კიევზე ტანკებით, ვაშინგტონზე ბალისტიკური რაკეტებით... - კვირის პალიტრა

კიევზე ტანკებით, ვაშინგტონზე ბალისტიკური რაკეტებით...

უკრაინაში შეჭრამდე, პუტინი ბალისტიკური რაკეტების ზალპებით დასავლეთს გამაფრთხილებელ მესიჯს უგზავნის...

დიდი ომის დაწყება უკრაინის წინააღმდეგ თითქმის გარდაუვალია და მის წამოწყების საბაბად კრემლი ოკუპირებულ დონბასში უკრაინელების საპასუხო საარტილერიო ცეცხლს გამოიყენებს, თითქოს უკრაინელების გაშვებულმა ჭურვებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცა და ამასთანავე რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქდაო...

მანამდე კი, სანამ უკრაინის საზღვრებს რუსული სატანკო არმადები და ავიაცია გაალახავს, 19 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სპეციალური ბუნკერიდან, სადაც რუსეთის შეირაღებული ძალების მართვის სიტუაციური დარბაზია მოწყობილი, დააკვირდება ბირთვულქობინიანი რაკეტების მასობრივ სტარტს მიწისქვეშა შახტებიდან, მობილური სარაკეტო დანადგარებიდან და ატომური წყალქვეშა ნავებიდან.

რა თქმა უნდა, სტარტაღებულ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს ბირთვული ქობინები არ ეყენებათ, მაგრამ ეს იქნება ყველაზე თვალნათლივი მესიჯი, გაგზავნილი დასავლეთის ლიდერებისთვის - რუსეთს უკრაინის მოსარჯულებლად ტანკები და ჰაუბიცებიც ეყოფა, მაგრამ თქვენთვის, თუ რამეს გაბედავთ უკრაინის ჯარით დახმარების სახით, შემონახული გვაქვს ბირთვულქობინიანი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც ნახევარ საათში სახლში „მოგაკითხავენო“...

სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკურ რაკეტების სასწავლო-საბრძოლო გაშვებებს რუსეთი სისტემატურად ატარებდა, როდესაც ბარენცის ზღვის სიღრმეში მოცურავე რუსული ატომური წყალქვეშა ნავიდან სტარტაღებული 37 ტონიანი „ბულავა“ 6 ათასს კმ-ზე მეტი მანძილის რუსეთზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთზე გადაფრენის შემდეგ, კამჩატკაზე, „კურას“ პოლიგონზე ეცემოდა.

ამის პარალელურად კი უკვე წყნარი ოკეანიდან, ოხოტის ზღვიდან უშვებდა ბალისტიკურ რაკეტას სხვა რუსული ატომური წყალქვეშა ნავი და აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადაფრენის შემდეგ ამ რაკეტის ქობინები არხანგელსკის ოლქის „ჩიჟას“ პოლიგონზე ეცემოდნენ...

მაგრამ ბოლო ორი წელი სტრატეგიული სარაკეტო ძალების ასეთი სწავლებები მოსკოვს აღარ ჩაუტარებია და აი დღეს, როდესაც სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და ყველა წუთი-წუთზე დიდი ომის დაწყებას ელოდება რუსეთის მხრიდან, ჰაერში ბირთვული ქობინების გადამტანი საკონტინენტთშორისო ბალისტიკური რაკეტებიც აიჭრებიან...

alada2-1645273590.jpg
რაკეტებიანი პუტინი მთელი დედამიწისთვის პოტენციური საფრთხეა...

ამის პარალელურად რუსეთი ხმელთაშუა ზღვაში, სირიის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს მართავს სამხედრო-საზღვაო სწავლებას, რომელშიც 15 რუსული სამხედრო ხომალდი და სირიის ჰმეიმის რუსული საჰაერო ბაზიდან აფრენილი საბრძოლო ავიაციაც მონაწილეობს, მათ შორის „კინჟალის“ ტიპის აერობალისტიკური რაკეტებით შეირაღებული, რომლებითაც კრემლს ეტყობა, იმავე ხმელთაშუა ზღვაში მოდრეიფე ამერიკული, ფრანგული და იტალიური საავიამზიდო დაჯგუფებების დაშინება თუ სურს...

რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ სირიაში ჯერ კიდევ 16 თებერვალს ჩაფრინდა, მაშინ, როდესაც „წესით“ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის მიერ დაანონსებული უკრაინაში შეჭრა უნდა დაეწყო მის რუს კოლეგას.

პუტინის მიერ შოიგუს ,16 თებერვალს სწორედ სირიაში გაგზავნა, ხმელთაშუა ზღვაში რუსული სამხედრო-საზღვაო მანევრების დასაკვირვებლად, შეიძლება სპეციალურად განხორციელდა, რითიც მოსკოვმა ვაშინგტონს ნიშნისმოგებით დაანახა-ჩემი თავდაცვის მინისტრი სირიაში, უკრაინიდან ათას კმ-ზე მეტად დაშორებულ ქვეყანაში მიდის და კიევზე იერიშს პირადად როგორ უხელმძღვანელებსო...

ასეა თუ ისე, რუსეთის შეჭრა უკრაინაში თითქმის გარდაუვლად მოჩანს, რაზეც ერთი, შეიძლება ბევრისთვის ნაკლებადგასაგები ფაქტიც მეტყველებს-სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეკადრები თუ როგორ ამოდის კვამლი კიევში იმ სახლის ბუხრის საკვამურიდან, რომელშიც უკრაინაში რუსეთის საელჩოა განთავსებული.

გასაგებია, რომ რუსეთის საელჩოში ახალი „რომის პაპის“ არჩევას არ ახდენდნენ, უბრალოდ წვავდნენ და ანადგურებდნენ საიდუმლო დოკუმენტებს-ასე ხდება დიპლომატიურ ორგანიზაციებში, თუკი მათი ქვეყანა საომარ მდგომარეობაში ერთვება და მისი საელჩო მომავალი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზეა...