტარული რესტორნები ერთ ულუფა საბჭოთა ნაყინს მამასისხლად სთავაზობდნენ რჩეულ კლიენტებს და ჩვენებური ხიზილალის მსგავსად, ისიც დელიკატესად ითვლებოდაო.
მოკლედ, საბჭოთა კავშირმაც დაიწყო მულტფილმის წარმოება 30-იანი წლების ბოლოს. საბჭოთა მულტიპლიკაციასაც თავისი უნიკალური სტილი ჰქონდა და მას მთელ მსოფლიოში აფასებდნენ. თავიდან ფიქრობდნენ უოლტ დისნეის დასწეოდნენ და ამიტომ ამერიკული გავლენაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო. შემდეგ კი, ისევ სტალინის დავალებით, საბჭოთა მულტიპლიკაციას დაევალა, თავისი ხელწერა მოეძებნა - ეს აუცილებლად დაფუძნებული უნდა ყოფილიყო მორალურ და აღმზრდელობით ღირებულებებზე...
ომის დასრულების შემდეგ, 1946-53 წლებში, დაიწყო იდეოლოგიური კამპანია „დისნეევშჩინის“ წინააღმდეგ და საბჭოთა საბავშვო ნახატი ფილმის სტანდარტი საბოლოოდ ჩამოყალიბდა. 1947 წელს ვენეციის კინოფესტივალზე საბჭოთა მულტფილმი „სიხარულის სიმღერა“ ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.
1936-1954 წლებში გადაღებულ მულტფილმებს კლასიკური სტალინური მულტფილმები ეწოდათ, თუმცა, სტალინის გარდაცვალების შემდეგ - 1954 წლიდან საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო დღემდე შექმნილი ყველა მულტფილმი, როგორიცაა, მაგალითად, „ბიჭუნა და კარლსონი“, „აბა დამაცადე!“, „ნიანგი გენა“, „ვინი პუჰი“ და სხვა, მიუხედავად ახალი ესთეტიკური მიმართულებებისა, მაინც სტალინური ტრადიციის საბჭოთა მულტფილმებად ითვლება.
სტალინის ამ წამოწყებას ჰიტლერმაც მიჰბაძა. პროპაგანდის მინისტრმა იოზეფ გებელსმა ჰიტლერს შობაზე „მიკი მაუსის“ 12 სერია აჩუქა და გერმანიის პროპაგანდის სამინისტრომ “Zeichenfilm” დააფუძნა. მათი პირველი მცდელობები მარცხით დამთავრდა, შემდეგ კი სადავეები თავად გებელსმა აიღო ხელში... საქმეს არც ამით ეშველა. საბოლოოდ ერთადერთი მულტფილმი „შფოთისთავი“ დარჩათ, სადაც ნაჩვენები იყო, რომ ერთ ზარმაც კურდღელს დედა გამოსასწორებლად ჯარში გაგზავნის, სადაც ბზიკები მფრინავები არიან, ხოლო ზღარბები - ხიშტიანი ჯარისკაცები და თავზე გერმანული ჩაჩქანები ხურავთ. მიუხედავად გებელსის ყბედობისა, რომ პროპაგანდის სამიზნე მასებია და არა ინტელიგენცია და რომ მისი დონე აღქმის ყველაზე შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებზე უნდა იყოს გათვლილი, მნიშვნელოვანს მაინც ვერაფერს მიაღწიეს.
„სოიუზმულტფილმის“ სტუდია დღეს აღარ ფუნქციონირებს, ის მუზეუმად გადააკეთეს...
1970-იანი წლების ბოლოდან კი მულტიპლიკაცია ნელ-ნელა განიცდის კომპიუტერიზაციას. უფრო ადვილი ხდება ნახატების შექმნა და გაცოცხლება.. დღეს თემატიკაც არაერთგვაროვანია და რაც მთავარია მულტიპლიკაციის გარეშე ბავშვების ცხოვრება ფაქტობრივად წარმოუდგენელია.